Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-486-454-2017 31 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი - მ. გ-ი, ვ. მ-ე (მოპასუხეები)

წარმომადგენელი - მ. ძ-ი, ა. პ-ი, მ. ც-ი, ნ. გ-ე (ვ. მ-ის წარმომადგენელი)

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „ო-ა“(მოსარჩელე)

წარმომადგენელი - გ. მ-ე, ნ. შ-ე (თავმჯდომარე)

მესამე პირი - ა(ა)იპ „თბილისის განვითარების ფონდი“

წარმომადგენელი - ს. ს-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ო-ას“ (შემდეგში: მოსარჩელე, ბმა, ამხანაგობა, მეორე აპელანტი) 2009 წლის 11 ივლისის #2/10 კრების ოქმის მიხედვით (დამოწმების თარიღი: 17.07.2009), კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ. თბილისში, რ-ის გამზ. #23-ში მდებარე 10.31 კვ.მ. სათავსოს მ. გ-ის (შემდეგში: პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი, ამხანაგობის ყოფილი თავმჯდომარე) საკუთრებაში გადაცემის შესახებ (იხ. ტ. 2, ს.ფ. 27). საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ მითითებული სათავსო, საკადასტრო კოდით #0-, რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ზემოხსენებული ამხანაგობის კრების ოქმი #2/10 (დამოწმების თარიღი: 17.07.2009; ტ. 2, ს.ფ. 29-30).

2. ამხანაგობის 2009 წლის 11 ივლისის #2/14 კრების ოქმის მიხედვით (დამოწმების თარიღი: 26.08.2009), კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე მეტი, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქ.თბილისში, რ-ის გამზ. #23-ში მდებარე 74.52 კვ.მ. სხვენის ვ. მ-ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე, პირველი აპელანტი ან კასატორი) საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ტ.2, ს.ფ. 23-25). საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ დასახელებული სხვენი, საკადასტრო კოდით #0-, რეგისტრირებულია მეორე მოპასუხის საკუთრებად, ხოლო უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ამხანაგობის კრების ოქმი #2/14 (დამოწმების თარიღი: 26.06.2009; ტ. 2, ს.ფ. 31-32).

3. ბმა-ას 2009 წლის 16 აპრილის #2/6 კრების ოქმის მიხედვით (დამოწმების თარიღი: 26.06.2009 ), კრებას ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა 2/3- ზე მეტი, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება ქ.თბილისში, რ-ის გამზ. #23-ში მდებარე 63.85 კვ.მ. სხვენის ამ განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული პირველი მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ (ტ. 2, ს.ფ. 15-17). საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, აღნიშნული სხვენი საკადასტრო კოდით #0--, რეგისტრირებულია პირველი მოპასუხის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს ამხანაგობის 2009 წლის 7 ივლისის კრების ოქმი #2/6, დამოწმების თარიღი 07.07.2009 (ტ.2, ს.ფ.27-28).

4. ამხანაგობის 2012 წლის 29 დეკემბრის #2/27 კრების ოქმით დადგენილია, რომ ამხანაგობის თავმჯდომარედ პირველი მოპასუხის ნაცვლად არჩეული იქნა ნ. შ-ე (შემდეგში: ამხანაგობის ამჟამინდელი თავმჯდომარე ან წარმომადგენელი; იხ. ტ. 2, ს.ფ. 58-60).

5. ამხანაგობის 2013 წლის 6 მარტის #2/28 კრების ოქმის მიხედვით, მიღებულია გადაწყვეტილება, ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე, პირველი და მეორე მოპასუხეებისათვის, უკანონოდ გადაცემული ფართების დაბრუნებისა და კვლავ ამხანაგობის საკუთრებაში აღრიცხვის შესახებ. კრების ოქმი ხელმოწერილია ამხანაგობის 21 წევრის მიერ (ტ. 2, ს.ფ. 33-36).

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 13 თებერვლის #3/4015-2013 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებები, რომლებითაც გაუქმდა პირველი მოპასუხის საკუთრების უფლება ამ განჩინების მე-3 პუნქტში მითითებულ სხვენზე და აღნიშნული სხვენი კვლავ პირველი მოპასუხის საკუთრებად დარეგისტრირდა (ტ. 2, ს.ფ. 79-100).

7. 2007 წლის 21 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილია, რომ პირველმა მოპასუხემ რ. გ-ისგან შეიძინა ქ.თბილისში, რ-ის გამზ. #23-ში მდებარე უძრავი ქონება საერთო ფართით 40 კვ.მ (ტ.1, ს.ფ. 108-113). აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე პირველი მოპასუხის საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ქ.თბილისში, რ-ის გამზ. #23-ში მდებარე 43.37 კვ.მ. ფართი და 22 კვ.მ ანტრესოლი საკადასტრო კოდით #0- (ტ.1, ს.ფ.107-113).

8. დადგენილია, რომ ქ.თბილისში, რ-ის გამზ. #23-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა 2012 წლის აპრილის თვეში ხანძრის შედეგად და ა(ა)იპ თბილისის განვითარების ფონდს (შემდეგში: განვითარების ფონდი ან მესამე პირი) და უძრავი ქონების მესაკუთრეებს შორის დაიდო ხელშეკრულებები, ხანძრის შედეგად დაზიანებული სახლის დემონტაჟისა და ახალი შენობის აშენების შემდეგ, შესაბამისი ფართის გადაცემის შესახებ, ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ყველა ახალი დამატებითი ფართი, რომელიც იქნებოდა იზოლირებული, საკუთრებაში გადაეცემოდა ფონდს, სარეაბილიტაციო - სამშენებლო ხარჯების სანაცვლოდ (იხ. ტ.2; ს.ფ. 39-43; 101-134).

9. სარჩელის საფუძვლები

9.1. ამხანაგობამ (მისმა თავმჯდომარემ - ნ. შ-ემ, როგორც წარმომადგენელმა) 2015 წლის 1 აპრილს სარჩელი აღძრა პირველი და მეორე მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა ამხანაგობის კრების ოქმების: 1) 2009 წლის 11 ივლისის # 2/10 ოქმის; 2) 2009 წლის 11 ივლისის # 2/14 ოქმის და 3) 2009 წლის 16 აპრილის # 2/6 ოქმის ბათილად ცნობა (იხ. ამ განჩინების 1-3 პუნქტები), იმ დასაბუთებით, რომ ამხანაგობის წევრები არ ყოფილან მიწვეული საერთო კრებაზე და სხვა წევრთა საერთო საკუთრებაში არსებული ფართები საკუთარ თავზე დაირეგისტრირეს მოპასუხეებმა; სადავო ოქმები შედგენილია კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფით და მათი ბათილად ცნობისადმი მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი იმაში მდგომარეობს, რომ კვლავ ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებაში აღირიცხოს სადავო ფართები.

10. მოპასუხეთა შესაგებელი

10.1. მოპასუხეებმა არ ცნეს მათ წინააღმდეგ აღძრული სარჩელი იმ მოტივაციით, რომ კრებები მოწვეული იყო და ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით; კრების მოწვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებები განადგურდა სადავო ფართების მისამართზე გაჩენილი ხანძრის დროს. მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესი დავისადმი ვერ დასტურდება, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

11. მესამე პირის პოზიცია

11.1. განვითარების ფონდის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ქონების შესაბამისად მოხდა ხელშეკრულების გაფორმება და ვალდებულების აღება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებთან. პირველი მოპასუხე პრეტენზიას აცხადებდა ბინის და სხვენის ნაცვლად სამი ბინის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო ფართები აღირიცხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა და მათ შორის განვითარების ფონდის თანასაკუთრებად.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის საქალაქო სასმაართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, ამხანაგობის 2009 წლის 11 ივლისის # 2/10 ოქმის და # 2/14 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო კრების 2009 წლის 16 აპრილის # 2/6 ოქმის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი უარყოფილ იქნა.

12.2. სასამართლომ მოწმეთა განმარტებების მოსმენისა და გაანალიზების შედეგად შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები დაადგინა:

12.2.1.მოწმე ჯ. ვ-ის განმარტებით, იგი ამხანაგობის წევრია, 2009 წლის სადავო კრებებზე მიწვეული არ ყოფილა, კრების მოწვევის შესახებ განცხადება არ გამოქვეყნებულა, ის კრებებს არ დასწრებია. სხვენი არავის სარგებლობაში არ ყოფილა და მას არავინ იყენებდა; ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ლ. გ-ემაც (სხდომის ოქმი: 06.04.2016);

12.2.2. მოწმე ვ. ო-ას განმარტებით, იგი ამხანაგობის წევრია, 2009 წლის სადავო კრებებზე მიწვეული არ ყოფილა და არ დასწრებია მათ, მხოლოდ ერთხელ, ტელეფონზე დაუკავშირდა მ. გ-ი და უთხრა, რომ სურდა სხვენის საკუთრებაში გადაცემა და თუ იქნებოდა ამაზე თანახმა. სხვენის მფლობელობის შესახებ დასახელებული მოწმე ინფორმაციას არ ფლობს (სხდომის ოქმი: 06.04.2016);

12.2.3. მოწმე ა. რ-ოს განმარტებით, იგი ამხანაგობის წევრია, სხვენის გადაცემის შესახებ გაიგო ბოლო დროს, 2009 წლის კრებების მოწვევის, ჩატარებისა და დასწრების შესახებ არ ახსოვს; თუ კრება მიიღებს გადაწყვეტილებას სადავო ფართების გადაცემის შესახებ, მას რაიმე საწინააღმდეგო არ ექნება (სხდომის ოქმი: 06.04.2016);

12.2.4. მოწმე ნ. მ-ის განმარტებით, იგი ამხანაგობის წევრია, მას დაურეკეს კრების შესახებ, მაგრამ კრებას არ დასწრებია, აღნიშნულ მისამართზე ხშირად დადის, არ ცხოვრობს, გამოქვეყნებული რომ ყოფილიყო ეზოში რაიმე განცხადება, ნახავდა; სხვენები თუ არსებობდა და თუ სარგებლობდა ვინმე - არ იცის; შემდეგ მოწმემ მიუთითა, რომ, როგორც გაიხსენა, ესწრებოდა ერთ-ერთ კრებას მ. გ–ისათვის ფართის გადაცემის შესახებ, მაგრამ რაიმე დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია (სხდომის ოქმი: 06.04.2016);

12.2.5. მოწმე დ. ვ-ის განმარტებით, იგი ამხანაგობის წევრია, ამხანაგობის კრებებზე მიწვეული არ ყოფილა და არ დასწრებია, კრების მოწვევის შესახებ ეზოში გამოქვეყნებული განცხადება არ უნახავს, არ ფლობს ინფორმაციას სხვენების ფლობის შესახებ (სხდომის ოქმი: 06.04.2016);

12.2.6. მოწმე მ. წ-ას განმარტებით, ის ამხანაგობის წევრი არ არის, მისი მეუღლე არის ამხანაგობის წევრი და მეუღლის მიერ მინიჭებული მინდობილობით მონაწილეობდა 2009 წლის 16 აპრილის კრებაზე, რომელზეც მდივანი იყო. სადავო კრებები ჩატარდა, მაგრამ ვინ და რამდენი წევრი ესწრებოდა, არ ახსოვს. ამხანაგობის წევრებს არ იცნობდა, რადგან მითითებულ მისამართზე ახალი გადასული იყო საცხოვრებლად და ამხანაგობის წევრთა 2/3 რამდენს შეადგენდა, არ იცოდა. პირველი მოპასუხე (იხ. ამ განჩინების პირველი პუნქტი) ფლობდა სხვენს, რომელიც მას გადაეცა. სხვა პირი ფლობდა, თუ არა სხვენს, არ ახსოვს (სხდომის ოქმი: 06.04.2016).

12.3. მხარეთა განმარტებებითა და საქმეში წარდგენილი მასალებით საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა შედგება 24 წევრისგან. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებით არ დასტურდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 16 აპრილის კრების (ოქმი №2/6) და იმავე წლის 11 ივლისის კრებების (ოქმი №2/10 და ოქმი №2/14) „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონით (შემდეგში: ამხანაგობის კანონი) დადგენილი წესით მოწვევისა და ჩატარების ფაქტი. ასევე არ დასტურდებოდა, ამხანაგობის კანონის ძალაში შესვლის დროს არსებული მდგომარეობით, მოპასუხეთა საკუთრებაში გადაცემული ფართების ფლობის ფაქტი. დაკითხულ მოწმეთაგან მხოლოდ მ. წ-ამ (რომელიც არ არის ამხანაგობის წევრი) აღნიშნა, რომ ესწრებოდა ყველა კრებას, მაგრამ ვერ მიუთითა ამხანაგობის წევრებიდან ვინ და რამდენი წევრი ესწრებოდა კრებებს და რომ კრებების მოწვევის შესახებ კანონით დადგენილი წესით იყვნენ გაფრთხილებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები.

12.4. გადაწყვეტილების სამართლებრივი მოტივაციისას საქალაქო სასამართლომ მიუთითა ამხანაგობის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის, ამ კანონის ძალაში შესვლის დროს, არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

12.5. ამხანაგობის კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა.შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში.

12.6. დასახელებული კანონის 27-ე მუხლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. თუ თავმჯდომარე არ არის, ან იგი თავისი მოვალეობის საწინააღმდეგოდ თავს არიდებს კრების მოწვევას, კრება შეიძლება მოიწვიოს ნებისმიერმა მესაკუთრემ, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილობით. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს.

12.7. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების მოწვევასა და ჩატარებაზე ამხანაგობის შესახებ სპეციალური კანონით დადგენილი წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას, ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. მოცემულ შემთხვევაში, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას წესდება არ აქვს და, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელდეს სპეციალური კანონი.

12.8. ამხანაგობის კანონის თანახმად, კრებას იწვევს ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ინფორმირების მიზანია მხარეთა სათანადო მომზადება ამხანაგობის წინაშე დასმულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. კრების ჩატარების თარიღის, ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ წინასწარ ინფორმირება, ამხანაგობის წევრების კრებაზე მოწვევის, კრების ჩატარებისა და გადაწყვეტილების მიღებაში მათი მონაწილეობის მტკიცების ტვირთი ეკისრებათ მოპასუხეებს.

12.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

12.10. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეებმა ვერ წარადგინეს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო კრებები მოწვეული იყო და ჩატარდა კანონით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა განმარტებებით არ დასტურდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 16 აპრილის კრების (ოქმი №2/6) და იმავე წლის 11 ივლისის კრებების (ოქმი №2/10 და ოქმი №2/14) სპეციალური კანონით დადგენილი წესით მოწვევის და ჩატარების ფაქტი; ასევე, არ დასტურდებოდა მოპასუხეთა საკუთრებაში გადაცემული ფართების ფლობის ფაქტი ამხანაგობის შესახებ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებული მდგომარეობით. დაკითხულ მოწმეთაგან მხოლოდ მ. წ-ამ (რომელიც არ არის ამხანაგობის წევრი) აღნიშნა, რომ ესწრებოდა ყველა კრებას, მაგრამ ვერ მიუთითა ამხანაგობის წევრებიდან ვინ და რამდენი წევრი ესწრებოდა კრებებს და რომ კრებების მოწვევის შესახებ კანონით დადგენილი წესით იყვნენ გაფრთხილებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები. კრების ოქმებში მითითებული არ არის კონკრეტულად ამხანაგობის რამდენი წევრი ესწრებოდა კრებებს.

12.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ამხანაგობის კრების ოქმი, თავისი არსით, წარმოადგენს მრავალმხრივ გარიგებას, შესაბამისად სადავო კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნაზე, გარდა სპეციალური კანონის ნორმებისა, უნდა გავრცელდეს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი დებულებებიც. სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა - არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

12.12. ამხანაგობის კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. ამავე მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თავმჯდომარე უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა - პატრონობისათვის, ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის მუშა-მოსამსახურეების დაქირავებას და მათთან ხელშეკრულებების დადებას. ამავე კანონის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სამართლებრივ ურთიერთობებში ამხანაგობას წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი.

12.13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიულ ინტერესად მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ კრებები არ მოწვეულა, არ ჩატარებულა კანონის მოთხოვნათა დაცვით და სადავო კრების ოქმების საფუძველზე უკანონოდ განხორციელდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სხვენების და სარდაფის ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაცემა, რითაც შეიზღუდა ნ. შ-ის, როგორც ამხანაგობის წევრის და ასევე ამხანაგობის სხვა წევრთა უფლებები, ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში სადავო სხვენები და სარდაფი კვლავ ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრებად აღირიცხება.

12.14. ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა ამხანაგობის 2009 წლის 11 ივლისის №2/10 კრების ოქმის და №2/14 კრების ოქმის ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, ვინაიდან, აღნიშნული კრების ოქმების საფუძველზე საჯარო რეესტრში მოპასუხეთა ინდივიდუალურ საკუთრებად დარეგისტრირდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული სარდაფი და სხვენი, კრების ოქმები შედგენილია ამხანაგობის კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 11 ივლისის №2/10 კრების ოქმი და 11 ივლისის №2/14 კრების ოქმი. ამხანაგობის 2009 წლის 16 აპრილის №2/6 კრების ოქმთან დაკავშირებით (დამოწმების თარიღი: 26.06.2009), სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, რადგან მითითებული კრების ოქმის საფუძველზე საჯარო რეესტრში არ იყო რეგისტრირებული პირველი მოპასუხის საკუთრებად 63.85 კვ.მ. სხვენი (საკადასტრო კოდით #0-), სხვენზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენდა ამხანაგობის 2009 წლის 07 ივლისის კრების ოქმი (დამოწმების თარიღი: 07.07.2009) და იმავე წლის 16 აპრილის №2/6 კრების ოქმის ბათილად ცნობას შედეგად ვერ მოჰყვებოდა 63.85 კვ.მ სხვენის ამხანაგობის საკუთრებად აღრიცხვა, რის გამოც სარჩელი მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

12.15. სსსკ-ის 1991 მუხლის მიხედვით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სარჩელი ამხანაგობის 2009 წლის 16 აპრილის №2/6 კრების ოქმის (დამოწმების თარიღი: 26.06.2009) ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, უნდა გაუქმებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ქ.თბილისში, რ-ის გამზ. №23-ში მდებარე 63.85 კვ.მ. სხვენზე (საკადასტრო კოდით №0-) ყადაღის დადების ნაწილში.

13. მოსარჩელისა და მოპასუხეების სააპელაციო საჩივრები

13.1. მოსარჩელემ (ამხანაგობამ) და მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

13.2. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, მისი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

13.2.1. სასამართლომ მოსარჩელეს უკანონოდ უთხრა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას 2009 წლის 07 ივლისის №2/6 კრების ოქმის საქმეზე დართვაზე. ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი იყო სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტება და არა სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა;

13.2.2. არსებული სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე ითხოვდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის №2/6 კრების ოქმით პირველი მოპასუხისათვის (მ. გ-ისათვის) საკუთრებაში გადაცემული ქ. თბილისში, რ-ის გამზ. № 23-ში მდებარე სხვენის - 63,85 კვ.მ (საკადასტრო კოდი: 0-) ამხანაგობისთვის დაბრუნებას და დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის №2/6 კრების ოქმით იმავე მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაცემული იმავე ქონების ამხანაგობისთვის დაბრუნებას ეხებოდა. შესაბამისად, გამოკვეთილი იყო ერთი და იგივე ამხანაგობის მიერ ერთსა და იმავე ფიზიკურ პირზე განკარგული/გადაცემული ერთი და იგივე უძრავი ქონების შესახებ, ერთი და იგივე ნუმერაციის კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო ერთადერთი ახსნა, რის გამოც სასამართლომ ჩათვალა, რომ სახეზე იყო სასარჩელო მოთხოვნის შეცვლა, მდგომარეობდა იმაში, რომ თავდაპირველად დაყენებულ სასარჩელო მოთხოვნაში კრების ოქმის შედგენის თარიღად მითითებული იყო 2009 წლის 16 აპრილი, ხოლო დაზუსტებულ სასარჩელო მოთხოვნაში - 2009 წლის 07 ივლისი, რასაც შესაბამისი ახსნა ჰქონდა, კერძოდ, მოპასუხემ საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, შ. რ-ის გამზ. №23-ში მდებარე 63,85 კვ.მ სხვენის რეგისტრაციისთვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის №2/6 კრების ოქმი წარადგინა (შედგენის თარიღი: 16 აპრილი 2009 წელი), იმიტომ, რომ საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზის გამო №2/6 კრების ოქმის საფუძველზე მოპასუხემ ვერ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება, განმეორებით წარადგინა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კორექტირებული №2/6 კრების ოქმი (შედგენის თარიღი: 07 ივლისი 2009 წელი) იგივე სამართლებრივი შედეგის განმსაზღვრელი შინაარსით;

13.2.3. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა კი არ შეცვალა, არამედ - დააზუსტა, ხოლო სასამართლოს მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობა რომ არ წაერთვა, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მესამე სასარჩელო მოთხოვნაც №2/6 კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდებოდა, ისევე, როგორც დაკმაყოფილდა პირველი და მეორე სასარჩელო მოთხოვნები, ვინაიდან დავა ერთი და იმავე სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარეობს.

13.3. მოპასუხეებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ამხანაგობის სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა შემდეგ სააპელაციო პრეტენზიებზე მითითებით:

13.3.1. სასამართლომ არასწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რამაც საბოლოოდ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა, კერძოდ, საქმეში არ მოიპოვება კანონით გათვალისწინებული მტკიცებულება იმისა, თუ რამდენი წევრისაგან შედგებოდა ბმა-ის „ო-ა“ 2009 წლის 16 აპრილისა და 11 ივლისის კრებების ჩატარების დროს, კერძოდ, არ არის წარდგენილი აღნიშნული პერიოდის საჯარო რეესტრის ამონაწერები. სასამართლომ მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დაადგინა სადავო პერიოდში ამხანაგობის წევრთა რაოდენობა ისე, რომ არ გამოიყენა ამხანაგობის შესახებ კანონით დადგენილი ნორმები.

13.3.2. სასამართლომ მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე არასწორად მიიჩნია დადასტურებულად 2009 წლის 11 ივლისის კრების კანონით დადგენილი წესის დარღვევით მოწვევისა და ჩატარების ფაქტი. კანონი არ აწესებს ყველა წევრის მიერ გადაწყვეტილების ერთხმად მიღებას. მოწმეებმა ნ. მ-მა და მ. წ-ამ დაადასტურეს, რომ პირველი მოპასუხისათვის ფართების გადაცემის შესახებ კრებას დაესწრნენ.

13.3.3. მოწმეები ჯ. ვ-ი, ლ. გ-ე, ვ. ო-ა, ზ. გ-ი, თ. ს-ი, პ. მ-ი, ზ. ა-ი და სხვები სასამართლო სხდომებს ესწრებოდნენ, მაშინ, როდესაც ისინი ჯერ კიდევ არ იყვნენ მოწმედ დაკითხულნი. აღნიშნული მოწმეები მათი დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დროსაც სასამართლო სხდომის დარბაზში იმყოფებოდნენ და წინასწარ მოისმინეს, თუ რა ფაქტები უნდა დაედასტურებინათ. გადაწყვეტილება მითითებული მოწმეების ჩვენებებს, ანუ კანონის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს ემყარება, რომლებსაც სსსკ-ის 103-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, იურიდიული ძალა არ გააჩნია.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობისა (მოსარჩელის) და მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი;

14.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამხანაგობის 2009 წლის 11 ივლისის #2/10 და #2/14 კრების ოქმების მართლზომიერება საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა.

14.1.1 ამხანაგობის შესახებ კანონის 27-ე მუხლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას იწვევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე წელიწადში ერთხელ მაინც. აღნიშნული წესი ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას, ან თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ იყო გარემოება, რომ ამხანაგობას წესდება არ გააჩნია, შესაბამისად, მის მიერ კრების მოწვევასა და ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ამხანაგობის კანონით დადგენილი მოთხოვნები ვრცელდება;

14.1.2. ამხანაგობის კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოთ წერილობით. კრებას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, თუ კრება სხვა რამეს არ გადაწყვეტს. ამდენად, აღნიშნული ნორმების თანახმად, კრებას იწვევს ამხანაგობის თავმჯდომარე, კრების მოწვევისა და ჩატარების პროცესში სავალდებულოა ამხანაგობის წევრთა ინფორმირება განსახილველი საკითხების შესახებ. ასეთი ინფორმირება დასაშვებია მხოლოდ წერილობითი ფორმით. ამავე კანონის 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3.

14.1.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში,სადავო არ იყო ის გარემოება, რომ საცილოდ გამხდარი კრების ოქმები არ შეიცავდა მითითებას ამხანაგობის კრებაზე დამსწრე პირთა ვინაობისა და რაოდენობის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. სსსკ -ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი (ნორმის დეფინიცია იხ. ამ განჩინების 12.9 ქვეპუნქტში) განსაზღვრავს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების დადასტურება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები წინასწარ წერილობით იყვნენ ინფორმირებულები კრების ჩატარების თარიღის, ადგილის, დროისა და დღის წესრიგის შესახებ, ამასთან, კრებას ამხანაგობის წევრთა 2/3 მაინც ესწრებოდა, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, თუმცა, მოპასუხემ ვერ წარუდგინა სასამართლოს კანონით გათვალისწინებული დასაბუთებული მტკიცებულება;

14.1.4. მოწმეების (ამხანაგობის წევრების -იხ. ამ განჩინების 14.2.1-14.2.5) ჩვენებებით დგინდებოდა, რომ ისინი სადავო კრებებზე მიწვეული არ ყოფილან, მიწვევის შესახებ განცხადებები არ გამოქვეყნებულა და კრებებს არ დასწრებიან. მხოლოდ ერთმა მოწმემ (იხ. ამ განჩინების 14.2. 6 ქვეპუნქტი), რომელიც არ არის ამხანაგობის წევრი, აღნიშნა, რომ ესწრებოდა ყველა კრებას, როგორც მდივანი, მაგრამ ვერ მიუთითა იმ გარემოებაზე, თუ ვინ და რამდენი წევრი ესწრებოდა კრებებს.

14.1.5. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ ამხანაგობის 2009 წლის 11 ივლისის კრებების (ოქმი №2/10 და ოქმი №2/14) მოწვევის შესახებ მისი წევრებისათვის ცნობილი იყო, ასევე არ დგინდებოდა ის ფაქტიც, რომ სადავო კრებებს ამხანაგობის წევრთა 2/3 ესწრებოდა, რაც სპეციალური კანონის ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, აღნიშნული კრების ოქმების ბათილად ცნობის საკმარის წინაპირობას წარმოადგენდა.

14.2. სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით.

14.2.1. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ამხანაგობის სააპელაციო პრეტენზიაზე, რომლის მიხედვით მოსარჩელეს პირველი ინსტანციის სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა უარი სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან, აპელანტის მტკიცებით, ამხანაგობის 2009 წლის 16 აპრილის №2/6 და იმავე წლის 07 ივლისის №2/6 კრების ოქმებს შორის განსხვავება მხოლოდ მათ თარიღშია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის აღნიშნული პრეტენზია და მართებულად მიიჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა წარმოადგენდა არა სარჩელის დაზუსტებას, არამედ - შეცვლას, რაც სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის თანხმობას საჭიროებდა. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული კრების ოქმებს შორის განსხვავება მხოლოდ მათი შედგენის თარიღში არ გამოიხატებოდა და საქმე ტექნიკურ ხარვეზს არ ეხებოდა. მართალია, ორივე შემთხვევაში კრებაზე განიხილებოდა ერთი და იგივე საკითხი, ერთი და იმავე პირის მიმართ, მაგრამ ოქმების მიხედვით, კრება ჩატარდა სხვადასხვა დროს და მათ სხვადასხვა პირი თავმჯდომარეობდა, კერძოდ, პირველ შემთხვევაში (16 აპრილს) ამხანაგობის კრებას თავმჯდომარეობდა პირველი მოპასუხე, ხოლო მეორე შემთხვევაში (07 ივლისს) - ნ. შ-ე. გარდა ამისა, მტკიცებულებები შეკრებილი და გამოკვლეული იქნა სწორედ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2009 წლის 16 აპრილის №2/6 ოქმთან მიმართებით, ასევე, მოწმეებიც აღნიშნული კრების მოწვევის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხნენ, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მოსარჩელეს ამგვარი ფორმით მთავარ სხდომაზე მოთხოვნის დაზუსტების შესაძლებლობას მისცემდა, მოპასუხის თანხმობის გარეშე, ამით ამ უკანასკნელს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მტკიცების შესაძლებლობას წაართმევდა, რაც მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის უხეში დარღვევა იქნებოდა;

14.2.2. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ამხანაგობის კრების ოქმი, რომლის ბათილობასაც მხარე ითხოვდა, სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძველს წარმოადგენდა. მოსარჩელემ „მესამე“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითა 2009 წლის 16 აპრილის კრების ოქმი, ნაცვლად იმავე წლის 07 ივლისის კრების ოქმისა, რითაც მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სარჩელის საფუძველი შეცვალა, რაც სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოპასუხის თანხმობის გარეშე, დაუშვებელია.

14.3. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა აპელანტების (მოპასუხეების) მიერ სადავოდ გამხდარ რამდენიმე საპროცესო -სამართლებრივ საკითხზე და განმარტა, რომ სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევდა იმ ფაქტს, რომ ნ. შ-ე ამხანაგობის თავმჯდომარეა. მისი უფლებამოსილების ვადა 2017 წლის 29 დეკემბრამდე იყო განსაზღვრული (იხ. ტ.1, ს.ფ. 18). საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, მართალია, ამხანაგობის თავმჯდომარე სასამართლოში ამხანაგობის სახელით გამოდის, მაგრამ სპეციალური კანონის 26-ე მუხლის მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარე ამხანაგობის საერთო ქონებას არ განკარგავს, არ იღებს გადაწყვეტილებას ამხანაგობის კუთვნილი ქონების მფლობელობაში გადაცემის ან გამოთხოვის შესახებ. ამ შემთხვევაში, ამხანაგობის თავმჯდომარე უზრუნველყოფს კრების გადაწყვეტილების შესრულებას და იგი უფლებამოსილია, მსგავსი საკითხების გადასაწყვეტად ამხანაგობის წევრთა კრება მოიწვიოს, მაგრამ არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით სასამართლოში სარჩელი აღძრას. ამხანაგობის თავმჯდომარის მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მხოლოდ კრების გადაწყვეტილების არსებობის პირობებში იძენს (იხ. სუსგ # ას-1098-1029-2012, 03.12.2012წ.);

14.3.1. განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის სარჩელი მიმართული არ არის ამხანაგობის ინტერესების წინააღმდეგ და არ ემსახურება ამხანაგობის ამა თუ იმ წევრის ინტერესებს. ამხანაგობა სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. უფრო მეტიც, მოცემულ შემთხვევაში ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი (ტ.1, ს.ფ. 79-115). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში სადავო ქონებაზე ამხანაგობის წევრთა თანასაკუთრების უფლება აღდგება, რაც იმას ნიშნავს, რომ ამხანაგობის წევრებს უფლება ექნებათ სადავო ქონების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღონ.

14.4. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტების მტკიცება, რომ არ უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი სხდომის დაწყებისთანავე არ გაუყვანიათ დარბაზიდან. ამ კონტექსტში სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოწმეებმა არ უნდა მოისმინონ მხარეთა ახსნა - განმარტებები და არ უნდა დაესწრონ მტკიცებულებათა შეფასების პროცესს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით არ გამოკვეთილა იმგვარი საპროცესო -სამართლებრივი დარღვევა, რომელსაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება შეიძლებოდა გამოეწვია;

14.4.1. სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირთა წერილობითი ახსნა -განმარტებები არ წარმოადგენს დასაშვებ მტკიცებულებას, ვინაიდან სსსკ-ის 127-ე მუხლის შესაბამისად, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებაა მიჩნეული მტკიცებულებად, რაც შეეხება პროცესში არამონაწილე პირს, იგი შეიძლება სასამართლოს წინაშე მოწმედ დაიკითხოს, შესაბამისად, მათგან ჩამორთმეული წერილობითი განმარტება მოწმის ახსნა-განმარტებას ვერ ჩაანაცვლებს. საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს განცხადებებისა და შუამდგომლობების წარდგენის წესს, კერძოდ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვისას სასამართლოს შუამდგომლობა წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვთ შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. ერთგვაროვანი შუამდგომლობები სასამართლოს ერთად წარედგინება. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე. მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით, ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე, ან თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე. ასეთ შემთხვევაში საქმის განხილვა მხარეთა თხოვნით ან სასამართლოს ინიციატივით შეიძლება გადაიდოს. ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

14.4.2. სსსკ-ის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში, ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

14.5. ზემოხსენებული მოტივაციით არ დაკმაყოფილდა მხარეთა სააპელაციო პრეტენზიები და უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15. მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი

15.1. მოპასუხეებმა საკასაციო წესით გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვეს მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა მათ შესაგებელსა და სააპელაციო საჩივარში მითითებული პრეტენზიების იდენტურ გარემოებებზე მითითებით, კერძოდ:

15.1.1 არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რის გამოც სარჩელი დაუშვებელი იყო; სარჩელი აღძრულია არაუფლებამოსილი პირის მიერ.

15.1.2 ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის, მოწმეთა ჩვენებები;

15.1.3 მოპასუხეები ათეული წლებია ფლობენ სადავო ფართებს; დოკუმენტაცია 2012 წლის ხანძრის შედეგად განადგურდა; სადავო ფართების გადაცემით მხოლოდ დადასტურდა ის ფაქტობრივი მდგომარეობა, რაც რეალურად იყო ამხანაგობის კანონის ამოქმედების დროს.

16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

16. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით, მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი ცნობილი იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნტების შესაბამისად, არსებითად განხილვის მიზნით, ხოლო იმავე პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გადაწყდა საქმის მოსმენა ზეპირი განხილვის წესით, მხარეთა მონაწილეობით.

16.1. საკასაციო სასამართლოში 2018 წლის 18 იანვრის სხდომაზე გამოცხადებულმა მხარეებმა საკუთარი პოზიციები წარმოაჩინეს, კასატორმა კვლავ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ მოსარჩელეს განსახილველი დავისადმი არ გააჩნია ნამდვილი იურიდიული ინტერესი.

16.2. საკასაციო სასამართლოს შეკითხვის პასუხად, ამხანაგობის წარმომადგენელმა განმარტა, რომ აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესი დასაბუთებულია, რადგან უკანონო კრების ოქმების საფუძველზე მოპასუხეთათვის გადაცემული უძრავი ქონების ამხანაგობის საკუთრებად დაბრუნების შემთხვევაში, გაიზრდება ამხანაგობის თანასაკუთრება და მესამე პირი - (განვითარების ფონდი) გააგრძელებს თავისი პროექტის მიხედვით მუშაობას.

16.3. მესამე პირმა დაადასტურა იგივე პოზიცია, რაც მას ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გამოთქვა, კერძოდ, იგი სახელშეკრულებო ურთიერთობაშია ამხანაგობასთან კონკრეტული პროექტის ფარგლებში (იხ. ამ განჩინების მე-11 პუნქტი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

17. საკასაციო სასამართლო განსახილველ შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებს, რომ სარჩელი შეტანილია ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ. იმ პროცესუალურ-სამართლებრივ საკითხზე, თუ რამდენად იყო ამხანაგობის თავმჯდომარე უფლებამოსილი, აღეძრა სარჩელი ამხანაგობის სახელით, იმსჯელა სააპელაციო სასამართლომ და მიუთითა კიდეც საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, ამასთან, დაასკვნა, რომ მოცემულ საქმეზე ამხანაგობის სარჩელის დაკმაყოფილებით, ამ უკანასკნელის თანასაკუთრების უფლება აღდგება სადავო ქონებაზე, რაც ამხანაგობის წევრებს შესაძლებლობას მისცემს, განკარგონ სადავო ქონება (იხ. ამ განჩინების 14.3-14.3.1 ქვეპუნქტები);

17.1. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ არაუფლებამოსილი პირის მიერ სარჩელის აღძვრის საფუძვლით მოპასუხეებმა სარჩელის განუხილველად დატოვება მოითხოვეს სსსკ-ის 275-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, რაც არ დაკმაყოფილდა საქალაქო სასამართლოს 06.04.2016 წ. საოქმო განჩინებით (იხ. სხდომის ოქმი 14:47:30-14:49:34 - ტ. 2, ს.ფ. 441) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ” საქართველოს კანონი, ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის თავმჯდომარეს არ ანიჭებს უფლებას, სასამართლოში წარმოადგინოს ამხანაგობის წევრები იმ დავასთან დაკავშირებულ საქმეში, რომელიც ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით მათთვის გადაცემულ ინდივიდუალურ ფართებს შეეხება. მართალია ქ.ბ.-ში, რ.-ს ქ.№..-ში მდებარე უძრავი ქონება (მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობა 3792,2მ2) რეგისტრირებულია ბ.მ.ა. „ამხანაგობა ..-ს” საკუთრებად, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამხანაგობის წევრებს ხსენებულ უძრავ ქონებაზე არ გააჩნიათ უფლებები. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ იმისდა მიუხედავად, რომ „ამხანაგობა ..-ს” წევრები ამხანაგობის კრების გადაწყვეტილებით გადაცემული ბინების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არ არიან, მათ ამ კრების გადაწყვეტილებით დადგენილი უფლების მიმართ გააჩნიათ იურიდიული ინტერესი, რაც მათთვის განაწილებული ბინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებაში მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება უშუალოდ შეეხო, როგორც ლ. მ.-ის, ასევე, ბმა „ამხანაგობა ..-ს“ წევრების უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერესებს. ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით კი, უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ მას, ამხანაგობის წევრების სასამართლოში წარმოდგენა შეუძლია საერთო საფუძველზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (სსკ-ის 93-ე, 96-ე, 98-ე მუხლები)“ - იხ. სუსგ # ას-756-716-2015, 11.09.2015წ;

17.1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელი წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა - ნ. შ-ემ, რომელიც ერთპიროვნულად მოქმედებდა, კერძოდ, მას არ გააჩნდა სარჩელის აღძვრის წინაპირობა, რადგან ამხანაგობას მისთვის კანონით დადგენილი წესით არ მიუნიჭებია უფლებამოსილება, აღეძრა სარჩელი ამხანაგობის სახელით, რაც სსსკ-ის 98.1-ე მუხლით დადგენილ სპეციალურ უფლებამოსილებას განეკუთვნება. ამავე კონტექსტში საკასაციო სასამართლოს მნიშვნელოვნად მიაჩნია, ყურადღება გაამახვილოს ამხანაგობის კანონის 26-ე მუხლის პირველ, მესამე, მეოთხე, მეშვიდე და მეცხრე პუნქტებზე „1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობას უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. ... 3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ხმების 2/3-ით, განსაზღვრული ვადით შეუძლიათ აირჩიონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე. თუ ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში არჩეული არ იქნა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის ფუნქციებს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე, 6 თვის მონაცვლეობით ასრულებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები, რომელთა რიგითობაც წილის ყრის მეშვეობით განისაზღვრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე. ... 4. თავმჯდომარედ შეიძლება არჩეულ იქნეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ნებისმიერი წევრი ან მოწვეული მმართველი. ... 5. თავმჯდომარის არყოფნისას ან მის მიერ თავისი მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისივე დავალებით თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ერთ-ერთი წევრი. ... 7. თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ამ კანონის მიღებიდან 3 თვის ვადაში არ იქნა მიღებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარე, ვიდრე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ მიიღებენ წესდებას: ა) იწვევს და უძღვება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებას; ბ) უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების გადაწყვეტილებების შესრულებას; გ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით იღებს აუცილებელ ზომებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების სათანადო მოვლა-პატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების უზრუნველსაყოფად; დ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ხარჯებს მიმდინარე სამეურნეო წლისათვის; ე) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რეგულარული ხარჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობას ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად; ვ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისებას, გაქირავებას, იჯარით გაცემას, დაგირავებას, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლებით სხვა პირებისათვის გადაცემას; ზ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებასთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სესხის აღებასა და გაცემას; თ) იღებს ზომებს, რომლებიც აუცილებელია რაიმე ვადის დასაცავად ან რომელიმე უარყოფითი სამართლებრივი შედეგის თავიდან ასაცილებლად; ი) იღებს და იხდის გაწეული ხარჯებისა თუ ვალების დასაფარავ თანხას, თუ ეს მესაკუთრეთა საერთო საქმეებს შეეხება; კ) დებს ხელშეკრულებებს და წარადგენს საჭირო დოკუმენტაციას, თუ ეს დაკავშირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობასთან, ექსპლუატაციასთან და განვითარებასთან და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ინტერესებთან; ლ) უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ ნაკისრი სახელშეკრულებო პირობებისა და მოვალეობების შესრულებას; მ) გამოდის სასამართლოში ან სხვა ორგანოებში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სახელით. ... 9. თავმჯდომარე უზრუნველყოფს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლა-პატრონობისათვის, ექსპლუატაციისა და განვითარებისათვის მუშა-მოსამსახურეების დაქირავებას და მათთან ხელშეკრულებების დადებას. 10. თავმჯდომარე ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე სხვა ვალდებულებებს“;

17.1.2. დასახელებული ნორმის მოწესრიგების მიხედვით, ამხანაგობის თავმჯდომარეს ამხანაგობის სახელით სასამართლოში ან სხვა ორგანოებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება უნდა მიენიჭოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98.1- ე მუხლით დადგენილი წესით. ამხანაგობის კანონი განსაზღვრავს მის წევრთა შიდა ურთიერთობებს, რომელთა შორისაა ამხანაგობის წევრთაგან თავმჯდომარის არჩევა (26-ე მუხლის მე-4 ნაწილი). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა 2/3 (28-ე მუხლის მე-2 ნაწილი). ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა ხმების ნახევარზე მეტით, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი(28-ე მუხლის მე-5 ნაწილი);

17.1.3. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, ანუ მოსარჩელის ან მოპასუხის სახელით სასამართლოში თუ სხვა ორგანოში მონაწილეობა სცილდება ამხანაგობის შიდა ურთიერთობას და ამიტომ საჭიროებს მესამე პირთა წინაშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას კანონით დადგენილი მინდობილობის საფუძველზე;

17.1.4 საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ამხანაგობის თავმჯდომარის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება და ამხნაგობის წევრის უფლება, წარადგინოს სარჩელი, როდესაც სადავოა მისი საკუთრების (მართლზომიერი მფლობელობის) უფლება, კერძოდ, ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლო უთითებს: „კ. ს-ის მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისათვის მნიშვნელობა ენიჭებოდა იმ უფლებების განსაზღვრას, რაც გააჩნდა დ. ე-ეს ამხანაგობის წევრობის დროს. თუკი დ. ე-ე, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოადგენდა სადავო ფართის მართლზომიერ მფლობელს, რომელსაც კანონის მიზნებიდან გამომდინარე შეეძლო მოეთხოვა საკუთრების უფლება, ამ შემთხვევაში მის მიერ საცხოვრებელი ფართის გასხვისებისას შემძენზე გადავიდოდა ყველა ის უფლება, რაც გააჩნდა წინამორბედს. ახალ შემძენზე გადადიოდა არა მარტო უფლებები, არამედ ვალდებულებებიც. კერძოდ, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური საკუთრების გასხვისების შემთხვევაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრობასთან დაკავშირებულ შეუსრულებელ ვალდებულებებზე პასუხს აგებს ახალი მესაკუთრე პერსონალურად და როგორც სოლიდარული მოვალე“ (იხ. სუსგ # ას-5120486-2013, 09.09.2013წ; ).

18. მოსარჩელის მოთხოვნაა ამხანაგობის კრების ოქმების ბათილად ცნობა, რომლის შედეგად, მოსარჩელის მოსაზრებით, ამხანაგობა გაიუმჯობესებს მდგომარეობას იმით, რომ მოპასუხეთათვის უკანონოდ (კრების მოწვევისათვის ამხანაგობის კანონით დადგენილი წესის უგულებელყოფით) გადაცემული სადავო ფართები ამხანაგობას დაუბრუნდება თანასაკუთრებაში, რაც მის იურიდიულ ინტერესზე მიუთითებს;

18.1. საკასაციო სასამართლო, უწინარესად იმას აღნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეები უთითებდნენ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობაზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ; # ას-437-409-2017, 29.09.2017წ; #ას-623-582-2017, 20.12.2017წ.);

18.1.1. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია;

18.1.2. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

18.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სადავო კრების ოქმების ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კანონის ამოქმედებით, 2007 წლის 1 აგვისტოდან, ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებად რიცხული ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართები დარჩა იმავე სახით, როგორც ეს კანონის მიღებამდე იყო. სასამართლოს დადგენილი აქვს, რომ პირველმა მოპასუხემ, ჯერ კიდევ დასახელებული კანონის ამოქმედებამდე - 2007 წლის 21 ივნისს შეიძინა და საკუთრებად აღრიცხა ის ფართები, რომლებიც წინამდებარე განჩინების მე-7 პუნქტშია მითითებული. მოპასუხეები სწორედ იმაზე აფუძნებენ განსახილველი აღიარებითი სარჩელის წარუმატებლობას, რომ არ იკვეთება მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, რადგან ამხანაგობა პრეტენზიას აცხადებს მოპასუხეთა საკუთრებაში ფაქტობრივად არსებულ ფართებზე, რასაც ისინი ადრეც ამ სახით ფლობდნენ;

18.2.1.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამხანაგობის კანონის ამოქმედების მიზანი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა (იხ. კანონის მე-2 მუხლი), კანონის გარდამავალი დებულებებიც საერთო ქონების განსაზღვრისა და აღიცხვის მოწესრიგების ღონისძიებებს უკავშირდება (იხ. კანონის 30-ე მუხლი). ამავე სპეციალური კანონის მე-4 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებას: “1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). 2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა“;

18.2.2. ამდენად, ამხანაგობის კანონის ამოქმედების შემდეგ, სადავო კრების ოქმებით ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება, რითაც დაადასტურა მოპასუხეთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ფართები, რაც საფუძვლად დაედო საჯარო რეესტრში იმ ქონების რეგისტრაციასა და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართვას, რომლებიც ისედაც მოპასუხეთა საკუთრებას წარმოადგენდა და რეგისტრაციის ფაქტით მესამე პირთათვის შეიქმნა დოკუმენტი ქონების მესაკუთრის შესახებ. აქედან გამომდინარე, სარჩელი დაუსაბუთებელია და საქმის წარმოების პირველივე ეტაპზე განუხილველად უნდა დარჩენილიყო, რადგან მოსარჩელეს არ აქვს აღძრული მიკუთვნებითი მოთხოვნა; თუმცა, მის მიერ მიკუთვნებითი მოთხოვნის - სადავო კრების ოქმებით მოპასუხეთათვის გადაცემული ქონების ამხანაგობის საკუთრებად დაბრუნება და ამხანაგობის საკუთრების უფლების რეგისტრაცია - აღძვრის შემთხვევაშიც, სარჩელი წარუმატებელი იქნებოდა მისი ფაქტობრივი უსაფუძვლობის გამო. მოპასუხეებს თავიანთ მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ესაჭიროებოდათ ამხანაგობის კრების გადაწყვეტილება, მათ ამ გადაწყვეტილებებით ამხანაგობის საერთო ქონების რაიმე ნაწილი არ მიუღიათ. საკასაციო სასამართლო იმაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ სარჩელი არ არის დასაბუთებული მოპასუხეთათვის ფართების კუთვნილების სადავოობის თვალსაზრისითაც. პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეებიც კი არ ადასტურებენ, რომ სადავო კრების ოქმებით გადაცემული ფართების მფლობელები არ არიან მოპასუხეები, ეს ფართები ამხანაგობის სხვა წევრთა მფლობელობაშია ან ამხანაგობის საერთო ქონების ნაწილია. მოწმეები ამაზე რომც უთითებდნენ, მარტოოდენ არც მათი განმარტება იქნებოდა საკმარისი და დასაბუთებული მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი ვარგისიანობის თვალსაზრისით;

18.2.3. ამდენად, იმ დაშვებითაც, რომ უფლებამოსილ პირს აღეძრა სარჩელი ამხანაგობის სახელით და მოსარჩელეს მიკუთვნებითი მოთხოვნა დაეყენებინა, ამხანაგობის კანონის საფუძველზე მოპასუხეთა მიერ მოპოვებული საკუთრების უფლებას ვერ შეარყევდა მარტოოდენ ის გარემოება, რომ ამხანაგობის წევრთა შესაბამისი ოდენობა არ მონაწილეობდა იმ კრებებში, რომლებზედაც მიღებული იქნა გადაწყვეტილებები მოპასუხეთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ფართების საჯარო რეესტრში აღიცხვის მიზნით წარსადგენად, რადგან, როგორც უკვე აღინიშნა, სადავო ფართების მოპასუხეთათვის კუთვნილება არაა შედავებული სარჩელში, შესაბამისად, არ წარდგენილა შესატყვისი მტკიცებულება.

18.3. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.

18.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

18.5. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

18.6. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების გაუქმების გამო, საკასაციო სასამართლო აუქმებს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც წინამდებარე განჩინების სარეზოლუციო ნაწილშია ასახული, ისევე, როგორც - მხარეთა შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით, 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.1, 408.2-ე და 1991-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. გ-ისა და ვ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება;

3. ბმა "ო-ას" სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 16 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მ. გ-ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, რ-ის გამზირი 23-ში მდებარე 63.85 კვ.მ. სხვენს ს/კ 0- და ქ. თბილისში, რ-ის გამზირი 23-ში მდებარე 10.31 კვ.მ. სარდაფს, ს/კ 0-.;

5. ბმა "ო-ას" მ. გ-ის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე