Facebook Twitter

3 აპრილი, 2018 წელი,

№ას-300-300-2018 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – კ.ხ.

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.პ.ჯ.“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

აღწერილობითი ნაწილი :

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, სს „კ.პ.ჯ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც საარბიტრაჟო მოსარჩელე ან კრედიტორი) შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ხ. კ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოწინააღმდეგე მხარე ან საჩივრის ავტორი) ხაშურში, სოფელ ..... მდებარე, თავის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, (ს/კ .....) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება), რაიმე სახით განკარგვა აეკრძალა (გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა).

2. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ. მისი განმარტებით, საარბიტრაჟო მოსარჩელეს სათანადოდ არ ჰქონდა დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა და წინაპირობები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 191-ე მუხლი), ამასთან, კრედიტორს მისთვის არ უცნობებია ძირითადი მოვალის მხრიდან ვალის გადახდის გადაცილების შესახებ, რის გამოც მან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 902-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, დაკარგა მოთხოვნის უფლება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განჩინებით საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

3.1. სააპელაციო სასამართლომ საარბიტრაჟო მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოების გათვალისწინებით, მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილ უძრავ ნივთზე გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის დაწესების გარეშე, გაძნელდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. პალატის განმარტებით, საჩივარი დაუსაბუთებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას დაედებოდა საფუძვლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საჩივარი დაუშვებელია, შემდეგი გარემოებების გამო:

4. სსსკ-ის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, თავის მხრივ, სსსკ-ის 410-ე მუხლით დადგენილია, რომ საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

5. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს იმ საკითხის გარკვევა, მართებულად მიიჩნია თუ არა სააპელაციო სასამართლომ საჩივარი დაუსაბუთებლად.

6. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით.

7. სსსკ-ის 191-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია, მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც მოპასუხისათვის ზიანის დაკისრებით ვერ ანაზღაურდება. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში, სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

მითითებული მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანია სარჩელზე მომავალში მისაღები გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება. იმისათვის, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნეს, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, განცხადებაში უნდა მიეთითოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა გამო უზრუნველყოფის ღონისძიებების მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც ვერ ანაზღაურდება მოპასუხისათვის ზიანის დაკისრებით. ასევე, დასაბუთებული უნდა იყოს სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. შესაბამისად, დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა მიუღებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის ვალდებულების შესრულებას, სასამართლოს აძლევს უფლებას, მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები და გამოიტანოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

8. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, განმცხადებლის შუამდგომლობა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და მოწინააღმდეგე მხარეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რაიმე სახით განკარგვა (გასხვისება, იპოთეკით დატვირთვა). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარის კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვის დაწესების გარეშე, გართულდებოდა საარბიტრაჟო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. საჩივრის ავტორი აპელირებს, რომ საარბიტრაჟო სარჩელის შუამდგომლობის ავტორს სათანადოდ არ ჰქონდა დასაბუთებული უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობები.

9. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.

10. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს და მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ მიუთითებია რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომელიც შესაძლოა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო. მოწინააღმდეგე მხარე განჩინების გაუქმების დასაბუთებას იმით კი არ ცდილობს, რომ იგი გადახდისუნარიანია და, შესაბამისად, გადაწყვეტილების აღსრულებას საფრთხე არ შეექმნება, არამედ ისეთ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელთა ანალიზის შედეგად კიდევ უფრო ცხადი ხდება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების აუცილებლობა, რადგანაც მყარდება იმის რწმენა, რომ მოწინააღმდეგე მხარე არ ან ვერ შეასრულებს სამომავლოდ გადაწყვეტილებით დადგენილ ვალდებულებას.

11. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ აღსრულება სასამართლო პროცესის განუყოფელი ნაწილია. შესაბამისად, სასამართლო ვალდებულია, მიიღოს ყველა ზომა მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დასაცავად და უზრუნველყოს გადაწყვეტილების აღსრულება (იხილეთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე # 40765/02 „აპოსტილი საქართველოს წინააღმდეგ“).

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საჩივარი დაუშვებელია და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. კ–ის საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი