Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1151-1071-2017 23 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - პ. ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ი“ (მოპასუხე)

მესამე პირი -თ. ჭ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ი-ი“ (შემდეგში: მოპასუხე, შპს ან საწარმო) 2003 წლის 2 სექტემბრიდან რეგისტრირებულია მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში (ს/კ 2-) საწარმოს 49 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი პ. ნ-ეა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), ხოლო საწარმოს 51 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი თ. ჭ-აა (შემდეგში: საწარმოს დირექტორი, მესამე პირი ან დომინანტი პარტნიორი; იხ. ამონაწერი, ტ. 1, ს/ფ 176-177).

2. 2015 წლის 11 მარტს შედგა შპს-ის პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრება. კრების დღის წესრიგით განსახილველი საკითხები იყო:

2.1. ფინანსური შედეგების, მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და ღონისძიებების გატარება;

2.2. საზოგადოების მიმდინარე პრობლემური საბანკო ვალდებულებების საკითხის განხილვა და მისი გადაჭრის ქმედითი გეგმის განსაზღვრა;

2.3. შპს „პ-ოს“ საამქროს კომპანიის ტერიტორიაზე მდებარეობის საკითხის განხილვა (იხ. რიგგარეშე საერთო კრების ოქმი, ტ. 1, ს/ფ 136-138).

3. შპს-ის პარტნიორთა რიგგარეშე საერთო კრებას მოსარჩელე არ ესწრებოდა.

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. საწარმოს 49 %-იანი წილის მფლობელმა პარტნიორმა 2015 წლის 16 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სასამართლოში საწარმოს წინააღმდეგ და კრების ოქმის ბათილად ცნობა მოითხოვა.

4.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელისათვის საგამოძიებო ორგანოში მასალების გაცნობისას შემთხვევით გახდა ცნობილი, რომ შპს-ის დირექტორს 2015 წლის მარტის თვეში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) დარღვევით მოუწვევია პარტნიორთა საერთო კრება და ერთპიროვნულად მიუღია გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, რომლებიც საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას სცილდება.

4.3. მოსარჩელის განმარტებით,სადავო კრების ოქმის საფუძველზე დომინანტმა პარტნიორმა ერთპიროვნულად გაიტანა საწარმოდან დივიდენდები მაშინ, როდესაც საზოგადოება 5 წელი ზარალზე მუშაობდა, მის ძმას ტ. ჭ-ას გაუქვითა კომპანიის მიმართ არსებული დავალიანება 270 000 ლარი საწარმოს დივიდენდების ხარჯზე, თანხები გადაანაწილა თავის სასარგებლოდ, საწარმო მიიყვანა ფინანსურ გაკოტრებამდე და ა.შ.

4.4. მოსარჩელის განმარტებით სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით, მას არ ეცნობა 2015 წლის მარტის თვეში შპს-ის პარტნიორთა საერთო კრების შესახებ, შესაბამისად, ის კრებას არ დასწრებია.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ 2015 წლის 2 მარტს, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაში არსებულ საქმის სხდომაზე, მოსარჩელეს პირადად გადაეცა 2015 წლის 11 მარტის საერთო კრების მოწვევის შესახებ შეტყობინება თარიღის, საათის, ადგილისა და დღის წესრიგის მითითებით.

5.2. გარდა აღნიშნულისა მოსარჩელეს 2015 წლის 2 მარტიდან 2015 წლის 11 მარტის ჩათვლით მობილური ტელეფონის ნომერზე ეგზავნებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინებები კრების მოწვევის შესახებ. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება იმაზე მითითება, თითქოს კომპანია ყოველთვის იყო ზარალზე, კომპანიას წლების განმავლობაში დაგროვილი გაუნაწილებელი მოგება ჰქონდა.

5.3. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის დაუსრულებელი და უსაფუძვლო სარჩელების გამო საწარმოს საქმიანობა პარალიზებული იყო. შესაბამისად, მთელი რიგი საკითხები გადასაწყვეტი იყო. შპს-ის დირექტორმა გადაწყვიტა, გაუნაწილებელი მოგების დივიდენდად გაცემის შესახებ ემსჯელათ. დივიდენდის გაცემა თანაბრად ეხებოდა საწარმოს ორივე პარტნიორს. შპს-ის დომინანტმა პარტნიორმა არაერთხელ სცადა მოეწვია საერთო კრება აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა მოსარჩელე უარს აცხადებდა კრების მოწვევაზე და კრების მოწვევის შესახებ შეტყობინებებს არ იბარებდა.

6. მესამე პირის პოზიცია

6.1. მოპასუხის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი სარჩელს არ დაეთანხმა.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

7.2. საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 24-ე მუხლზე, სპეციალური კანონის მე-91-ე, 47-ე მუხლებზე და განმარტა, რომ პარტნიორთა კრება საზოგადოების მმართველობითი ფუნქციის განმახორციელებელი უმთავრესი ინსტიტუტია. სწორედ საერთო კრებაზე ფორმირდება საზოგადოებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.

7.3. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სპეციალური კანონის მე-91 მუხლის მეორე პუნქტი განსაზღვრავს კრების მოწვევის პროცედურას, რომლის მიხედვითაც, დავის შემთხვევაში, უნდა დადასტურდეს, რომ ადრესატმა კრების მოწვევის შესახებ ინფორმაცია მიიღო. ამავე მუხლის თანახმად, კანონი შეტყობინების ჩაბარების საშუალებად მიიჩნევს დაზღვეული წერილის გაგზავნას ან სხვა ნებისმიერი კომუნიკაციის საშუალებას. შესაბამისად, პირადად შეტყობინება ან/და წერილის გაგზავნა კომუნიკაციის ერთ-ერთი საშუალებაა.

7.4. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ წერილობითი შეტყობინება პირადად ჩაჰბარდა მოსარჩელეს კრების ჩატარებამდე 9 დღით ადრე. პარტნიორთა კრება გადაწყვეტილებაუნარიანი იყო, რადგან მას ესწრებოდა ხმების უმრავლესობის მქონე პარტნიორი. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო პარტნიორთა კრების მოწვევის თაობაზე, კრებამ გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე მიიღო, რაც საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობაში მოიაზრება და არ სცილდება მას.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

8.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება, ვინაიდან 02.03.2015 წლის პარტნიორთა კრების დღის წესრიგში შემავალი და განსახილველი საკითხები შედგება 4 საკითხისგან და არა - 3 საკითხისგან (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი).

8.3. აპელანტის განმარტებით სასამართლო, ასევე, არასწორად უთითებს იმ გარემოებას, რომ თითქოს მოსარჩელისა და მისი წარმომადგენლის მისამართზე გაიგზავნა შეტყობინებები პარტნიორთა კრების გამართვის თაობაზე. აპელანტმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება მხარისთვის დაზღვეული წერილის გაგზავნის ფაქტი ან ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნა, რაც კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. პირიქით, მოპასუხის წარმომადგენელი თავად უთითებს სხდომაზე, რომ შეტყობინება გაგზავნილი არ ყოფილა და უშუალოდ სასამართლო სხდომაზე მოხდა მისი გაჟღერება.

8.4. აპელანტმა განმარტა, რომ დ. ღ-ე არ იყო უფლებამოსილი კრების ოქმის შესახებ შეტყობინების ჩაბარებაზე, იგი წარმომადგენლობას ახორციელებდა მხოლოდ სასამართლო სხდომებზე.

8.5. აპელანტის განმარტებით, მოსარჩელეს არ ეცნობა საწარმოს 2015 წლის 11 მარტის საერთო კრების შესახებ კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, აპელანტი კრებას არ დასწრებია, სადავო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება კი სცილდებოდა საზოგადოების ჩვეულებრივ საქმიანობას და მოითხოვდა ყველა პარტნიორის მონაწილეობას.

8.6. აპელანტის განმარტებით, მხარემ წარადგინა თ. ჭ-ას ტელეფონიდან ამოღებული შეტყობინებები, თუმცა, არ წარმოუდგენია მოკლე ტექსტური შეტყობინების ადრესატთან მისვლის დადასტურების ფაქტი. სპეციალური კანონის თანახმად აუცილებელია, რომ დადასტურდეს მხარისთვის შეტყობინების ჩაბარება. ამასთან, არც ერთი წარდგენილი მოკლე ტექსტური შეტყობინება არ შეიცავს კანონით გათვალისწინებულ დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება.

9.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებას (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსკ, 390.3-ე მუხლი).

9.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა და შესაბამისად, დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იყო იმ გარემოებების დადგენა, იყო თუ არა კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული საზოგადოების პარტნიორი - აპელანტი შპს-ის რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ და საჭიროებდა თუ არა განსახილველი საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღება ყველა პარტნიორის მონაწილეობით კრების ჩატარებას.

9.4. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმის მასალებით ირკვეოდა, რომ რიგ შემთხვევებში საწარმოს დირექტორის მიერ პარტნიორისათვის გაგზავნილი გზავნილი ადრესატს ვერ ჩაჰბარდა (იხ. ტ. 1, ს/ფ 91-97);

9.5. ფაქტების კონსტატაციის შესახებ საქმეში წარდგენილი აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმით ირკვეოდა, რომ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით მოპასუხესა და მის წარმომადგენელს ეგზავნებოდათ შეტყობინებები პარტნიორთა კრების ჩატარების დროისა და ადგილის მითითებით.

9.6. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მიმდინარე სხვა დავის განხილვისას, 2015 წლის 2 მარტის მოსამზადებელ სხდომაზე, მესამე პირის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა კრების თაობაზე შეტყობინების და კრების დღის წესრიგის საქმეზე დართვის თაობაზე; აღნიშნული სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერით ირკვევა, რომ მოსარჩელისათვის ამ სახით შეტყობინებისა და დღის წესრიგის გადაცემას, შუამდგომლობის აღმძვრელი პირი განმარტავდა მის ხელთ არსებული სხვა საშუალებით დასახელებული გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობით და აღნიშნავდა, რომ პარტნიორებს შორის ურთიერთობა მოიშალა, რის გამოც მოსარჩელე შეტყობინებას არ იბარებდა.

9.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება, რომ მხარისათვის ცნობილი იყო საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრების მოწვევის დრო და ადგილი; ნაცვლად კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღებისა და ამ გზით მისთვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზებისა, მხარე თავს არიდებდა კრებაზე დასწრებას და სწორედ ამ მიზნით კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა გზავნილის ჩაბარებულად მიჩნევას.

9.8. სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ამ განჩინების 2.1-2.3 პუნქტებში დასახელებული საკითხები საზოგადოების ჩვეულებრივი საქმიანობის სფეროში შედის და არ სცილდება მას. შესაბამისად, საწარმოს დომინანტ პარტნიორს სპეციალური კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია.

10. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლის განსხვავებული აზრი

10.1. სააპელაციო სასამართლოს ერთ-ერთი მოსამართლე არ დაეთანხმა სასამართლო კოლეგიის უმრავლესობის მიერ მიღებულ განჩინებას, იხელმძღვანელა სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით და ჩამოაყალიბა განსხვავებული აზრი, კერძოდ, აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს-ის პარტნიორთა 2015 წლის 11 მარტის რიგგარეშე საერთო კრება არ ყოფილა მოწვეული კანონით დადგენილი წესის დაცვით;

10.2. საზოგადოების პარტნიორთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს გარიგებას, რომელზედაც ვრცელდება გარიგებათა შესახებ სსკ-ის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები; ამ კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

10.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა შპს-ის პარტნიორთა 2015 წლის 11 მარტის რიგგარეშე საერთო კრების ბათილად ცნობის საფუძველი.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

11.2. კასატორი სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომელიც ამ განჩინების 9.4-9.7 პუნქტებშია ასახული, არ ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ის კანონიდან არ გამომდინარეობს. კასატორის განმარტებით, ზეპირი საუბარი კომუნიკაციის სხვა საშუალებაში არ მოიაზრება და ასეთ დროს ადრესატის მიერ ინფორმაციის მიღების დადასტურება შეუძლებელია, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო დანაწესს (სპეციალური კანონის მე-9 1-ე მუხლის მე-2 პუნქტი).

11.3. კასატორმა სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში გამოთქმული პრეტენზიები გაიმეორა და დამატებით აღნიშნა, რომ ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელისათვის პარტნიორთა კრების შესახებ შეტყობინების ჩაბარების ფაქტი, საწარმოს პარტნიორთა 2015 წლის 11 მარტის რიგგარეშე საერთო კრება ბათილია.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

13. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

14. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

15. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

16.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რაც დამოკიდებული იქნებოდა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემოწმებასა და მის შედეგებზე.

17. „საკასაციო პალატა უპირველესად განმარტავს იმას, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების, როგორც მრავალმხრივი გარიგების (იხ. სკ-ის 50-ე მუხლი) ბათილად აღიარების მოთხოვნის განხილვისას გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საკითხი იმის თაობაზე, თუ რამდენად ნამდვილი ინტერესი გააჩნია ამ მოთხოვნის მიმართ მოსარჩელეს და თუნდაც მის მიერ მითითებული გარემოებების გაზიარების შემთხვევაში, სარჩელის დაკმაყოფილებით მიიღწევა თუ არა იურიდიული ინტერესი _ დარღვეული უფლების ეფექტური დაცვა, ანუ აღიარებითი სარჩელის წარმატებულობა, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა, გამართლებულია იურიდიული ინტერესის ნამდვილობით“ (იხ. სუსგ ას-839-805-2016, 06.03.2017 წ.).

18. განსახილველ შემთხვევაში კასატორი თავის სასარჩელო მოთხოვნას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ საწარმოს დირექტორის ქმედებებით არაერთხელ მიადგა ზიანი მოსარჩელეს, რაც სისხლის სამართლის საქმეზე ამ უკანასკნელის დაზარალებულად ცნობით დასტურდება. მოსარჩელეს პრეტენზია აქვს დომინანტ პარტნიორთან იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა თავის ძმას „ჩამოაწერა“ შპს-ის მიმართ არსებული დავალიანება, რითაც ზიანი მიაყენა საწარმოს. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კი პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობაა, რომლითაც გადაწყდა შემდეგი საკითხები: შპს-ის დირექტორისათვის საზოგადოებაში განხორციელებული ფულადი შენატანების უკან დაბრუნება; საწარმოს დირექტორისათვის დავალიანებული ხელფასის გადახდა; საწარმოს დირექტორისათვის იჯარის ურთიერთობიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა; დივიდენდის სახით გაუნაწილებელი მოგების, საწარმოს ორივე პარტნიორზე, თავიანთი წილების შესაბამისად, განაწილება; საზოგადოების ფინანსურ დავალიანებებთან დაკავშირებით კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია, მოსარჩელის კრებაზე გამოუცხადებლობის გამო; შპს „პლაზმა გლას გეოს“ საამქროს საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებით შპს-ს ზიანი ადგება, კრებამ გადაწყვიტა მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები აღნიშნულთან დაკავშირებით (შპს „პლაზმა გლას გეოს“ 35-35 %-იანი წილების მფლობელები მოსარჩელე და მისი მეუღლე არიან).

19. ზემოთ მოცემული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ კასატორის აღიარებითი სარჩელის /პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა/ იურიდიული ინტერესი დაუსაბუთებელია, რაც მისი სარჩელის განუხილველად დატოვების წინაპირობაა. პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა სამართლებრივ შედეგებს ვერ მოუტანს მოსარჩელეს, რომელიც მის მიერ წარდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიულ ინტერესს ვერ ადასტურებს.

20. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

22. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

23. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის განჩინება;

3. პ. ნ-ის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე