საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ა-3533-შ-93-2017 14 მარტი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
შუამდგომლობის ავტორი – ვ. ვ-ი (მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ. ც-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ფ-ე (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2-2582/2016 გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2013 წლის 11 იანვრის ხელწერილით დადასტურებულია, რომ ვ. ვ-მა (შემდეგში: მოსარჩელე, გამსესხებელი, კრედიტორი ან შუამდგომლობის ავტორი) მ. ფ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, მსესხებელი, მოვალე ან მოწინააღმდეგე მხარე) ასესხა 2 300 000 რუბლი, ორი თვის ვადით, პროცენტის ოდენობა თვეში 5%-ით განისაზღვრა.
2. გამსესხებელმა სარჩელი აღძრა მსესხებლის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 5 626 675.84 რუბლის (ძირითადი თანხა - 2 300 000 რუბლი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტი - 2 932 500 რუბლი, კანონით გათვალისწინებული პროცენტი - 394 255.84 რუბლი) დაკისრება, სესხის ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
3. რუსეთის ფედერაციის, ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2-2582/2016 გადაწყვეტილებით კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მსესხებელს, გამსესხებლის სასარგებლოდ, დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 2 300 000 რუბლის, სესხით სარგებლობის პროცენტის - 230 000 რუბლის და სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობისათვის პროცენტის - 455 924,20 რუბლის, ჯამში - 2 985 924,2 რუსული რუბლის ანაზღაურება.
4. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყვნენ საქმის განხილვაზე, თუმცა, მოსარჩელე და მოპასუხე სხდომას არ დასწრებიან. მათ ინტერესებს მათივე უფლებამოსილი წარმომადგენლები იცავდნენ. უცხო ქვეყნის სასამართლო აღნიშნავს, რომ მოვალემ არაერთხელ წარადგინა მოსაზრება სარჩელის წინააღმდეგ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მისთვის სარჩელისა და სასამართლო განხილვის თაობაზე ცნობილი იყო, ხოლო მისი პრეტენზიები საქმის გაჭიანურებას ისახავდა მიზნად.
5. მოპასუხემ უცხო ქვეყნის სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ჩატარებულიყო გრაფიკული ექსპერტიზა, რაც დაადასტურებდა, რომ მოსარჩელისაგან სესხის აღების შესახებ ხელწერილი მოპასუხეს არ დაუწერია. სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა, თუმცა, მასში მონაწილეობის მისაღებად, ხელწერის ნიმუშის ასაღებად, მოვალე არ გამოცხადდა. მოპასუხემ განმარტა, რომ ის უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა და ექსპერტიზაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა, რადგან პასპორტი ჰქონდა დაკარგული.
6. უცხო ქვეყნის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის მიერ მოსარჩელისათვის სესხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარდგენილი არ იყო, რის გამოც სარჩელი დასაბუთებულად მიიჩნია. უცხო ქვეყნის სასამართლო მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ოდენობაში არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოვალეს მხოლოდ 2 თვის პროცენტი უნდა დაეკისროს, ისე, როგორც ეს მხარეთა შეთანხმებით იყო დადგენილი.
7. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსესხებლის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
8. ქ. ორენბურგის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეების სასამართლო კოლეგიის 2017 წლის 9 თებერვლის სააპელაციო განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა.
9. 2017 წლის 21 აგვისტოს მოსარჩელის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა რუსეთის ფედერაციის, ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2-2582/2016 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულება.
10. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 სექტემბრის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული განსახილველად.
12. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი, შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
13. 2018 წლის 30 იანვარს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოწინააღმდეგე მხარემ და განმარტა, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება არ უნდა მოხდეს, რადგან მას კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა სხდომის თაობაზე და არ მიეცა შესაძლებლობა საქმის განხილვაში მონაწილეობა მიეღო. მას რომ მისცემოდა შესაძლებლობა წარმდგარიყო უცხო ქვეყნის სააპელაციო სასამართლოს წინაშე, ის აუცილებლად დაამტკიცებდა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.
14. მოწინააღმდეგე მხარემ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა ითხოვა.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა დაინიშნა 2018 წლის 28 თებერვალს, 16:00 საათზე, რის თაობაზეც კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იქნენ მხარეები.
16. 2018 წლის 28 თებერვლის სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდა. საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა #8 პენიტენციური დაწესებულების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მსჯავრდებული (განსახილველი საქმის მოპასუხე) სათანადო წესით არ იყო ინფორმირებული სხდომის თაობაზე.
17. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო უკუგზავნილი, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა, რომ #8 პენიტენციური დაწესებულებას სასამართლოს შეტყობინება, სხდომის დანიშვნისა და მსჯავრდებულის სასამართლოში გამოცხადების უზრუნველყოფის შესახებ, ჩაჰბარდა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 თებერვლის სხდომა გადაიდო 2018 წლის 14 მარტისათვის, 16:00 საათზე.
18. 2018 წლის 14 მარტის სხდომაზე გამოცხადნენ შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელი და მოწინააღმდეგე მხარე. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა ახსნა-განმარტება შუამდგომლობაში დასახელებულ გარემოებებზე მითითებით წარადგინა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ დავის არსებით საკითხებზე ისაუბრა. საკასაციო სასამართლომ განუმარტა მოპასუხეს უზენაესი სასამართლოს მიერ შუამდგომლობის განხილვის პროცესუალურსამართლებრივი ფარგლები და მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ სარწმუნოდ უნდა ამტკიცოს ის პროცესუალური საკითხები, რამაც შესაძლოა უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა განაპირობოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის, თანდართული მასალებისა და მხარეთა ზეპირი ახსნა-განმარტებების შესწავლის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციისა (შემდეგში - „მინსკის კონვენცია“) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებულ უნდა იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის, ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2-2582/2016 გადაწყვეტილება.
19. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საფუძველზე ირკვევა, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილ სარჩელს ფაქტობრივ საფუძვლად დაედო ის გარემოებები, რომ:
19.1. 2013 წლის 11 იანვრის ხელწერილით დადასტურებულია, რომ შუამდგომლობის ავტორმა მოწინააღმდეგე მხარეს ასესხა 2 300 000 რუბლი, ორი თვის ვადით, პროცენტის ოდენობა თვეში 5%-ით განისაზღვრა;
19.2. მოპასუხეს მოსარჩელისათვის ვალი არ დაუბრუნებია.
20. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, ის სხდომაზე არ გამოცხადებულა, თუმცა, სხდომას ესწრებოდა და მოპასუხის ინტერესებს იცავდა ამ უკანასკნელის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე თავის წერილობით პასუხში მხოლოდ იმას უთითებს, რომ მას არ ჩაბარებია შეტყობინება სათანადო წესით, თუმცა, საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად არ წარმოუდგენია დამაჯერებელი მტკიცებულება, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ გადაწყვეტილებაში მხარის ჯეროვანი ინფორმირების თაობაზე მითითებულ გარემოებას საეჭვოს გახდიდა. მოპასუხე ვერც იმ გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულებაზე უთითებს, რომ ქ. ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს სხდომას მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი ესწრებოდა.
21. საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოპასუხის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით წარიმართა. მოვალემ ისაუბრა დავის არსებით საკითხებზე, სესხის ურთიერთობის არარსებობაზე, მისი განმარტებით, მას სურდა, რომ გრაფიკული ექსპერტიზა საქართველოში ჩატარებულიყო, რაც უცხო ქვეყნის სასამართლომ არ გაითვალისწინა.
22. „მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (შემდეგში - იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.
23. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის „მინსკის კონვენციის“ 53-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების აღიარებისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად, ასევე, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით დადგენილი რომელიმე წინაპირობა წარმოდგენილი შუამდგომლობით მოთხოვნილი სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და მის აღსრულებაზე უარსაყოფად.
25. სასამართლო სხდომაზე მოპასუხისმიერ გაჟღერებული პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დავის განმხილველი სასამართლოს ადგილსამყოფელის მიხედვით მოქმედი სამართლით არის მიღებული უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე აღიარება და აღსრულებაა მოთხოვნილი, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არსებითად ვერ იმსჯელებს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების სამართლებრივ გამართულობაზე. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და საქართველოს უზენაესი სასამართლო მხოლოდ ამ გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებისა და აღსრულების საკითხზე მსჯელობს.
26. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე და ზეპირი განხილვაც მოითხოვა. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის შუამდგომლობის ზეპირი განხილვა გაიმართა, თუმცა, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ არსებობდა უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებასა და აღსრულებაზე უარის თქმის რომელიმე საფუძველი, გათვალისწინებული მინსკის კონვენციით ან სპეციალური კანონით.
27. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს „მინსკის კონვეციისა“ და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს გამსესხებლის შუამდგომლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ კონვენციის 51-55 მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ვ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებული იქნეს და აღსრულდეს რუსეთის ფედერაციის ქალაქ ორენბურგის ცენტრალური რაიონული სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის N2-2582/2016 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე მ. რ-ის ძე ფ-ეს ვ. რ-ის ძე ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა:
2.1.2013 წლის 11 იანვრის ხელწერილის მიხედვით ძირითადი ვალის - 2 300 000, 00 (ორი მილიონ სამასი ათასი) რუბლის, სესხით სარგებლობის პროცენტების - 230 000, 00 (ორას ოცდაათი ათასი) რუბლის, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლის წესით სხვისი ფულადი სახსრებით სარგებლობის პროცენტების - 455 924, 20 რუბლის (ოთხას ორმოცდათხუთმეტი ათას ცხრაას ოცდაოთხი რუბლისა და ოცი კაპიკის) გადახდა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ეკატერინე გასიტაშვილი
მოსამართლეები: პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე