Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ა-5069-შ-130-2017 26 აპრილი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შპპ ''P-e''(მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ''ბ-ი'' (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – ყაზახეთის რესპუბლიკის, ატირაუს ოლქის სპეციალიზირებული რეგიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება N2301-17-00-2/709

დავის საგანი – დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის პარტნიორობასა ''P-e'' (შემდეგში: მოსარჩელე, შპპ, გამყიდველი, კრედიტორი ან შუამდგომლობის ავტორი) და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „ბ-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, შპს, მყიდველი, მოვალე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის, 2016 წლის 24 აგვისტოს, გაფორმდა ნავთობპროდუქტების ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანი იყო ვაკუუმის გაზოილი, მაზუთი, ღუმელის საწვავი (საერთო წონა 951.838 ტონა), ნასყიდობის საფასური 211 783.96 აშშ დოლარით განისაზღვრა.

2. გამყიდველმა სრულად შეასრულა ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, ხოლო მყიდველმა ნასყიდობის საფასური ნაწილობრივ /158 200 აშშ დოლარი/ გადაიხადა.

3. გამყიდველმა სარჩელი აღძრა მყიდველის წინააღმდეგ და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, მოპასუხისათვის კრედიტორის სასარგებლოდ 53 583.96 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

4. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ მიწვეული სასამართლო განხილვაზე. მოპასუხე საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ შეუტყობინებია სასამართლოსათვის. უცხო ქვეყნის სასამართლომ მოპასუხის სხდომაზე გამოუცხადებლობა არასაპატიოდ მიიჩნია, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა - დასაბუთებულად.

5. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით (ხელშეკრულება, სალაროს ორდერები, სარკინიგზო ზედნადებები) დადასტურებულია მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, რაც გამყიდველის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.

6. იქედან გამომდინარე, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც სარჩელს შეწინააღმდეგებია, უცხო ქვეყნის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველს გამყიდველის მოთხოვნებზე პრეტენზია არ გააჩნია.

7. მოსარჩელის შუამდგომლობას ერთვის ყაზახეთის სასამართლოს გზავნილი, რომელიც ადასტურებს, რომ 2017 წლის 12 აპრილს მოსარჩელესა და მოპასუხეს გაეგზავნათ უწყება სასამართლო სხდომის 2017 წლის 21 აპრილს, 15:00 საათზე დანიშვნის თაობაზე.

8. 2017 წლის 20 აპრილს უცხო ქვეყნის სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა მოპასუხემ და სხდომის სხვა დროისათვის გადადება ითხოვა, რადგან სასამართლო უწყება 2017 წლის 18 აპრილს ჩაჰბარდა და იმავე წლის 21 აპრილის სხდომაზე გამოცხადებას ვერ შეძლებდა. მოპასუხემ ითხოვა სხდომა 2017 წლის 19 მაისის შემდეგ ჩანიშნულიყო.

9. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სასამართლომ მოპასუხის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მხარეებს 2017 წლის 4 მაისის უწყებით შეატყობინა, რომ სხდომა 2017 წლის 22 მაისს, 15:30 საათზე გაიმართებოდა (უწყებაში მითითებულია სხდომის დღე, საათი, ადგილი და განმარტება სხდომაზე გამოცხადების სავალდებულოობის თაობაზე).

10. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

11. ყაზახეთის რესპუბლიკის, ატირაუს ოლქის სპეციალიზირებული რეგიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის N2301-17-00-2/709 გადაწყვეტილებით გამყიდველის სარჩელი მყიდველის მიმართ დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა:

11.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 53 583.96 აშშ დოლარის ოდენობით, რაც 16 747 667 ტენგეს ეკვივალენტია;

11.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების - 502 430 ტენგეს ანაზღაურება სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის;

11.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის - 1 000 000 ტენგეს გადახდა.

12. მოსარჩელემ, 2017 წლის 6 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება ითხოვა.

13. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით გამყიდველის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

15. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინების ასლი შუამდგომლობისა და თანდართული დოკუმენტების ასლებთან ერთად მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და განემარტა, რომ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე, მას შეუძლია, მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

16. მოწინააღმდეგე მხარემ, 2018 წლის 15 იანვარს, მომართა უზენაეს სასამართლოს და წარმოადგინა მოსაზრება გამყიდველის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. მყიდველის განმარტებით, არ არსებობს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში: სპეციალური კანონი), გათვალისწინებული წინაპირობები. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად გადაწყვეტილების ცნობა არ უნდა მოხდეს, რადგან მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სხდომის თაობაზე. მოპასუხის განმარტებით, მას არ მიეცა შესაძლებლობა საქმის განხილვაში მიეღო მონაწილეობა. მყიდველი აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას არ ერთვის მოპასუხისათვის უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

17. მოპასუხის განმარტებით უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ უნდა მოხდეს, რადგან ის არ არის კანონიერ ძალაში შესული (სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტი). მოპასუხეს უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება არ ჩაჰბარებია და, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადაც არ გასულა, რადგან გასაჩივრების ვადის ათვლა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან იწყება.

18. მოწინააღმდეგე მხარეს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა არ მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ გამყიდველის შუამდგომლობა, ყაზახეთის რესპუბლიკის, ატირაუს ოლქის სპეციალიზირებული რეგიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის N2301-17-00-2/709 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მხარეთა პოზიციების გაცნობის შედეგად, დადგინდა სადავო საკვანძო საკითხი - უცხო ქვეყნის სასამართლო უწყებისა და საცნობი გადაწყვეტილების მოვალისათვის ჩაბარების ფაქტი.

20. საქმეში წარმოდგენილი უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, მათ შორის, მხარეთა განმარტებების, ერთობლივად გაანალიზებისა და შეჯერების საფუძველზე უტყუარად დასტურდება, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული იყო უცხო ქვეყანაში დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე.

21. საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ორმხრივი ხელშეკრულების (შემდეგში: ორმხრივი ხელშეკრულება) 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, „სასამართლო, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა, არ განიხილავს გადაწყვეტილებას არსებითად, არამედ განიხილავს მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობაში“.

22. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმის შესწავლის ძირითადი ნაწილი დაეთმო მოვალისათვის უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყებების ჩაბარების საკითხს არა იმიტომ, რომ აღნიშნულის შესახებ არასაკმარისად იქნა მიჩნეული მეგობარი სახელმწიფოს სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, არამედ - განსახილველ შემთხვევაში, ორმხრივი ხელშეკრულების 26-ე მუხლის 1.3. ქვეპუნქტით დადგენილი /თუ მხარეს, რომელიც არ მონაწილეობდა პროცესში, გადაწყვეტილების გამომტანი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჩაბარდა უწყება სასამართლოში გამოცხადების შესახებ .../ და სპეციალური კანონის საფუძველზე, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გამომრიცხველი წინაპირობების, კერძოდ, 68-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი მოწესრიგების /გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები/ გამოკვლევის მიზნით.

23. მოპასუხის მტკიცების (იხ. ამ განჩინების 16-17 პუნქტები) საგანს წარმოადგენდა იმის დადასტურება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იქნეს ცნობილი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილება იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მოვალე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: „სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული განსხვავებული წესის მიხედვით“. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად: „ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს“.

25. მოპასუხის მტკიცების საწინააღმდეგოდ მოსარჩელის მიერ წარდგენილი არგუმენტები ასახულია წინამდებარე განჩინების 7-9 პუნქტებში.

26. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე, განსახილველი შუამდგომლობის დასაბუთებულობის კვლევის დროს, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოება, მხარისათვის უწყების ჩაბარების თაობაზე, ქმნის გაქარწყლებად პრეზუმფციას, რომლის გაბათილება, ამ შემთხვევაში, სტანდარტული მტკიცებულებით ვერ მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ მოწინააღმდეგე მხარეს მიეცეს საკუთარი პოზიციის დამტკიცების ანუ პრეზუმფციის, როგორც ვარაუდის, გაქარწყლების შესაძლებლობა, რაც მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნა უზრუნველყოფილი მოპასუხისათვის, თუმცა, მან ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის შუამდგომლობის ავტორისათვის გადაკისრება.

27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს, რომ მოპასუხეს 2017 წლის 12 აპრილს გაგზავნილი უწყება 2017 წლის 18 აპრილს ჩაჰბარდა, რასაც თავადაც აცხადებს და ადასტურებს. საკასაციო სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ იმავე მისამართზე ჩაჰბარდა მოვალეს უზენაესი სასამართლოს გზავნილი 2018 წლის 10 იანვარს. აღნიშნული გარემოებები სარწმუნოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხის სწორ მისამართზე იგზავნებოდა სასამართლო გზავნილები. სწორედ ამიტომ, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს 2017 წლის 4 მაისს გაგზავნილი უწყებით მოპასუხეს ეცნობა 2017 წლის 22 მაისს დანიშნული სხდომის თაობაზე, რასაც მოწინააღმდეგე მხარე დამაჯერებლად ვერ აქარწყლებს. მას, გარდა წერილობითი განმარტებისა, აღნიშნულის დამადასტურებელი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებები საკასაციო სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

28. მოვალის მიერ 2017 წლის 20 აპრილს უცხო ქვეყნის სასამართლოს წინაშე დაყენებული შუამდგომლობა, სხდომის გადადების შესახებ, უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო კრედიტორის მიერ აღძრული სარჩელისა და სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის თაობაზე (მოპასუხის შუამდგომლობაშია მითითება აღნიშნულის შესახებ). უცხო ქვეყნის სასამართლომ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა და საქმის განხილვა 2017 წლის 22 მაისს (19 მაისის შემდეგ) დანიშნა (იხ. ამ განჩინების მე-8 პუნქტი). შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეს სარჩელის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეწინააღმდეგებოდა სარჩელს და კრედიტორის მოთხოვნის საწინააღმდეგო არგუმენტები წარედგინა, რაც მოვალეს არ განუხორციელებია.

29. „მოპასუხის სათანადო წესით მოწვევასთან მიმართებით მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც შუამდგომლობას თან ერთვის მოპასუხის მოწვევის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, წარმოიშობა გაბათილებადი პრეზუმფცია (rebuttable presumption), რომ მოპასუხე მოწვეული იყო სასამართლო განხილვაზე. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, წარმოადგინოს დამატებითი მტკიცებულებები, რათა ეს პრეზუმფცია გააბათილოს და მტკიცების ტვირთი კვლავ მოსარჩელეზე გადაიტანოს“ (საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარება სამოქალაქო საქმეებზე, პრაქტიკული სახელმძღვანელო, თბილისი, 2018 წ. გვ:110).

30. "საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება" (იხ. სუსგ №ას-299-284-2016).

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2017 წლის 29 ივნისს შევიდა, რასაც ხელმოწერით ადასტურებს უცხო ქვეყნის სასამართლოს მოსამართლე. სასამართლო აქტის მაღალი ლეგიტიმაციიდან გამომდინარე, მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, რადგან ის ჯერ მხარეს არ ჩაბარებია და, შესაბამისად, გასაჩივრების ვადაც არ გასულა (იხ. ამ განჩინების მე-17 პუნქტი), არასაკმარისი მტკიცებულებაა. კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ სასამართლო აქტში მითითებული ჩანაწერის გაქარწყლებას დასაბუთებული მტკიცებულება სჭირდება, რაც მოცემულ საქმეზე მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

32. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ორმხრივი ხელშეკრულების პირველ მუხლზე, რომელიც სამართლებრივ დაცვას აწესრიგებს და მისი პირველი პუნქტი ადგენს, რომ „ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის მოქალაქეები“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებები გამოიყენება იურიდიული პირებისა და მათთან გათანაბრებული წარმონაქმნების მიმართ. მაშასადამე, ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, იურიდიული პირები და მსგავსი ორგანიზაციული წარმონაქმნები სარგებლობენ უფლებით, მიმართონ სასამართლოს, იუსტიციის ორგანოებს და სხვა დაწესებულებებს, თუკი ამ უკანასკნელთა კომპეტენციას განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა.

33. ორმხრივი ხელშკრულების მე-3 მუხლი, სამართლებრივი დახმარების სახით, ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობასა და აღსრულებას, ხოლო მე-4 მუხლით განსაზღვრულია სამართლებრივი დახმარების აღმოჩენისას ურთიერთობის წესი. ორმხრივი ხელშეკრულების მეორე თავი ეძღვნება სამართლებრივ დახმარებას სამოქალაქო საქმეებზე და მე-18 მუხლით დადგენილია სამართლებრივი დახმარების მოცულობა, მათ შორისაა სასამართლო გადაწყვეტილებათა, ცნობა და აღსრულება.

34. ორმხრივი ხელშეკრულების 22-26 მუხლებით დადგენილია ცნობასა და აღსრულებას დაქვემდებარებულ გადაწყვეტილებათა შესახებ შუამდგომლობის წარდგენის წესი. საკასაციო სასამართლო, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ყურადღებას გაამახვილებს იმაზეც, რომ ორმხრივი ხელშეკრულების 23-ე მუხლის პირველ პუნქტის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შუამდგომლობის წარდგენა შესაძლებელია ხელშემკვრელი სახელმწიფოს სასამართლოსადმი, როგორც ცენტრალური ორგანოს მეშვეობით, ასევე, უშუალოდ განმცხადებლის მიმართვით. ამდენად, ამ თვალსაზრისითაც დაცულია ორმხრივი ხელშეკრულების დანაწესი წარმოდგენილი შუამდგომლობის პროცედურული ნაწილის შემოწმების თვალსაზრისით.

35. ამავე ხელშეკრულების 24-ე მუხლით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შემდეგნაირი წესია დადგენილი, ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების იმ მხარის სასამართლოს მიერ, რომელსაც წარედგინება შუამდგომლობა ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი წესით.

36. სპეციალური კანონის მე-2 მუხლით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით, ხოლო უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო(იხ. სპეციალური კანონის 68-ე მუხლი).

37. იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ორმხრივი ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია 1996 წლის 17 სექტემბერს, განსახილველ შემთხვევაში, მას უპირატესობა ენიჭება კონკრეტული სამართლებრივი ნორმების მისადაგებისას, ამიტომ საკასაციო სასამართლო აღარ მიუთითებს „მინსკის“ კონვენციის ანალოგიურ მოწესრიგებაზე, რადგან საქმეზე გამოსაკვლევი რომელიმე საკითხის სამართლებრივი დასაბუთებისათვის არ არსებობს მითითებული კონვენციის კონკრეტული რეგულირების გამოყენების საჭიროება, რაც დასაშვებია ისეთ შემთხვევაში, როდესაც ორმხრივი ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული რომელიმე საკითხი.

38. სპეციალური კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

39. მოხმობილი ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი. სპეციალური კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა. ამავე კანონის 70 - ე მუხლის საფუძველზე, წარმოდგენილ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილების მიღება საქართველოს უზენაესი სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება, ხოლო 71-ე მუხლით დადგენილი აღსრულების პროცედურისათვის შემოწმებულია 68-ე მუხლით დადგენილი წინაპირობები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე, 71-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპპ ''P-e-ის'' შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2.საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსასრულებლად მიექცეს ყაზახეთის რესპუბლიკის, ატირაუს ოლქის სპეციალიზირებული რეგიონთაშორისო ეკონომიკური სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის N2301-17-00-2/709 გადაწყვეტილება, რომლითაც:

2.1. შპს ''ბ-ს'' შპპ ''P-e-ის'' სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების გადახდა 53 583.96 (ორმოცდაცამეტი ათას ხუთას ოთხმოცდასამი აშშ დოლარისა და ოთხმოცდათექვსმეტი ცენტის) აშშ დოლარის ოდენობით, რაც 16 747 667 (თექვსმეტი მილიონ შვიდას ორმოცდაშვიდი ათას ექვსას სამოცდაშვიდი) ტენგეს ექვივალენტია;

2.2. შპს ''ბ-ს'' შპპ ''P-e-ის'' სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების ღირებულების ანაზღაურება სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის - 502 430 (ხუთას ორი ათას ოთხას ოცდაათი) ტენგეს ოდენობით;

2.3. შპს ''ბ-ს'' შპპ ''P-e-ის'' სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი წარმომადგენლის მომსახურების საფასურის - 1 000 000 (ერთი მილიონი) ტენგეს გადახდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე