საქმე №ას-178-178-2018 5 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – მ. რ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა – უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. გ. გ.-მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. რ.-ისა (შემდგომში – აპელანტი მოპასუხე) და ზ. ნ.-ის (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მესაკუთრისათვის გადაცემის შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 3 თებერვალს შეიძინა უძრავი ქონება, რომელშიც დღემდე ცხოვრობენ მოპასუხეები და არ აძლევენ საშუალებას, ისარგებლოს კუთვნილი ნივთით.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
განმცხადებლის/კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად.
7. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ იგი სადავო ფართში ცხოვრობს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. მისი განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე არის მოპასუხის დის მეუღლე. მოპასუხის დედამ განზრახ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება სიძესთან, რათა კასატორის მეუღლეს, იგივე მოპასუხეს, არ შეხვედროდა წილი მამის სამკვიდრო ქონებიდან.
8. კასატორის მითითებით, მის ფაქტობრივ მეუღლესა და მისი შვილის მამას ესაჭიროება მხარდამჭერი, თავად მხარე სოციალურად დაუცველ ოჯახთა ბაზაშია აღრიცხული. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში ზიანი მიადგება მის არასრულწლოვან შვილს და მხარდამჭერის საჭიროების მქონე მეუღლეს.
9. ამავდროულად, მხარემ მოითხოვა უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და მოცემული საქმის განხილვამდე მოსარჩელისათვის მის სახელზე რიცხული სადავო ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა.
10. განმცხადებლის მოსაზრებით, ვიდრე გაირკვევა მისი ფაქტობრივი მეუღლის – მოპასუხისათვის მხარდამჭერის დადგენის საკითხი, მოსალოდნელია, რომ მოსარჩელემ გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს სადავო ქონება. აღნიშნული გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს განმცხადებელსა და მის ოჯახს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესაძლებლობას, ასევე, მხარეებს ანიჭებს საპროცესო უფლებამოსილებას, მოახინონ მათ სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების უზრუნველყოფა.
13. სსსკ-ის კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
14. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფა, ან, საჭიროებისამებრ, მხარეებმა მოითხოვონ ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის განმცხადებელმა სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
15. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.
16. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.
17. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს. აღნიშნული საკითხი მით უფრო აქტუალურია, როდესაც საუბარია გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე.
18. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, სადავო უძრავი ნივთი გამოთხოვილ იქნა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 სექტემბრის განჩინებით აპელანტი მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
19. ამჟამად განსახილველი განცხადების ავტორია აპელანტი მოპასუხე, რომელიც ითხოვს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებასა და მოცემული საქმის განხილვამდე მოსარჩელისათვის მის სახელზე რიცხული სადავო ქონების გასხვისებისა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვას.
20. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლომ, პირველ რიგში, ყურადღება უნდა გაამახვილოს სარჩელის უზრუნველყოფის საფუძველზე, კერძოდ, სამომავლოდ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელების ან აღუსრულებლობის საშიშროებაზე. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ კონკრეტული გარემოებების არსებობა, რომლებიც ადასტურებენ ვარაუდს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და ამდენად, იგი თავისი არსით ემსახურება მოსარჩელის უფლებების დაცვას. შესაბამისად, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შეიძლება შეიტანოს მოსარჩელემ.
21. განცხადების არგუმენტად აპელანტმა მოპასუხემ მიუთითა, რომ მისი ფაქტობრივი მეუღლე წარმოადგენს მხარდამჭერის მიღების საჭიროების მქონე პირს. სადავო ფართი მამამისის სამკვიდროს ნაწილია, რომელიც დედამ განზრახ მიჰყიდა მოსარჩელეს, თავის სიძეს. მოპასუხისათვის მხარდამჭერის დანიშვნის საკითხის გარკვევამდე მოსალოდნელია, რომ მოსარჩელემ გაასხვისოს ან უფლებრივად დატვირთოს სადავო ქონება, რაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს განმცხადებელსა და მის ოჯახს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებელმა სარწმუნოდ ვერ დაასაბუთა სადავო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სამართლებრივი წინაპირობებისა და იმგვარი საფრთხის არსებობა, რომელიც შესაძლოა გახდეს სამომავლოდ განმცხადებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი ფაქტორი. შესაბამისად, წარმოდგენილი განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 191-ე, 271-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. რ.-ის განცხადება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე