Facebook Twitter

საქმე №ას-87-87-2018 17 აპრილი, 2018 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.გ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ.გ. (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.გ–მ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამსესხებელი) ქ.გ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, 5 000 აშშ დოლარი ასესხა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 623-ე მუხლი).

2. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან მოსარჩელეს სესხი არ დაუბრუნა.

3. 2015 წლის 2 მარტს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, 16 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით. ის ამტკიცებდა, რომ მან 2012 წლის 20 იანვარს მოპასუხეს 6 000 აშშ დოლარი ასესხა. გასესხებული თანხა მოსარჩელეს სჭირდებოდა შვილიშვილის ოპერაციისთვის, რის გამოც მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ვალს დააბრუნებდა ოპერაციის თარიღისთვის. 2012 წლის 15 მარტს მოსარჩელემ მოპასუხეს დამატებით კვლავ ასესხა 10 000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე სესხს დააბრუნებდა 2012 წლის შემოდგომაზე, ვინაიდან ამ დროისთვის იგეგმებოდა ოპერაციის ჩატარება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ გადაიწევდა თარიღი, გაგრძელდებოდა სესხის დაბრუნების ვადაც. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება და, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სესხი არ დაუბრუნა.

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მან წარადგინა როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს მისთვის 16 000 აშშ დოლარი არ უსესხებია. 2010 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელემ მას მხოლოდ 5 000 აშშ დოლარი, ისიც თვეში 10%-ის სარგებლის გადახდის პირობით, სამი თვით ასესხა. 2013 წლის აპრილამდე იგი გამსესხებელს ყოველთვიურად 500 აშშ დოლარს, ხოლო 2013 წლის აპრილის შემდგომ კი, ფინანსური პრობლემების გამო, ყოველთვიურად მხოლოდ 300 ლარს უხდიდა. მთლიანად, მოსარჩელისთვის გადახდილი აქვს 20 500 აშშ დოლარი, საიდანაც 5000 აშშ დოლარით დაიფარა სესხის თანხა. ამდენად, გამსესხებლის წინაშე არსებული ვალდებულება მან სრულად შეასრულა, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. მოპასუხემ ასევე მოთხოვნის ხანდაზმულობაზეც მიუთითა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 5 000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად სსკ-ის 316-ე-317-ე, 623-ე, 624-ე, 429.1, 431-ე, 128.1, 129.1, 130 და 626-ე მუხლები გამოიყენა.

6. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

6.1. დაუსაბუთებელია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები, თითქოს მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა 16 000 აშშ დოლარის მსესხებლისათვის საკუთრებაში გადაცემის ფაქტი. აპელანტის მტკიცებით, საქმის არსებითი განხილვისას მან სარწმუნო არგუმენტებით დაადასტურა, მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადებისა და თანხების მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტები;

6.2. სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელემ სესხის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად მოწმეთა ჩვენებების გარდა, სხვა მტკიცებულება ვერ წარუდგინა, ასევე დაუსაბუთებელია. აპელანტმა მიუთითა დოკუმენტურ მასალებსა და აუდიოჩანაწერზე, რომლებიც სასამართლომ უსაფუძვლოდ უარყო;

6.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ, განსახილველ შემთხვევაში, გამოვლინდა მხოლოდ შეთანხმება სესხის თაობაზე, ხოლო რეალურად ქმედება არ განხორციელებულა, საქმის მასალებიდან არ გამომდინარეობს. სასამართლოს სამართლებრივად ამგვარად არ უნდა შეეფასებინა, ვინაიდან არსებობდა თანხის ორ ნაწილად გადაცემის უტყუარი ფაქტები;

6.4. სასამართლომ არასწორად განმარტა, რომ სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილე ვალდებულია, მხარის კეთილსინდისიერება წინასწარ განჭვრიტოს და სავალდებულოდ შემოიტანოს ინტერესების დაცვის უფრო მეტი გარანტია რაიმე დოკუმენტური ფორმით. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 624-ე მუხლი, ვინაიდან საქმეში არსებობდა სხვა სარწმუნო მტკიცებულებები, მათ შორის, აუდიოჩანაწერიც;

6.5. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ წარდგენილი აუდიო ჩანაწერი არ არის იურიდიული ძალის მქონე, რაც უდავოდ, თვითდახმარების ფარგლებში ჩაიწერა, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთადერთი გზა იყო მხარის უფლების დასაცავად. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხეს არაერთხელ სთხოვეს წერილობითი დოკუმენტის გაფორმება, თუმცა უშედეგოდ, შესაბამისად, სწორედ კატეგორიული უარის მიღების შემდგომ ჩაიწერეს საუბარი. ასეთ ვითარებაში კი, იკვეთება არა ვინმეზე უსაფუძვლო პასუხისმგებლობის დაკისრების მიზანი, როგორც ეს სასამართლომ მიიჩნია, არამედ ერთადერთი გზა საკუთარი უფლებების დასაცავად. ამასთან, ჩანაწერი ადასტურებს, რომ რაიმე სახის ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და თანხის გადაცემის ფაქტის იძულებით აღიარება არ გამოვლენილა. აპელანტმა კვლავ მიუთითა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, დოკუმენტური მტკიცებულების მიღება არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოპასუხის კატეგორიული უარის გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად, სასამართლო სსკ-ის 624-ე მუხლის დანაწესს არასწორად დაეყრდნო.

6.6. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი. მან არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მას შემდგომ, რაც მოსარჩელე მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაში დარწმუნდა, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა და მოპასუხისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებაც მოითხოვა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ საქმის არსებითი განხილვისას მან დაამტკიცა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადებისა და მოვალისათვის 16 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები სესხის ხელშეკრულების დადებისა და სესხის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე მტკიცების ტვირთის სტანდარტთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასესხო ურთიერთობაში ფულის სესხების ფაქტის მტკიცების ტვირთი თანხის გამცემის - გამსესხებლის მხარეზეა, რომელმაც, მოცემულ შემთხვევაში, გარდა თავისი განმარტებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, სხვა მტკიცებულებით დამაჯერებლად უნდა დაადასტუროს სესხის ხელშეკრულების დადება. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა მსესხებლისათვის 16 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტის დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე და, მოცემულ შემთხვევაში, იურიდიული ძალის არმქონე ფარულ აუდიოჩანაწერზე მიუთითა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად არ მიიჩნია 16 000 აშშ დოლარის სესხის სახით გადაცემის მტკიცებულებად;

7.2. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ ფარული აუდიოჩანაწერი, როგორც თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება, უსაფუძვლოდ უარყო სასამართლომ. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 103-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტა, რომ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს იურიდიული ძალა არ აქვთ, ამრიგად რადგანაც მითითებული მტკიცებულება (აუდიოჩანაწერი) კანონსაწინააღმდეგოა, იგი იურიდიული ძალის არმქონეა;

7.3. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა და განმარტა, რომ ფარული აუდიოჩაწერა გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებს და ეს ქმედება ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება, ასეთი რამ კი, არ ვლინდებოდა.

8. აღნიშნული განჩინება ანალოგიური საფუძვლებით საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით (იხ. პ. 6).

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

11.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11.2. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, სესხის დაბრუნების მოთხოვნა სსკ-ის 623-ე (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი) მუხლიდან გამომდინარეობს.

11.3. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ საქმის არსებითი განხილვისას მან დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულებებით დაადასტურა მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულების დადებისა და მოვალისათვის 16 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ არ გაიზიარეს. დაუსაბუთებელია ასევე ფარული აუდიოჩანაწერის უაყოფაც, როგორც თანხის მოპასუხისათვის გადაცემის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებისა, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, ფარული აუდიოჩაწერის დროს კასატორი თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებდა.

11.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 623-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, სესხი რეალურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობა არა მხოლოდ მის არსებით პირობებზე მხარეთა შეთანხებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან წარმოიშობა, შესაბამისად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებაც, უპირველესად, ხელშეკრულების საგნის გადაცემაა (შდრ. სუსგ №ას-1245-1168-2015, 20.05.2016). სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და რეალურ ხელშეკრულებას, ანუ იგი დადებულად მიიჩნევა და მხარეს დაბრუნების ვალდებულება წარმოეშობა გამსესხებლის მხრიდან ხელშეკრულების საგნის მსესხებლის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან (შდრ. სუსგ №ას-361-343-2015, 14.12. 2015).

სსკ-ის 624-ე მუხლის (სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება, დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით) მიხედვით, სესხი ფორმასავალდებულო გარიგებას არ წარმოადგენს, მხარეები თავისუფალი არიან ხელშეკრულების ფორმის არჩევაში (სსკ-ის 68-ე მუხლი), თუმცა უდავოა, რომ ფორმის არჩევის საკითხი მტკიცების ტვირთზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი ხელშეკრულება პირდაპირ შეიცავს დათქმას თანხის მსესხებლისათვის გადაცემის თაობაზე. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას ისიც, რომ სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ნებისმიერი დასაშვები მტკიცებულებით, მათ შორის, მოწმის ჩვენებით შეიძლება დადასტურდეს, თუმცა, ზეპირი სესხის დროს ნივთის გადაცემის დამტკიცების თვალსაზრისით, მხოლოდ ეს უკანასკნელი, კანონის თანახმად, არასაკმარისადაა მიჩნეული და საკასაციო პალატა გასესხებული თანხის გადაცემის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ დასაშვებ და საკმარის მტკიცებულებად მიიჩნევს წერილობით საბუთს, მაგალითად, სავალო საბუთი, გადარიცხვის ქვითარი, სალაროს შემოსავლის ორდერი (შდრ. სუსგ №ას-398-371-2017, 06.06. 2017 წელი). განსახილველ შემთხვევაში, 16 000 აშშ დოლარის მოპასუხისთვის სესხების ფაქტის დასადასტურებლად მოსარჩელეს, მოწმეთა ჩვენებისა და იურიდიული ძალის არმქონე ფარული ჩანაწერის გარდა, სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია, შესაბამისად, პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოწმის ჩვენება მოპასუხისთვის 16 000 აშშ დოლარის სესხის სახით გადაცემის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა.

11.5. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,პირადი საუბრის ფარული ჩაწერა, ხოლო შემდეგ სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენა, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლით გარანტირებულ პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის ხელშეუვალობას, ასევე - კონსტიტუციის მე-16 მუხლს, რომელიც პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას ეხება." ინდივიდს უნდა შეეძლოს საუბარი იმის ეჭვისა და შიშის გარეშე, რომ საიდუმლო ჩანაწერს ვინმე მისი ნებართვის გარეშე და ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენებს. კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია კომუნიკაციის მონაწილე ყველა პარტნიორი, როგორც გარე, ასევე - შიდა ჩარევისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ კომუნიკაციის ხელშეუხებლობის ძირითადი უფლებით დაცულია არა მხოლოდ მესამე პირთა მეშვეობით განხორციელებული ჩარევა, არამედ, კომუნიკაციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან დანარჩენ მონაწილეთა თანხმობის გარეშე პირადი კომუნიკაციის გასაჯაროვება. განსახილველ შემთხვევაში, საქმე ეხება პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერს. ვინაიდან საუბარი მეორე მხარის ნებართვის გარეშე ფარულად არის ჩაწერილი, ამიტომ იგი კანონდარღვევითაა მოპოვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ, ჩანაწერი სსსკ-ის 103-ე მუხლის მიხედვით, დაუშვებელ მტკიცებულებად მიიჩნევა. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა ვერ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ აუდიოჩაწერის შესახებ მოპასუხე მხარე იყო ინფორმირებული, რაც გამორიცხავდა მის ფარულობას (შდრ. სუსგ №ას-1155-1101- 2014, 04.05.2015).

11.6. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს კასატორის იმ პოზიციას, რომ საუბარი ფარულად თვითდახმარების ფარგლებში ჩაიწერა. პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნებს და განმარტავს, რომ ფარული აუდიოჩაწერა გამონაკლისის სახით, დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებს და ეს ქმედება ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, რადგან სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების რეალური საშიშროება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს თვითდახმარების ფარგლებში არ ჩაუწერია ფარულად, რაც გამორიცხავს ჩანაწერის, როგორც მტკიცებულების, დასაშვებობას. პალატა აღნიშნავს, რომ კასატორმა არ გამოიჩინა წინდახედულობა და თავის დროზე არ იზრუნა, კანონიერი გზით მოეპოვებინა დასაშვები და სარწმუნო მტკიცებულება, რაც გამორიცხავს მის თვითდახმარების ფარგლებში მოქმედებას (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 4 მაისის №ას-1155-1101- 2014 გადაწყვეტილებაში გაკეთებულ განმარტებას, რომელიც შეეხებოდა გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევისა და პირადი ცხოვრებისა და კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის გაუმართლებლობას: „...სამოქალაქო სამართლებრივი გარიგების დადასტურების მიზნით მტკიცებულების შესაქმნელად პირად სფეროში ჩარევა და ამით პირადი ცხოვრებისა და პირადი კომუნიკაციის უფლების შეზღუდვა გამართლებული არ არის. ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურების, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი, არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას. პირად სფეროში ჩარევა კი საჭირო გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ უფლება- მოვალეობათა კრედიტორმა თავის დროზე არ იზრუნა შესაბამისი მტკიცებულების (ხელშეკრულების, ხელწერილის, და ა. შ.) შექმნაზე. ასეთ ვითარებაში, როდესაც გაუმართლებელია ჩარევა პირად სფეროში, ამგვარი გზით მოპოვებული მტკიცებულება, დაუშვებელი მტკიცებულებაა. მისი დაშვება შესაძლებელია მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, ამასთან, თანხმობა უნდა ეხებოდეს არა მტკიცებულების ფორმალურ დასაშვებობას, არამედ იმას, რომ მტკიცებულების შინაარსი სასამართლომ გადაწყვეტილებას დაუდოს საფუძვლად. ამგვარი თანხმობის არარსებობის პირობებში, დაუშვებელია ფარულ ჩანაწერს გადაწყვეტილება დაეფუძნოს, მაშინაც კი, თუ ფარული ჩანაწერიდან უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომლის დადასტურების მიზანსაც ფარული ჩაწერა, კერძო სფეროში ჩარევა, ემსახურებოდა’’).

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.

13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები №ას-1245-1168-2015, 20.05.2016; №ას-361-343-2015, 14.12. 2015; №ას-398-371-2017, 06.06.2017; №ას-1155-1101- 2014, 04.05.2015).

14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.გ–ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი