საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-373-შ-8-2018 17 აპრილი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ. კ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ე-ი (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის, იბენბურენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება N41F148/15
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის, იბენბურენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის N41F148/15 გადაწყვეტილებით გაუქმდა, 2013 წლის 21 ოქტომბერს რეკეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ, მ. კ-სა (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ბ. ე-ს (შემდეგში: მოპასუხე) შორის რეგისტრირებული ქორწინება N E 40/2013.
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2018 წლის 26 იანვარს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა გერმანიის, იბენბურენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის N41F148/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული 2016 წლის 22 ივნისიდან.
4. გერმანიის სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე სასამართლომ იმსჯელა გადაწყვეტილება მიიღო ზეპირი მოსმენით, ამასთან, მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 მარტის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, გერმანიის, იბენბურენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის N41F148/15 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი აღძრა მოსარჩელემ მეუღლის წინააღმდეგ და მოპასუხეს სარჩელის საწინააღმდეგო მოსაზრება არ გამოუთქვამს.
7. გერმანიის, იბენბურენის პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის განმარტება, რომ ქორწინებიდან ერთ თვეში მოპასუხე არ გამოჩენილა, შესაბამისად, სასამართლომ აღარ განიხილა შერიგების ღონისძიებები, რადგან აღნიშნული და მხარეთა შემდგომი თანაცხოვრება შეუძლებლად მიიჩნია.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
9. ამ განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. კ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის, იბენბურენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 8 აპრილის N41F148/15 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე გაუქმდა 2013 წლის 21 ოქტომბერს რეკეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ, მ. კ-სა და ბ. ე-ს შორის რეგისტრირებული ქორწინება N E 40/2013.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე