Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-66-კ-ს-02 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

ნ. ქადაგიძე

დავის საგანი: სასამართლოთა შორის განსჯადობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის გამო არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელე ი. ქ-ის სარჩელი მოპასუხეების: სოფ. ...ს მიწის რეფორმის კომისიის წევრების: ჯ. ვ-ის, კ. ბ-ის, აგრეთვე, დუშეთის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, მესამე პირი _ სოფელ ხეობის საკრებულოს, სოფ. ...ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული მიწის გამოთავისუფლებისა და მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ქ-ემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 27 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განსჯადობით განსახილველად გადაუგზავნა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას იმ საფუძვლით, რომ, როგორც სააპელაციო საჩივრიდან და აპელანტის განმარტებიდან გაირკვა, მოსარჩელე ი. ქ-ე სადავოდ ხდიდა და ითხოვდა მოპასუხეების, ფიზიკური პირების, მიერ მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლების საკითხს, ხოლო, რაც შეეხებოდა მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების კანონიერების საკითხს, აღნიშნული აქტები გაუქმდა დუშეთის მიწის მართვის სამმართველოს 1999წ. 1 დეკემბრის ბრძანებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ დავა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, არ წარმოადგენდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ დავას, რის გამოც საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

აღნიშნულმა სააპელაციო სასამართლომ 2002წ. 6 ივნისს განიხილა ი. ქ-ის სააპელაციო საჩივარი და გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილება.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ი. ქ-ემ შეიტანა საჩივარი, რომლითაც ითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002 წილს 6 დეკემბრის ზეპირი მოსმენით განიხილა ი. ქ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობის საკითხი და ჩათვალა, რომ მოცემული დავა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან შემდეგი საფუძვლით: სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა სოფ. ...ს მოსახლეობაზე გაცემული მიღება-ჩაბარების აქტების გაუქმება; მოპასუხე იყო სოფ. ...ს მიწის რეფორმის კომისია, ხოლო მესამე პირი _ დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველო. ი. ქ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდა დუშეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 მარტის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სარჩელი არ იყო ხანდაზმული და დუშეთის რაიონულ სასამართლოს არ შეუმოწმებია მიწის მიღება-ჩაბარების აქტები. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ისე მიიჩნია გაუქმებულად მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, რომ არ შეუმოწმებია დუშეთის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს ბრძანება, აგრეთვე, მოპასუხედ მითითებული იყო სოფ. ...ს მიწის რეფორმის კომისია და მისი წევრები, ხოლო სასამართლო სხდომაზე აპელანტმა განაცხადა, რომ არ შეუცვლია არც მოთხოვნა და არც მოპასუხეები.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად საქმე გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატისა და ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საქმე განსახილველად უნდა დაბრუნდეს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატაში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ ისე გახადა სადავოდ ი.Oქ-ის სააპელაციო საჩივრის განსჯადობა, რომ არ უმსჯელია ი.Oქ-ის მიერ ამავე პალატის 2002წ. 6 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის საფუძვლიანობაზე, კერძოდ, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა სსკ-ს 240-ე მუხლი, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გააუქმა და ისე გადმოაგზავნა საქმე საქართველოს უზენაეს სასამართლოში ქვემდგომ სასამართლოთა შორის განსჯადობის შესახებ დავის გადასაწყვეტად.

ამასთან, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში არ გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის («დაუსწრებელი გადაწყვეტილება») დებულებები, ამიტომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ვერ იმსჯელებს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განსჯადობაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 261-ე, მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის სოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 ივლისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ი. ქ-ის მიერ შეტანილი საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სააპელაციო სასამართლოს;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.