Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-1867-ა-8-2016 9 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს "სადაზღვევო კომპანია უ-ი" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა "კ-ის 19" (მოსარჩელე)

განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბმა "კ-ის 19"-ის (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან ბმა) სარჩელი სს "სადაზღვევო კომპანია უ-ის" (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, განმცხადებელი ან სს) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 8 625.04 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ბმა-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 8 625.04 ლარის გადახდა დაეკისრა.

6. 2016 წლის 19 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოპასუხემ წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

7. განმცხადებლის განმარტებით, სს-ის წარმომადგენელმა 2016 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ბმა-ში მდებარე უძრავი ქონების სარეგისტრაციო მონაცემების შესახებ, რომლის გაცნობის შემდეგ სს-ისათვის, ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. აღსანიშნავია, რომ ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა სს-ის მიერ საჯარო რეესტრთან მიმდინარე ადმინისტრაციულ დავასთან დაკავშირებით, რომელიც რეესტრში ფართების რეგისტრაციას უკავშირდებოდა (თბილისის საქალაქო სასამართლო, საქმე N 3/3316-16).

8. გამოთხოვილი და მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია უკავშირდება ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ფართის რეგისტრაციის კორექტირებას 2013 წლის მაისში, ე.ი. იმ დროს, როდესაც შპს „რ-ო“, რომლის უფლებამონაცვლესაც წარმოადგენს განმცხადებელი, არც იყო დაფუძნებული, შესაბამისად შეუძლებელია განმცხადებელს სცოდნოდა აღნიშნული მტკიცებულებების/გარემოების არსებობის შესახებ და, ბუნებრივია, მის მიერ აღნიშნული დოკუმენტაციის არ გამოთხოვა და სასამართლოსთვის წარუდგენლობა მისი ბრალით არ არის გამოწვეული.

9. განმცხადებლის მითითებით ახლად აღმოჩენილი გარემოებები მოიცავს შემდეგ ფაქტებს:

9.1. ბმა-ის მიერ 2013 წლის 16 მაისს საჯარო რეესტრში წარდგენილი იქნა განცხადება უძრავ ნივთზე, მდებარე ქ. თბილისი გ-ის ქ #19, რეგისტრირებულ უფლებებში ცვლილების მოთხოვნით (განცხადების # 882013218278);

9.2. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა იმ მოტივით, რომ ბმა-ის საერთო კრების ოქმში, რომელიც მიღებული იქნა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული იყო, რომ მასში მონაწილეობდა ამხანაგობის ყველა წევრი, კერძოდ, 34 სუბიექტი, ხოლო საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით მოცემულ საკადასტრო ერთეულზე რეგისტრირებულია 47 მესაკუთრე, ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრმა მოითხოვა სათანადო განმარტების წარდგენა;

9.3. აღნიშნულის პასუხად ბმა-ის მიერ 2013 წლის 18 ივლისს საჯარო რეესტრს წარედგინა წერილი, რომლის მიხედვითაც ბმა-ამ განაცხადა, რომ დ. გ-ის ქ # 19-ში არის მხოლოდ ერთი ამხანაგობა, როგორც ერთ სადარბაზოში არსებული ფართების მესაკუთრეთა ამხანაგობა. ამხანაგობის წევრების გარდა კი ამ შენობაში არიან მესაკუთრეები, რომლებიც არ არიან ამხანაგობის წევრები, რადგან აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელი, არ სარგებლობენ ამხანაგობის თანამშრომელთა მომსახურებით და, შესაბამისად, არ მონაწილეობენ ყოველთვიური მოსაკრებლის მობილიზაციასა და ხარჯების გაწევაში. ამ წერილის თანახმად ერთ-ერთი ასეთი მესაკუთრეა „ა-ი“. შესაბამისად, აღნიშნული წერილით საჯარო რეესტრისთვის წარდგენილია მესაკუთრეების (და არა როგორც ამხანაგობის წევრების) ინდივიდუალური თანხმობები. სწორედ წევრების არსებობით აიხსნება გ-ის 19-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეებსა (47) და ბმა-ის წევრებს (34) შორის რაოდენობრივი განსხვავება;

9.4. დასახელებული მტკიცებულებებით ბმა ცალსახად ადასტურებს, რომ შპს „სამშენებლო კომპანია ა-ი“ ამხანაგობის წევრი არ ყოფილა, არ სარგებლობდა ამხანაგობის მომსახურებით და, შესაბამისად, არ ჰქონდა მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება;

9.5. აქედან გამომდინარე, ბმა-ის 2008 წლის 13 მარტის #1 კრების ოქმი, რომლითაც ყოველთვიური მოსაკრებელი განისაზღვრა, არ ეხებოდა შპს „სამშენებლო კომპანია ა–ს“ და არ არსებობდა არავითარი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა ბმა-სა და შპს „სამშენებლო კომპანია ა–ს“ შორის. თავის მხრივ, სწორედ აღნიშნული ოქმით დადგენილი მოსაკრებელი დაედო საფუძვლად საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებას სს-ისათვის მოსაკრებლის დაკისრების თაობაზე;

9.6. სს წარმოადგენს შპს „რ-ოს“ უფლებამონაცვლეს, შპს „რ-ო“, თავის მხრივ, დაფუძნებულ იქნა 2013 წლის 30 სექტემბერს შპს „სამშენებლო კომპანია ა-ის“ მიერ, შპს „რ-ოს“ კაპიტალში შპს „სამშენებლო კომპანია ა-ის“ მიერ 2013 წლის 4 ოქტომბერს შეტანილ იქნა თბილისში, გ-ის 19-ში მდებარე შემდეგი უძრავი ქონებები: ს.კ 0-- და ს.კ 0-- აღნიშნული თარიღებიდან შპს „რ-ო“ გახდა დასახელებული ქონებების მესაკუთრე და ჩაანაცვლა ძველი მესაკუთრე შპს „სამშენებლო კომპანია ა-ი“. სხვა ყველა გარემოება უცვლელი დარჩა, შესაბამისად ბმა-ის მიერ 2013 წლის 18 ივლისის წერილით დასტურდება, რომ შპს „რ-ოს“, როგორც იმ ფართების მესაკუთრეს, რომელსაც აღნიშნული წერილის გაცემისას ფლობდა შპს „ სამშენებლო კომპანია ა-ი“, ხოლო შემდეგ უკვე სს, როგორც შპს „რ-ოს“ უფლებამონაცვლე, ასევე, არ წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს და, შესაბამისად, მოსაკრებლის გადახდა არ ევალებოდა;

9.7. აღნიშნული მტკიცებულებით, ასევე, დასტურდება ამხანაგობის არაკეთილსინდისიერება, ვინაიდან საქმის განხილვისას და მოპასუხისათვის მოსაკრებლის დაკისრების მოთხოვნისას, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო ზემოაღნიშნული გარემოებების შესახებ, თუმცა, ამხანაგობამ ისარგებლა იმ გარემოებით, რომ სს-ას არ ჰქონდა სათანადო ინფორმაცია და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვა მისთვის მოსაკრებლის დაკისრება;

9.8. ზემოაღნიშნული მტკიცებულების არსებობის შესახებ, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ მისი წარმომადგენლის მიერ საჯარო რეესტრიდან უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის შემდეგ, 2016 წლის 19 აპრილს, შესაბამისად, დაცულია ახლად აღმოჩენილი გარემოებების გამო განცხადების წარდგენის ვადა.

10. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 429-ე მუხლის შესაბამისად, განცხადების ფორმალური დასაშვებობის შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების თაობაზე, აკმაყოფილებდა სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, 2016 წლის 20 მაისის განჩინებით დასაშვებად ცნო და მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მოპასუხის განცხადების საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (სსსკ-ის 422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (სსსკ-ის 423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

12. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლებით, რაც მითითებულია ამ განჩინების 7-9 პუნქტებში.

13. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება) შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს, წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ არსებობს შემდეგი წინაპირობები:

- მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

- ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ;

- მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლის დადასტურების შემთხვევაშიც კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შეიძლება მხოლოდ ორი აუცილებელი პირობის არსებობისას:

1. ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე;

2. მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.

16. „ამდენად, კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც ცნობილი იყო მხარისათვის გადაწყვეტილების გამოტანამდე ან რომლებზე მითითების შესაძლებლობაც მხარეს გააჩნდა საქმის წარმოების დასრულებამდე“ (იხ. სუსგ # ას- ა-4178-117-2015, 28.12.2015წ.).

17. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიიჩნევს ბმა-ის წერილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ, სადაც მითითებულია, რომ შპს „სამშენებლო კომპანია ა-ი“ ფორმალურად არ არის ამხანაგობის წევრი და ყოველთვიური მოსაკრებლების მობილიზაციაში არ მონაწილეობს. შპს „სამშენებელო კომპანია ახალმა სტილმა“ შპს „რ-ოს“ კაპიტალში შეიტანა ორი უძრავი ქონება, რომლებიც დ. გ-ის 19-ში მდებარეობს, ხოლო განმცხადებელი შპს „რ-ოს“ უფლებამონაცვლეა. აქედან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ ის არ არის ამხანაგობის წევრი და მას ყოველთვიური მოსაკრებლის გადახდა არ უნდა დაეკისროს, ამის თაობაზე კი მას შემდეგ შეიტყო, რაც სს-ამ საჯარო რეესტრიდან გამოითხოვა ინფორმაცია ბმა-ში მდებარე უძრავი ქონების შესახებ.

18. მოცემულ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებად იმ ფაქტის მიჩნევა, რომ ბმა-ის წერილი იყო წარსადგენი, რომელიც განმცხადებელმა თავის დროზე ვერ წარმოადგინა საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, დაუსაბუთებელია არა მხოლოდ იმ არგუმენტით, რომ ბმა-ის წერილის მოპოვება ადრეც შეეძლო მოპასუხეს, არამედ იმ მოტივითაც, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ სს ამხანაგობის წევრი არ არის. მოპასუხეს შეეძლო და ვალდებულიც იყო, სარჩელისაგან თავის დასაცავად, საქმის წარმოების შესაბამის ეტაპზე წარედგინა ყველა მტკიცებულება. აქედან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხემ თავისივე დაუდევრობით არ ისარგებლა ზემოხსენებული შესაძლებლობით, მის მიერ მითითებული გარემოება ახლად აღმოჩენილად ვერ მიიჩნევა და, შესაბამისად, საქმის წარმოების განახლებასაც ვერ გამოიწვევს.

19. ამხანაგობის შესახებ კანონის მე-19 მუხლის პირველი /ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში/ და მესამე /ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობა წარმოიშობა მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების შეძენისთანავე/ პუნქტები ადგენს, თუ ვინ არის ამხანაგობის წევრი და როგორ წარმოიშობა ამხანაგობის წევრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის იმთავითვე ცნობილი იყო ან უნდა ყოფილიყო ცნობილი, რომ დ. გ-ის #19-ში მდებარე უძრავ ქონებებზე საკუთრების უფლების არსებობიდან გამომდინარე ამხანაგობის წევრად ყოფნის ფაქტი. თუ ქონება, რომელსაც სს, საკუთრების უფლებით ფლობს, არ მდებარეობს იმ მრავალბინიან სახლში, რომლის ამხანაგობაც განსახილველი დავის მოსარჩელეა, მოპასუხეს ამის თაობაზე სარჩელზე წარდგენილ შესაგებელშივე უნდა განეცხადებინა (სსსკ-ის 85-ე მუხლი).

20. საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განმცხადებლის არც ერთი არგუმენტი არ წარმოადგენს იმ სამართლებრივ საფუძველს, რომელიც სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის“ შესაბამისად შეიძლება განხილული იქნეს და დაედოს საფუძვლად კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე საქმის წარმოების განახლებას იმ მსჯელობის გათვალისწინებით, რომელიც განვითარებულია წინამდებარე განჩინების 17-19 პუნქტებში.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოპასუხის განცხადების დაკმაყოფილებისა და საქმის წარმოების განახლების კანონიერი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 430-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "სადაზღვევო კომპანია უ-ის" განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე