საქართველოს უზენაესი სასმართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-543-518-2016 15 ივლისი, 2016 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კერძო საჩივრის ავტორი – ა. დ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს "თ-ი" (მოპასუხე)
მეორე კერძო საჩივრის ავტორი - სს "თ-ი" (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა. დ-ი (მოსარჩელე)
მოპასუხეები - სს "ს-ა", საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მესამე პირები - ქ. თბილისის მერია, შპს "ვ-ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება
პირველი კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების, მთლიანად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა
მეორე კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ა. დ-ის განცხადებაზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების, მთლიანად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, უარის თქმა
დავის საგანი – დელიქტური ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისში, ქ–ის ქუჩაზე #12 მდებარე ა-242 ტიპის სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურში (შემდეგში: ელექტროქვესადგური), 2005 წლის 31 აგვისტოს, 15 საათზე, სხვა არასრულწლოვნებთან ერთად, შევიდა 13 წლის ა. დ-ი (შემდეგში: მოსარჩელე, დაზარალებული, პირველი აპელანტი, პირველი კასატორი ან პირველი კერძო საჩივრის ავტორი), რომელმაც მაღალი ძაბვის ელექტროდენის დარტყმის შედეგად მიიღო ელექტროთერმული ტრავმა სხეულის 17%-ზე, მე-3, მე-4 ხარისხის დამწვრობა. არასრულწლოვანს ჩაუტარდა ორივე ხელის ამპუტაცია, დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით. დაზარალებულმა გაიღო მკურნალობის ხარჯები, გარდა ამისა, იგი საჭიროებს სამომავლო მკურნალობას, პროთეზირებას. დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ სულიერი ტანჯვით განიცადა არაქონებრივი ზიანი (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ, 992-ე, მე-1000, 413-ე მუხლები; იხ. საქმის მასალები - ტ.1, ს.ფ. 59-66, 160-162,173-248,).
2. არასრულწლოვანის დაზიანების დროისათვის, 2005 წლის აგვისტოში, ელექტროქვესადგურის დამცავი ნაგებობა ჩამოქცეული იყო. ტრანსფორმატორი, დამცავი ნაგებობის გარეშე, ღია სივრცეში იყო განთავსებული. სს „ეი-ი-ეს თ-ი“, რომლის უფლებამონაცვლეა სს „თ-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, პირველი საწარმო, მეორე აპელანტი, მეორე კასატორი ან მეორე კერძო საჩივრის ავტორი) აწვდიდა ელექტროენერგიას შპს ,,ი-ს’’ (მოპასუხის აბონენტს) ზემოხსენებული ქვესადგურის გავლით. (ტ. 1, ს.ფ. 37 – 58, ს.ფ. 141-151).
3. დაზარალებულმა 2012 წლის 31 იანვარს სარჩელი აღძრა ამ განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული პირველი საწარმოს, სს-ის „ს-ა“ (შემდეგში მეორე საწარმო ან მეორე მოპასუხე) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო ან მესამე მოპასუხე), მესამე პირების - ქ. თბილისის მერიისა (შემდეგში: მერია) და შპს-ის "ვ-ი" (შემდეგში: ვეტერანთა საზოგადოება) წინააღმდეგ და მოითხოვა დელიქტური ქმედებით მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება სსკ-ის 992-ე, 997-ე, მე-1000, 1005-ე, 498-ე, 138-ე 408-ე, 409-ე 411-413 მუხლებზე; „ელექტრო ენერგიის მოხმარების დროებით წესებზე“, „უსაფრთხოების ტექნიკის წესებზე“, „ელექტროენერგიის მიწოდების, მომსახურებისა და მოხმარების პირობების“ მე-3 და მე-4 პუნქტებზე დაყრდნობით, კერძოდ:
3.1. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეთათვის 315 654.23 ლარის, შესაბამისი კურსით ეკვივალენტური თანხის მყარ ვალუტაში - 140 290.76 ევროს გადახდა, რაც, შესაბამისად, 190 305.59 აშშ დოლარია;
3.1.1. ამ თანხაში შედის დაზარალებულის მკურნალობაზე როგორც კლინიკაში, ისე - მის გარეთ დახარჯული თანხები; ორივე ზედა კიდურის პროთეზის, პროთეზებით აღჭურვის მომსახურების, დაზარალებულის გამცილებელთან ერთად სასტუმროში ცხოვრების, მათი კვების, გერმანიაში ტაქსით გადაადგილების, ავიაკომპანიის სამგზავრო ბილეთების, დაზარალებულის საცხოვრებელი სახლიდან, თბილისის აეროპორტამდე და გერმანიიდან ჩამოსვლისას, აეროპორტიდან სახლამდე მგზავრობის ღირებულება;
3.2. დაზარალებულის სრულწლოვანების ასაკის მიღწევის დღიდან - 2009 წლის 27 დეკემბრიდან, 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით განვლილ პერიოდში, ყოველთვიური ულუფის ღირებულება, რაც „საქსტატის“ მონაცემთა საფუძველზე, საარსებო მინიმუმის ოდენობის მიხედვით, მყარ ვალუტაში შეადგენს 2 945.25 ლარს, შესაბამისი კურსით 1309 ევროს ან 1785 აშშ დოლარს;
3.3. დაზარალებულის კლინიკიდან გამოწერის დღიდან - 2005 წლის 4 ოქტომბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, განვლილ პერიოდში, ოჯახის გარეშე, სადღეღამისო მომვლელის დასაქირავებელი თანხის (გასამრჯელოს) ოდენობა, რამაც 2008 წლის ჩათვლით „საქსტატის“, ხოლო 2009-2011 წლების, კოალიციის „შინ მოვლა საქართველოში“ მონაცემთა მიხედვით, დადგენილი საშუალო ხელფასის განაკვეთით შეადგინა 121 360.6 ლარი ეროვნულ ვალუტაში (არსებული კურსით, მყარ ვალუტაში 53 699.38 ევრო ან 73 551.8 აშშ დოლარი);
3.4. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ, 2012 წლის 1 იანვრიდან, მოსარჩელის სიცოცხლის განმავლობაში, ამ უკანასკნელის სამისდღეშიო რჩენა ულუფის ღირებულების ყოველთვიურად გადახდით, „საქსტატის“ მიერ დადგენილი საარსებო მინიმუმის ოდენობით, მისი ცვალებადობის მიხედვით;
3.5. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ, 2012 წლის 1 იანვრიდან, მოსარჩელის სიცოცხლის განმავლობაში, ამ უკანასკნელისათვის, ოჯახის გარეთ, სადღეღამისო მომვლელის დასაქირავებელი თანხის (გასამრჯელოს), ყოველთვიურად გადახდა კოალიციის „შინ მოვლა საქართველოში“ მიერ დადგენილი სახელფასო განაკვეთის ოდენობით, მისი ცვალებადობის მიხედვით;
3.6. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მოზარდია, პროთეზი კი ინდივიდუალურ მორგებას საჭიროებს და, დროთა განმავლობაში, აუცილებელია მისი შეცვლა, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება, მოპასუხეებს პერიოდულად წარმოუშობს პროთეზის აღდგენის ან შეცვლის ვალდებულებას, შესაბამისად, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ყოველ 2-3 წელიწადში პროთეზების აღდგენა-განახლებისა და, საჭიროების შემთხვევაში, ახალი პროთეზებით შეცვლის ღირებულების გადახდა;
3.7. მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 3 300 000 ლარის ეკვივალენტური თანხის მყარ ვალუტაში გადახდა - 1 460 176.9 ევრო (რაც არსებული კურსით 2 000 000 აშშ დოლარია) - იხ. სარჩელი თანდართული მასალებით, ტ.1, ს.ფ.1-254.
4. მოპასუხეთაგან არც ერთმა არ ცნო სარჩელი, კერძოდ:
4.1. პირველი მოპასუხის მტკიცებით, მას არ მიუძღვის ბრალი არასრულწლოვანისათვის ზიანის მიყენებაში;
4.2. მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არასათანადო მოპასუხე იყო, რადგან სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგური არ იყო მის მფლობელობაში და არც ელექტროენერგიას აწვდიდა აღნიშნულ ქვესადგურს, ამასთან, მოთხოვნა განუხორციელებადი იყო ხანდაზმულობის გამო;
4.3. მესამე მოპასუხემ განმარტა, რომ ელექტროქვესადგური არ იყო სახელმწიფოს საკუთრება და, ამდენად, სამინისტრო არასათანადო მოპასუხეს წარმოადგნედა.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაზარალებულის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირველ მოპასუხეს დაეკისრა:
5.1. მკურნალობაზე გაწეული ხარჯის - 7 046, 82 ლარის, პროთეზირებისათვის - 73 105,02 ევროსა და მგზავრობის ხარჯის - 2985,08 ევროს გადახდა;
5.2. ყოველთვიური ულუფის გადახდა 2010 წლის განმავლობაში, თვეში -597,6 ლარი, 2011 წლის განმავლობაში, თვეში - 655,4 ლარი, ხოლო 2012 წლიდან თვეში - 655,4 ლარი;
5.3. მომვლელის ხარჯების გადახდა 2009 წლის 27 დეკემბრიდან, თვეში -2557 ლარი;
5.4.მორალური ზიანის ანაზღაურება - 100 000 ლარი;
5.5.სარჩელი მეორე და მესამე მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
5.6. ამავე გადაწყვეტილებით, პირველ მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 3000 ლარის გადახდა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც დაზარალებულმა (მოსარჩელემ), ისე პირველმა საწარმომ (პირველმა მოპასუხემ).
6.1. მოსარჩელემ (პირველმა აპელანტმა) მოითხოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის უარყოფილ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 542-556):
6.2. მოპასუხემ (მეორე აპელანტმა) მოითხოვა (იხ. სააპელაციო საჩივარი - ტ.2, ს.ფ. 526-539) გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაზარალებულის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის უარყოფა და მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 მაისის განჩინებით (იხ. ტ.4, ს.ფ.160-178), ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ორივე აპელანტის სააპელაციო საჩივარი და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
8. სააპელაციო სასამართლოს დასახელებულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, რაც დასაშვებად ცნო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 6 აპრილის განჩინებით, ხოლო იმავე წლის 16 ივნისის განჩინებით, საკასაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელის საკასაციო განაცხადი და საქმე ხელახლა განსახილველად, სავალდებულო მითითებებით დაუბრუნა სააპელაციო სასამართლოს (იხ. ტ.4, ს.ფ. 199-221, ს.ფ. 279-295, ს.ფ. 298- 315; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 412-ე მუხლი).
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. გაუქმდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.4 ქვეპუნქტი და ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ ახალი გადაწყვეტილება მიიღო, კერძოდ:
9.1.მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდა, 2005 წლის 04 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 121 360.60 ლარი;
9.2. 2012 წლის 01 იანვრიდან, თვეში - 2 557.00 ლარი;
9.3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2016 წლის 23 მაისს განცხადებით მიმართა დაზარალებულის (მოსარჩელის, პირველი აპელანტის) წარმომადგენელმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების (იხ. მე-9 პუნქტი) დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა სსსკ-ის 269-ე მუხლისა და 268.1-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ“ ქვეპუნქტის /სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით... გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების გარეშე/ საფუძველზე.
10.1. განმცხადებელმა საკუთარი მოთხოვნის მოტივაციისას მიუთითა, რომ დაზარალებული უკიდურესად მძიმე ფიზიკურ და მატერიალურ მდგომარეობაშია, განიცდის ძლიერ სულიერ ტანჯვას, დასახიჩრების მომენტიდან, 10 წლისა და 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო შელახული უფლების აღდგენა, კანონიერი გზით, დელიქტით მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით;
10.1.დაზარალებული 13 წლის მოზარდი იყო, როდესაც დასახიჩრება მიიღო, საქმის განხილვის დროისათვის სრულწლოვანია, მაგრამ - შრომისუუნარო და იმყოფება მესამე პირის- თავისი ძმის კმაყოფაზე;
10.2. კანონიერი გზით სამართლებრივი შედეგის მიუღწევლობამ, დაზარალებულის უკიდურესად მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა, სახელმწიფოს ზერელე და გულგრილმა დამოკიდებულებამ გაუმძაფრა დაზარალებულს დასახიჩრების შედეგად განცდილი სულიერი ტრავმა (იხ. მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება- ტ.5. ს.ფ. 238-240);
10.3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგად ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის პირობებში დაზარალებულს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოგებული აქვს წინამდებარე განჩინების 9.1. და 9.2 ქვეპუნქტებში ასახული თანხები, რაც მოპასუხეს დაეკისრა;
10.3.1. ასევე, სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს (საწარმოს) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მკურნალობაზე გაწეული ხარჯის - 7 046, 82 ლარის, პროთეზირებისათვის - 73 105,02 ევროსა, მგზავრობის ხარჯის - 2985,08 ევროს გადახდა, ასევე - ყოველთვიური ულუფის გადახდა 2010 წლის განმავლობაში, თვეში -597,6 ლარი, 2011 წლის განმავლობაში, თვეში - 655,4 ლარი, ხოლო 2012 წლიდან თვეში - 655,4 ლარი და მორალური ზიანის სახით - 100 000 ლარის ანაზღაურება (იხ. წინამდებარე განჩინების 5.1, 5.2 და 5.4 ქვეპუნქტები);
10.3.2. საბოლოოდ, მოსარჩელის წარმომადგენელი ითხოვს, მისი მარწმუნებლის სასარგებლოდ, ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას მთლიანად.
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის განცხადება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტი, რომლის მიხედვით მოპასუხე საწარმოს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიური ულუფის გადახდა 2010 წლის განმავლობაში 597,6 ლარის ოდენობით თვეში, 2011 წლის განმავლობაში - თვეში 655, 4 ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლიდან - თვეში 655, 4 ლარის ოდენობით (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება- ტ.5, ს.ფ.285-288).
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ.
12.1.პირველი კერძო საჩივრის ავტორმა (მოსარჩელემ) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების მთლიანად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა;
12.2. მეორე კერძო საჩივრის ავტორმა (მოპასუხემ) მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოსარჩელის განცხადებაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების, მთლიანად, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე უარის თქმა.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით მხარეთა კერძო საჩივრები წარმოებაშია მიღებული განსახილველად, იმავე განჩინებით მხარეებს ეცნობათ კერძო საჩივრების განხილვის თარიღი - 2016 წლის 15 ივლისი, რაც მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრების საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოპასუხის კერძოს საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე შემდეგი მოტივაციით:
14. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. საკასაციო სასამართლო, უწინარესად იმას აღნიშნავს, რომ მხარეთა კერძო საჩივრების განხილვის დროისათვის, საკასაციო სასამართლოს წარმოებაშია მოსარჩელის (პირველი კასატორის) საკასაციო საჩივარი და მოპასუხის (მეორე კასატორის) საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებაზე;
15.1. პირველი კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას;
15.2. მეორე კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელის დაკმაყოფილებული მოთხოვნის ნაწილში გაუქმებას და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად უარყოფას;
15.3. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 ივნისის განჩინებით მოსარჩელისა და მოპასუხის საკასაციო განაცხადები წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე არსებითად განხილვის მიზნით დასაშვებად ცნობის პროცესუალურსამართლებრივი წინაპირობების შემოწმების მიზნით. ამავე განჩინებით მხარეთათვის ცნობილია, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შესახებ იმსჯელებს 2016 წლის 16 სექტემბერს.
16. საკასაციო სასამართლოს განსახილველი დავის საგნისა და შინაარსის, მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების გათვალისწინებით, დასაბუთებულად მიაჩნია პირველი კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა მის სასარგებლოდ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე.
16.1. აღნიშნული დასკვნის საფუძველს საკასაციო სასამართლოს ის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები აძლევს, რომელთა საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანი გარემოებები, კერძოდ: უბედური შემთხვევის დროს (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) სადავო ქვესადგური იყო მიტოვებული, დამცავი კედლები - დაშლილი, დაცული არ იყო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტი. დენის დარტყმის შედეგად მიღებული თერმული დაზიანებების გამო, მოსარჩელეს ჩაუტარდა ორივე ხელის ამპუტაცია, რის გამოც დაკარგა შრომისუნარიანობა 2/3-ზე მეტი ნიშნით. მისმა ოჯახმა გაიღო მკურნალობის ხარჯები, დაზარალებული საჭიროებს სამომავლო მკურნალობას, მომვლელის მუდმივ მომსახურებას, პროთეზირებას, მან განიცადა მორალური ზიანი, რაც გამოიხატება ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეულ სულიერ ტანჯვაში. აღნიშნულ ფაქტზე შს სამინისტროს ისანი-სამგორის რაიონულ სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისაცემი პირი (პირები) დადგენილი არ არის.
16.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ Nა-242 სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურის გამოყენებით, მოპასუხე საწარმო ელექტროენერგიას აწვდიდა თავის „აბონენტს’’ და, შესაბამისად, იყენებდა ამ ნაგებობას თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ;
17. საკასაციო სასამართლოსათვის სრულიად თვალსაჩინო და ცხადია, თუ რა საჭიროებები გააჩნია დაზარალებულს მის მიერ განცდილი მორალური, ფიზიკური და სულიერი ტანჯვის გამო, რამდენად დიდია და არსებითი დაზარალებულის მკურნალობისა და მუდმივი ფსიქოლოგიურ-ემოციური და ფიზიკური მხარდაჭერის მიზნებისათვის კონკრეტული სამედიცინო, ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ღონისძიებების დროული დაგეგმვა და განხორციელება.
17.1. მსგავსი საჭიროებების არსებობამ განაპირობა სსსკ-ის 268.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში (იხ. ამ განჩინების მე-10 პუნქტი) დასახელებული პროცესუალურსამართლებრივი საფუძვლის დამოუკიდებლად არსებობა, რათა ჯანმრთელობის დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვაგვარი დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებოლად გადაცემა.
17.2. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ სსსკ-ის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით „გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას“ გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, რადგან მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის მე-1000 მუხლიდან გამომდინარეობს რომელიც მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან, ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (იხ. სუსგ-ები # ას850-1064-08, 27.04.2009წ; #ას-413-399-2011, 02.06.2011წ; #ას-88-84-2014, 07.07.2014წ; #ას-456-435-2015, 30.10.2015წ; #ას-1287-1208-2015წ.).
18. პირველი კერძო საჩივრის ავტორის (მოსარჩელის) მოთხოვნა დასაბუთებულია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, სსსკ-ის 268-ე მუხლის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოებრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტები, რომლის მიხედვით მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა:
18.1. მკურნალობაზე გაწეული ხარჯის - 7 046, 82 ლარის, პროთეზირებისათვის - 73 105,02 ევროსა და მგზავრობის ხარჯის - 2985,08 ევროს გადახდა (იხ. ამ განჩინების 5.1 ქვეპუნქტი);
18.2. მორალური ზიანის ანაზღაურება - 100 000 (ასი ათასი) ლარი (იხ. ამ განჩინების 5.4 ქვეპუნქტი);
18.3. სსსკ-ის 268-ე მუხლის საფუძველზე, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს დაეკისრა სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდა, 2005 წლის 4 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში - 121 260.6 ლარის ოდენობით, 2012 წლის 1 იანვრიდან - თვეში 2 557 ლარის ოდენობით.
19. მოპასუხის (მეორე კერძო საჩივრის ავტორის) განცხადების უარყოფის საფუძვლად საკასაციო სასამართლო მიუთითებს, სსსკ-ის 268-ე მუხლის, როგორც საპროცესოსამართლებრივი დანაწესის მიზანზე „აღნიშნული მუხლის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ასეთი ტიპის დავებზე გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება აღსრულების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან, კანონმდებელი, უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ“ (იხ. სუსგ # ას- 734-702-2014, 25.07.2014წ.);
19.1. საკასაციო სასამართლო დავის შინაარსისა და სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის კანონიერი ინტერესებისა და უფლებების დაცვის მომეტებული საჭიროების მიზნით, დასაბუთებლად მიიჩნევს სსსკ-ის 268.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის გამოყენებას, მით უფრო, რომ კანონმდებელი ამ ნორმით არ ადგენს კონკრეტული საფუძვლების ამომწურავ ჩამონათვალს. ამდენად, მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობისა (იხ. წინამდებარე განჩინების 14.1 ქვეპუნქტი) და დავის საგნის გათვალისწინებით, მოპასუხის მტკიცება, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თუნდაც ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა გაუმართლებლად და მიზანშეუწონლად უნდა ჩათვლილიყო იმ დრომდე, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია საკასაციო სასამართლოს, ასევე, ქვემდგომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა სსსკ-ის 267.2-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების საკითხი და ის რისკი, რაც შესაძლოა დადგეს მეორე კასატორის საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო მსჯელობაა. სსკ-ის მე-1000 მუხლით დადგენილია ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრება, ხოლო კონკრეტულ დავაზე მოპასუხე ის საწარმოა, რომელსაც მიუხედავად ბრალისა, ეკისრებოდა პასუხისმგებლობა, რადგან „მფლობელობის მიმართ გამოიყენება ორი სხვადასხვა დონის მფლობელობა: პირდაპირი და არაპირდაპირი. ნივთი შეიძლება ან მარტო პირდაპირი მფლობელის ბატონობაში იმყოფებოდეს, ანდა იმავდროულად არაპირდაპირი მფლობელის ბატონობის ქვეშაც. თუ ნივთის მფლობელობა სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე ხდება (სანივთო, ვალდებულებითი), ამ ურთიერთობაში მესაკუთრე წარმოადგენს არაპირდაპირ მფლობელს, ხოლო ის, ვინც გამოიყენებს ამ ნივთს, პირდაპირ მფლობელს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე აწვდიდა რა ელენერგიას ქვესადგურს და იყენებდა ამ ნაგებობას თავისი პროდუქციის სარეალიზაციოდ, იგი მისი პირდაპირი მფლობელი იყო, ხოლო მითითებული ქვესადგური იყო რა შპს „გ.-ის“ საკუთრება, მიუხედავად იმისა, რომ იგი უმეთვალყურეოდ ჰქონდა მიტოვებული, ამ ქვესადგურის არაპირდაპირი მფლობელი იყო“ (იხ. სუსგ, საქმე #3კ/571-01, 8.08.2001წ.).
20. ზემოხსენებული მოტივაციით დაკმაყოფილდა მოსარჩელის კერძო საჩივარი და არ დაკმაყოფილდა მოპასუხის კერძო საჩივარი.
20.1. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინებით ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება პირველი კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძველზე და დაკმაყოფილდა ამ უკანასკნელის კერძო საჩივარი, მოსარჩელის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელისა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტების მთლიანად დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის თაობაზე, რომლებიც უცვლელად დარჩა მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში (იხ. წინამდებარე განჩინების 16.1-16.3 ქვეპუნქტები, ასევე, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი, მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები).
20.2. მოპასუხის კერძო საჩივარი უარყოფილია, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების 17-17.1 პუნქტსა და სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე, 268-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. დ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებაზე, დაკმაყოფილდეს;
2. სს "თ-ის" კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
3. ნაწილობრივ გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინება და ა. დ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ დაკმაყოფილდეს სრულად;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცეს იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ის პუნქტები, რომლის მიხედვით, სს "თ-ს" ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა: მკურნალობაზე გაწეული ხარჯი - 7 046.82 ლარის, პროტეზირებისათვის - 73 105.02 ევროსა და მგზავრობის ხარჯის - 2 985.08 ევროს გადახდა, მორალური ზიანის ანაზღაურება 100 000 ლარის ოდენობით, ასევე იმ ნაწილშიც, რომელშიც მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და სს "თ-ს" ა. დ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სადღეღამისო მომვლელის ხარჯების გადახდა, 2005 წლის 4 ნოემბრიდან 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით, ჯამში 121 360.6 ლარის ოდენობით, 2012 წლის 1 იანვრიდან თვეში 2 557 ლარის ოდენობით ;
5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე