საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-950-886-2017 3 ნოემბერი, 2017 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ- “, შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა (შემდეგში - სამინისტრო, შემსყიდველი, ბენეფიციარი, მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი) და შპს “N--” შორის (შემდეგში - მიმწოდებელი, მენარდე, პრინციპალი, პირველი მოპასუხე,) 2014 წლის 6 მარტს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე, რომლის საფუძველზეც მიმწოდებელს ქ. გორში, ც-ის გზატკეცილ N14-ში მდებარე შენობა-ნაგებობაზე სამშნებელო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ, 630-ე მუხლი;იხ. ხელშეკრულება: ტ.1.ს.ფ. 34-37).
1.1. ხელშეკრულების 4.1. მუხლის თანახმად, სამუშაოების ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით, 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათას) ლარს შეადგენდა.
1.2. ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულება ძალაში იყო ხელმოწერიდან, სამუშაოების მიწოდების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 3 აგვისტოს ჩათვლით.
1.3. ხელშეკრულების 7.1. მუხლის შესაბამისად, მიმწოდებელი პასუხისმგებელი იყო მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხსა და დროულობაზე.
1.4. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოს მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებლისათვის დაეკისრებინა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელ სამუშაოთა სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 0,5%-ით.
1.5. ხელშეკრულების 9.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიღებულად (მიწოდებულად) ჩაითვლებოდა შუალედური ფორმა N2-სა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ.
2. ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის მიზნით, სადაზღვევო კომპანია „ა-ის“ ბიუროს (შემდეგში - სადაზღვევო კომპანია, გარანტი, მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი) მიერ 2014 წლის 28 თებერვალს და 11 მარტს გაიცა საბანკო გარანტიები - N FRI/14-042523 (ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია) და N FRI/14-042089 (სახელმწიფო შესყიდვების საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტია).
2.1. ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიაში N FRI/14-042089 (მოქმედების ვადა - 2014 წლის 5 ოქტომბერი), გარანტად მიეთითა სადაზღვევო კომპანია, პრინციპალად - მიმწოდებელი, ხოლო ბენეფიციარად - სამინისტრო. გარანტიის მიხედვით, სადაზღვევო კომპანია პასუხისმგებელი იყო საერთო თანხაზე - 88 000 (ოთხმოცდარვა ათასი) ლარზე, რომელსაც მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, მის ანგარიშზე ჩარიცხავდა, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.
2.2. სახელმწიფო შესყიდვების საავანსო უზრუნველყოფის საბანკო გარანტიაში N FRI/14-042523 (მოქმედების ვადა - 2014 წლის 4 ოქტომბერი), გარანტად მიეთითა სადაზღვევო კომპანია, პრინციპალად - მიმწოდებელი, ხოლო ბენეფიციარად - სამინისტრო. საგრანტიო თანხა 275 000 (ორას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარს შეადგენდა და გარანტი კისრულობდა ვალდებულებას ბენეფიციარის წინაშე, რომ პრინციპალის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებულ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, მისი (ბენეფიციარის) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, დაებრუნებინა საავანსო ანგარიშსწორების წესით პრინციპალისათვის გადახდილი თანხა, მაგრამ არაუმეტეს გარანტიის თანხისა. ამავე გარანტიის მე-2 პუნქტის მიხედვით, გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. ბენეფიციარის წერილობით მოთხოვნაში უნდა აღნიშნულიყო პრინციპალის მიერ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ფაქტი და მოთხოვნის (ზარალის) ოდენობა, ასევე, მას თან უნდა დართვოდა აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები (იხ. საბანკო გარანტიები და ქვითარი: ტ.1, ს.ფ.153-155).
3. 2014 წლის 6 მარტს გაფორმებული N5085/17 ხელშეკრულების შესაბამისად, მიმწოდებელმა რამდენიმე ეტაპად, ნაწილობრივ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელთა დასტურადაც გაფორმდა შუალედური ფორმა N2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა საფუძველზე მენარდეს ჩაერიცხა მის მიერ მოთხოვნილი თანხები, კერძოდ:
3.1. მხარეთა შორის 2014 წლის 24 მარტს გაფორმებული შუალედური ფორმის N2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის N5085/17-1 საფუძველზე მენარდეს, 2014 წლის 1 აპრილს, ჩაერიცხა 231 704,98 ლარი;
3.2. მხარეთა შორის 2014 წლის 8 აპრილს გაფორმებული შუალედური ფორმის N2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის N5085/17-2 საფუძველზე მენარდეს, 2014 წლის 11 აპრილს, ჩაერიცხა 251 295,83 ლარი;
3.3. მხარეთა შორის 2014 წლის 29 აპრილს გაფორმებული შუალედური ფორმის N2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის N5085/17-30 საფუძველზე მენარდეს, 2014 წლის 2 მაისს, ჩაერიცხა 94 443,33 ლარი;
3.4. მხარეთა შორის 2014 წლის 20 აპრილს გაფორმებული შუალედური ფორმის N2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის N5085/17-4 საფუძველზე მენარდეს, 2014 წლის 23 მაისს, ჩაერიცხა 147 555,86 ლარისა და 29 203,95 ლარი;
3.5. მხარეთა შორის 2014 წლის 12 ივნისს გაფორმებული შუალედური ფორმის N2 და შუალედური მიღება-ჩაბარების აქტის N5085/17-5 საფუძველზე მენარდეს, 2014 წლის 13 ივნისს, ჩაერიცხა 65 758,14 ლარი (იხ. მტკიცებულებები: ტ.1, ს.ფ.38-61).
4. შემსყიდველმა 2014 წლის 19 აგვისტოს მიმწოდებელს აცნობა, რომ 2014 წლის 26 აგვისტოდან სამინისტრო წყვეტდა 2014 წლის 6 მარტის ხელშეკრულებას და მიმწოდებელს განუმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდების ბოლო ვადა 2014 წლის 3 აგვისტოს ამოიწურა, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან 1 100 000 (ერთი მილიონ ასი ათასი) ლარიდან, შეფასების დოკუმენტაციის მიხედვით, მენარდეს შესრულებული ჰქონდა 819 962,09 ლარის სამუშაო და ვერ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 280 037,91 ლარის ფარგლებში. ამავე წერილში სამინისტრო მიუთითებდა ხელშეკრულების 8.2. პუნქტზე, რომლის თანახმად, სამუშაოს მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი სამუშაოს სრული სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ამავე მუხლის 8.3 პუნქტის შესაბამისად, სამუშაოს ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 100%-ით - ანუ 280 037,91 ლარი. ამავე წერილით მენარდეს ეცნობა, რომ მასვე ეკისრებოდა იმ ექსპერტიზის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება, რომელიც ობიექტზე შეუსრულებელი სამუშაოების მოცულობისა და მისი ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარდა (იხ. წერილი: ტ.1, ს.ფ.148).
5. სამინისტრომ, როგორც ბენეფიციარმა, 2014 წლის 19 აგვისტოს სადაზღვევო კომპანიას წერილობით აცნობა, რომ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის 2014 წლის 3 მარტს დადებული ხელშეკრულება, 2014 წლის 14 აგვისტოს მონაცემებით, არ იყო შესრულებული. შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 280 037,91 ლარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბენეფიციარმა სადაზღვევო კომპანიისგან საბანკო გარანტიების პირობების შესაბამისი თანხის (როგორც 275 000, ასევე - 88 000 ლარის) სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვა მოითხოვა (იხ. წერილი: ტ.1, ს.ფ.156-157).
5.1. სადაზღვევო კომპანიამ, 2014 წლის 24 სექტემბერს, სამინისტროს უარი განუცხადა საბანკო გარანტიებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებაზე.
5.2. გარანტმა, სახელმწიფო შესყიდვების საავანსო უზრუნველყოფის NFRI/14-042523 საბანკო გარანტიაზე მითითებით, განუმარტა ბენეფიციარს, რომ გარანტიის მე-2 პუნქტის მიხედვით, გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით დასტურდებოდა, რომ მიმწოდებელს შესრულებული ჰქონდა 819 962 09 ლარის სამუშაო, რაშიც ზემოხსენებული მე-2 პუნქტის შესაბამისად, გაიქვითა საგარანტიო თანხა და აღარ არსებობდა გარანტის მიერ ვალდებულების შესრულების საფუძველი (იხ. გარანტის პასუხი ბენეფიციარს - ტ.1, ს.ფ.158).
6. შემსყიდველმა 2014 წლის 10 დეკემბერს კვლავ მიმართა მიმწოდებელს (N01/01- 25/35106 წერილი) და აცნობა, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში - ექსერტიზის ბიურო) 2014 წლის 6 ნოემბრის N006052414 დასკვნის თანახმად, 2014 წლის 3 მარტს დადებული ხელშეკრულების საგანზე (ქ. გორში, ც-ის გზატკეცილი N14-ში მდებარე შენობა-ნაგებობა), მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 177 407,396 ლარს, დღგ-სა და ნორმატიული დანარიცხების გათვალისწინებით (იხ. ექსპერტიზის დასკვნა: ტ.1, ს.ფ.62-67).
6.1. შემკვეთმა მიუთითა, რომ ვინაიდან მას მენარდისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღურების მიზნით 1 094 962,09 ლარი ჰქონდა ჩარიცხული, ხოლო რეალურად შესრულებული სამუშაო, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის თანახმად, მხოლოდ 177 407,396 ლარის ღირებულებისა იყო, თანხებს შორის სხვაობამ შეადგინა 917 554,13 ლარი, რომელიც ექვემდებარებოდა ბიუჯეტში დაბრუნებას. ამავე წერილით შემკვეთს ეცნობა, რომ თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, ხელშკერულების 8.2. და 8.3. პუნქტების შესაბამისად, მას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო და ჯარიმა (სულ 1, 043, 592, 04 ლარი; იხ. წერილი: ტ.1, ს.ფ.150-152).
7. სარჩელის საფუძვლები
7.1. შემსყიდველმა 2015 წლის 12 თებერვალს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას მიმწოდებლისა და სადაზღვევო კოპანიის წინააღმდეგ და მიმწოდებლისგან (პირველი მოპასუხისგან) მოითხოვა: 1. ზიანის ანაზღაურება - 952 976 (ცხრაას ორმოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით და 2. პირგასამტეხლოს - 1 060 782,12 (ერთი მილიონ სამოცი ათას შვიდას ოთხმოცდაორი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის დაკისრება, ხოლო მეორე მოპასუხისთვის (სადაზღვევო კომპანიისთვის) - საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხების - სულ 363 000 (სამას სამოცდასამი ათასი) ლარის დაკისრება (მოთხოვნები დაზუსტდა მოსამზადებელ სხდომაზე) .
7.1.1. მოსარჩელემ მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებზე და განმარტა, რომ სამინისტრომ მიმწოდებელს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დიდი ნაწილი, ხოლო მიმწოდებელმა ხელშეკრულება ვერ შეასრულა დათქმულ ვადაში. გარდა ამისა, ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება არ შეესაბამებოდა შემკვეთის მიერ გადახდილ ღირებულებას და მათ შორის სხვაობა იყო. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთისათვის დაებრუნებინა 952 976 (ცხრაას ორმოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარის (სხვაობა რეალურად შესრულებულ სამუშაოსა და მიმწოდებლისთვის გადახდილ თანხას შორის), როგორც შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულება და ასევე - 1 060 782,12 (ერთი მილიონ სამოცი ათას შვიდას ოთხმოცდაორი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარი, საიდანაც პირგასამტეხლო 121 000 ლარს შეადგენდა, ჯარიმა - 922 592,04 ლარს - და საექსპერტო მომსახურების ღირებულება -17 190,08 ლარს.
7.1.2. გარანტის ვალდებულებასთან დაკავშირებით მოსარჩელემ განმარტა, რომ მან აცნობა სადაზღვევო კომპანიას, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისთვის მას, როგორც გარანტს, შემკვეთისათვის, როგორც ბენეფიციარისთვის, ორივე საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეესრულებინა. მიუხედავად მოთხოვნისა, სადაზღვევო კომპანიამ დაუსაბუთებელი მიზეზებით, უარი განაცხადა საბანკო გარანტიებით ნაკისრი თანხების სამინისტროსთვის გადახდაზე. მოსარჩელის განმარტებით, ერთ შემთხვევაში საბანკო გარანტიის თანხა 275 000 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - 88 000 ლარს შეადგენდა, რაც ჯამში 363 000 ლარის ვალდებულებას წარმოშობდა გარანტის მიმართ (იხ. სასარჩელო განცხადება: ტ.2, ს.ფ.2-27).
8. მოპასუხეების შესაგებელი
8.1. მენარდეს სასამართლო სხდომების თაობაზე კანონით დადგენილ წესით ეცნობა, თუმცა, მას შესაგებელი არ წარუდგენია ((საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 201-ე მუხლი).
8.2. მეორე მოპასუხემ (სადაზღვევო კომპანიამ) მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა:
8.2.1. სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა უზრუნველყოფის მიზნით, სადაზღვევო კომპანიიმ ავანსად გასცა უზრუნველყოფის საბანკო გარანტია N FRI/14-042523, 275 000 ლარის უზრუნველყოფით. გარანტია მოიცავდა ბენეფიციარის მიერ პრინციპალისთვის ფაქტობრივად გადახდილი საავანსო ანგარიშსწორების თანხას და შემოიფარგლებოდა მხოლოდ ამ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებებით, ნებისმიერი სხვა დამატებითი ვალდებულებებისა და კერძო ან საჯარო სამართლებრივი სანქციების გარეშე. გარანტიის მე-2 პუნქტის თანახმად, თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის მომსახურების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. მეორე მოპასუხის განმარტებით, ბენეფიციარს ეცნობა მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ და მიეთითა გარანტიის ხელშეკრულების მე-2 პუნქტზე. პრინციპალმა ნაკისრი ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, რაც დასტურდებოდა მიღება-ჩაბარების აქტებით. აღნიშნული აქტების საფუძველზე პრინციპალის (მენარდის) მიერ ბენეფიციარისგან (შემკვეთისაგან) მიღებულმა თანხამ 819 962,09 ლარი შეადგინა. ბენეფიციარს განმეორებითი მოთხოვნა არ წარუდგენია გარანტისათვის, რის შესაბამისადაც ამ უკანასკნელმა მიიჩნია, რომ ბენეფიციარი დაეთანხმა უარის თქმის საფუძველს;8.2.2. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნასთან დაკავშირებით გარანტმა განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულება მან ზარალის განცხადების ეტაპზე ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით გამოითვალა, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნისა და შესრულებული სამუშაოების მოცულობის შესახებ დამატებითი დოკუმენტის არსებობა მისთვის ცნობილი არ იყო და სარჩელის წარდგენამდე გარანტი არ ყოფილა ინფორმირებული;
8.2.2. ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით მეორე მოპასუხემ განმარტა, რომ ეს გარანტია პრინციპალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითვალისწინებდა. გარანტიის პირობების თანახმად, სადაზღვევო კომპანიისათვის ბენეფიციარს უნდა დაედასტურებინა პრინციპალისგან მიყენებული ზიანის ოდენობა, რაც ამ შემთხვევაში არ შესრულებულა. აღნიშნული მსჯელობის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიამ უარი განცხადა ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. შესაგებელი: ტ.2,ს.ფ.6-17).
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები:
9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 5 მარტის განჩინებით სამინისტროს სარჩელი განსჯადობით გადაეგზავნა გორის რაიონულ სასამართლოს (იხ.განჩინება: ტ. 1, ს.ფ.185-188).
9.2. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასარჩელო მოთხოვნა მიმწოდებლის (პირველი მოპასუხის) მიმართ სრულად, ხოლო მეორე მოპასუხის (გარანტის) მიმართ - ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
9.2.1. პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2014 წლის 6 მარტის N5085/17 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ზიანის - 952 976 (ცხრაას ორმოცდათორმეტი ათას ცხრაას სამოცდათექვსმეტი) ლარისა და პირგასამტეხლოს - 1 060 782,12 (ერთი მილიონ სამოცი ათას შვიდას ოთხმოცდაორი ლარი და თორმეტი თეთრი) ლარის გადახდა დაეკისრა;
9.2.2. მეორე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საბანკო გარანტიის თანხის - 280 037,91 (ორას ოთხმოცი ათას ოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის გადახდა დაეკისრა.
9.3. სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, გამოიკვლია და დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 629-ე, 633-ე, 879-ე, 881-ე, 887-ე მუხლები, აგრეთვე, სახელმიწფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და განმარტა:
9.3.1. წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით დასტურდებოდა, რომ მენარდემ 2014 წლის 6 მარტის სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა. ხელშეკრულების მე-7 მუხლის მიხედვით, პირველი მოპასუხე ვალდებული იყო, როგორც ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დროულ შესრულებაზე, ასევე - მათ ხარისხზე და პასუხს აგებდა სამინისტროსთვის მიყენებულ ზიანზე. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მენარდე დაფარავდა ექსპერტიზის ხარჯებს, რომელიც ჩატარდებოდა შესრულებული სამუშაოების მოცულობებისა და შესაბამისი ფასების რეალობისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ხელშეკრულების მე-8 მუხლით განისაზღვრა პირგასამტეხლო. კერძოდ, შემკვეთი უფლებამოსილი იყო ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოს მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დაეკისრებინა მენარდისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი სამუშაოს სახარჯთაღრიცხვო ღირებულების 0,5%-ით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ნაწილობრივ შეუსრულებლობის შემთხვევაში - დაეკისრებინა ჯარიმა შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 100%-ით და ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება (იხ. ხელშეკრულების 8.2. და 8.3. პუნქტები). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნები პირველი მოპასუხის მიმართ სრულად დააკმაყოფილა: პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: ზიანის - 952 976 ლარის (სხვაობა გადარიცხულ თანხასა და შესრულებული სამუშაოს ღირებულება შორის) ანაზღაურება, პირგასამტეხლოს - 1 060 782,12 ლარის გადახდა (საიდანაც 121 000 ლარი პირგასამტეხლო იყო მიწოდების ვადის გადაცილების გამო ხელშეკრულების 8.2. მუხლის შესაბამისად, 1.100.000X0.05=5.500X22 დღეზე/ და ჯარიმა - 922 592,04 ლარი, ანუ შეუსრულებელი სამუშაოებისთვის ხელშეკრულების ღირებულების 100% /ხელშეკრულების 8.3. პუნქტის შესაბამისად/ - 1,100,00 -177,407.96=922 592,04 და 17 190,08 ლარი - საექსპერტო მომსახურების ღირებულება /ხელშეკრულების 7.2.2. მუხლის შესაბამისად/), მოსარჩელის მიერ აღძრული მოთხოვნის შესაბამისად (სსსკ- ის 248-ე მუხლი).
9.4. მეორე მოპასუხის მიმართ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე რაიონულმა სასამართლომ განმარტა:
9.4.1. მეორე მოპასუხემ 2014 წლის 28 თებერვალს გასცა ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტია NFRI/14-042089, რომლის მიხედვითაც გარანტი პასუხისმგებელი იყო, რომ სახელშეკრულებო პირობების დარღვევის შემთხვევაში, სამინისტროს მიერ წარდგენილი პირველი მოთხოვნისთანავე, მენარდის ანგარიშზე ჩარიცხავდა თანხას 88 000 ლარის ფარგლებში, 2014 წლის 11 მარტს კი სადაზღვევო კომპანიამ გასცა სახელმწიფო შესყიდვების საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია NFRI/14-042523, სადაც მიეთითა, რომ გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. სსკ-ის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე კოდექსის 887-ე მუხლის თანახმად, „1. გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ. 2. თუ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებამდე გარანტისათვის ცნობილი გახდა, რომ საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულება შესაბამის ნაწილში მთლიანად უკვე შესრულებულია, შეწყდა სხვა საფუძვლებით ან ბათილია, მან დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს. გარანტის მიერ ასეთი შეტყობინების შემდეგ მიღებული ბენეფიციარის ხელმეორე მოთხოვნა ექვემდებარება გარანტის მიერ დაკმაყოფილებას“. 2014 წლის 19 აგვისტოს გარანტს ბენეფიციარმა (მოსარჩელემ) წერილობით აცნობა პრინციპალის (მენარდის ანუ პირველი მოპასუხის) მიერ ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე და მოითხოვა საბანკო გარანტიის თანხები: როგორც 275 000 ლარი, ასევე - 88 000 ლარი. გარანტმა ბენეფიციარს უარი უთხრა გარანტიის თანხის გაცემაზე იმ მოტივით, რომ პრინციპალის მიერ 819 962.09 ლარის ღირებულების შესრულებული სამუშაოები აღემატებოდა საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის ფარგლებს. სსკ-ის 881-ე მუხლის თანახმად, „საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე“. აღნიშნული ნორმა ადასტურებს, რომ საბანკო გარანტია დამოუკიდებლად, თავისი პირობებით, გარანტიის მონაწილე მხარეებს განუსაზღვრავს გარკვეული სახის უფლებებსა და მოვალეობებს. განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 11 მარტის საბანკო გარატიაში მიეთითა, რომ გარანტიის თანხა მცირდებოდა პრინციპალის (მენარდის) მიერ საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. იმ შემთხვევაში, თუკი საბანკო გარანტიის პირობები მიუღებელი იყო პრინციპალისთვის ან/და ბენეფიციარისთვის, შესაბამისად, მათ შეეძლოთ უარი განეცხადებინათ აღნიშნულზე, თუმცა, განსახილველ შემთხვევაში არც ერთ მათგანს საბანკო გარანტიის პირობებზე რაიმე სახის პრეტენზია არ განუცხადებიათ. აღნიშნული გარემოება ადასტურებდა საბანკო გარანტიის პირობებზე მათ თანხმობასა და მოწონებას.
9.4.1. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან საბანკო გარანტიები მიმართული იყო პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, სადაზღვევო კომპანია ვალდებული იყო, აენაზღაურებინა პრინციპალის მიერ შესრულებული სამუშაოების პროპორციულად საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა. კერძოდ, საქმეზე წარდგენილი შუალედური მიღება-ჩაბარების აქტებით, ფორმა N2-ითა და საბანკო გადარიცხვებით დგინდებოდა, რომ სამინისტრომ პრინციპალს შესრულებული სამუშაოების შესაბამისად გადაუხადა 819 962,09 ლარი. ვინაიდან ექპერტიზის დასკვნა მხოლოდ 2014 წლის 6 ნოემბერს გაიცა, შესაბამისად, გარანტისთვის ცნობილი ვერ იქნებოდა, რომ ნაცვლად 819 962,09 ლარის ღირებულების სამუშაოებისა, პრინციპალის მიერ რეალურად შესრულებული იყო მხოლოდ 177 407,96 ლარის სამუშაო, მაგრამ, მისთვის წარდგენილი დოკუმენტაციით, შესასრულებელ და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობა შეადგენდა 1 100 000 – 819 962,09 = 280 037, 91 ლარს. ამდენად, გარანტს ბენეფიციარის სასარგებლოდ, უნდა დაკისრებოდა 280 037,91 ლარის ანაზღაურება (იხ. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - ტ. 2, ს.ფ.90-110).
10. მოსარჩელისა და მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
10.1. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გარანტის (მეორე მოპასუხის) მიმართ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით:
10.1.2. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 869-ე მუხლი, რომელიც გარანტის ვალდებულებას ადგენს. ვალდებულების შესრულების საბანკო გარანტიით სადაზღვევო ორგანიზაცია იღებდა ვალდებულებას, რომ უზრუნველყოფდა პრინციპალის (მენარდის) მიერ ბენეფიციარის (შემკვეთის) წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, როგორც მთლიანი ხელშეკრულების შესრულების, ასევე - ავანსად აღებული თანხის მიზნობრივი გამოყენების თვალსაზრისითაც. როგორც ექსპერტიზის დასკვნებით არის დადგენილი, მენარდემ ვერ უზრუნველჰყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება. გარანტიის გამცემს წერილობით ეცნობა პრინციპალის მიერ გარანტიებში მითითებული ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე, სადაზღვევო კომპანია კი მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიებით ნაკისრ თანხას არ უხდის სამინისტროს. საავანსოანგარიშსწორების საბანკო გარანტიის მე–2 პუნქტის თანახმად (იხ. ამ განჩინების 8.2.1 ქვეპუნქტი), მოცემულ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიამ განმარტა, რომ ვინაიდან პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებობს გარკვეული სამუშაოების შესრულების ფაქტი, ეს ფაქტი გამოყენებულ უნდა იქნეს ამ საბანკო გარანტიის ხელშეკრულების ფარგლებში, ის ამ მიზნით მიუთითებს შესრულებული სამუშაოს შესახებ და მიაჩნია, რომ ავანსის სახით გადახდილი თანხა სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად გაიხარჯა, მაშინ როცა არ არსებობდა მტკიცებულება, რომ ამგვარი შესრულება განხორციელდა (იხ. სააპელაციო საჩივარი: ტ.3, ს.ფ.10-24).
10.2. გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მეორე მოპასუხემაც (გარანტმა) და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა მეორე მოპასუხის მიმართ და ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 280 037.01 ლარის გადახდა დაეკისრა. მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი შემდეგ არგუმენტებს დაეყრდნო:
10.2.1. სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული საავანსო ანგარიშსწორების №FRI/14–042523 საბანკო გარანტიის მე–2 პუნქტის შესაბამისად (იხ. 8.2.1 ქვეპუნქტი), პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის შესახებ ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის 2014 წლის 19 აგვისტოს წარდგენილი დოკუმენტებით (მიღება–ჩაბარების აქტებით და სხვა) დასტურდებოდა, რომ პრინციპალმა შეასრულა 819 962,09 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო შეუსრულებელი იყო 280 037,91 ლარის სამუშაო. ამასთან, ბენეფიციარის მიერ არ იყო დასაბუთებული, რა მოცულობის ზიანი მიიღო მან პრინციპალის მიერ ვალდებულებათა არაჯეროვნად შესრულებით. გარანტისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ 819 962,09 ლარის საუშაოების შესრულების შესახებ და, შესაბამისად, გარანტმა დასაბუთებულად განაცხადა უარი თანხის ანაზღაურებაზე. გარანტის მიერ ანაზღაურებაზე უარის თქმის შემდეგ, ამ უკანასკნელისათვის ბენეფიციარს განმეორებითი მოთხოვნა არ წარუდგენია და არც მისი მოთხოვნა დაზუსტებულა. რაიონულმა სასამართლომ სწორად შეაფასა ის გარემოება, რომ ბენეფიციარის მოთხოვნის მიღების მომენტში, 2014 წლის აგვისტოს, სადაზღვევო კომპანიისათვის ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ პრინციპალმა არა 819 962,09, არამედ 177 407,96 ლარის სამუშაოები შეასრულა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაცემის მომენტისათვის გარანტს უარი ჰქონდა ნათქვამი ანაზღაურებაზე და, რაც მთავარია, გასული იყო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა. მიუხედავად აღნიშნული გარემოების დაზუსტებისა, სასამართლომ არასწორად დააკისრა სადაზღვევო კომპანიას თანხა. კერძოდ, იმის ნაცვლად, რომ საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიის პირობების შესაბამისად ავანსი სრულად გაქვითულიყო, სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ დააკისრა გარანტს 280 037,91 ლარის გადახდა. სასამართლოს არ უმსჯელია, რომელი გარანტიიდან გამომდინარე უნდა დაკისრებოდა გარანტს თანხა, რატომ მოხდა გარანტისათვის საავანსო უზრუნველყოფის გარანტიის თანხაზე მეტი თანხის დაკისრება; რა გაანგარიშებით დააკისრა სასამართლომ გარანტს 280 037,91 ლარი, როდესაც საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა – 275 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულების შესრულების გარანტიით განსაზღვრული თანხა – 88 000 ლარს, დაუსაბუთებელია. ასევე, სასამართლოს არ შეუსწავლია ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები, არც გარანტიის პირობები და ზოგადად, არ შეუფასებია გარანტიის სამართლებრივი ბუნება, რაც სადაზღვევო კომპანიისათვის დაუსაბუთებელი თანხის დაკისრების საფუძველი გახდა. სასამართლოს არ გამოუყენებია სსკ–ის 887–ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (იხ. სააპელაციო საჩივარი: ტ.2, ს.ფ.138-152).
11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილება და დასკვნები
11.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
11.1.1. გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება ნაწილობრივ და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით მეორე მოპასუხეს (გარანტს) მოსარჩელის სასარგებლოდ 88 000.00 ლარის გადახდა დაეკისრა.
11.2. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიდა მათ მიერ გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ის 393–ე და 394–ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურსამართლებრივ საფუძვლებს, ხოლო მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ გარანტის წინააღმდეგ სამინისტროს სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო დასაბუთებული, რაც სსსკ-ის 394–ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა.
11.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებშია აღწერილი და განმარტა:
11.3.1. საბანკო გარანტიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან მიმართებით არის ის, რომ იგი ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ხასიათსაა, მაშინ, როდესაც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, როგორიცაა: იპოთეკა, გირაო და ა.შ. აქცესორული ხასიათისაა. საბანკო გარანტია სასწრაფო და უპირობო ხასიათს ატარებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტს არ შეუძლია, გარანტიის მიხედვით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, როცა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ ან ბათილია. ამდენად, საბაკო გარანტიაში ძირითადი ვალდებულების მითითება არ არის აუცილებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სახის ვალდებულებაზე არსებობს მითითება, ეს გავლენას არ ახდენს გარანტის ვალდებულების დამოუკიდებელ ხასიათზე. საბანკო გარანტიის მიმართ კრედიტორის ინტერესი ისაა, რომ დარწმუნებული იყოს ვალდებულების შესრულებაში და ამავე დროს, მაქსიმალურად ნაკლები ზარალი განიცადოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. კანონმდებელმა სწორედ მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და ძირითადი ვალდებულებისაგან მისი დამოუკიდებლობისა, გარანტიის გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ: 1. ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს; 2. მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. მითითებული წესი განმტკიცებულია სსკ-ის 887–ე მუხლის პირველ ნაწილში (ნორმის დეფინიცია იხ. 9.4.1 ქვეპუნქტში) , რომლის მიხედვითაც, გარანტს შეუძლია, უარი უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ის არ შეესაბამება გარანტიაში გათვალისწინებულ გარემოებებს და მას არ გააჩნია უფლება, კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ წამოაყენოს ის მოთხოვნები, რომლებიც ძირითადი ვალდებულების შესრულებასთანაა დაკავშირებული.
11.4. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბენეფიციარის მიერ გარანტისთვის წარდგენილ მოთხოვნაზე თანდართული დოკუმენტების თანახმად, დასტურდებოდა, რომ მოთხოვნის წარდგენის მომენტისთვის (2014 წლის 19 აგვისტო) პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის შესრულებული სამუშაოების ღირებულება (819 962.09 ლარი) აღემატება გარანტიის თანხას (275 000 ლარი). ამ ვითარებაში, გარანტის უარი გარანტიით გათვალისწინებული თანხის (275 ათასი ლარის) გადახდაზე სრულად შეესაბამება საავანსო ანგარიშსწორების შესახებ №FRI/14–042523 საბანკო გარანტიის პირობებს (გარანტიის მეორე პუნქტი). სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტი იმის შესახებ, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის გაცემის მომენტისათვის (2014 წლის 6 ნოემბერს) გარანტს უარი ჰქონდა ნათქვამი ანაზღაურებაზე და გასული იყო ამ საბანკო გარანტიით განსაზღვრული ვადაც (04.09.2014 წ.).
11.4.1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის №FRI/14–042089
საბანკო გარანტიით გათვალისწინებული 88 000 (ოთხმოცდარვა ათასი) ლარის ანაზღაურებაზე უარის თქმა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გარანტის მხრიდან დაუსაბუთებელი იყო. ამ შემთხვევაში გარანტის უარი თანხის გადახდაზე არ ეფუძნებოდა არც ერთ ისეთ საფუძველს, როგორიცაა, მოთხოვნის შეუსაბამობა გარანტიის პირობებთან ან მოთხოვნის წარდგენა გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მეორე მოპასუხეს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის №FRI/14–042089 საბანკო გარანტიის შესაბამისად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 88 000.00 ლარის გადახდა (იხ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება: ტ.3, ს.ფ.128-453).
12. მოსარჩელის საკასაციო საჩივარი
12.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (ბენეფიციარმა) და მოითხოვა მისი სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მეორე მოპასუხის სააპელაციო საჩივარი.
13 . საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
13.1. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 ივლისის განჩინებით საკასაციო განაცხადი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად გამოაქვს დასკვნა, რომ სამინისტროს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.
19. მოსარჩელე საკასაციო შედავებას წარმოადგენს საავანსო ანგარიშსწორების შესახებ №FRI/14–042523 საბანკო გარანტიიდან გამომდინარე, გარანტისა და ბენეფიციარის (კასატორის) უფლება-მოვალეობების თაობაზე:
19.1. კასატორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ შეგნებულად აუარა გვერდი იმ უმთავრეს გარემოებას, რომ სახელმწიფო შესყიდვის საავანსო ანგარიშსწორების საბანკო გარანტია გაცემული იყო წინსწრებით და, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, უნდა გაქვითულიყო სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის ბოლო ეტაპზე (მშენებლობის სრულად დასრულების შემდეგ), ხოლო მანამდე, სამინისტრო მიმწოდებელთან ანგარიშს ასწორებდა ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით, რაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, დანაშაულებრივი ჯგუფის შეთანხმებული მოქმედებით, წინასწარი შეცნობით, სამინისტროსაგან მალულად ყალბდებოდა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მიხედვით, მენარდის შესრულებული სამუშაო ბევრად ნაკლები ღირებულების იყო, ვიდრე - ამ უკანასკნელისათვის შემკვეთის მიერ გადარიცხული თანხა. სააპელაციო სასამართლო არ მსჯელობს იმ უმთავრეს გარემოებაზე, რომ გაყალბებული აქტებით გაწერილი ხარჯები ნამდვილიც რომ ყოფილიყო, ამ შემთხვევაშიც კი, სამინისტროს უნდა მიეღო ავანსად გადარიცხული 275.000 ლარი, რადგან სამინისტრომ თანხა წინასწარ გადაუხადა მიმწოდებელს, ამ უკანასკნელს კი მითითებული თანხის ღირებულების სამუშაო არ შეუსრულებია;
19.2. სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების 2014 წლის 6 მარტის 6.3.1. მუხლის თანახმად, „საავანსო გადახდა შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიის საფუძველზე, საერთო სახელშეკრულებო ფასის 25%–დე, ხოლო დარჩენილი სამუშაოების ღირებულების გადახდა მოხდება ეტაპობრივად (საავანსო თანხების გამოქვითვის გარეშე) შესრულებული სამუშაოების მიხედვით (რომელიც დადასტურებული იქნება ფორმა # 2–ით, მიღება–ჩაბარების აქტით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადახდო დოკუმენტაციით) იმ პირობით, რომ ეტაპობრივად შესრულებული სამუშაოს შუალედური აქტების საფუძველზე გადახდები არ უნდა აღემატებოდეს საერთო ღირებულების 75%–ს“. აღნიშნულით დასტურდება, რომ იმ პიროებებში, როცა შესრულებული სამუშაოების ღირებულება 75%-ზე ნაკლებია, არ შეიძლება გაიქვითოს საბანკო გარანტიის თანხა;
19.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა გარანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საბანკო გარანტიის მე–2 პუნქტის თანახმად, საგარანტიო თანხა მცირდება პრინციპალის მიერ ბენეფიციარისათვის საქონლის მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯის პროპორციულად, ხოლო ბენეფიციარის შეტყობინებითა და წარმოდგენილი შუალედური მიღება–ჩაბარების აქტებით დასტურდებოდა, რომ თითქოსდა მენარდემ 819,962 ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა. ეს პუნქტი სასამართლომ იმგვარად განმარტა, რომ ვინაიდან პრინციპალსა და ბენეფიციარს შორის არსებობს გარკვეული სამუშაოების შესრულების ფაქტი, ეს უნდა გამოყენებულიყო ამ საბანკო გარანტიის ფარგლებში, მაშინ როცა, არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამგვარი შესრულება განხორციელდა სწორედ საბანკო გარანტიით გათვალისწინებული საავანსო თანხის ფარგლებში.
20. კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო შედავების საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო განმარტავს:
20.1. საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსსკ-ის 4.1- ე მუხლი). თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102.1-ე მუხლი). საპროცესო კანონის მიზანს წარმოადგენს არა მარტო მოსარჩელის დავალდებულება, წარუდგინოს სასამართლოს ის მტკიცებულებები, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის მის სასარგებლოდ გამოყენების წინაპირობებს ქმნიან, არამედ მოიაზრებს მოპასუხის დავალდებულებასაც, შესაგებლის ფარგლებში უზრუნველჰყოს მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა გაქარწყლება (სსსკ-ის 201-ე მუხლი).
20.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის შედავებას, როგორც მისი მატერიალურსამართლებრივი უსაფუძვლობის, ისე - მტკიცებბითი უპირატესობის წარუმატებლად განხორციელების გამო. საქმეზე წარდგენილი დოკუმენტებისა და მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების მისადაგების შედეგად საკასაციო სასამართლო განმარტავს:
20.2.1. კასატორის (ბენეფიციარის) მოთხოვნის დამფუძნებელ სამართლებრივ ნორმას გარანტის (მეორე მოპასუხის ) მიმართ წარმოადგენს სსკ-ის 870-ე მუხლი: „საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე“. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას საბანკო გარანტიის სამართლებრივი ბუნებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების 11.3.1 ქვეპუნქტი) და დამატებით განმარტავს: საბანკო გარანტია დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა, იგი პრინციპალის მიერ მოვალეობათა შესრულების საგარანტიო ხელშეკრულებაა და დამოუკიდებულია იმ ძირითადი ხელშეკრულებისაგან (შესაბამისად, მასში გათვალისწინებული პირობებისგან/ვალდებულებისგან), რომლის უზრუნველსაყოფადაც ის გაიცა. ამას იმპერატიულად ადგენს სსკ-ის 881-ე მუხლი (იხ. განმარტება 9.4.1 ქვეპუნქტი) და მისი შეცვლა მხარეებს არ შეუძლიათ. უფრო მეტიც, ის ხელშეკრულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა საბანკო გარანტია, შესაძლოა სულაც შეწყდეს ან ბათილად იქნეს ცნობილი, თუმცა, საბანკო გარანტიის ხელშეკრულება მაინც ძალაში დარჩება;
20.3.სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, თუ რა დოკუმენტები უნდა წარუდგინოს ბენეფიციარმა გარანტს იმისთვის, რომ გარანტმა ვალდებულება შეასრულოს და რა პირობების გათვალისწინებით შეუძლია გარანტს უარი თქვას საგარანტიო ვალდებულებაზე: „გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.“ განსახილველ შემთხვევაში, ნორმის ამოქმედებისთვის ზემოხსენებული ნორმებით გათვალისწინებული შემადგენლობა პროცედურული ნაწილის კონტექსტში მხარეთა შორის სადავო არაა, თუმცა, აღნიშნული მაინც ვერ უზრუნველყოფს ბენეფიციარის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას გარანტისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შინაარსის გამო, კერძოდ:
20.3.1. კასატორი მტკიცებულებათა შეფასების ნაწილში მიუთითებს დოკუმენტებზე, რომლებიც ბანკს გარანტიის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში წარუდგინა და მიუთითებს იმ დოკუმენტზეც (ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე), რომელიც მას შემდეგ მოიპოვა, რაც საბანკო გარანტიას ვადა გაუვიდა (ანუ 2014 წლის 4 ოქტომბრის შემდეგ). საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ გარემოებებს: 1. რას ადასტურებს ის დოკუმენტები, რომლებიც ბენეფიციარის მიერ გარანტიის მოქმედების ვადაში იქნა წარდგენილი და რამდენად მართლზომიერი იყო ამ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გარანტის უარი ბენეფიციარისადმი; 2. წარმოეშობა თუ არა გარანტს შესრულების ვალდებულება, თუკი ვადის გასვლის შემდეგ ბენეფიციარის სასარგებლოდ შეიცვლება ფაქტობრივი გარემოებები.
20.3.2. დადგენილია, რომ სადაზღვევო კომპანიამ საავანსო ანგარისშწორების საბანკო გარანტიიდან გამომდინარე მოთხოვნაზე ბენეფიციარს უარი განუცხადა იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, პრინციპალის მიერ შესრულებული იყო 280 037,91 ლარის სამუშაო, ხოლო ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, გარანტიის თანხა შემცირდებოდა პრინციპალის მიერ ბენეფიციარისთვის საქონლის, მომსახურებისა თუ სამუშაოების ფაქტობრივი მიწოდებისა და სხვა მიზნობრივი ხარჯვის პროპორციულად. მაშასადამე, გარანტს გააჩნდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უარის თქმის საფუძვლები, რადგან არ არსებობდა საბანკო გარანტიის საფუძველზე ბენეფიციარის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულების წინაპირობები, ე.ი. არ დადასტურდა იმ ვალდებულებების დარღვევა (საავანსო თანხის არამიზნობრივ გახარჯვა), რის უზრუნველაყოფადაც გარანტია გაიცა, ამ გარემოებამ გარანტის უარს სამართლებრივი მართლზომიერება შესძინა.
20.3.3. კასატორის მიერ მითითებულ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ შესრულებული სამუშაოების თაობაზე შედგენილი ანგარიშფაქტურები ყალბი იყო, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ეს ფაქტები სამოინისტროს არ მიუთითებია მის მიერ აღძრულ სარჩელში, არც - სააპელაციო საჩივარში (იხ. სარჩელი - ტ.1, ს.ფ. 2-27, სააპელაციო საჩივარი - ტ.3, ს.ფ. 10-24), მხოლოდ კასაციის ეტაპზე წარმოადგინა ამ სახის შედავება, რაც, ბუნებრივია ვერ გახდებოდა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობის საგანი. საკასაციო სასამართლო კი უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში. კასატორის მტკიცებით, მენარდის მიერ შესრულებული სამუსაოების ღირებულების გაყალბების შესახებ ბენეფიციარისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როცა საბანკო გარანტიას ვადა გასული ჰქონდა, ანუ გარანტიის მოქმედების პერიოდში ამის შესახებ არც გარანტი და არც ბენეფიციარი ინფორმირებული არ ყოფილა. სსკ-ის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადება ადგენს, რომ გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ წარედგინა. საკასაციო სასამართლო არაერთ საქმეზე განმარტავს: „ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (იხ., სუსგ Nას-749-709-2015, 25 სექტემბერი, 2015 წელი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე (იხ. სუსგ 17.03.2009წ. №ას-781-996-08, სუსგ 4.05.2015წ. №ას-161-151-2015). კანონი გარანტისათვის ფულადი თანხის გაცემის დამოუკიდებელ ვალდებულებას აწესებს, რა დროსაც უნდა უნდა დადგინდეს გარანტიის ხელშეკრულების პირობები და მისი მოქმედების ვადა. ა ღნიშნულიდან გამომდიანრე უპირველესად დასადგენია ბენეფიციარის მოთხოვნა გარანტიის თანხის გაცემის თაობაზე შეესაბამებოდა, თუ არა გარანტიის პირობებს“ (იხ. სუსგ # ას-1231-1157-2017, 01.12.2017წ.)
20.3.4. უდავოა, რომ ბენეფიციარი თავად იყო პასუხისმგებელი გარანტისათვის წარდგენილი დოკუმენტების სისწორეზე (შესრულებული სამუშაოების რეალურ (ნამდვილ) ღირებულებაზე), გარანტიის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგკი, მას აღარ გააჩნია არც სამართლებრივი და არც სახელშეკრულებო საფუძველი, რომ გარანტს შესრულება მოთხოვოს. უსაფუძვლოა ბენეფიციარის მტკიცება, რომ მენარდის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების სესახებ ექსპერტიზის ბიურომ მოგვიანებით სხვა შინაარსის დასკვნა შეადგინა და აღნიშნული გარემოება მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დადასტურებისათვის მტკიცებით უპირატესობას ანიჭებს.
20.3.5. იმ პირობებში, როდესაც სასამართლომ, გარანტიის მოქმედების ვადაშიე დაადგინა მენარდის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების იმ მოცულობით შესრულების ფაქტი, რომელიც საგარანტიო თანხის გაქვითვის შესაძლებლობას იძლეოდა, დაუსაბუთებელია შედავება, რომ არ დასტურდება საავანსო ანგარისწორების სახით გადახდილი თანხის მიზნობრივი ხარჯვა.
20.3.6. კასატორის შედავება, რომ გარანტის უარს გამორიცხავს მიმწოდებელსა (მენარდესა) და შემსყიდველს (შემკვეთს) შორის არსებული ის სახელშეკრულებო დათქმა, რომ ავანსი მას შემდეგ უნდა გაქვითულიყო, რაც მიმწოდებელი (პრინციპალი) სამუშაოთა 75 %-ს შეასრულებდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, დაუსაბუთებელია და გარანტის მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებასთან სამართლებრივი კავშირი არ გააჩნია, რადგან, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, საბანკო გარანტია დამოუკიდებელ ხელშეკრულებას წარმოადგენს და გარემოებები, რომლებზეც კასატორი მიუთითებს (გაქვითვისა და ანგარიშსწორების ბოლო ვადა, შეფარდება მთლიანი სამუშაოს ღირებულებასთან, ავანსის გაქვითვის დრო და ა. შ), მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის არსებული სამართლურთიერთობის ნაწილია და არა საგარანტიო ხელშეკრულების საგანი. ამდენად, ისინი საბანკო გარანტიის ხელშეკრულების საფუძველზე დამდგარ სამართლებრივ შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს.
21. გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (იხ. სუსგ-ები: №ას-562-871-09, №ას-1189-1149-2016, №ას-755-706-2017; ასევე - ამ განჩინების 20.3.3 ქვეპუნქტი ).
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მიანიჭა, ხოლო კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითი განხილვისთვის დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
23. სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე