Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-759-შ-18-2018 13 აპრილი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ზ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პეროვის რაონული სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის N2-1147/10-04 გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის განჩინება (გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ)

დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა, ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პეროვის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ. ს-ს ასულ გ-ს (შემდეგში: მოპასუხე ან ბავშვის დედა) 2002 წლის 3 მარტს დაბადებული შვილის _ ვ. გ-ის (შემდეგში: ბავშვი ან არასრულწლოვანი) მიმართ, ჩამოერთვა მშობლის უფლება და იგი გადაეცა ქ. მოსკოვის, აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ნოვოგირეევოს, რაიონის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს.

2. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პეროვის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის განჩინებით ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებულ გადაწყვეტილებაში გასწორდა ტექნიკური უსწორობა და მოტივირებული გადაწყვეტილების მე-12 ნაწილსა და მისი სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „ნოვოგირეევოს“ მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს ნაცვლად მიეთითა „პერევოს“ მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო; გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ ნაწილში მიეთითა, რომ მშობლის უფლებები, არასრულწლოვან შვილთან მიმართებით, გადაეცა ზ. ვ-ის ძე გ-ს (შემდეგში: ბავშვის მამა, მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი).

3. რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პეროვის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ბავშვის მამამ შეიტანა სარჩელი ბავშვის დედის წინააღმდეგ მშობლის უფლების ჩამორთმევისა და ალიმენტის დაკისრების მოთხოვნით.

4. უცხო ქვეყნის სასამართლომ მხარეთა, მოწმეთა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელთა, პროკურორის ახსნა-განარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ ბავშვის დედას მშობლის უფლება უნდა ჩამოერთვას მშობლის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (რფ საოჯახო კოდექსის 69-ე მუხლი).

5. საკასაციო სასამართლოში არასრულწლოვანის მამის მიერ 2018 წლის 19 თებერვალს აღძრული შუამდგომლობით მოთხოვნილია ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა იმ დასაბუთებით, რომ არასრულწლოვანს სჭირდება პასპორტი, ხოლო სამოქალაქო რეესტრს უნდა წარედგინოს საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

6. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება და განჩინება კანონიერ ძალაშია შესული.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 5 მარტის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა ბავშვის დედას (რუსეთი, ქ. მოსკოვი, ნ-ოს ქუჩა, სახლი N12, კორპუსი N2, ბინა N20). საფოსტო უკუგზავნილით დადასტურებულია, რომ გზავნილი ადრესატს 2018 წლის 19 მარტს ჩაბარდა.

9. ბავშვის დედას, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, მოსაზრება არ წარმოუდგენია, მას საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო მოსარჩელის შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ ბავშვის მამის მოთხოვნა, რუსეთის ფედერაციის, ქ. მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პეროვის რაონული სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის N2-1147/10-04 გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის განჩინების (გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს სასამართლოების საერთაშორისო კომპეტენცია მშობლებსა და შვილებს შორის პირადი ურთიერთობების, შვილების წარმოშობის, მამობის დადგენის და მათთან დაკავშირებული დავების საქმეებზე, თუ პროცესის ერთ-ერთი მხარე საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

11. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენციის (შემდეგში - მინსკის კონვენცია) კონვენციის“ მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

12. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილია საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარება, რომლის საფუძველზეც არასრულწლოვან ბავშვზე, რომლის პირადობის მოწმობა საქართველოშია აღებული, მშობლის უფლება ჩამოერთვა დედას და გადაეცა მამას.

13. მინსკის კონვენციისა და ამ განჩინების მე-10 პუნქტში დასახელებული კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

14. მინსკის კონვენციითა და სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარება /ცნობა/ არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის გამოვლენილი.

15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის კონვენციის 51-55-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ. გ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული იქნეს რუსეთის ფედერაციის ქ. მოსკოვის აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის პეროვის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 დეკემბრის N2-1147/10-04 გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2005 წლის 29 მარტის განჩინება (გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ), რომლებითაც:

2.1. ნ. ს-ს ასულ გ-ს 2002 წლის 3 მარტს დაბადებული შვილის _ ვ. გ-ის მიმართ, ჩამოერთვა მშობლის უფლება და იგი გადაეცა ქ. მოსკოვის, აღმოსავლეთის ადმინისტრაციული ოლქის ნოვოგირეევოს, რაიონის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს;

2.2. მოტივირებული გადაწყვეტილების მე-12 ნაწილსა და მისი სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში „ნოვოგირეევოს“ მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანოს ნაცვლად მიეთითა „პერევოს“ მზრუნველობისა და მეურვეობის ორგანო;

2.3. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველ ნაწილში მიეთითა, რომ მშობლის უფლებები, არასრულწლოვან შვილთან მიმართებით, გადაეცა ბავშვის მამას - ზ. ვ-ის ძე გ-ს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი