Facebook Twitter

საქმე №ას-353-331-2017 9 ივნისი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ზ. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ზ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საკუთრების ხელყოფის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ზ. მ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ზ-ის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ უკანონო ხელყოფის აღკვეთისა და მოპასუხის მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: უძრავი ნივთის ნასყიდობის 2014 წლის 5 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრება, ქ.თბილისში, ვ-ი ...ის პირველი მიკრორაიონის ...-ე კორპუსის შ-ოს სხვენ სართულზე მდებარე 80,68 კვ.მ. მოპასუხე შეჭრილია მის საკუთრებაში და არ აძლევს საკუთრებით სარგებლობის საშუალებას.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოთხოვნის განხორციელების გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეებს საკუთრებაში აქვთ სხვადასხვა უძრავი ნივთი, სხვადასხვა საკადასტრო კოდით, მოპასუხემ 2009 წელს საკუთრებაში დაირეგისტრირა 81,06 კვ.მ ფართი, მოსარჩელემ კი, უძრავი ქონება შეიძინა 2014 წელს. წინა მესაკუთრეს არასოდეს გამოუთქვამს პრეტენზია ფართებთან დაკავშირებით. ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, მოსარჩელე სადავოდ ხდის მოპასუხის საკუთრების უფლებას, რისი კანონიერი საფუძველიც მას არ გააჩნია.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის _ 300 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, ასევე, სადავოდ გახადა სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრების კანონიერება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად/ნაწილობრივ დასაშვებად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული დანაწესები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

1.2. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. 11.03.2014 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელე წარმოადგენს ქ.თბილისში, ვ-ი 3, მიკრო რაიონი 1, კორპუსი ..., შ-ოს სხვენ სართულზე მდებარე 80,68 კვ.მ ფართის მესაკუთრეს, საკადასტრო კოდით #... . ამონაწერში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 2014 წლის 5 მარტის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის თარიღად - 11.03.2014წ;

1.2.2. 02.07.2009 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხე წარმოადგენს საცხოვრებელი ბინის, მდებარე ქ.თბილისი, დასახლება ვ-ი 3, მიკრორაიონი 1, კორპუსი ..., ბინა ...-ის, 40,00 კვ.მ ფართის მესაკუთრეს, საკადასტრო კოდი #... . ამონაწერში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: 2004 წლის 6 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის თარიღად - 06.08.2007წ;

1.2.3. 24.08.2009 წელს მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, მოპასუხეს ეკუთვნის ქ.თბილისში, დასახლება ვ-ი 3, მიკრო რაიონი 1, კორპუს ...-ში მდებარე 81,06 კვ.მ #... ბინა, საკადასტრო კოდი #.... ამონაწერში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია 2004 წლის 6 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო, საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციის თარიღად - 24.08.2009წ;

1.2.4. 2009 წლის 15 აგვისტოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ-ის“ #01 კრების ოქმის საფუძველზე, მოპასუხეს დაუდასტურდა 81,06 კვ.მ ფართის #... ბინის საკუთრებაში არსებობის ფაქტი, რაც გახდა საფუძველი საჯარო რეესტრის მხრიდან უძრავ ნივთზე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების რეგისტრაციისა;

1.2.5. მოდავე მხარეები წარმოადგენენ სხვადასხვა საკადასტრო კოდებით (#... და #...) რეგისტრირებული უძრავი ქონებების მესაკუთრეებს. ასევე განსხვავებულია ამონაწერებში მითითებული საკუთრების ტიპი (ერთ შემთხვევაში მითითებულია შემოქმედებითი სახელოსნო, ხოლო, მეორე შემთხვევაში - ბინა) და ფართის კვადრატულობა (ერთ შემთხვევაში მითითებულია 80.68 კვ.მ. ხოლო, მეორე შემთხვევაში - 81.06 კვ.მ.);

1.2.6. იმის დამადასტურებელი მტკიცებულება (მაგ: ექსპერტიზის დასკვნა), რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელის საკუთრებაში შეჭრას ან/და 81,06 კვ.მ ფართის მთლიანად ან მისი ნაწილის უკანონო ფლობას ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, ამასთანავე, საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრება რეგისტრირებული იყო 2014 წელს, მოპასუხემ კი, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საკუთრება 2009 წელს დაირეგისტრირა კრების ოქმის საფუძველზე. მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია საჯარო რეესტრის ამონაწრში მითითებული ზ.ზ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლები.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. კასატორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს შემდეგს:

1.4.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა დაარღვიეს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების საკითხი და მოსარჩელეს დააკისრეს იმაზე მეტი ვალდებულება, ვიდრე ამას კანონი ითვალისწინებდა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით მოსარჩელემ დაამტკიცა, რომ ქონება ეკუთვნის მას, ასევე ის, რომ ნივთს ფლობს მოპასუხე, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას არ გააჩნდა უფლება, განეკარგა სხვისი საკუთრება, მით უმეტეს დაედასტურებინა მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლომ, მართალია, გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები, თუმცა, არასწორად განმარტა ისინი, რამდენადაც სასამართლო აპელირებს ექსპერტიზის დასკვნის წარუდგენლობაზე, თუმცა არ ითვალისწინებს, რომ ამგვარ მტკიცებულებს მხარე ვერ წარადგენდა, რადგანაც ექსპერტი მოპასუხის მხრიდან უკანონო მფლობელობას ვერ დაადასტურებდა;

1.4.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოპასუხეს, 06.03.2004წ. ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრებაში გააჩნდა 40,00 კვ.მ ფართი, ხოლო შემდგომ, ამხანაგობის კრების გადაწყვეტილების საფუძველზე, მას დაუდასტურდა 81,06 კვ.მ ფართის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებობა, რადგანაც 81,06 კვ. მეტრიდან 41 კვ.მ ეკუთვნის კასატორს, ხოლო, მანამდე ეკუთვნოდა თ.ქორიძეს;

1.4.3. პალატამ კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ არასწორად დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა, ვინაიდან აღნიშნული არ შეესაბამება რეალობას: ქვითარი, რომლის თანახმადაც მოპასუხემ გაწია იურიდიული მომსახურების ხარჯი, 2014 წლის 1 აგვისტოთია დათარიღებული, მაშინ, როდესაც სარჩელი სასამართლოში 2015 წლის 13 მარტსაა აღძრული, შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე შვიდი თვით ადრე იურიდიული მომსახურების ხარჯის გაღება შეუძლებელია.

1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე (სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე). ამავე კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში განხილულ უნდა იქნას სწორედ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

1.6. რაც შეეხება დავის მატერიალური ნაწილის მიმართ კასატორის მიერ წარმოდგენილ შედავებას, პალატა უარყოფს მათ და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვინდიკაციური სარჩელის ელემენტებს ადგენს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლები. სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს სადავო ნივთზე საკუთრების უფლება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს საკუთრებაში გააჩნიათ სხვადასხვა საიდენტიფიკაციო კოდის მქონე უძრავი ნივთები („საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის #4 ბრძანების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკადასტრო კოდი არის უძრავი ნივთის უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი, რომელიც ენიჭება უძრავ ნივთს მასზე საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციასთან ერთად, სწორედ ამ დანაწესიდან გამომდინარე იზიარებს საკასაციო პალატა ქვემდგომი სასამართლოების დასკვნას, რომ მოპასუხე ფლობს არა სადავო, არამედ, სხვა უძრავ ქონებას, რომელზე საკუთრების უფლების არსებობაც მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა). პალატა აქვე მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლს და ვინაიდან არც მოპასუხის უფლების დამდგენი დოკუმენტი და შესაბამისად, არც საჯარო რეესტრის ჩანაწერი შედავებული არ არის, ხელმძღვანელობს რეგისტრირებული მონაცემების უტყუარობისა და სისრული პრეზუმფციით და თვლის, რომ მოსარჩელემ ვერ დაძლია მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურების ტვირთი (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

1.7. ამდენად, მოთხოვნის მატერიალურ ნაწილში განსახილველი დავა არ წარმოადგენს იშვიათ სამართლებრივ პრობლემას, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას, რადგანაც უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა. კასატორი ვერ მიუთითებს იმგვარ გარემოებებზე, რაც სასამართლოს მისცემდა ვარაუდის საფუძველს, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილება შეიძლება ყოფილიყო მიღებული. სააპელაციო სასამართლოს მიერ მოცემული საქმე (მატერიალური დავის ნაწილში) არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, ხოლო, კასატორი ვერც ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებისა და დასკვნების წინააღმდეგობრიობას ამტკიცებს მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დებულებებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ს. ჯ-ის მიერ 25.04.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზ. მ-ის საკასაციო საჩივარი პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში მიჩნეულ იქნას დასაშვებად, ხოლო საკუთრების ხელყოფის აღკვეთის თაობაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. საქმის განხილვა, ზეპირი მოსმენის გარეშე, დაინიშნოს 2017 წლის 23 ივნისს, რის შესახებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ეცნობოთ მხარეებს.

3. კასატორ ზ. მ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ს. ჯ-ის მიერ 25.04.2017წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი