Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-539-504-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ი. მ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საკუთრების ხელყოფის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. მ-ის (შემდეგში - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) თანასაკუთრებაშია ქ. ქუთაისში, ე-ის ქუჩის 28-ში მდებარე 751 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.2,ს.ფ.70);

2. ქ. ქუთაისში, ე-ის ქუჩის №30-ში მდებარე 556 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობებით გ. ს-ს (შემდეგში - მოპასუხე) ეკუთვნის (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.2,ს.ფ.34);

2.1. მოპასუხის კუთვნილ ნაკვეთზე, გარდა საცხოვრებელი სახლისა, კომერციული ფართი და ავტოფარეხი მდებარეობს.

3. სარჩელის მოთხოვნა და საფუძვლები

3.1. მოსარჩელემ 2013 წლის 30 აგვისტოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და წინამდებარე განჩინების მე-2 ქვეპუნქტში მითითებული ნაგებობის დემონტაჟი (მასზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტა), ხელშეშლის აღკვეთა და იმ საკადასტრო ნახაზის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ 2008 წელს 557. 57კვ.მ. ქონება აღრიცხა საკუთრებაში.

3.1.1. მოსარჩელის განმარტებით, 2006 წელს, როცა მოპასუხემ ქონება შეიძინა, მისი მიწის ნაკვეთი 555 კვმ-სგან შედგებოდა, 2008 წლის 24 დეკემბერს კი მოპასუხემ ახალი საკადასტრო რუკა შეადგინა და ქონების ფართმა 557.57 კვმ. შეადგინა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შეიჭრა მისი ეზოს ფარგლებში და ააშენა კომერციული ფართი, რომელიც, როგორც უკანონო და უნებართვო მშენებლობა, უნდა დაინგრეს.

3.1.2. მოსარჩელემ მოითხოვა, სასამართლოს დაევალდებულებინა მოპასუხე, რომ საცხოვრებელი სახლი და ავტოფარეხი თოვლის დამჭერი მოწყობილობით აღეჭურვა, რადგან ამ ნაგებობიდან მოსარჩელის ეზოში ატმოსფერული ნალექი ჩაედინებოდა. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა, რომ მოპასუხეს მისი კუთვნილი წყლის მილი და ელექტროტუმბოც გადაეტანა საერთო სარგებლობის ჭის იმ ნაწილში, რომელიც მოპასუხეს ეკუთვნოდა (იხ.სარჩელი - ტ.2, ს.ფ. 2-14).

3.2. მოსარჩელემ 2014 წლის 14 აგვისტოს ადმინისტრაციული სარჩელითაც მიმართა ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მოპასუხეების - ქ, ქუთაისის მერიისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის წინააღმდეგ და მოითხოვა საჯარო რეესტრის მიერ 2009 წლის 7 მაისს, მოპასუხის განცხადების საფუძველზე, მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ ქ. ქუთაისის მერიისგან იმ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ფიზიკური პირმა კომერციული ფართი ააშენა (იხ. ტ.4, ს.ფ. 2-11);

3.2.1. ქ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის ადმინისტრაციული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2, ს.ფ. 78-89), რაც მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 7 მაისის გადაწყვეტილება და დაევალა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახლიდან დაერეგისტრირებინა მოპასუხის საკუთრების უფლება. აღნიშნული გადაწვეტილება კანონიერ ძალაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით შევიდა (იხ.ტ.5, ს.ფ. 326- 329);

3.2.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, 2016 წლის 30 ივნისს საჯარო რეესტრმა, მოპასუხის განცხადების საფუძველზე, ქ. ქუთაისში, ე-ის ქუჩის №30-ში მდებარე 547.49 კვმ მიწის ნაკვეთზე, ამ უკანასკნელის საკუთრების უფლების ახალი რეგისტრაცია განახორციელა (იხ. ტ.3, ს.ფ. 73; ტ.5, ს.ფ. 262- 263).

4. მოპასუხის შესაგებელი

4.1. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

4.1.1. მისი განმარტებით, მან ქონება 2006 წელს შეიძინა, 2008 წელს კი საჯარო რეესტრში წარადგინა საკადასტრო რუკა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მოპასუხის საკარმიდამო ნაკვეთი 555,57 კვ.მ-ს შეადგენს, საჯარო რეესტრის ამონაწერში ფართი უმნიშვნელო ცდომილებით - 556 კვ.მ-ით დაფიქსირდა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 მაისის №002544114 დასკვნის თანახმად (იხ. ტ.2, ს.ფ.239-250), ზემოთ მითითებული მიწის ნაკვეთების საზღვრების მდებარეობა დასაშვები სიზუსტით ემთხვევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ საზღვრებს და ამ საზღვრებს შორის გადაფარვა არ ფიქსირდება; მოპასუხე მოსარჩელის ნაკვეთში არ შეჭრილა და ამას მოსარჩელე ვერ ადასტურებს.

4.1.2. კომერციული (მაღაზიის) ფართის მშენებლობის სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ 2013 წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა ქ. ქუთაისის მერიას და კუთვნილი მიწის ნაკვეთში (ეზოში), წარდგენილი პროექტის შესაბამისად, მაღაზიის მშენებლობის ნებართვა მოითხოვა. მერის 2013 წლის 17 მაისის №ს-5465 წერილით, მოპასუხეს ეცნობა, რომ წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, კომერციული ფართის მშენებლობა მესაკუთრისავე ეზოში პირველ კლასის მშენებლობას განეკუთვნებოდა და არ საჭიროებდა ნებართვას. მოპასუხემ მაღაზია მის კუთვნილ ტერიტორიაზე ააშენა და არ არსებობდა მისი დემონტაჟის საფუძველი;

4.1.3. მოსარჩელის სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ სახლის სახურავს გაკეთებული ჰქონდა ღარები და ნალექი მისსავე ეზოში ჩაედინებოდა და უერთდებოდა კანალიზაციის მილს, ხოლო გარაჟს, რომელიც მოსარჩელის ეზოდან 30-40 სმ-ითაა დაშორებული, დამრეცი სახურავი ჰქონდა, რაც მოსარჩელის ეზოში ნალექის ჩადინებას გამორიცხავდა. რაც შეეხება თოვლის დამჭერების მოწყობას, მოპასუხის განმატებით, მას იმხანად მისი შეძენის ფინანსური შესაძლებლობა არ გააჩნდა;

4.1.4. წყლის ელექტროტუმბოსა და მილებთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ ელექტროტუმბოს მილი გაყოლებულია მოსარჩელის საცხოვრებელი კედლის გასწვრივ, 1,5-2 მეტრის მანძილზე და იგი რაიმე ზიანს არ აყენებდა მოსარჩელის ქონებასა და ინტერესებს. გარდა ამისა, მოსარჩელეს გააჩნია თმენის ვალდებულება და არ ჰქონდა უფლება, აეკრძალა მოპასუხისთვის იმ წყლის მილით სარგებლობა, რომელიც ჭით სარგებლობის საშუალებას იძლეოდა (იხ. მოპასუხის შესაგებელი - ტ.2, ს.ფ. 42-52).

5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

5.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით:

5.1.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაევალა საცხოვრებელი სახლის იმგვარად მოწყობა, რომ აღკვეთილიყო მოსარჩელის ეზოში მოპასუხის სახლიდან ნალექის მოხვედრა;

5.1.2. სხვა ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

5.2. სასამართლომ საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებანი და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 172-ე და 312-ე მუხლები, აგრეთვე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-8, 49-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე და 369-ე მუხლები და განმარტა:

5.2.1. დასაბუთებული იყო სასარჩელო მოთხოვნა საცხოვრებელი სახლის სახურავზე თოვლის დამჭერების მოწყობის თობაზე, კერძოდ: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 8 ივლისის 1254–ე ბრძანების 33–ე მუხლის პირველი ნაწილის ა) პუნქტით – ნაკვეთების კეთილმოწყობა უნდა მოხდეს ისე, რომ მეზობლის ნაკვეთში არ მოხვდეს წყალი და ატმოსფერული ნალექები; განსახილველ შემთხვევაში, მართალია, სახურავი დამრეცია და მას ნალექის დამცავი ღარებიც აქვს, თუმცა, ეს მაინც ვერ უზრუნველყოფს თოვლის მასის შეჩერებას და ნალექი ჩაედინება მოსარჩელის ეზოს იმ ნაწილზე, სადაც ნარგავებია. ვინაიდან გარდაუვალი იყო მოსარჩელის საკუთრებაში მოპასუხის სახლის სახურავიდან თოვლის მოხვედრა, ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია სასამართლომ და დაასკვნა, რომ მოპასუხეს უნდა დაევალოს სახლის სახურავის ისე მოწყობა, რომ გამოირიცხოს მოსარჩელის ეზოში მოპასუხის სახლის სახურავიდან თოვლის მოხვედრა.

5.3. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში და განმარტა:

5.3.1. უსაფუძვლო იყო სასარჩელო მოთხოვნა კომერციული ფართის დემონტაჟის ნაწილში, რადგან ის განთავსებულია მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ეს ნაკვეთი რეგისტრირებულია საჯარო რეეტრში და სსკ-ის 312–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მასზე მოქმედებს ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია. გარდა ამისა, ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 მაისის №002544114 ექსპერტიზაში აღნიშნულია: ა) საქმის მასალებში მოცემული ტექბიუროში არსებული, მხარეების ნაკვეთების გეგმების მონაცემებით, საზღვრის მდებარეობა დასაშვები სიზუსტით ემთხვეოდა რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვარს (იხ. დანართები №1 და №2); ბ) მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №03.04.29.025) და მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი №03.04.29.004) სასაზღვრო ზოლში რეგისტრირებულ საზღვრებს შორის გადაფარვა არ ფიქსირდება (იხ. დანართები №2 და №3); გ) უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №03.04.29.025 და უძრავი ქონების საკადასტრო კოდით №03.04.29.004 ფაქტობრივი ფლობის საზღვარი ემთხვევა საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული საზღვრის მდებარეობას (იხ. დანართი №4); აღნიშნულ მტკიცებულებაზე დაყრდნობით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან მოპასუხემ კომერციული ფართი ააშენა საკუთარ მიწის ნაკვეთზე, ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო, რადგან სსკ-ის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით. არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ მსჯელობაზე დაყრდნობით, სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია კომერციული ფართის დემონტაჟიც, რადგან მოპასუხემ მშენებლობა საკუთარ ტერიტორიაზე აწარმოა ქ. ქუთაისის მერის შესაბამისი პასუხის საფუძველზე.

5.3.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი ელექტროტუმბოსა და წყლის მილის გადატანის ნაწილში, რადგან ადგილზე დათვალიერებით დაადგინა, რომ საერთო სარგებლობის წყლის ჭიდან გამომავალი წყლის მილი მიმაგრებულია მოპასუხის სახლის კედელზე და შედის მოპასუხის სახლში ისე, რომ რაიმე ფორმით მოსარჩელის უფლების დარღვევის ფაქტი არ იკვეთება. სასამართლომ, ასევე, უსაფუძვლოდ მიიჩნია სარჩელი ავტოფარეხის სახურავიდან ატმოსფერული ნალექების მოპასუხის ეზოში მოხვედრის თაობაზე, რადგან ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ მოპასუხის ავტოფარეხს აქვს ჰორიზონტალური სახურავი, რომელიც უმნიშვნელოდაა დახრილი და მიმართულია მოპასუხის ეზოსკენ.

6. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

6.1. ქ.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:

6.1.1. მოპასუხემ უძრავი ნივთი 2006 წელს შეიძინა; იმ დროს სამეზობლო საზღვარი მთლიანად მიჰყვებოდა მოპასუხის საცხოვრებელი სახლის კედელს სწორხაზოვნად და ორიენტირი იყო ჭა, რომელიც შუაზე ჰყოფდა საზღვარს. 2008 წელს, მოპასუხემ აპელანტისაგან მალულად შეადგინა საკადასტრო ნახაზი და დაახლოებით 50 სმ-ით გადაიწია საზღვარი სახლის კედლიდან აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჭა მთლიანად მოექცა მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთის ფარგლებში; საკადასტრო აზომვით ნახაზზე ხელი არ მოუწერია აპელანტს, როგორც მეზობელს, ამიტომ, ეს ნახაზი უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აპელანტმა მოითხოვა, რომ პირვანდელი საზღვრების აღდგენის კვალდაკვალ, აპელანტის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მაღაზიის დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს;

6.1.2. სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხის კუთვნილი ავტოფარეხიდან ატმოსფერული ნალექები არ ჩადის აპელანტის ეზოში, რადგან ავტოფარეხს ჰორიზონტალური სახურავი აქვს. აღნიშნული არასაკმარისია იმ დასკვნის გამოსატანად, რომ ძლიერი წვიმის დროს აპელანტის ქონება არ ზიანდება. მოთხოვნა ამ ნაწილშიც დასაბუთებული იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. სააპელაციო საჩივარი- ტ. 2, ს.ფ. 305-316).

7. მოსარჩელის შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლოსადმი

7.1. მოსარჩელემ, 2014 წლის 3 ნოემბერს, იშუამდგომლა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წინაშე და მოითხოვა საქმის განხილვის შეჩერება მანამ, სანამ არ დასრულდებოდა სასამართლო დავა ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ (იხ. წინამდებარე განჩინების 3.2. და 3.2.1. ქვეპუნქტები; იხ.ტ.3, ს.ფ.35-37).

7.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა (იხ.ტ.3.ს.ფ.64-66).

7.3. იმავე სასამართლომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებაზე საქმისწარმოება 2016 წლის 6 ივლისის განჩინებით განაახლა (იხ.ტ.3, ს.ფ.70).

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები

8.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 იანვრის განჩინებით, სასამართლომ დააკმაყოფილა აპელანტის შუამდგომლობა (აპელანტის განცხადებით, წყლის მილსა და ელექტრო-ტუმბოს მოპასუხემ დემონტაჟი გაუკეთა) და სსსკ-ის 272-ე მუხლის ,,ა1” ქვეპუნქტის საფუძველზე, შეწყდა საქმისწარმოება სასარჩელო მოთხოვნების - წყლის მილისა და ელექტროტუმბოს დემონტაჟის ნაწილში დავის საგნის არარსებობის გამო.

8.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

8.3. სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მათი სამართლებრივი შეფასებები (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტი) და განმარტა:

8.3.1. სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა სსკ-ის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) და სსსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული აღიარებითი სარჩელის უფლება. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს არა მხოლოდ სადავო ნახაზის უკანონოდ შედგენის გარემოება, არამედ - ის ფაქტიც, რომ ამ ნახაზის არსებობით შელახულია მოსარჩელის კანონით დაცული უფლებები.

8.4. საპელაციო სასამართლომ, მხარეთა მიერ სსსკ-ის 102-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ყურადღება გაამახვილა იმ მტკიცებულებათა შინაარსზე, რომლებიც მხარეებმა სასამართლოს წარუდგინეს:

8.4.1. მოპასუხის დაკვეთით მომზადებული 2008 წლის 24 დეკემბრის საკადასტრო აზომვითი ნახაზის უსწორობის დასადასტურებლად, აპელანტმა (მოსარჩელემ) წარადგინა შემდეგი მტკიცებულებები: 1. ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მასალებში არსებული 1957 წლის 6 აპრილისა და 1979 წლის 30 ივლისს მომზადებული გეგმები, რომლებითაც ირკვევა, რომ ამჟმად მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაკვეთი იმ დროისთვის 555 კვ.მ იყო; 2. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 იანვრის №F15000024 ფაქტების კონსტატაციის ოქმი (იხ. ტ.3, ს.ფ.83), რომლის თანახმად, მოდავე მხარეთა შორის სამეზობლო საზღვარი (ღობე) მოპასუხის სახლის კედლიდან გამოწეულია დაახლოებით 33 სმ-ით; ღობის საწყის წერტილში დამაგრებულია ლოთონის ბოძი; 3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ ქუთაისში, ე-ის ქ.N30-ში მდებარე ქონებაზე და საჯარო რეესტრს დაევალა, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ დაერეგისტრირებინა მოპასუხის საკუთრების უფლება. მოსარჩელემ წარადგინა საჯარო რეესტრის 2016 წლის 20 ოქტომბრის №276673 წერილი, რომლის საფუძველზეც ირკვეოდა, რომ №1 შენობა-ნაგებობა (ანუ - მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლი) ნაკვეთის საკადასტრო საზღვრიდან დაშორებულია 32 სმ-იდან 38 სმ-მდე მანძილით, ხოლო №3 შენობა-ნაგებობა (ანუ - კომერციული ფართი) იმავე საზღვრიდან დაშორებულია 11 სმ-იდან 26 სმ-მდე მანძილით.

8.4.2. მოპასუხემ, აპელანტის მტკიცებულებების გასაქარწყლებლად, წარადგინა საკუთრების უფლების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, 2016 წლის 30 ივნისს განხორციელდა მოპასუხის საკუთრების უფლების ახალი რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ე-ის ქუჩის №30-ში მდებარე 547.49 კვ.მ (დაზუსტებული) მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სახლმთფლობელობაზე; მხარეთა თანხმობითა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის განჩინების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დაინიშნა საინჟინრო ექსპერტიზა, რომლის 2014 წლის 20 მაისის №002544114 დასკვნის (იხ.ტ.2,ს.ფ. 239- 250) თანახმად: ა) ტექბიუროში არსებული, მხარეების ნაკვეთების გეგმების მონაცემებით, საზღვრის მდებარეობა დასაშვები სიზუსტით ემთხვევა რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვარს (კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ამჟამად რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებსა და ტექბიუროს მონაცემებით არსებულ საზღვრებს შორის დაშორება მერყეობს 0.1-0.7 მ-ის ფარგლებში, რაც დასაშვები სიზუსტის ფარგლებშია); ბ) მოდავე მხარეთა მიერ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი ფლობის საზღვრები ემთხვევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საზღვრების მდებარეობას; გ) მოდავე მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებით №03.04.29.004 და №03.04.29.025) საზღვრები ერთმანეთს არ ფარავს.

8.4.3. სააპელაციო სასამართლომ შეცვლილი რეალობის, ანუ მოპასუხის საკუთრების უფლების ახალი მონაცემებით რეგისტრაციის, გათვალისწინებით, 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დანიშნა ექსპერტიზა, რომლითაც ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად განისაზღვრა შემდეგი საკითხები: ა) არსებობს თუ არა ზედდება ამჟამად საჯარო რეესტრში მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო საზღვრებს შორის; დადებითი პასუხის შემთხვევაში, მიეთითოს - საზღვრების რა ნაწილშია და რა ფართობზეა ზედდება, შედგეს ზედდების ამსახველი ნახაზი და ა.შ. საქმე ექსპერტიზის ჩასატარებლად გადაეგზავნა საექსპერტო დაწესებულებას, თუმცა, 2016 წლის 29 ნოემბრის მიმართვის საფუძველზე, საქმე ექსპერტიზის ჩატარების გარეშე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს იმის გამო, რომ მხარეებმა დაწესებულ ვადაში (10 დღეში) არ გადაიხადეს ექსპერტიზის ჩატარების საფასური (იხ. ტ. 3, ს.ფ.205). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მოსარჩელემ განაცხადა, რომ საექსპერტო დაწესებულების მიმართვა მას, 2016 წლის 29 ნოემბრამდე კი არა, არამედ - 2016 წლის 6 დეკემბერს ჩაჰბარდა, თუმცა - მას არ წარუდგენია ამ გარემოების დამადასტურებელი საფოსტო დოკუმენტი. ამდენად, ვინაიდან ექსპერტიზის ჩატარებას ხელი შეუშალა ორივე მხარემ, სააპელაციო სასამართლომ, ახალი ექსპერტიზის ფარგლებში ვერ შეძლო, დაედგინა, ამჟამად არსებობს თუ არა მოდავე მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების ზედდება (გადაფარვა) და შეესაბამება თუ არა ეს საკადასტრო საზღვრები იმავე ნივთებზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში და სააღრიცხვო მასალები (გეგმებში, აზომვით ნახაზებში და ა.შ.) დაფიქსირებულ საზღვრებს;

8.4.4. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნები დაუსაბუთებელი იყო შემდეგ გარემოებათა გამო, კერძოდ: ა) 2008 წლის 24 დეკემბერს მომზადებულმა საკადასტრო აზომვითმა ნახაზმა, ამჟამინდელი მონაცემებით, აქტუალობა დაკარგა, რადგან მოპასუხემ საკუთრების უფლების ახალი რეგისტრაცია 2016 წელს განხორციელდა სხვა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე; ახალი რეგისტრაცია, ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის საფუძველზე, არის უტყუარი მანამ, სანამ ის არ გაუქმდება კანონით (იხ. იმავე კანონის 26-ე მუხლი) დადგენილი წესით; მისი გაუქმების მოთხოვნით კი, მოსარჩელეს იმავე კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოსათვის არ მიუმართავს. ამდენად, სადავო ნახაზი აღარ ახდენს გავლენას აპელანტის (მოსარჩელის) კანონიერ უფლებასა და ინტერესებზე, შესაბამისად, აპელანტს არ გააჩნია იურიდიული ინტერესი ამ ნახაზის ბათილად ცნობის მიმართ. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ ნახაზში ასახული საკადასტრო საზღვრები დასაშვები სიზუსტით, ანუ მცირედი განსხვავებით (რაც ჩვეულებრივი მოვლენაა და ამას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ თავად აპელანტს საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს 5 კვ.მ-ით მეტ მიწის ნაკვეთზე) ემთხვევა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მონაცემებს, რის გამოც აპელანტის მითითება ამ ნახაზით არასწორი საზღვრების დადგენის შესახებ, დაუსაბუთებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირვანდელი საზღვრების აღდგენის და მოპასუხის კუთვნილი მაღაზიის დემონტაჟის შესახებ მოთხოვნაც დაუსაბუთებელია; სასამართლოს შეფასებით, აპელანტმა ასევე ვერ დაამტკიცა, რომ მოპასუხის კუთვნილი მიწის ნაკვეთიდან (სახლთმფლობელობიდან) დაუშვებელი ზემოქმედება მომდინარეობს მის ნაკვეთზე. შესაბამისად, არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის კუთვნილი ავტოფარეხის სახურავის რეკონსტრუქციის შესახებ (იხ. სააპელაციო სასამართლოს განჩინება - ტ.4, ს.ფ. 166-202).

9. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი

9.1. მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და მოითხოვა მისი გაუქმება და, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და ფაქტების კონსტანტაციის ოქმზე დაყრდნობით, სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. აგრეთვე, კასატორმა მოითხოვა იმ კომერციული ფართის დემონტაჟი, რომელიც მისი შეფასებით, მის ეზოში უკანონოდ იჭრებოდა.

9.2. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი შემდეგ საკასაციო პრეტენზიებს ეყრდნობა :

9.2.1. ქ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.11.2015 წლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ბათილად არის ცნობილი 2008 წლის 24 დეკემბრის აზომვითი ნახაზი და შესაბამისად, გაუქმდა ამ ნახაზის საფუძველზე 2009 წლის 7 მაისის სარეგისტრაციო ჩანაწერიც. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სამეზობლო საზღვარი, ფაქტობრივად და ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს მონაცემებით, გადის ყრუ კედლის მიჯნაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, 2017 წლის 27 თებერვლის განჩინებით, ძალაში დატოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორს უარი ეთქვა აზომვითი ნახაზის გაუქმებაზე და სამეზობლო საზღვრის პირვანდელი სახით აღდგენაზე. ზემოხსენებული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება დაუსაბუთებელი და უკანონოა;

9.2.2. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა სააღსრულებო ბიუროს მიერ 2015 წლის 29 იანვარს შედგენილი ფაქტების კონსტანტაციის დამდგენი ოქმი, რომელშიც ნათქვამია, რომ „ღობე კედელთან შედარებით გამოწეულია“. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ფაქტების კონსტანტაციის ოქმი წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ უგულებელჰყო და არ შეაფასა.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 აპრილის განჩინებით, საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

10.1.1. საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განჩინებით, დაკმაყოფილდა კასატორის შუამდგომლობა და სსსკ-ის 48-ე მუხლის საფუძველზე, კასატორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე.

10.1.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაშვებად იქნა მიჩნეული სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის “ა” და “ე” ქვეპუნქტების საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის პრეტენზიები დაუსაბუთებელია.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

13. კასატორი მიუთითებს წინამდებარე განჩინების 3.2. ქვეპუნქტზე და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრში 2009 წლის 7 მაისს განხორციელებული რეგისტრაცია, რომლის საფუძველსაც 2009 წლის 24 დეკემბრის აზომვითი ნახაზი წარმოადგენდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ბათილადაა ცნობილი. სასამართლომ, სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტის საწინააღმდეგოდ, ეს გარემოებები (ფაქტები, რომლებიც არ საჭიროებენ მტკიცებას) მხედველობაში არ მიიღო და არ დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა სამეზობლო საზღვრების პირვანდელი სახით აღდგენისა და აზომვითი ნახაზის ბათილად ცნობის თაობაზე (იხ.საკასაციო საჩივარი- ტ.5, ს.ფ.293-303).

14. სასამართლომ შეისწავლა საკასაციო შედავების დასაბუთებულობა, მათ შორის, იმსჯელა - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 ივნისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (იხ. ტ.5.ს.ფ.262-284) დადგენილ გარემოებებზე და განმარტავს:

14.1. სასამართლოს ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას (იხ. წინამდებარე განჩინების 8.4.1 ქვეპუნქტი) კასატორი პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ განიხილავს და თავისი საკასაციო შედავების მთავარ საფუძველად უთითებს. ამ თვალსაზრისით უწინარესად ის უნდა აღინიშნოს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მოპასუხის საკუთრების უფლების 2009 წლის 7 მაისს განხორციელებული რეგისტრაცია ბათილად ცნო იმ საფუძვლით, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ რეგისტრაციის აქტი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე გამოსცა. უდავოა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, მოპასუხემ კვლავ მიმართა მარეგისტრირებელ ორგანოს და, როგორც ირკვევა, 2016 წლის 30 ივნისს, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების მოკვლევის შემდეგ, მის საკუთრებად აღირიცხა დაზუსტებული ფართი - 547.49 კვ.მ მიწის ნაკვეთი (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ტ.3.ს.ფ.73). მაშასადამე, მოპასუხის საკუთრების უფლების ბოლოდროინდელი რეგისტრაციის (ფართის განსაზღვრის) საფუძვლად უკვე მითითებულია არა ის დოკუმენტი (2009 წლის 24 დეკემბრის აზომვითი ნახაზი), რომელზეც კასატორი დავობს, არამედ - 2013 წლის 12 მარტის საკადასტრო ნახაზი, რომლითაც მიწის ნაკვეთი 556 კვ.მ-ითაა განსაზღვრული (იხ. ტ. 2, ს.ფ. 59-60). შესაბამისად, გაურკვეველია მოსარჩელის მატერიალური (იურიდიული) ინტერესი იმ დოკუმენტის ბათილობის მიმართ, რომელიც რაიმე სამართლებრივ უფლებას ან შედეგს არ წარმოშობს არც მოსარჩელის და არც მოპასუხის სასარგებლოდ (სსსკ-ის 180-ე მუხლი). ამ ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, კასატორი ვეღარ ისარგებლებს სსსკ-ის 106-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებით იმდენად, რამდენადაც 2015 წლის 13 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ, მოპასუხემ, სწორედ ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ქონება საჯარო რეესტრში თავიდან დაარეგისტრირა (იხ. ტ.2, ს.ფ. 57). აღნიშნული გარემოება იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებაში დადგენილ ფაქტებს დავის განხილვისთვის პრეიუდიციული მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

14.2. კასატორი საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად სხვა მტკიცებულებაზეც ფაქტების კონსტანტაციის ამსახველ ოქმზეც უთითებს. ამ ოქმის თანახმად, სასაზღვრო ღობე კედლიდან გადაწეულია კასატორის ნაკვეთში, ტექბიუროს მონაცემების მიხედვით კი, საზღვარი, რომელიც ღობეს მიჰყვებოდა, ყოველთვის სწორხაზოვანი იყო და არა - შეტეხილი. კასატორის განმარტებით, ამასვე ადგენს სასამართლოს ზემოხსენებული კანონიერ ძალაში შესული 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაც.

14.3. კასატორი საკუთარი პოზიციის გასამყარებლად უთითებს: ტექაღრიცხვის ბიუროს 1957 წლის გეგმაზე, (იხ. ტ.2, ს.ფ.15), ცნობა-დახასიათებაზე, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხის სახლთმფლობელობა მოიცავს 555 კვ.მ-ს (იხ. ტ. 2, ს.ფ.23-24), ი/მ გ.მეტრეველის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმაზე, რომელიც ასახავს იმ ვითარებას, რომ მეზობელ ნაკვეთებს შორის საზღვარი სწორხაზოვანი არაა (იხ.ტ.2, ს.ფ.159), სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 იანვრის №F15000024 ფაქტების კონსტატაციის ოქმზე (იხ. ტ.3, ს.ფ.83) და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, რომელიც ადგენდა, რომ სადავო სამეზობლო საზღვარი გადის ყრუ კედლის მიჯნაზე და ორიენტირი იყო ჭა, რომელიც თანაბრადაა გაყოფილი მხარეთა შორის. კასატორმა ასევე წარმოადგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 29 ივნისის წერილი, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ახალი რეგისტრაციის განსახორციელებლად წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად, შენობის საზღვარი ნაკვეთის საზღვრიდან 50 სმ-ით არის დაშორებული (იხ. ტ.3, ს.ფ.81). მოსარჩელის მტკიცებით, მის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლებას მოპასუხე ცდილობს ისეთ დოკუმენტებზე მითითებით, როგორიცაა: ნასყიდობის ხელშეკრულებები, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანახმადაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსასრულებლად, 2016 წლის 30 ივნისს განხორციელდა მისი საკუთრების უფლების ახალი რეგისტრაცია ქ. ქუთაისში, ე-ის ქუჩის №30-ში მდებარე 547.49 კვ.მ (დაზუსტებული) მიწის ნაკვეთზე განთავსებულ სახლთმფლობელობაზე;

14.3.1. საქმეში ასევე წარდგენილია სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 20 მაისის №002544114 დასკვნა, რომლის თანხამადაც: ა) ტექბიუროში არსებული გეგმების მონაცემებით, საზღვრის მდებარეობა დასაშვები სიზუსტით ემთხვევა რეგისტრირებულ ნაკვეთებს შორის არსებულ საზღვარს. დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ამჟამად რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებსა და ტექბიუროს მონაცემებით არსებულ საზღვრებს შორის დაშორება მერყეობს 0.1-0.7 მ-ის ფარგლებში, რაც დასაშვები სიზუსტის ფარგლებშია); ბ) მოდავე მხარეთა მიერ მიწის ნაკვეთების ფაქტობრივი ფლობის საზღვრები ემთხვევა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საზღვრების მდებარეობას; გ) მოდავე მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების (საკადასტრო კოდებით №03.04.29.004 და №03.04.29.025) საზღვრებს შორის გადაფარვა არ ფიქსირდება (იხ. ტ.2, ს.ფ.239- 250) .

14.3. საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნას, რომ საქმეში წარდგენილი, მეტნაკლებად თანაბარმნიშვნელოვანი მტკიცებულებების ფონზე, შეცვლილი რეალობის (ანუ მოპასუხის საკუთრების უფლების ახალი რეგისტრაციის გათვალისწინებით), საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ დაენიშნა ექსპერტიზა (იხ. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბრის განჩინება, ტ.3, ს.ფ.187). როგორც ირკვევა, ექსპერტიზა არ ჩატარდა იმის გამო, რომ მხარეებმა დაწესებულ ვადაში არ გადაიხადეს ექსპერტიზის ჩატარების საფასური. შედეგად, სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო დაედგინა, არსებობს თუ არა ამჟამად მხარეთა კუთვნილი მიწის ნაკვეთების საკადასტრო საზღვრების ზედდება (გადაფარვა) და შეესაბამება თუ არა ეს საკადასტრო საზღვრები იმავე ნივთებზე ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს არქივში დაცულ (სააღრიცხვო მასალებში, აზომვით ნახაზებში და ა.შ.) დაფიქსირებულ საზღვრებს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო იმ მტკიცებულებათა ფარგლებში , რომლებიც მხარეებმა წარადგინეს (სსსკ-ის 103-ე მუხლი).

14.2.2. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-3 მუხლით განსაზღვრულისაპროცესო უფლებები მხარეთათვის დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, მხარე თავად წყვეტს, ვის, რა და რომელ ფაქტობრივ თუ მატერიალურ საფუძვლებზე მითითებით წარუდგინოს მოთხოვნა.

14.2.3. საკასაციო სასამართლომ წინამდებარე განჩინების 14.1. ქვეპუნქტში აღნიშნა, რომ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას 2009 წლის 24 დეკემბრის საკადასტრო რუკაზე მსჯელობის სამართლებრივ მნიშვნელობასთან დაკავშირებით. 2016 წელს ხელმეორედ განხორციელდა მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაცია კუთვნილ ქონებაზე და მის საფუძველს ზემოხსენებული საკადასტრო ნახაზი აღარ წარმოადგენს. ამდენად, მატერიალურად მტკიცებითი მნიშვნელობა აღარ ენიჭება საკადასტრო ნახაზს, რომელიც არ ახდენს გავლენას კასატორის (მოსარჩელის) კანონიერ უფლება-ინტერესებზე და ვერ უზრუნველყოფს მისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანბის დამტკიცებას. ისეთ პირობებში კი, როდესაც მოსარჩელეს საჯარო რეესტრის ბოლოდროინდელი ჩანაწერი სადავოდ არ გაუხდია, სსკ-ის 312-ე მუხლითა და ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიმართ ვრცელდება უტყუარობის პრეზუმფცია (იხ. იმავე კანონის 26-ე მუხლი).

14.2.4. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ამ ნახაზში ასახული საკადასტრო საზღვრები დასაშვები სიზუსტით ემთხვევა ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს საარქივო მონაცემებს, ხოლო მცირედი ცდომილება მხარეთა კუთვნილ ფართებში ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც თუნდაც ის ფაქტი ადასტურებს, რომ თავად კასატორს საკუთრების უფლება რეგისტრირებული აქვს 5 კვ.მ-ით მეტ (საკადასტრო ნახაზთან შედარებით) მიწის ნაკვეთზე (იხ. ტ.2, ს.ფ.70- 76; ; შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა: სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 12.12.2016 წ; # ას-901-867-2016, 09.12. 2016 წ; ლის # ას-3-3-2016, 09.03.2016 წ; #ას-1082-1039-2016, 14.02.2017 წ; #ას-292-276-2017, 31.03.2017 წ; #ას-358-334-2017, 13.04.2017 წ.). ლის 13 აპრილის განჩინება).

15. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს საკასაციო პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ფაქტების კონსტატაციის დამდგენი ოქმი და მასზე, როგორც საკმარის მტკიცებულებაზე, დაყრდნობით, უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა.

15.1. საკასაციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 85.3-ე მუხლით გარანტირებულია სამართალწარმოების განხორციელება მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საწყისებზე, რაც, ასევე, ასახულია სსსკ-ის მე-4 და მე-5 მუხლებში, ამასთან, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მხარეები თავად წარუდგენენ სასამართლოს მტკიცებულებებს, რომლებსაც ეფუძნება მათი მოთხოვნა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ (სსსკ-ის 105-ე მუხლი). აღნიშნული გულისხმობს, რომ მხარისათვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებას მნიშვნელოვნად განაპირობებს შეჯიბრებითობა, რომელიც მხარის არამარტო დისპოციზიციური უფლებაა, არამედ - საპროცესო ვალდებულებაც. ფაქტების კონსტატაციის დამდგენი ოქმი განეკუთვნება იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელიც საჭიროებს შეფასებას და მას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლივად აანალიზებს სასამართლო. საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, კონსტანტაციის ოქმი არ წარმოადგენს იმ მტკიცებულებას, რომელიც მოსარჩელის სასარგებლოდ დააამტკიცებს იმ გარემეობას, რომ მოპასუხემ ხელყო მისი ქონებრივი სიკეთე.

16. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა პირვანდელი საზღვრების აღდგენის შესახებ დაუსაბუთებელია, შესაბამისად - დაუსაბუთებელია მოთხოვნა იმ ნაწილშიც, რომ მოპასუხის ქონება (კომერციული ფართი) მოსარჩელის საზღვებში უკანონოდაა შეჭრილი. კასატორმა სამართლებრივად წონადი მტკიცებულებებით ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც საკასაციო განაცხადის დაკმაყოფილების უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

17. კასატორს ეკისრება გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის (იხ, წინამდებარე განჩინების 10.1.1. ქვეპუნქტი), გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 27 თებერვლის განჩინება;

3. ი. მ-ეს (პ/ნ 6-) დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განჩინებით (საქმე № ას-539-504-2017) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე