საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-724-677-2017 17 ივლისი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
კერძო საჩივრის ავტორი – ტ. კ-ი (მოსარჩელე, მ. კ-ის უფლებამონაცვლე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-ე, ნ. რ-ი, ლ. ბ-ა, თ. ფ-ი, ა. კ-ა, ბ. თ-ე, ბ. დ-ი, გ. ჯ–ი, გ. კ-ე, გ. ს–ი, გ. მ-ი, დ. ჯ-ი, ე. ა-ე, ე. გ-ე, ზ. ნ-ე, ლ. თ–ი, ლ. მ-ე, მ. მ-ი, მ. ქ-ი, მ. ბ-ე, მ. ხ-ი, მ. ჯ-ი, მ. კ-ე, მ. მ-ი, ნ. ნ–ი, ნ. ქ-ე, ქ. ხ-ი, შ. დ-ი, ჯ. ვ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა
დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მ. კ-ის (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე) სარჩელი გ. მ-ის, ნ. რ-ის, ლ. ბ-ას, თ. ფ-ის, ა. კ-ას, ბ. თ-ის, ბ. დ-ის, გ. ჯ-ის, გ. კ-ის, გ. ს-ის, გ. მ-ის, დ. ჯ–ის, ე. ა-ის, ე. გ-ის, ზ. ნ-ის, ლ. თ-ის, ლ. მ–-ის, მ. მ-ის, მ. ქ-ის, მ. ბ-ის, მ. ხ-ის, მ. ჯ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ნ. ნ-ის, ნ. ქ-ის, ქ. ხ-ის, შ. დ-ისა და ჯ. ვ-ის წინააღმდეგ პირგასამტეხლოს ანაზღაურების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
2. ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება თავდაპირველმა მოსარჩელემ ტ. კ-ს დაუთმო (შემდეგში: მოთხოვნის მიმღები, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი; იხ. მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ ხელშეკრულება, ტ. 3, ს/ფ 221-222).
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოთხოვნის მიმღებმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო.
5. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 275, 70-78-ე მუხლებით და სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია, რის გამოც მოპასუხეთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტს სასამართლო უწყება კანონით დადგენილი წესით პირადად ჩაჰბარდა, ხოლო მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია, რის გამოც სასამართლომ დაადგინა, რომ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა არასაპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.
7. აპელანტმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინება, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
8. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, მას სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, მისთვის უცნობი იყო სასამართლო სხდომის შესახებ. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლო უწყება ჩაიბარა აპელანტის ძმამ - მ. კ–მა, რომელიც აპელანტთან ერთად არ ცხოვრობს. კერძო საჩივარს ერთვის აპელანტის ძმის სანოტარო წესით დადასტურებული განცხადება, რომ მან ნამდვილად ჩაიბარა სასამართლო უწყება, თუმცა, თავისი ძმისათვის გადაცემა ვერ შეძლო, რადგან პირადი საქმეების გამო დასავლეთ საქართველოში მოუწია გამგზავრება, ხოლო თბილისში დაბრუნების შემდეგ კონვერტი ვერ მოძებნა.
9. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გადაწყვეტილება, რადგან მას კერძო საჩივრის ავტორის თავდაპირველი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხზე უნდა ემსჯელა.
10. კერძო საჩივარზე დართული ცნობით დასტურდება, რომ აპელანტი 2017 წლის 10 აპრილიდან 2017 წლის 18 აპრილამდე ავად იყო.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 12 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
13. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.
14. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ აპელანტს სასამართლო უწყება არ ჩაჰბარებია, რის გამოც ის საქმის განხილვაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა. 2017 წლის 12 აპრილს დანიშნული სხდომის თაობაზე სასამართლო უწყება იმავე წლის 7 მარტს ჩაჰბარდა აპელანტის ძმას - მ. კ-ს (ტ. 3, ს/ფ 460), რასაც თავად კერძო საჩივრის ავტორიც ადასტურებს.
15. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს, ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს, რაც ამ განჩინების 5-6 პუნქტებშია ასახული და დამატებით განმარტავს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა კერძო საჩივრის ავტორის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთან დაკავშირებით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორი სსსკ-ის 74-ე მუხლის /თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს.../ შესაბამისად, გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის თაობაზე. აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სხდომაზე და სააპელაციო სასამართლომ კანონიერად დააკმაყოფილა მოპასუხეთა შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე (სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილი, 372-ე, 387-ე მუხლები).
17. საპროცესო კანონმდებლობის დანაწესი, რომ უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება მაშინაც, როცა ის მას პირადად არ ჩაჰბარებია, თუმცა, ჩაჰბარდა ადრესატთან მცხოვრებ რომელიმე ქმედუნარიან პირს, გულისხმობს უწყების ჩამბარებელი პირის ვალდებულებას, უწყება ადრესატს გადასცეს. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე /ქ. თბილისი, ზ-ი, მ–ის შესახვევი #1/ გაიგზავნა სასამართლო უწყება, კურიერს მისამართზე დახვდა ადრესატის ძმა, რომელმაც გზავნილი ჩაიბარა. აქედან გამომდინარე, მ. კ-ი ვალდებული იყო, გზავნილი ადრესატისათვის გადაეცა.
18. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მას სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონია, ამიტომ საკასაციო სასამართლო აპელანტის მიერ წარმოდგენილ ჯანმრთელობის ცნობას, სსსკ-ის 215.3-ე მუხლის კონტექსტში, არ შეაფასებს. თუკი კერძო საჩივრის ავტორი ადასტურებს, რომ მან სხდომის შესახებ იცოდა, თუმცა, ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო გამოცხადება, მაშინ იგი ვალდებული იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სასამართლოსათვის სხდომის გამართვამდე (თუნდაც განხილვის დღეს) ეცნობებინა და განხილვის სხვა დროისათვის გადადება ეშუამდგომლა. ამ თვალსაზრისით საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე წარმოდგენილი ცნობით (იხ. ტ.3, ს.ფ.540), რომელიც დათარიღებულია 2017 წლის 19 აპრილით, ხოლო ექიმი შორენა გახოკიძე ადასტურებს, რომ კერძო საჩივრის ავტორი ავად იყო 2017 წლის 10 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით /მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, ჩირქოვანი ანგინით, მწვავე ენტერიტით/, სწორედ საჩივრის ავტორის საწინააღმდეგო პოზიცია მტკიცდება, რომ იგი 10 აპრილს უკვე ავად იყო, შესაბამისად, მას შეეძლო დროულად და წინასწარ ეცნობებინა სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, რათა თავიდან აერიდებინა სასამართლო სხდომაზე არასაპატიოდ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები.
19. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, უფლებამონაცვლედ ცნობის საკითხის განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა, შესაბამისად, ყველა ის პრეტენზია და შუამდგომლობა, რაც სააპელაციო საჩივარში იყო მითითებული, საქმის არსებითი განხილვის საგანი იყო და სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძვლის გამო, სააპელაციო სასამართლო აღნიშნულზე ვერ იმსჯელებდა.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ტ. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 აპრილის საოქმო განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე