18 აპრილი, 2018 წელი,
№ას-1476-1396-2017 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – გ.კ–ძე, ნ.შ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - მ.მ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მ.მ–ის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვდა გ., ა., ქ.კ–ისა და ნ.შ–ძის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ..... მდებარე № 73 ბინის, ს/კ ..... გამოთხოვასა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას, დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, გ.კ–სა და ნ.შ–ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომელიც მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.კ–ძემ და ნ.შ–ძემ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით, გ.კ–ძისა და ნ.შ–ძის სააპელაციო საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
5. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ.კ–ძემ და ნ.შ–ძემ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით, კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს 3 (სამი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდის ქვითრის წარმოდგენა დაევალათ.
7. კერძო საჩივრის ავტორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეავსეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო განუხილველი უნდა დარჩეს.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოსათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. შესაბამისად, სსსკ-ის 38-ე მუხლის „თ“ პუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებული იყვნენ გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, რაც მათ არ შეასრულეს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორებს განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში 50 ლარის გადახდა დაავალა.
10. 2018 წლის 5 იანვარსა და ამავე წლის 15 იანვარს, გ.კ–ძესა და ნ.შ–ძეს, მათ მიერ კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე ზემოაღნიშნული განჩინება ორჯერ გაეგზავნათ, თუმცა მათთვის გზავნილების ჩაბარება ვერ მოხერხდა. მიუხედავად იმისა, რომ გზავნილი ჩაბარებულად ითვლებოდა (იხ. კანონის ანალოგიით, სსსკ-ის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი) და არსებობდა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი (შდრ. საქმე # ას-1391-1311-2017 21.12.2017), სასამართლომ 2018 წლის 19 თებერვლის განჩინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს მაინც დაავალა 3 დღის ვადაში გ.კ–ძისა და ნ.შ–ძის მოძიება და მათთვის ხარვეზის დადგენის შესახებ 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინების ასლის გადაცემა, თუმცა, ვერც ამ გზით მოხერხდა გზავნილის ადრესატებისთვის ჩაბარება (იხ. 2018 წლის 16 მარტის შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 16 მარტის პასუხი). საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორები თავს განზრახ არიდებდნენ განჩინების ჩაბარებას და საპროცესო ვალდებულების შესრულებას, იმ მიზნით, რომ საქმე დროულად არ განხილულიყო.
11. საბოლოოდ, 2018 წლის 4 აპრილს, სასამართლომ შეძლო გ.კ–ძის მიერ მითითებული მობილური ტელეფონის ნომრის მეშვეობით დაკავშირებოდა მ. ე––ძეს, რომელიც ამ უკანასკნელის განმარტებით, გ–ის დეიდა იყო (იხ. სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტი სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი). მან იკისრა ვალდებულება აღნიშნული შეტყობინება მომჩივნებისთვის გადაეცა, თუმცა არც ამის შემდგომ გამოუსწორებიათ კერძო საჩივრის ავტორებს ხარვეზი.
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების 3-დღიანი ვადის დენა 2018 წლის 5 აპრილს დაიწყო და ამავე წლის 10 აპრილს ამოიწურა. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი 2018 წლის 10 აპრილის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში, მათ ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 399-ე, 372-ე, 63-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.კ–ძისა და ნ.შ–ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მზია თოდუა