Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-375-349-2017 16 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ა-" (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ავტომანქანის მესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და შპს „ა-ს“ (შემდეგში: მოპასუხე, მიმწოდებელი ან შპს) შორის 2013 წლის 13 სექტემბერს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №176 ხელშეკრულება სპეციალიზებული ავტომობილის (ამწე კალათა) შესყიდვის თაობაზე (ს/ფ 19-23).

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ (შემდეგში: გამგეობა, შემსყიდველი, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) მოპასუხეს, საბანკო გარანტიის საფუძველზე, ჩაურიცხა საავანსო თანხა 28 500 (ოცდარვა ათას ხუთასი) ლარი.

3. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სპეციალიზებული ავტომობილი (DONG FENG L-, საიდენტიფიკაციო ნომერი VIN კოდი L-) არ აკმაყოფილებდა სატენდერო წინადადების ტექნიკური დავალების პირობებს (იხ. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს“ 2014 წლის 3 ივლისის N5002975014 დასკვნა, ს/ფ 26-31).

4. მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 15 აგვისტოს 31/214 ბრძანებით შეწყდა ხელშეკრულება და მიმწოდებელს საჯარიმო სანქციები დაუწესდა (იხ. ბრძანება, ს/ფ 32).

5. აღნიშნული ავტომობილი 2014 წლის 4 აპრილიდან რეგისტრირებულია მოქალაქე ზ. ხ-ის (შემდეგში: შპს-ს დირექტორი) სახელზე, რომელიც საწარმოს დირექტორი და 100 %-იანი წილის მესაკუთრეა (ს/ფ 44, 51-53).

6. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისრა საჯარიმო სანქციის, პირგასამტეხლოს 11 210 (თერთმეტი ათას ორას ათი) ლარის და საავანსო თანხის 28 500 (ოცდარვა ათას ხუთასი) ლარის გადახდა (იხ. დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 39-42).

7. ზემოთ აღნიშნული ავტომობილი 2014 წლის 14 აპრილის შემდეგ გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას.

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. გამგეობამ 2015 წლის 20 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და სპეციალიზებულ ავტომობილზე შემსყიდველის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა.

8.2. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მითითებული ავტომობილი განუბაჟებელია და არავის საკუთრებაში არ არის აღრიცხული, საქართველოს კანონმდებლობა კი არ იძლევა საშუალებას, რომ ასეთ ავტომობილებზე, მოხდეს იძულებითი აღსრულება, ასევე, მიუთითა იმ საკანონმდებლო ნორმაზე, რომლის მიხედვითაც ნივთის მფლობელი მისი მესაკუთრეა. მოსარჩელეს განმარტებით, მას ზიანი ადგება მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შეუსრულებლობის გამო.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხემ შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 230-ე მუხლით და ამ განჩინების 1-7 პუნქტებში მითითებული გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებენ.

10.3. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ატომობილის საკუთრებაში გადაცემას ითხოვდა იმის გამო, რომ მოპასუხე სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებულ დავალიანებას ვერ უხდიდა, მის სახელზე ქონების არარსებობის გამო, საქართველოს კანონმდებლობა კი ასეთი საფუძვლით კრედიტორისათვის ნივთის საკუთრების უფლებით გადაცემას არ იცნობს. მოსარჩელის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან ავტომანქანა დგას მისი ტერიტორიის მიმდებარედ და მოსარჩელე, როგორც მოძრავი ნივთის მფლობელი, უნდა ჩაითვალოს მესაკუთრედ, დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლომ და არ დააკმაყოფილა, რადგან არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) არც 186-ე მუხლით და არც 155-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ წინაპირობებს.

11. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის გადაწყვეტილება - დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

11.2. სასამართლომ მიუთითა, რომ ავტომობილი შპს-ს დირექტორის სახელზეა რეგისტრირებული, თუმცა, მტკიცებულებებით დგინდება, რომ ავტომანქანის შემსყიდველად და ტვირთის მიმღებად მითითებულია საწარმო;

11.3. მოპასუხე თავის სახელზე ავტომობილს იმიტომ არ არეგისტრირებს, რომ მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება თავიდან აირიდოს;

11.4. მოძრავ ნივთზე განხორციელებულმა მფლობელობამ აპელანტს ამ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოუშვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ არ არსებობდა გამგეობის სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

12.3. სასამართლომ განმარტა, რომ რადგან არსებობდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და აღნიშნული დარღვევის გამო მოვალისათვის პირგასამტეხლოსა და საავანსო თანხის დაკისრების შესახებ (იხ. ამ განჩინების მე-6 პუნქტი), პარალელურად, დამატებით ხელშეკრულების საგნის გადაცემის მოთხოვნის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილება, მით უფრო ისეთ ვითარებაში, როცა დავის საგანი საკუთრების უფლებით არ ირიცხებოდა მოპასუხის (საწარმოს) სახელზე, სამართლებრივ საფუძველს იყო მოკლებული. სასამართლომ იმაზეც იმსჯელა, რომ თუკი სადავო ავტომანქანის შპს-ის დირექტორის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვა წარმოადგენდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ხელისშემშლელ გარემოებას და ეს ნივთი რეალურად არა შპს-ის დირექტორის, არამედ მოპასუხის (საწარმოს) საკუთრება იყო, ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს აქვს საპროცესო და მატერიალური უფლება, ასევე - შესაძლებლობა, მიმართოს სასამართლოს შესაბამისი მოთხოვნით, რომელსაც სჭირდება შესაბამისი წინაპირობების მტკიცება და დასაბუთება.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 26 იანვრის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრებით აპელანტმა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

13.2. კასატორის საკასაციო პრეტენზიები სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებების იდენტურია (იხ. ამ განჩინების 11.2-11.4 პუნქტები).

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ს 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით განმარტავს, რომ გამგეობის სასარჩელო მოთხოვნას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების საფუძველზე ნივთზე საკუთრების უფლების გადასვლის ამგვარ შემთხვევას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სსკ-ის 158-ე მუხლთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ნივთის მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაზე მსჯელობა ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული, რადგან მოსარჩელემ ხელშეკრულება შეწყვიტა, რაც ორმხრივი რესტიტუციის საფუძველია. „სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). დასახელებული ნორმის ანალიზით ირკვევა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების თანმდევი შედეგის - მხარეთა ორმხრივი რესტიტუციისათვის, მოსარჩელემ უნდა მიუთითოს და დაამტკიცოს ა) მოპასუხის მიერ ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისა და ბ) ვალდებულების შესრულების თაობაზე კრედიტორს (მოსარჩელის) მიერ მოვალის გაფრთხილების ან მისთვის დამატებითი ვადის დაწესების ფაქტი (სკ 405.1 მუხლი)“ (იხ. სუსგ ას-658-625-2014, 05.12.14 წ.).

21. მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფციაზე იმ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობა, როცა სადავოა თუ ვის შეიძლება ეკუთვნოდეს ნივთი. „სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. ეს წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა ნივთზე საკუთრებითი ურთიერთობის ხასიათი ვლინდება საჯარო რეესტრიდან. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება არც ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი (პრეზუმფცია) ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს, დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და იგი, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ნივთის მესაკუთრედ მივიჩნიოთ“ (იხ. სუსგ ას-262-253-2012, 25.06.12წ.).

22. იმის გათვალისწინებით, რომ ავტომობილის მესაკუთრედ, სსკ-ის 158-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ ივარაუდება (იხ. ამ განჩინების 20-21 პუნქტები), უნდა შემოწმდეს, ხომ არ არის განხორციელებული მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის, სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით /მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი/ გათვალისწინებული წინაპირობები. საქმის მასალების, მოსარჩელისა და მოპასუხის განმარტებებიდან და პრეტენზიებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ასეთი საფუძველიც არ არის გამოვლენილი.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც საფუძვლად დაედება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას - მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოვალის კუთვნილი ნივთის კრედიტორის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

24.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლო მართებულად დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

25.საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

26. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს არსებითად განსახილველად. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

28. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2.კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე