Facebook Twitter

საქმე №ას-1247-1167-2017 5 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

განმცხადებელი – კ. ბ.-ე, ბ. მ.-ი (შემდგომში – მოპასუხე)

წარმომადგენელი – ქ. ბ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. მ.-ი (შემდგომში – მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

პალატამ გამოარკვია:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კ. ბ.-ეს, ბ. მ.-სა და ნ. მ.-ს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმადაც მხარეთა შეთანხმებისამებრ, კასატორების ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება – ყადაღა, გაუქმდებოდა მორიგების აქტით გათვალისწინებული ფულადი თანხის მოსარჩელისათვის სრულად გადახდისთანავე.

2018 წლის 5 მარტს კ. ბ.-ის წარმომადგენელმა ქ. ბ.-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, განმარტა, რომ მოვალეებმა შეასრულეს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დაკისრებული თანხის გადახდის ვალდებულება, რის დამადასტურებლად წარმოადგინა საგადახდო დავალებების ასლები და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ბ.-ის წარმომადგენელ ქ. ბ.-ის განცხადება საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

კ. ბ.-ის წარმომადგენელ ქ. ბ.-ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოვალეებმა შეასრულეს საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 29 ნოემბრის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე (ასევე, სსსკ-ის 271-ე) მუხლის კონტექსტში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უზრუნველყოფს რა სამომავლო სიკეთის _ მართლმსაჯულების განხორციელების შედეგად დადგენილი მართლწესრიგის აღსრულების ხელშეწყობას, უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა გამართლებულია მანამ, ვიდრე არ დაკმაყოფილდება კრედიტორის ინტერესი. იგი გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად მიქცევის შემთვევაში მისი აღსრულების საგანს წარმოადგენს და ქმნის სამართლებრივ გარანტიას იმისა, რომ კრედიტორმა რეალურად განახორციელოს სასამართლოს აქტით დადასტურებული დარღვეული უფლების აღდგენა.

განსახილველ შემთხვევაში კ. ბ.-ის წარმომადგენელ ქ. ბ.-ის განცხადებითა და მასზე დართული დოკუმენტის, კერძოდ, ნ. მ.-ის ანგარიშზე 50 000 ლარის, (2017 წლის 26 დეკემბრის №.. საგადახდო დავალება), 50 000 ლარის (2018 წლის 30 იანვრის №.. საგადახდო დავალება) და 40 000 ლარის (2018 წლის 27 თებერვლის №.. საგადახდო დავალება), სულ 140000 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრების შესწავლით დასტურდება მოვალეების მხრიდან ვალდებულების შესრულების ფაქტი, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს გამოყენებული დროებითი ღონისძიების ძალაში დატოვების წინაპირობა და იგი უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე, 191-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ბ.-ის წარმომადგენელ ქ. ბ.-ის განცხადება გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც:

ა) ბ. მ.-ს (პ/ნ ...) აეკრძალა ქ.თ.-ში, კ.-ას ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, რომლის საკადასტრო კოდია: ..., თანასაკუთრებაში არსებული მისი ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

ბ) ბ. მ.-ს (პ/ნ ...) აეკრძალა ქ.თ.-ში, კ.-ის ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია: ..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

გ) ბ. მ.-ს (პ/ნ ...) აეკრძალა ქ.თ.-ში, ა. შ.-ის (ყოფ.კ.-ე) ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონებიდან, რომლის საკადასტრო კოდია: ... თანასაკუთრებაში არსებული მისი ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

დ) ბ. მ.-ს (პ/ნ ...) აეკრძალა ქ.თ.-ში, კ.-ის ქ. №..-ში მდებარე უძრავი ქონების, რომლის საკადასტრო კოდია: ..., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური