Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-253-241-2017 16 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ლ. გ-ი, კ. ვ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ტ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 1999 წელს ლ. გ-ი (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან პირველი კასატორი), კ. ვ-ე (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი ან მეორე კასატორი) და ი. ტ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან მესამე აპელანტი) ზეპირად შეთანხმდნენ ოზურგეთის რაიონის სოფელ ბ-ში მდებარე 5 029 კვ.მ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთის (შემდეგში: უძრავი ქონება ან მიწის ნაკვეთი) ნასყიდობის თაობაზე.

2. მოსარჩელემ მოპასუხეებს, უძრავი ქონების შეძენის მიზნით, გადაუხადა 2 000 ლარი. 1999 წლიდან მოსარჩელე მიწის ნაკვეთს ფლობდა, როგორც საკუთარს და ნაკვეთის გაუმჯობესების მიზნით პერიოდულად ასრულებდა საჭირო სამუშაოებს.

3. მიწის ნაკვეთის (ს/კ 26.17.14.081) მესაკუთრეები მოპასუხეები არიან (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს/ფ 13-14).

4. მოსარჩელემ მიწის ნაკვეთის შემოღობვასა და გაწმენდაში 5 775 ლარი დახარჯა (იხ. დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა, ს/ფ 18-39).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1 მოსარჩელემ 2016 წლის 28 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა მის სასარგებლოდ, უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადახდილი 2 000 ლარისა და მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯის - 5 575 ლარის მოპასუხეებისათვის დაკისრება.

5.2 მოსარჩელემ ამ განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ ის მიწის ნაკვეთს, როგორც საკუთარს, ისე ფლობდა. ამ დროის განმავლობაში მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეებს უძრავი ქონების გადაფორმების თხოვნით, თუმცა, ამ უკანასკნელთა განმარტებით, მიწის ნაკვეთი ჯერ თავად უნდა გაეფორმებინათ, შემდეგში კი გადაუფორმებდნენ მოსარჩელეს. მოსარჩელის მტკიცებით, სოფელ ბ-ში იგი აღრიცხული იყო, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრე და ღებულობდა სასოფლო სამეურნეო ვაუჩერებს, შესაბამისად დარწმუნებული იყო, რომ ქონება შეძენილი ჰქონდა მუდმივად.

6. მოპასუხეების შესაგებელი

6.1 მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ. მიწის ნაკვეთის საფასურის ნაწილში მათ განმარტეს, რომ უძრავი ქონების ფასი, მოპასუხეების მიერ, განსაზღვრული იყო 2 700 ლარით. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების გადაცემა უნდა მომხდარიყო თანხის სრული გადახდის შემდეგ. მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელეს არაერთხელ მიმართეს, რომ გადაეხადა დარჩენილი თანხა და მხოლოდ ამის შემდეგ გადაუფორმებდნენ მიწის ნაკვეთს, თუმცა, მოსარჩელისაგან საბოლოოდ მიიღეს უარი. მოპასუხეების მითითებით, გარიგების მოშლის გამო, მოსარჩელეს დაუბრუნებენ მისგან აღებულ 2 000 ლარს.

6.2 მოპასუხეებმა მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ ცნეს, იმ დასაბუთებით, რომ მოსარჩელეს ხარჯი არ გაუწევია და არც რაიმე სახის მტკიცებულება გააჩნია. მათი განმარტებით, მიწის ნაკვეთი დამუშავებულია და გაშენებულია თხილით უშუალოდ მოპასუხეების მიერ. სახელმწიფოს ვაუჩერები დღესაც მოპასუხეების სახელზე ირიცხება.

7. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1 ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უძრავი ქონების შეძენის მიზნით გადახდილი 2 000 ლარისა და მიწის ნაკვეთზე გაწეული ხარჯის 2 170, 97 ლარის გადახდა დაეკისრათ.

7.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 59-ე, 68-ე, 183-ე, 328-ე, 976-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის მოხდა შეთანხმება უძრავი ქონების ნასყიდობის თაობაზე, თუმცა ნასყიდობის ხელშეკრულება არ იქნა გაფორმებული კანონით დადგენილი ფორმით. სსკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. სასამართლომ სსკ-ის 59-ე მუხლის დანაწესზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის დადებული გარიგება ბათილია, შესაბამისად, სსკ-ის 976-ე მუხლის მიხედვით, 2 000 ლარის ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

7.3 სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი, დამოუკიდებელი შემფასებლის დასკვნა ადასტურებდა მიწის ნაკვეთზე ხარჯების გაწევას. სსკ-ის 987-ე მუხლის მიხედვით პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში გამდიდრების არსებობა აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად გამოვლენილი იყო, თუმცა, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან არხი 2 000 წელს გაიწმინდა და მიწის ნაკვეთის გამოყენებას ემსახურებოდა მიზნად, რაც არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო დანახარჯად, რომლითაც მიწის ნაკვეთის მდგომარეობა, მოპასუხეების სასარგებლოდ, გაუმჯობესდა.

8. მოპასუხეთა სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

8.1.1. პირველ და მეორე აპელანტებს მიაჩნიათ, რომ ისინი უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულან, რადგან მოსარჩელეს შემოღობილი და მოსავლის მიღებისათვის ვარგისი მიწა ჩაბარდა; იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს თავისი წილი ვალდებულება სრულად არ შეუსრულებია, უნდა ევარაუდა, რომ საკუთრების უფლების გადაცემა არ მოხდებოდა, შესაბამისად, მესაკუთრის თანხმობის გარეშე მიწის ნაკვეთზე რაიმე სახის სამუშაოები არ უნდა განეხორციელებინა;

8.1.2. პირველი და მეორე აპელანტების განმარტებით, მიწის ნაკვეთზე შესრულებული სამუშაოები, გარდა ღობის მოწყობისა, წარმოადგენს ერთგვარ აუცილებელ სამუშაოს მიწათსარგებლობისათვის და აღნიშნული ვერ ჩაითვლება მიწის ნაკვეთის გაუმჯობესებად; კერძოდ: სეზონური სამუშაოები და ნარჩენების გატანა;

8.1.3. აპელანტების მითითებით, თუ მოსარჩელემ გასწია გარკვეული ხარჯი, მან წლების განმავლობაში მიიღო კიდეც მიწით სარგებლობით მნიშვნელოვანი სარგებელი, რაც გამოიხატება სიმინდისა და სხვა აგროკულტურების მოყვანაში;

8.1.4. აპელანტების მტკიცებით, ჩაის ბუჩქების ამოძირკვა (დაახლოებით 20 ბუჩქი) მიწის გაუმჯობესება არ არის. ისიც მოსავალს იძლეოდა; მით უმეტეს, რომ ჩაის მოსავალი, ანუ დამუშავებული ნედლეული ერთი კგ დაახლოებით 50 კგ სიმინდის ღირებულების ტოლფასია. შესაბამისად, მიწაზე მოწეული სიმინდი, ჩაი და სხვა აგროკულტურები ერთობლიობაში წარმოადგენს მიწის ფასს.

9. მოსარჩელის შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. მოსარჩელემ შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:

9.1.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული გარემოებები და მტკიცებულებები, ამასთან, არასწორად განმარტა გადაწყვეტილების მიღების პირობები, კერძოდ - სსკ-ის 976-ე მუხლი;

9.2.2. არხის გაწმენდასთან დაკავშირებულმა სამუშაოებმა ნაკვეთის ღირებულება გაზარდა 1 604,12 ლარით. არხი მდებარეობს მიწის ნაკვეთის უშუალო საზღვართან, რომლის გაწმენდამ იგი დაიცვა წყლის მოვარდნისაგან. უძრავი ქონება, მაშინ როცა მას ესაზღვრებოდა ღელე/არხი, ღირდა უფრო იაფი, ვიდრე გაწმენდის შემდეგ, რადგანაც იგივე ღელე გავლენას ახდენს მიწის ნაკვეთზე;

9.2.3. სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგებისას უნდა გამოყენებულიყო სსკ-ის 980-ე მუხლი, ნაცვლად 987-ე მუხლისა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 დეკემბრის გადაწყვეტილებით პირველი და მეორე აპელანტების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მესამე აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა.

10.2 სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები, მოსარჩელის ხარჯზე, 5 775 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული გარიგება ბათილი იყო და გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობდა. ეს ნიშნავს, რომ მოსარჩელეს უძრავ ქონებაზე საკუთრება არ შეუძენია და იგი ხარჯს აპელანტების ნივთზე სწევდა.

10.3 სასამართლოს მითითებით, რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით, ასევე შპს „ა-ი-3-ის“ აუდიტორული დასკვნითა და მის მიერ გაცემული ცნობით დასტურდებოდა, რომ მოსარჩელემ მოპასუხეების კუთვნილი ქონება გაწმინდა და შემოღობა, რითაც ამ ქონების ღირებულება, პირველი და მეორე აპელანტებისათვის მისი დაბრუნების მომენტში, 5 775 ლარით იყო გაზრდილი.

10.4 სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ მის მიერ მითითებული ფაქტები დაამტკიცა, პირველ და მეორე აპელანტებს კი ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ. მოპასუხეებმა, თავიანთი პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინეს მხოლოდ ორი მოწმე, რომლებისთვისაც უცნობი იყო მიწის ნაკვეთის გასხვისების შემდეგ მასზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ. მოსარჩელის ინიციატივით დაკითხულმა მოწმეებმა განმარტეს, რომ აუდიტორის დასკვნაში ჩამოთვლილი სამუშაოები უშუალოდ მათი მონაწილეობითა და დახმარებით ჩატარდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ სამუშაოების ჩატარების ფაქტი პირველ და მეორე აპელანტებს სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდიათ.

10.5 პირველი და მეორე აპელანტების უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, მოსარჩელის მიერ ნაკვეთის უსაფუძვლოდ ფლობითა და ნაყოფის მიღებით, არ ქარწყლდებოდა. ამასთან, მოპასუხეებს სასამართლოსათვის არ წარუდგენიათ მოსარჩელის მიერ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება.

10.6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები მოსარჩელის ხარჯზე 5 775 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ. სსკ-ის 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ისინი ვალდებული არიან მოსარჩელეს ხარჯი აუნაზღაურონ. მოსარჩელეს სარჩელით 5 575 ლარის ანაზღაურება ჰქონდა მოთხოვნილი, აქედან 2 170.97 ლარი რაიონულმა სასამართლომ დააკისრა მოპასუხეებს, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით პირველ და მეორე აპელანტებს, მესამე აპელანტის სასარგებლოდ, დამატებით 3 404.03 ლარის გადახდა დაეკისრათ.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად შემდეგ პრეტენზიებზე დაყრდნობით:

11.1.1 სასამართლოს დეტალურად არ უმსჯელია მოსარჩელის მიერ შესრულებული რა სამუშაოებით გამდიდრდნენ მოპასუხეები. კასატორებს დაუსაბუთებლად დაეკისრათ მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიებზე მდინარის კალაპოტის გაწმენდისათვის გაწეული ხარჯი. ასევე, სასამართლოს არ უმსჯელია ნარგავების მოშენებაზე, საქმეში წარმოდგენილი ორთოფოტოები გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მრავალწლიანი ნარგავების მოშენებას მოპასუხეების მიწის ნაკვეთზე. უგულებელყოფილია მოპასუხე მხარის მოწმის ჩვენება, რომელიც აღნიშნავს, რომ კასატორებთან საერთო ღობე აქვს და ის მოსარჩელეს არ გაუკეთებია.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 მარტის განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორებს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენიათ.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომლებიც სსკ-ის 980.1-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

18.1 სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეებმა გარიგება უძრავ ქონებაზე დადეს ზეპირად, ე.ი. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად. მოსარჩელემ კასატორებს გადაუხადა 2 000 ლარი და დაეუფლა უძრავ ქონებას, რასაც ორივე მხარე აცხადებს და ეთანხმება. მოსარჩელე, ნაკვეთის გაუმჯობესების მიზნით, პერიოდულად ასრულებდა საჭირო სამუშაოებს;

18.2 სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის მასალებში წარდგენილი აუდიტორის დასკვნაში ჩამოთვლილი სამუშაოები მოსარჩელემ შეასრულა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რის შედეგადაც კასატორების მიწის ნაკვეთის ღირებულება 5 775 ლარით გაიზარდა და მოპასუხეებმა უძრავი ქონება, სწორედ, გაზრდილი ღირებულებით მიიღეს. შესაბამისად, კასატორები მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდნენ;

18.3. სასამართლოს განმარტებით, კასატორების გამდიდრების ფაქტს არ აქარწყლებს მოსარჩელის მიერ ნაკვეთის უსაფუძვლოდ ფლობა და ნაყოფის მიღება. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ შემოსავლის მიღების დამადასტურებელი მტკიცებულებები კასატორებს არ წარმოუდგენიათ და არც ასეთი მოთხოვნით მიუმართავთ სასამართლოსათვის.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

21. „...კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოვალის გამდიდრება; ამის შესაბამისად, კრედიტორის ქონებრივი დანაკლისი; კრედიტორიდან მოვალესთან სამართლებრივი სიკეთის გადანაცვლების უსაფუძვლობა/გაუმართლებლობა... ...მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 980-ე მუხლის პირველი ნაწილი (თუ მიმღებმა გასწია ხარჯები ან მას წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი იმასთან დაკავშირებით, რომ საგანი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნდა, მაშინ იგი მოვალეა, დააბრუნოს საგანი ხარჯებისა და დანაკლისის ანაზღაურების პირობით. ეს წესი არ გამოიყენება, როცა გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად). მითითებული ნორმა ითვალისწინებს კონდიქციური ვალდებულების განსაკუთრებულ შემთხვევას, როცა ქონების უსაფუძვლოდ მიმღებს, იგი სამუდამოდ შეძენილად მიაჩნია და ამის გამო განსაზღვრული ხარჯები გაიღო ამ ქონების გაუმჯობესებისათვის ან წარმოეშვა ქონებრივი დანაკლისი. უფლებამოსილი პირის გამოჩენის შემთხვევაში, მიმღები მოვალეა, დააბრუნოს ქონება, მაგრამ მას უფლება აქვს, მოითხოვოს გაწეული ხარჯების ან მიღებული ქონებრივი დანაკლისის ანაზღაურება.

მიმღების მიერ გაწეული ხარჯები ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოვალე (პირი, რომელსაც დაუბრუნდა ქონება) ამით გამდიდრდა. თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. გამდიდრების ფაქტის დასადგენად უნდა გაირკვეს, თუ რა სახით იყო ნივთი გადაცემული და რა სახით ბრუნდება იგი, ანუ უნდა დადგინდეს გამდიდრების ხარისხი. ამ ფაქტის დადგენა აუცილებელია, რადგან გაწეული ხარჯები უნდა ანაზღაურდეს გამდიდრების ოდენობის შესაბამისად, ამასთან, კონდიქციურმა მოთხოვნამ არ უნდა გამოიწვიოს გამდიდრებული პირის ქონების იმაზე მეტად შემცირება, რითაც იგი გამდიდრდა. ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ გადაცემული საგანი არ იძლევა იმის საფუძველს, რომ იგი მიჩნეულ იქნეს სამუდამოდ შეძენილად“ (იხ. სუსგ ას-303-285-2014, 30.10.15 წ.).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

23. კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. გ-ისა და კ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულები არიან;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე