Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-324-307-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი- ი. ხ-ი-ხ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ი. ხ-ი-ხ–სა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) და მ. ბ-ს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი ან მესაკუთრე) შორის, 2011 წლის 29 სექტემბერს, გაფორმდა უძრავი ნივთის /მდებარე: ქ. რუსთავი, მე-8 მ/რ, კორპუსი №2, ბინა №108, ს/კ 0-/ (შემდეგში: უძრავი ქონება) ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში: სადავო ხელშეკრულება). ნასყიდობის საფასური 30 000 ლარით განისაზღვრა, ხელშეკრულება დამოწმდა სანოტარო წესით (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 14-18).

2. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით მყიდველის სახელზე აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 28-29).

3. სარჩელის საფუძვლები

3.1. გამყიდველმა 2015 წლის 9 ივნისს სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა.

3.2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მან ვერ შეძლო ნ. ბ–ისათვის სესხის თანხა დაებრუნებინა, რის გამოც მოძებნა ახალი კრედიტორი. მოპასუხეს კარგი ურთიერთობა ჰქონდა მოსარჩელის დასთან. ეს უკანასკნელი მოპასუხის წარმომადგენელი/რწმუნებული იყო. აქედან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელეს სესხის სახით 30 000 ლარი გადასცა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ სასესხო ურთიერთობა 4-წლიანი იყო, მოპასუხის თხოვნით მოსარჩელემ მას ფორმალურად გადაუფორმა სადავო უძრავი ქონება, შესაბამისად, მათ შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა.

3.3. მოსარჩელემ ასევე, აღნიშნა, რომ ის თანახმაა მოპასუხეს 30 000 ლარი გადაუხადოს, თუმცა, ამჟამად მყიდველი გაცილებით მეტს ითხოვს, რადგან სურს მიისაკუთროს უძრავი ქონება, უძრავი ქონებიდან მოსარჩელის შვილები გამოასახლოს და გაასხვისოს ის, როგორც საკუთარი.

3.4. გამყიდველის განმარტებით, სადავო ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი მისი თვალთმაქცური და მოჩვენებითი ხასიათია, რადგან ის არ იყო გაფორმებული იმ იურიდიული შედეგის დადგომის მიზნით, რაც - დადგა. მხარეებს სურდათ დაეფარათ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულება ნამდვილია. ამასთან, მოსარჩელეს არ აქვს რაიმე მტკიცებულება, რომელიც ირიბად მაინც მიანიშნებდა, რომ მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობა არსებობდა. ნასყიდობის ხელშეკრულება ნოტარიუსის თანდასწრებით გაფორმდა, შესაბამისად, გამყიდველს სრულად ესმოდა ის სამართლებრივი შედეგი, რასაც ნასყიდობის ურთიერთობა წარმოშობდა.

4.2. მოპასუხემ აღნიშნა, რომ საქმეში არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება, რაც ხელშეკრულების თვალთმაქცურობას დაადასტურებდა. მოპასუხის განმარტებით, მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არარსებობაზე ისიც მიუთითებს, რომ მოსარჩელეს არანაირი სარგებელი არ გადაუხდია.

5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 56-ე, 477-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მტკიცების საგანია გარიგების მოჩვენებითობა და თვალთმაქცურობა, რაზეც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, ამიტომ მას უნდა დაემტკიცებინა, რომ მხარეებს რეალურად არ სურდათ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება. სარჩელში არ არის მითითებული არც ერთი კონკრეტული ფაქტი, თუ რაში მდგომარეობდა გარიგების თვალთმაქცურობა, ან რომელი გარიგების დაფარვა სურდათ მხარეებს და რა მიზანი ჰქონდა ამ გარიგების დაფარვას. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ ისინი ხელშეკრულებას აღიქვამდნენ სესხისა და იპოთეკის შესახებ გაფორმებულ გარიგებად.

5.3. სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს მიჰყიდა უძრავი ქონება, რომლის ღირებულება თავად მხარეებმა განსაზღვრეს. მოჩვენებით გარიგებას კი ახასიათებს მხარეთა „ურთიერთშეთანხმება“, ორივეს გაცნობიერებული აქვს, რომ მათ მიერ ასეთი ნების გამოვლენას არ მოჰყვება შედეგი.

5.4. საჭიროა, რომ ნების გამომვლენი და ნების მიმღები მოქმედებდნენ შეთანხმებით და ორივე აცნობიერებდეს ნების ნაკლს, ხოლო კანონსაწინააღმდეგო მიზნის მიღწევა ან სხვა გარიგების დაფარვა ორივე მხარის ინტერესი და მიზანი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში კი ხელშეკრულება კანონით გათვალისწინებული ფორმით დაიდო, არ დარღვეულა კანონი, არ შელახულა არც ერთი მხარის ინტერესი.

6. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

6.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით მოითხოვა:

6.2. სადავო გარიგების გაფორმებისას ნების გამოვლენის მოჩვენებით ხასიათზე მიუთითებს ის გარემოება, რომ უძრავ ქონებას ოთხი წლის განმავლობაში ფლობდა მოსარჩელე და ამ პერიოდში ის მყიდველს არ გადასცემია;

6.3. ასევე, საქმის მასალებით ვერ დასტურდება, თუ საიდან მიიღო „მყიდველმა“ ინფორმაცია უძრავი ქონების გაყიდვის თაობაზე და გადაიხადა თუ არა ბინის ღირებულება, ასევე მოპასუხემ ვერ მიუთითა, თუ რატომ არ გადაეცა ნასყიდობისთანავე მას ნასყიდობის საგანი ან მიეწოდა თუ არა ბინასთან დაკავშირებული დოკუმენტი და რატომ მიჰყიდა მოსარჩელემ მას იგი შეუსაბამოდ დაბალ ფასად;

6.4. ხელშეკრულებით შეილახა მისი კანონიერი ინტერესი და მიადგა მატერიალური ზარალი.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7.2. სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ხელშეკრულების მოჩვენებითი ხასიათი, საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. განსახილველ შემთხვევაში, სახეზეა სანოტარო წესით დადასტურებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

7.3. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 56-ე მუხლით და აღნიშნა, რომ სადავო გარიგების მოჩვენებით გარიგებად მიჩნევისთვის აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას არ შეესაბამება. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას ითხოვს, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე კეთილსინდისიერად მოქმედებდა, რისი გაქარწყლებაც მოსარჩელეს ევალება. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს მსგავსი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია. იგი მხოლოდ საკუთარ ვარაუდს ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მოჩვენებითი ნება თავად გააჩნდა, შესაბამისად, არ დასტურდება ნასყიდობის მეორე მხარის - მოპასუხის მოჩვენებითი ნება, უფრო მეტიც, საქმეში წარდგენილია გაფრთხილების ოქმი, რომლითაც მოპასუხე მოსარჩელის ოჯახის წევრებისგან უკანონო ხელშეშლის აღკვეთას ითხოვდა.

7.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებდნენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე“, მათ საერთო მიზანზე, თუმცა, ასეთი მტკიცება მოსარჩელემ სასამართლოს ვერ წარუდგინა, ასევე, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ ერთი მხრივ, მოპასუხე და, მეორე მხრივ, მოსარჩელე გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი.

7.5. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებულად მიიჩნია, მოსარჩელის განმარტება, რომ მხარეთა რეალურ ნებას არა ნასყიდობის, არამედ სესხის ხელშეკრულების დადება წარმოადგენდა. მოსარჩელემ ვერ წარადგინა მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, სესხის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებას, სესხის ძირითადი ან სარგებლის სახით თანხის გადახდის შესახებ გარემოებებს. ასევე, გაურკვეველი იყო, ხელშეკრულების დადებიდან 4 წლის განმავლობაში, რატომ არ იქნა გადახდილი საპროცენტო სარგებელი, ან თუ მოსარჩელეს სესხი უპროცენტოდ ჰქონდა მიღებული, რა ვადაში უნდა დაფარულიყო ძირითადი თანხა და ა.შ., შესაბამისად, არ დასტურდებოდა სადავო გარიგების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური ხასიათი.

7.6. სასამართლომ ასევე, იმსჯელა აპელანტის მითითებაზე უძრავი ქონების შეუსაბამოდ დაბალ ფასად გაყიდვის თაობაზე და აღნიშნა, რომ ეს გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, თუმცა, ასეთი რომც დადასტურებულიყო, მხოლოდ შეუსაბამოდ დაბალი ფასი სადავო ქონებაზე დადებული გარიგების ბათილობის ფაქტობრივ წინაპირობას არ წარმოადგენდა.

7.7. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ აპელანტს არ ჰქონდა აღძრული მიკუთვნებითი სარჩელი, მან აღიარებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს მაშინ, როდესაც მიკუთვნებითი სარჩელის აღძვრა შესაძლებელი იყო, თუმცა, სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სარჩელის განუხილველად დატოვება მოპასუხეს პროცესუალურად არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა და მხარეთა პროცესუალური შეჯიბრების პრინციპის დარღვევას გამოიწვევდა.

8. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტმა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

8.1.1. სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელემ ვერ მოახდინა მტკიცების ტვირთის რეალიზება არასწორი, უკანონო და დაუსაბუთებელია;

8.1.2. მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე, მოსამართლის მითითებით, ახალი შესაგებელი წარადგინა შესაბამისად, გამოვლენილი იყო პირდაპირი მიკერძოება მოპასუხის სასარგებლოდ, რითაც დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი;

8.1.3.სააპელაციო სასამართლომ ფორმალურად განიხილა საქმე ისე, რომ არც ერთ მტკიცებულებას, მხარის ახსნა-განმარტებას და არც მოწმეთა ჩვენებებს არ მისცა სამართლებრივი შეფასება;

8.1.4. მოპასუხის ინტერესს ის გარემოება წარმოადგენდა, რომ ის, სარგებლის სახით, იურიდიულ მომსახურებას იღებდა.

9. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

9.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

9.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით გამყიდველის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი, სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

10. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

11. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

12. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

13.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქ/პუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

14. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.

15.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

16. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამ განჩინების 7.7 ქვეპუნქტში ასახულ მსჯელობას და განმარტავს, რომ პროცესუალური საკითხები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი წესებითაა მოწესრიგებული სავალდებულოა, როგორც მხარეებისათვის, ასევე სასამართლოსათვის. შესაბამისად, საპროცესო საკითხები (მათ შორის სარჩელის განუხილველად დატოვება) ყველა შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ეს საპროცესო კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, მისი შეცვლა სასამართლოს შეხედულებაზე დამოკიდებული არ არის და სავალდებულოა.

17. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

18.ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

19. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 1991-ე მუხლზე დაყრდნობით გააუქმებს საქალაქო სასამართლოს მიერ გამოყენებულ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, სარჩელის განუხილველად დატოვების გამო.

20. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელეს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი ზედმეტად აქვს გადახდილი, მას ზედმეტად გადახდილი თანხა - 800 ლარი უნდა დაუბრუნდეს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი დარჩება სახელმწიფო ბიუჯეტში (სსსკ-ის 187.2-ე მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 და 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ხ-ი-ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 17 იანვრის განჩინება;

3. ი. ხ-ი-ხ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ. ბ-ის (პ/ნ 0-) სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. რუსთავში, მე-8 მკრ-ნი, კორპ #2, ბინა 108, საკადასტრო კოდი 0-.;

5.ი. ხ-ხ-ს (პ/ნ 3-) დაუბრუნდეს 2015 წლის 09 ივნისს მ. ხ-ის (პ/ნ 4-) მიერ, საგადახდო დავალება #1 გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 800 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ერთიანი საბიუჯეტო ანგარიში, მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22 მიმღების ბანკი ხაზინა, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური; გადახდის დანიშნულება - ი. ხ-ი-ხ-ის სახელმწიფო ბაჟი;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე