Facebook Twitter

საქმე №ას-871-833-2014 9 ივნისი, 2017 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს ,,ს-ი’’ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,დ. დ. ჯ-ა’’ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ს-სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, გამყიდველი, პრინციპალი ან კასატორი) და შპს „დ. დ. ჯ-ას“ (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, ბენეფიციარი ან აპელანტი) შორის 2012 წლის 16 მარტს დაიდო № 218/03 ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა აიღო ვალდებულება, მყიდველისათვის გადაეცა უფლებრივად უნაკლო საკუთრების უფლება ნასყიდობის საგანზე. ნასყიდობის საგანი იყო 800 (რვაასი) ცალი სწრაფი გადახდის აპარატი „ფეიბოქსი“, ნასყიდობის სრული საფასური 2 000 000 (ორი მილიონი) აშშ დოლარით განისაზღვრა. გამყიდველს მყიდველისათვის 150 ცალი ფეიბოქსი უნდა მიეწოდებინა 2012 წლის 31 მაისამდე, 150 ცალი - 2012 წლის 15 ივნისამდე, 150 ცალი - 2012 წლის 30 ივნისამდე, 150 ცალი - 15 ივლისამდე, 200 ცალი - 2012 წლის 31 ივლისამდე (იხ. ხელშეკრულება, ტ. 1, ს/ფ 19-27).

2. მხარეთა შორის 2012 წლის 6 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობები #1-218/03, რომლითაც დაზუსტდა ნასყიდობის საგნის სპეციფიკური ნიშნით აღწერა და ნასყიდობის საფასურის მოცულობა 2 220 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. ასევე, დაზუსტდა გადახდის პირობები და ნასყიდობის საგნის ვარგისიანობის ვადა (იხ. ტ. 1, ს/ფ 28-29).

3. 2012 წლის 12 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობების №2-218/03-ის თანახმად, ხელშეკრულების საგნის მიწოდების ვადა შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 15 აგვისტოს 18:00 სთ-მდე 180 ცალი ფეიბოქსი; 15 სექტემბრის 18 სთ-მდე 200 ცალი ფეიბოქსი; 15 ოქტომბრის 18 სთ-მდე 210 ცალი ფეიბოქსი; 31 ოქტომბრის 18 სთ-მდე 210 ცალი ფეიბოქსი (ტ. 1, ს/ფ 30-31).

4. მოსარჩელესა და სს „პ-ს“ (შემდეგში: ბანკი ან გარანტი) შორის 2012 წლის 26 მარტს დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამყიდველის ვალდებულებები. საგარანტიო თანხის მაქსიმალური ოდენობა 200 000 (ორასი ათასი) ლარით განისაზღვრა. ხელშეკრულების თანახმად საბანკო გარანტია ძალაში შედიოდა პრინციპალის ანგარიშზე ავანსის სახით 200 000 ლარის ჩარიცხვის დღეს და მოქმედებდა 2012 წლის 15 ივნისამდე. პრინციპალმა აიღო ვალდებულება, ჩარიცხული ავანსის თანხიდან ნაწილობრივ დაეფარა ვალდებულება გარანტთან. დასაფარი ვალდებულების ოდენობად 40 000 (ორმოცი ათასი) ლარი განისაზღვრა. დარჩენილ თანხაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბენეფიციარისათვის თანხის გადარიცხვიდან 31-ე დღეს ბანკი ცალმხრივად, პრინციპალისათვის შეტყობინების გარეშე იღებდა გადაწყვეტილებას გადაუხდელი თანხის სესხად გარდაქმნის პირობებზე (ტ. 1, ს/ფ 33-35).

5. გარანტმა 2012 წლის 27 მარტს გასცა საავანსო გადახდის გარანტია, რომლითაც ბანკმა იკისრა გამოუთხოვადი ვალდებულება, ბენეფიციარის პირველი წერილობითი მოთხოვნის წარდგენისთანავე აუნაზღაუროს ნებისმიერი თანხა 200 000 ლარის ფარგლებში (ტ. 1, ს/ფ 36).

6. მხარეთა შეთანხმებით პერიოდულად ცვლილებები შედიოდა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში. კერძოდ, 15.06.12 წ. ცვლილებით საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2012 წლის 15 ივლისამდე, 17.07.12 წ. ცვლილებით - 2012 წლის 15 სექტემბრამდე, 07.09.12 წ. ცვლილებით - 2012 წლის 15 ნოემბრამდე, 13.11.12 წ. ცვლილებით - 2013 წლის 15 მაისამდე (ტ. 1, ს/ფ 37-40).

7. საბოლოო ცვლილება ხელშეკრულებაში 2012 წლის 18 სექტემბერს შევიდა, რომლის თანახმადაც იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და მხარეები შეთანხმდნენ დამატებით პირობებზე, კერძოდ, გამყიდველი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის 70 ცალი ფეიბოქსი მიეწოდებინა მყიდველისათვის არაუგვიანეს 2012 წლის 26 სექტემბრის 18 საათისა, ხოლო 90 ცალი ფეიბოქსი - არაუგვიანეს 2012 წლის 15 ოქტომბრის 18 საათისა. ფეიბოქსების დარჩენილი ნაწილი მყიდველს, მისი წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად, გადაეცემოდა (ტ. 1, ს/ფ 32).

8. მყიდველმა 2013 წლის 13 მაისს მიმართა ბანკს, გამყიდველის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, საბანკო გარანტიის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის სრულად გადახდის მოთხოვნით. გარანტმა იმავე წლის 24 მაისს 200 000 ლარი ბენეფიციარს ანგარიშზე ჩაურიცხა (ტ. 1, ს/ფ 44, 47).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1. გამყიდველმა 2013 წლის 23 ივლისს სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელისათვის, 2013 წლის 24 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 200 000 ლარისა და 160 000 ლარის წლიური 48 %-ის დაკისრების მოთხოვნით.

9.2. მოსარჩელემ ამ განჩინების 1-8 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით აღნიშნა, რომ გადახდის აპარატების ნაწილი მყიდველს მიაწოდა ვადაში, ხოლო ნაწილის დაგვიანება განპირობებული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ტვირთის დაკავებაში გამოიხატა.

9.3. მოსარჩელემ აღნიშნა, იმის გამო, რომ დაგვიანება გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული გარემოებით, საბანკო გარანტიით არ უნდა ესარგებლა და 200 000 ლარი არ უნდა მიეღო მყიდველს, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის უსაფუძვლო გამდიდრება, ხოლო მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

10. მოპასუხის შესაგებელი

10.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები დაარღვია (ვადას გადააცილა), რაც მყიდველს საშუალებას აძლევდა, მიემართა გარანტისათვის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის გადახდის მოთხოვნით. ამდენად, მოპასუხის მიერ თანხის მიღება საფუძვლიანი იყო და ამის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10.2. მოსარჩელის მიერ წარდგენილ ელექტრონულ წერილებზე მითითებით მყიდველმა განმარტა, რომ აშკარად იკვეთებოდა გამყიდველის მიერ ხარვეზიანი ფეიბოქსების მიწოდების ფაქტი, რის გამოც ვერ მოხერხდა მათი დანიშნულებისამებრ გამოყენება.

10.3. მოსარჩელის არგუმენტი, ფორს-მაჟორულ გარემოებასთან დაკავშირებით მოპასუხემ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილებით გამყიდველის (პრინციპალის) სარჩელი დაკმაყოფილდა. ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მოპასუხეს, 2013 წლის 24 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, 200 000 ლარისა და 160 000 ლარის 48 %-ის გადახდა დაეკისრა.

11.2. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე დაუძლეველი ძალის მოტივად ტვირთის უკრაინის სახელმწიფო საბაჟოზე გაჩერებას უთითებდა, რაც გამოწვეული იყო სხვა პირის დაუდევრობით და რამაც მისაწოდებელი ტვირთის მოპასუხისათვის ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში გადაცემა შეაფერხა. თუმცა, მოსარჩელეს შეეძლო განეხორციელებინა სხვა შეკვეთა და არ დალოდებოდა უკრაინის საბაჟოზე გაჩერებული ტვირთის გადმოტანისათვის დოკუმენტაციის მოწესრიგებას და უკრაინის სასამართლოში დავის დასრულებას. თუ პირისთვის ცნობილია გამოსავალი, თუმცა, ხარჯების გაზრდის მოტივით, არ მიიღებს შესაბამის ზომებს, იგი არღვევს გონივრული წინდახედულების ნორმებს, შესაბამისად, მისი ქმედება ვერ მოექცევა დაუძლეველი ძალის პირობებში.

11.3. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 879-ე მუხლებით და განმარტა, რომ საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა არ შეიძლება იმგვარად იქნეს გაგებული , რომ ბენეფიციარს ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლია მიიღოს როგორც შესრულება, ასევე - საბანკო გარანტიით განსაზღვრული ზიანის საკომპენსაციო თანხა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება, მხარეთა წერილობითი შეთანხმებებით, რამდენჯერმე შეიცვალა; დადგენილი იყო ისიც, რომ საბოლოო შეთანხმებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადები მოსარჩელემ დაარღვია, რაც გამოწვეული არ იყო ფორს-მაჟორული გარემოებით, თუმცა, ასევე, უდავო იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად საქონლის ვადის დარღვევით მიწოდებისა, მოპასუხემ მიიღო ნასყიდობის საგანი, რითაც სახელშეკრულებო ვალდებულება შეწყდა (სსკ-ის 427-ე მუხლი).

11.4. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს არ წარუდგენია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის გამო, მყიდველისათვის მიყენებული ზიანის ფაქტისა და ოდენობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება.

11.5. სასამართლომ სსკ-ის 976-ე, 991-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ რადგან მოპასუხემ ვერ დაასაბუთა, თუ რა ზიანი მიადგა მას მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდების ვადების დარღვევით, ამასთან, მყიდველმა მიიღო შესრულებაც და საბანკო გარანტიით განსაზღვრული თანხაც, იგი მოვალე იყო, დაებრუნებინა მოსარჩელისათვის (პრინციპალისათვის) საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა. საქალაქო სასამართლომ გამყიდველის მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 408-ე მუხლზე დააფუძნა.

12. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

12.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

12.1.1. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ ხელშეკრულებაში განხორციელებული ცვლილებებით მხარეები მხოლოდ ხელშეკრულების პუნქტებს აზუსტებდნენ, მისაწოდებელი საქონლის ერთეულთან და ვადებთან მიმართებით. ასევე, სასამართლოს ჯეროვნად არ გაუანალიზებია 2012 წლის 24 ივლისის მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც დასტურდებოდა, რომ 800 ერთეული ფეიბოქსიდან მხოლოდ 18 ერთეული გადახდის აპარატი მიიღო მოპასუხემ, რაც არ შეიძლებოდა განხილულიყო მიწოდების შესრულებად;

12.1.2. მხარეთა 2012 წლის 18 სექტემბრის შეთანხმებით მოწოდების ვადები დაზუსტდა მხოლოდ 160 ერთეულ ფეიბოქსთან მიმართებით, ხოლო 622 ფეიბოქსი მოსარჩელეს მოპასუხისათვის არ მიუწოდებია, შესაბამისად, ეს უკანასკნელი უფლებამოსილი იყო, საბანკო გარანტია გამოეთხოვა;

12.1.3. მოსარჩელეს ეჭვქვეშ არ დაუყენებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან გარკვეული რაოდენობის საქონელთან მიმართებით ვალდებულება დაარღვია. მყიდველმა დააზუსტა, რომ ერთიან კონტექსტში უნდა მოხდეს 170 ერთეულ ფეიბოქსის აპარატზე მსჯელობა და არა - 800 ცალი ფეიბოქსის აპარატისგან განცალკევებულად;

12.1.4. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ასახულია მსჯელობა მხოლოდ გარანტიის ინსტიტუტთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც საბანკო გარანტიაში რამდენჯერმე შევიდა ცვლილება ვადასთან დაკავშირებით და ცვლილება არ განუცდია საგარანტიო თანხას, აღნიშნულით დასტურდება, რომ მოსარჩელის ნება არ შეცვლილა და იგი თანახმა იყო თავისი ვალდებულებები დაზღვეული ყოფილიყო იმავე თანხით, რაც თავდაპირველად იქნა შეთანხმებული მხარეთა შორის.

12.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ უხეშად დაარღვია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ამასთან, სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს. სასამართლომ გამოიყენა კანონები, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება და პრინციპალის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება, კერძოდ, დაარღვია სწრაფი გადახდის აპარატის მიწოდების ვადები, რის შემდეგაც მხარეები შეთანხმდნენ უკვე კორექტირებული რაოდენობის სწრაფი გადახდის აპარატების მიწოდებასა და ვადებზე. 2012 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების დამატებითი პირობებით N1-218/03-3 მხარეებმა ორმხრივად დაადასტურეს გარანტიით უზრუნველყოფილი ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც საკმარისი საფუძველი იყო გარანტიის ამოქმედებისათვის. ის გარემოება, რომ ბენეფიციარმა საერთოდ უარი არ თქვა ხელშეკრულებაზე და მცირე რაოდენობის სწრაფი გადახდის აპარატების მიწოდებაზე განსაზღვრა ახალი ვადები, არ ცვლის უკვე დარღვეული ვალდებულებების სამართლებრივ შედეგებს.

13.3. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ფორს-მაჟორთან დაკავშირებით და განმარტა, რომ გამოვლენილი იყო უზრუნველყოფილი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, რაც ქმნიდა საფუძველს ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნა წარედგინა.

13.4. სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 385-ე, 976-ე, 477-ე, 879-ე, 991-ე მუხლებით და დაადგინა, რომ რადგან დადგენილია პრინციპალის მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი, დგინდება, რომ ბენეფიციარის მიერ გარანტისაგან გარანტიის ვადაში მოთხოვნილი 200 000 ლარი ბანკმა შესაბამისი საფუძვლის არსებობის გამო გადაიხადა. ამდენად, არ არსებობდა კონდიქციური მოთხოვნის დაკმაყოფილების წანამძღვრები.

13.5. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ სსკ-ის 881-ე მუხლის თანახმად საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადაში ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე გარანტმა მართებულად გასცა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა და არ არსებობდა ბენეფიციარისაგან ამ თანხის უკან მოთხოვნის საფუძველი.

14. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

14.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებით მოსარჩელემ მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

14.2. კასატორმა ორ მნიშვნელოვან გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, პირველი ის, რომ გამყიდველის მხრიდან ვალდებულების დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა და მეორე - ბენეფიციარის მიერ საგარანტიო თანხის გამოთხოვის მართებულობა იმ პირობებში, როდესაც პრინციპალის მიერ ვალდებულება უკვე შესრულებული იყო. გარანტიით გათვალისწინებული მთელი თანხის გამოთხოვის საფუძველი ან/და დაანგარიშება მოპასუხეს არ წარუდგენია;

14.3. სასამართლოს არ გამოურკვევია, რაში გამოიხატებოდა კასატორის მხრიდან ვალდებულების დარღვევა ან რა ოდენობით განისაზღვრებოდა იგი. პრინციპალი სწორედ იმ გარემოებას ხდიდა სადავოდ, რომ გარანტიის სახით გამოთხოვილი თანხა არ არის შესაბამისობაში დარღვეულ ვალდებულებასთან, ხოლო, თავის მხრივ, ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის მიწოდების ვადის გადაცილება არ იყო გამოწვეული გამყიდველის ბრალით. მეტიც, ნასყიდობის საგნის მიწოდების ვადების შეცვლას ყოველ ჯერზე საფუძვლად ედო ბენეფიციარის მიერ ახალი ტექნიკური პირობების წაყენება ანდა უკვე არსებული პირობების შეცვლა, რასაც ნასყიდობის ფასის კორექტირებაც მოჰყვა შედეგად. ამდენად, ვადაგადაცილებაზე მსჯელობისას, სასამართლოს მოპასუხის მოქმედებებიც უნდა შეეფასებინა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;

14.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოება გამყიდველის მიერ ვალდებულების შესრულების ვადების გადაცილებასთან დაკავშირებით. მოსარჩელის მიერ საბოლოოდ შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 170 ერთეული ფეიბოქსით, საიდანაც ნაწილის მიწოდება მიმდინარეობდა მყიდველის დირექტივების გათვალისწინებით. რაც შეეხება მეორე ნაწილს, მისი ვადაგადაცილებით მიწოდება განაპირობა გამყიდველის ნებისაგან დამოუკიდებლად განვითარებულმა მოვლენებმა. შესაბამისად, მცდარია სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ნასყიდობის საგნის ვადაგადაცილებით მიწოდების საკითხი;

14.5. კასატორი არ იზიარებს სასამართლოს დასკვნას ფორს-მაჟორთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ გამოკვეთილი იყო ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ობიექტური გარემოება, როცა მხარე მისგან დამოუკიდებელი მოვლენების გამო მოკლებული იყო შესაძლებლობას, უზრუნველეყო დადგენილი წესით ვალდებულების შესრულება, ასევე აღნიშნა, რომ გაურკვეველია ის გარემოება, თუ რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ კასატორს ჰქონდა შესაძლებლობა სხვა შეკვეთა განეხორციელებინა;

14.6. სასამართლოს მხედველობაში არ მიუღია ის გარემოება, რომ მოპასუხეს დაუყოვნებლივ ეცნობა მისაწოდებელი ტვირთის საბაჟოზე დაკავების შესახებ;

14.7. კასატორის მტკიცებით, განსახილველ შემთხვევაში გამოვლენილი არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი დარღვევა, რაც გარანტის მხრიდან ბენეფიციარისათვის თანხის გადახდის წინაპირობას წარმოადგენდა. გარანტს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ბენეფიციარისათვის გადახდის უფლებამოსილება არ ჰქონდა, რადგან პრინციპალის მიერ საავანსო თანხის განკარგვის მიზნობრიობა არ დარღვეულა;

14.8. კასატორის აზრით, მოცემული დავის საკვანძო საკითხია - აქვს თუ არა პრინციპალს რეგრესის უფლება ბენეფიციარის მიმართ, თუკი ბენეფიციარმა ბოროტად ისარგებლა თავისი უფლებით და გამოითხოვა საბანკო გარანტია საამისო წანამძღვრების არარსებობის პირობებში, ანუ პრინციპალის მხრიდან ვალდებულების დარღვევისა და მისი ოდენობის განმსაზღვრელი მტკიცებულების არარსებობის პირობებში.

15. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

15.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

15.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინებით გამყიდველის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად იქნა დატოვებული.

15.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 აგვისტოს განჩინებით გამყიდველის განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაკმაყოფილდა, გაუქმდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 სექტემბრის განჩინება და განახლდა საქმის წარმოება პრინციპალის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე.

15.4. 2016 წლის 21 ნოემბერს კასატორმა საკასაციო სასამართლოს მომართა და „დამატებითი“ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილულია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში, უწინარესად ის უნდა აღინიშნოს, რომ განსახილველი დავა არ ეხება საბანკო გარანტიის გაცემის მართლზომიერებას, რადგან შესაფასებელია სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების ნამდვილობა, ანუ ჰქონდა თუ არა მყიდველს (ბენეფიციარს) პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება. ამ კონტექსტში საკასაციო სასამართლო მიუთითებს წინამდებრაე განჩინების 4-8 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და საქმეში მოთავსებულ მტკიცებულებებზე: 2012 წლის 26 მარტის საბანკო გარანტიის ხელშეკრულებაზე, იმავე წლის 27 მარტის საავანსო გადახდის გარანტიაზე და შემდეგ საბანკო გარანტიის გაცემის შესახებ ხელშეკრულებაში 2012 წლის 15 ივნისს, 17 ივლისს, 7 სექტემბერს, 13 ნოემბერს შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილებს ყურადღებას (იხ. ტ.1, ს.ფ.33-43), რომელთა შინაარსის გათვალისწინებით გამყიდველის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად დაიდო საბანკო გარანტიის ხელშეკრულება, რაც იმას ნიშნავდა, რომ სახელშეკრულებო პირობის დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარი უფლებამოსილი იყო, პირგასამტეხლოს სახით, მოეთხოვა გარანტისგან თანხის ჩარიცხვა.

21.1 სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ გამყიდველმა მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რასაც გამყიდველი თვითონაც ადასტურებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ვალდებულების შესრულებისათვის გათვალისწინებული ვადის გადაცილება ფორს-მაჟორული გარემოებით იყო გამოწვეული, რაც მართებულად არ გაიზიარეს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა (იხ. ამ განჩინების 11.2 და 13.3 ქვეპუნქტები);

21.2 სააპელაციო სასამართლომ მართებულად განმარტა საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნება და დასაბუთებულად მიიჩნია, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, გარანტის მიერ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილების მართლზომიერება (სსკ-ის 881-ე მუხლი).

21.3. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კასატორის პრეტენზია, მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრებასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია, რადგან კასატორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა ბენეფიციარის მიერ საბანკო გარანტიის გამოთხოვის გაუმართლებლობა (სსკ-ის 879-ე მუხლი).

22. საბანკო გარანტია არის გადახდის აბსტრაქტული დაპირება ბანკის მხრიდან, რომლითაც ბანკი ვალდებულია ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე გადაიხადოს საგარანტიო თანხა იმ შემთხვევაში, თუკი მოვალე ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას. ბანკისთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა საფუძვლით ვერ შეასრულა მოვალემ ვალდებულება და სწორედ ამის გამო ვერ გამოიყენებს გარანტი მოვალის შესაგებლებს ბენეფიციარის (კრედიტორის) მიმართ. საბანკო გარანტია უზრუნველყოფის არააქცესორული საშუალებაა. გარანტიის ხელშეკრულება არის დამოუკიდებელი დაპირება. საბანკო გარანტია არც უზრუნველყოფის სუბსიდიური საშუალებაა. გარანტს არა აქვს უფლება ჯერ მოსთხოვოს კრედიტორს მოვალისაგან დაკმაყოფილების მიღება, თვითონ კი მხოლოდ ამის შემდეგ დააკმაყოფილოს კრედიტორი. საბანკო გარანტიას საკუთარი ვადები აქვს, რაც ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ნაკლები შეიძლება იყოს. საბანკო გარანტიის ვადის გასვლის შემდეგ საბანკო გარანტია ბენეფიციარისათვის უვარგისი ხდება. გარანტიით ნაკისრი ვალდებულების წარმოშობა დამოკიდებულია საგარანტიო შემთხვევის დადგომაზე, ე.ი. ძირითადი ვალდებულების ის დარღვევა, რომლის დადგომის შემთხვევაში გარანტს ეკისრება ბენეფიციარისათვის ფულადი თანხის გადახდა. გარანტის მიერ საგარანტიო თანხის გადახდა ზიანის ანაზღაურება არაა და ამის გამო ბენეფიციარს ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცება არ სჭირდება. საბანკო გარანტია არც ზიანის დადგომაზე და არც სხვა მატერიალურ დანაკარგებზეა დამოკიდებული, რომლებიც შეიძლება კრედიტორს ძირითადი ვალდებულების დარღვევით მიადგეს (ჭანტურია ლ., კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი 2012, გვ: 205, 208, 209, 217, 220).

23. საკასაციო სასამართლოს განმარტებით: „სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ საბანკო გარანტია ცალმხრივი გარიგებაა, კერძოდ, გარანტი ცალმხრივად კისრულობს ვალდებულებას ბენეფიციარის მიმართ განახორციელოს გარკვეული ფულადი შესრულება ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული სამართალურთიერთობის პრინციპალის მხრიდან დარღვევის შემთხვევაში. განსხვავებით ამ სამართლებრივი ურთიერთობისაგან, თავად გარანტსა და პრინციპალს შორის არსებობს დამოუკიდებელი ორმხრივი შეთანხმება, რომელიც საბანკო გარანტიის ნამდვილობაზე გავლენას არ ახდენს (იხ. სკ-ის 890-ე მუხლი)“ -იხ. სუსგ ას-367-348-2015, 15.05.17 წ.

24. „გარანტის გადახდის ვალდებულება დამოკიდებულია არა ბენეფიციარის მიერ იმის უტყუარად დასაბუთებაზე, თუ რამდენად შესრულდა სახელშეკრულებო ვალდებულებები, არამედ იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება წარდგენილი მოთხოვნა გარანტიის პირობებს და ბენეფიციარმა დადგენილ ვადაში წარადგინა თუ არა ის. ამ დასკვნის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ სწორად მიუთითა სსკ-ის 881-ე და 885-ე მუხლების დანაწესზე“ - (იხ. სუსგ ას-1189-1149-2016, 16.01.17 წ.).

25. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი მყარი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „sabanko garantia Sesasrulebelia gacemuli pirobebis farglebSi beneficiaris moTxovnisTanave, miuxedavad imisa, arsebobs Tu ara ZiriTadi valdebulebidan gamomdinare Sesagebeli. samoqalaqo kodeqsis 887-e muxlis es danawesi uzrunvelyofs sabanko garantiis saimedoobas da imavdroulad, kreditoris molodins valdebulebis SesrulebasTan mimarTebiT, magram mxolod sabanko garantiiT garantis mier nakisri valdebulebebis farglebSi. amasTan, kreditoris (beneficiaris) mier moTxovnis uzrunvelyofis saSualebad wardgenili pirobebiT sabanko garantiis arCeva, niSnavs mis Tanxmobas am pirobebze, vinaidan, samoqalaqo kodeqsis 51-e muxlis pirveli nawilis Tanaxmad, nebis gamovlena, romelic moiTxovs meore mxaris mier mis miRebas, namdvilad CaiTvleba im momentidan, roca igi meore mxares miuva“ - (იხ. სუსგ ას-562-871-09, 20.10.09 წ.).

26. ზემოთ მოხმობილი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების გამყიდველის მიერ დარღვევის გამო, რასაც თავად ეს უკანასკნელიც ადასტურებს, ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე ამ ხელშეკრულების უზრულველყოფისათვის არსებული საბანკო გარანტიის ურთიერთობიდან გამომდინარე, გარანტის მიერ ბენეფიციარისათვის საგარანტიო თანხის გადაცემა საფუძვლიანია და პრინციპალისათვის დაბრუნებას არ ექვემდებარება.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში გამყიდველის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტი უდავოა, ასევე, ისიც უდავოა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მყიდველს გადაუხადოს ერთჯერადი პირგასამტეხლო ნასყიდობის საფასურის 5 % და ყოველდღიური პირგასამტეხლო თითოეული შესაბამისი ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის (სრული ან არასრული) ნასყიდობის საფასურის 0.5 % (სსკ-ის 417-ე მუხლი -იხ. ხელშეკრულების 8.1.1 პუნქტი, ტ. 1, ს/ფ 21).

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შესატყვისი გადაწყვეტილებები ზემოთ მითითებულია).

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

31. კასატორს სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ს-ს“ (ს/კ 2..) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 13 აგვისტოს №150 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% –5600 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე