Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1161-1081-2017 5 აპრილი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა

სხდომის მდივანი - ანა ვარდიძე

კასატორი – თ. ბ-ი (მოპასუხე)

წარმომადგენელი - გ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ჯ-ესა (შემდეგში: მოსარჩელე, უძრავი ქონების გამყიდველი, აპელანტი ან კრედიტორი) და თ. ბ-ს (შემდეგში: მოპასუხე, მყიდველი, შეგებებული საპელაციო საჩივრის ავტორი ან კასატორი) შორის 2011 წლის 7 ივნისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, დ-ის სასწავლო საცდელი მეურნეობა, ს/კ 0- (შემდეგში: უძრავი ქონება). უძრავი ქონების ღირებულება განისაზღვრა 200 000 (ორასი ათასი) აშშ დოლარით.

2. უძრავი ქონების ღირებულების ნაწილის - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო, გამყიდველის მიერ აღძრული სარჩელი სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაკმაყოფილდა და, მის სასარგებლოდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს (მყიდველს) დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა, ხოლო 2012 წლის 20 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (იხ. ტ.1, ს.ფ. 27-40).

3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 17 დეკემბრის წერილის შესაბამისად, ზემოხსენებული სააღსრულებო ფურცლით (საქმე # 2ბ/1748-12) გათვალისწინებული დავალიანება 50 00 აშშ დოლარის და 5883 ლარის ოდენობით, სრულად დაიფარა 2014 წლის 17 დეკემბრის მდგომარეობით (დაფარვა ხდებოდა ეტაპობრივად, ყოველთვიურად, 2013 წლის 15 მარტიდან 2014 წლის 16 დეკემბრის ჩათვლით - იხ. ტ.2, ს.ფ. 86-87).

4. მოსარჩელემ 2011 წლის 10 ივნისს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეიძინა 400 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.თბილისში, დ-ის სასწავლო-საცდელი მეურნეობა, ს/კ 0--, ღირებულება განისაზღვრა 28 000 აშშ დოლარით; თბილისის არქიტექტურული სამსახურის №01/28262 ბრძანების შესაბამისად გაიცა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა.

5. შპს „ი-ის“ მიერ 2014 წლის 15 აპრილს გაცემული საფინანსო ანგარიშის თანახმად სს „ს-ის“ ვადიან ანაბარზე 2011 წლის 10 ნოემბრიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე 50 000 აშშ დოლარის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით მიღებული თანხის ოდენობა იქნებოდა 4 000 (ოთხი ათასი) აშშ დოლარი.

6. შპს „ი-ის“ მიერ 2014 წლის 3 თებერვლის საფინანსო ანგარიშის საექსპერტო დასკვნის №14/02-03/02 თანახმად, მოსარჩელის მიერ 2011-2014 წლებში გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებით, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებებით, ასევე გირაოს ხელშეკრულებებით მხოლოდ სესხის პროცენტებისა და საურავების სახით ნაკისრი ვალდებულებები 100 250 (ასი ათას ორას ორმოცდაათი) აშშ დოლარს შეადგენდა.

7. სარჩელის საფუძვლები

7.1. მოსარჩელემ 2014 წლის 19 მაისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის - 4 000 აშშ დოლარის, ასევე ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელის მიერ ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებებზე პროცენტების, ჯარიმების და სანქციების სახით გადახდილი 100 250 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ ნოტარიულად გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებზე გადახდილი მომსახურების საზღაურის 2 875.06 ლარის (ორი ათას რვაას სამოცდათხუთმეტი ლარისა და ექვსი თეთრის) დაკისრება.

7.2. მოსარჩელის განმარტებით, რადგან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, მან უნდა აანაზღაუროს ზიანი იმ საპროცენტო განაკვეთის ოდენობით, რასაც ის მიიღებდა ბრუნვაუნარიან ობიექტზე თანხის ანაბარზე განთავსების შედეგად;

7.3. მას შემდეგ, რაც მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, დაიწყო საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, რომელიც საჭიროებდა სოლიდურ თანხებს. ამ დროს კი მოპასუხე მას არ უხდიდა ნასყიდობის ფასის დარჩენილ ნაწილს - 50 000 აშშ დოლარს. ამიტომ უძრავი ქონების გამყიდველს მოუწია, საკუთარი, ასევე ნათესავებისა და ოჯახის წევრების სახელით, დამატებითი ფინანსური ვალდებულებების აღება, ჯარიმებისა და სანქციების სახით, სხვადასხვა ოდენობის დამატებითი თანხების გადახდა და მისი ფინანსური მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან და კერძო პირებისგან მიღებული სესხით ერთმანეთის მონაცვლეობით ფარავდა წინა სასესხო ვალდებულებებს. მოსარჩელემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მოპასუხემ 2012 წლის 6 სექტემბერს სარჩელი აღძრა მოსარჩელის წინააღმდეგ, რის გამოც მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, ყადაღა დაედო, შესაბამისად, მან ვერ გააგრძელა იპოთეკის ხელშეკრულების ვადა და სხვადასხვა კრედიტორების მიმართ წარმოშობილი ფულადი დავალიანების გადახდა; ასევე, უძრავი ქონების გამყიდველი იძულებელი გახდა, აეღო მაღალპროცენტიანი სესხები, ამიტომ მოსარჩელის მტკიცებით, მისთვის ზიანის მიყენების მოტივით იყო ნაკარნახევი მოპასუხის ქმედებები და წინასწარ გააზრებული. შესაბამისად, ამ უკანასკნელის მიერ 50 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის გადაუხდელობამ და უძრავ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებამ, ასევე, 2012 წლის 20 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი) დაწყებული იძულებითი აღსრულების შეჩერებამ მოსარჩელეს სოლიდური მატერიალური ზიანი მიაყენა.

8. მოპასუხის შესაგებელი

8.1. მოპასუხემ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებას (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), თუმცა, ემორჩილება მას. 2011 წლის ნოემბერში სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მოსარჩელეს აძლევდა შესაძლებლობას, მოეთხოვა თანხის გადახდის დაგვიანებისათვის გარკვეული საბანკო პროცენტი, რასაც სასამართლო შეაფასებდა, თუმცა, მოსარჩელემ ამ უფლებით არ ისარგებლა და დღესდღეობით მას ამის უფლება არ აქვს;

8.2. მოპასუხის განმარტებით, სასარჩელო მოთხოვნა დასაშვებიც რომ იყოს და კანონიერი, მოთხოვნის პერიოდი გაუგებარია, რადგან სარჩელი წარმოებაში მიღებულია 2011 წლის 6 დეკემბერს, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2012 წლის 15 ნოემბერს, ხოლო მოსარჩელე მიუღებელ შემოსავალს 2011 წლის 20 ნოემბრიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე ითხოვს;

8.3. მოპასუხემ დამატებით აღნიშნა, რომ 2011 წლის 7 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, მან 150 000 აშშ დოლარი გადაიხადა, რაც დასტურდება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საიდანაც 25 000 აშშ დოლარი მიემართა უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკის მოსახსნელად, შესაბამისად - მოსარჩელემ 125 000 აშშ დოლარი ხელზე მიიღო. ამ თანხიდან 28 000 აშშ დოლარად მოსარჩელემ შეიძინა მიწის ნაკვეთი, დარჩენილი 97 000 აშშ დოლარით კი მას შეეძლო სახლის აშენება. ამ დასაბუთებით მოსარჩელის მოთხოვნა, რომ სახლის ასაშენებლად მან სესხი აიღო, მოპასუხემ არადამაჯერებლდ მიიჩნია;

8.4. მოპასუხემ ყურადღება გაამახვილა, რომ სესხის ხელშეკრულებების ნაწილი დადებულია 2011 წლის სექტემბრამდე, ხოლო მის მიერ გადასახდელი 50 000 აშშ დოლარი უნდა დაფარულიყო ეტაპობრივად 500 აშშ დოლარის გადახდით 2011 წლის სექტემბრიდან, რის გამოც მოსარჩელეს არ უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ ის თანხას ერთბაშად მიიღებდა. საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობის გამო მოსარჩელემ ისესხა თანხები სხვადასხვა პირისაგან; ამასთან, სესხების უმრავლესობა აღებული აქვს არა მოსარჩელეს, არამედ - სხვა პირებს;

8.5. მოპასუხემ აღნიშნა, რომ მის მიერ ყადაღის გამოყენებას მოსარჩელისათვის ზიანი არ მიუყენებია, რადგან ქონებას ყადაღა დაედო სახლის აშენების შემდეგ, თანაც მოპასუხე თანახმა იყო, მოეხსნა ყადაღა და უზრუნველყოფის ღონისძიება გამოეყენებინა მოსარჩელის მყიდველისაგან მიღებული თანხის ნაწილზე, თუმცა, ამაზე მოსარჩელემ უარი განაცხადა;

8.6. მოპასუხემ გააკრიტიკა ამ განჩინების მე-6 პუნქტში დასახელებული საექსპერტო დასკვნა, რომელიც, მისი მტკიცებით, შედგენილია ტენდეციურად და არ შეიძლება განხილული იქნეს მტკიცებულებად; ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას თავად მოსარჩელემ შეუშალა ხელი.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

9.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 000 აშშ დოლარის გადახდა.

9.2. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მხარეთა განმარტებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, ვერ გაიზიარებდა მოსარჩელის განმარტებას, სამშენებლო პროცესის მიზნებისათვის დამატებითი თანხის სესხად მიღებისა და, აქედან გამომდინარე, მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ფაქტის შედეგთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო არ იყო ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის მიერ გადახდილი საფასურის ნაწილიდან - 150 000 აშშ დოლარიდან, მოსარჩელემ 400 კვ.მ მიწის ფართისა და მისი ნაწილით გასხვისებულ ქონებაზე იპოთეკის მოხსნის მიზნით, მოსარჩელემ 25 000 აშშ დოლარის ვალი გადაიხადა, ხოლო დარჩენილი თანხის განკარგვა უდავოა, რომ ნასყიდობის თანხის მიმღების-მოსარჩელის მიხედულებაზე იყო დამოკიდებული და ის წყვეტდა მიღებული თანხით მისთვის უპირატესი ინტერესების დაკმაყოფილების საკითხს. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ კონკრეტული სახის გარემოებები საჭიროებს კონკრეტული მტკიცებულებებით დადასტურებას. საქმეში წარდგენილი სესხის, გირავნობისა თუ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებების უმეტეს ნაწილში, გარდა მოსარჩელისა, ფიგურირებენ სხვა მესამე პირები;

9.3. ვალდებულების შეუსრულებლობის და შესაბამისი თანმდევი შედეგის დადგომისას სასამართლო ამოწმებს სწორედ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის კავშირს, რაც მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეჯერების შედეგად უნდა მოხდეს, შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ უპირობოდ, მხოლოდ იმის მითითება, რომ თანხის აღება და მისი გადაცემა ხდებოდა მოსარჩელისათვის, დაუსაბუთებელი იყო და შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე გამართლებული არ იყო. ხელშეკრულებების შინაარსი, მათი ტექსტის გაანალიზებაც არ იძლეოდა ასეთი კავშირის დადგენის უპირობო შესაძლებლობას. მხოლოდ მხარის განმარტება ან მოწმის ჩვენება ცალსახად არ ადგენდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისა და დამდგარ შედეგს შორის კავშირს;

9.4. მოსარჩელის არგუმენტაცია, რომ მოპასუხის მიერ კანონით მინიჭებული სასამართლოსათვის მიმართვის უფლებით სარგებლობის, საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის და, ასევე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების გარემოებების არსებობით, მიუთითებდა მოპასუხის მიზანზე, მიეყენებინა ზიანი მხარისათვის, არ იყო გამყარებული სარწმუნო მტკიცებულებით;

9.5. სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 317-ე, 394-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის, კერძოდ უნდა არსებობდეს ზიანი, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. განსახილველ შემთხვევაში კი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობითა და ამის შედეგად კონკრეტული ზიანისა და მისი ოდენობის დადგენა, არსებული მტკიცების სტანდარტის გათვალისწინებით, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, შესაბამისად, მისი მოთხოვნა 100 250 აშშ დოლარისა და 2875.06 ლარის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო;

9.6. სასამართლომ, ასევე გამოიყენა სსკ-ის 411-ე, 412-ე მუხლები და განმარტა, რომ ქონების (ფულის) უნიკალური თვისებიდან გამომდინარე, ივარაუდება, რომ ფულად საშუალებებს ყოველთვის შეუძლია მოუტანოს სარგებელი მის მესაკუთრეს, რაც შეიძლება თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებით განხორციელდეს. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ სამოქალაქო დავაზე მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა, რაზეც 2012 წლის 20 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, შესაბამისად, 2011 წლის 10 ნოემბრიდან 2012 წლის 20 დეკემბრამდე მიუღებელი შემოსავლის - 4 000 აშშ დოლარის დაკისრება მოპასუხისათვის, ამ უკანასკნელის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებისა და ფულადი თანხის უნიკალური განსაკუთრებული თვისების გათვალისწინებით, მოსარჩელისათვის დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობას წარმოშობდა, ამიტომ ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო.

10. მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და, სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

10.1.1. მცდარია სასამართლოს დასკვნა, რომ მიღებული თანხა აპელანტს (მოსარჩელეს) უნდა განეკარგა მისთვის უპირველესი ინტერესების გათვალისწინებით, რადგან გაუგებარია კანონის რომელი დებულებით დაუდგინა ან/და შეუზღუდა სასამართლომ მხარეს მისი კუთვნილი თანხის პირადი შეხედულებით განაწილება - გამოყენების უფლება. ამ შემთხვევაში არსებითად გამოსაკვლევი იყო არა აპელანტის ბიუჯეტის ხარჯვითი ანალიზი, არამედ - მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებით გათვალისწინებული ზიანი. აპელანტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მას ხელშეკრულების საფუძველზე ნასყიდობის საფასურის ერთიანად მიღების ინტერესი ჰქონდა;

10.1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილია სარჩელის დაკმაყოფილება, სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობასთან დაკავშირებით, გაუმართლებლად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული ზიანის თაობაზე, აპელანტმა განმარტა, რომ სასამართლო მითითებულ ნაწილში ტენდეციური იყო და არასწორად განმარტა მისი პოზიცია, არ იმსჯელა კონკრეტული ფაქტების, მტკიცებულებებისა და სამართლებრივი რეგულაციების შესახებ;

10.1.3. აპელანტს მართლაც ჰქონდა სახლის მშენებლობის გადაუდებელი ინტერესი, ვინაიდან უძრავი ქონების მოპასუხისათვის მიყიდვის შემდეგ, მას აღარ გააჩნდა საცხოვრებელი (თავშესაფარი) და შეიძინა მიწის ნაკვეთი. მოპასუხე არ უხდიდა მოსარჩელეს ნასყიდობის ფასიდან დარჩენილ 50 000 აშშ დოლარს, რის გამოც ეს უკანასკნელი იძულებული გახდა, ფინანსური ვალდებულებები ეკისრა, რასაც დღითიდღე ემატებოდა და ამძიმებდა ვადაგაცილებული გადახდები, შემდეგ მან გადაწყვიტა საცხოვრებელი სახლის გაყიდვა, თუმცა, ესეც ვერ მოხერხდა, რადგან მოპასუხის მიერ მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის გამო, ყადაღა დაედო სახლს. რეალურად მოსარჩელეს 2012 წლიდან 2014 წლამდე შეეზღუდა საკუთარი ქონების გასხვისების უფლება და კრედიტორების მიმართ წარმოშობილი ფულადი დავალიანებების გადახდის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოპასუხის ქმედებები გააზრებული და წინასწარ მოტივირებული იყო, ამიტომ იგი ვალდებულია აუნაზღაუროს მოსარჩელეს მიყენებული ზიანი და აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც არ იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება;

10.1.4. საქალაქო სასამართლომ არ იმსჯელა მოსარჩელის მიერ წარდგენილ ყველა მტკიცებულებაზე და არ გამოიკვლია ისინი, რის გამოც დაირღვა მხარეთა თანასწორუფლებიანობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური საპროცესო უფლებები;

10.1.5. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში დაშვებულია ფაქტობრივი უსწორობა 4120.24 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგან აღნიშნული თანხა ჩათვლილი იქნა სარჩელის ფასში და მისი მოთხოვნა უგულებელყოფილი იქნა დასაბუთების გარეშე.

11. მოპასუხის შეგებებული სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

11.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, გამყიდველის სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

11.1.1 ის ფაქტი, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უძრავი ქონების გამყიდველის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 50 000 აშშ დოლარის გადახდა (იხ. ამ განჩინების მე-2 პუნქტი), ამ უკანასკნელს არ წარმოუშობს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას;

11.1.2 საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება 50 000 აშშ დოლარის ეტაპობრივად გადახდის ვალდებულება 2011 წლის სექტემბრიდან, ყოველთვიურად, თვეში - 500 აშშ დოლარის გადახდით, ანუ მოპასუხეს თანხის გადახდა უნდა დაესრულებინა 2019 წლის ბოლოსთვის, შესაბამისად წარმოუდგენელია, რომ მის მიერ ყოველთვიურად 500-500 აშშ დოლარის გადაუხდელობამ განაპირობა მოსარჩელის მხრიდან კოლოსალური ოდენობის სესხების აღება. დღესდღეობით კი ნასყიდობის საფასური მოპასუხეს სრულად აქვს გადახდილი (იხ. ამ განჩინების მე-3 პუნქტი).

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ასევე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, მოპასუხეს (მყიდველს) მოსარჩელის (გამყიდველის) სასარგებლოდ, ზიანის სახით, 43 356,6 ლარის ანაზღაურება დაეკისრა, დანარჩენი მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

12.2. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, რომ მან მხარეთა სააპელაციო საჩივრები ერთხელ უკვე განიხილა და 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა მხარეები (იხ. ტ. 2, ს.ფ. 523-542), თუმცა, მოპასუხის საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სასამართლოს (იხ. სუსგ #ას- 823-789-2016, 26.12.2016 წ; ტ.3, ს.ფ.114- 132; სსსკ-ის 412-ე მუხლი).

12.2.1. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი მითითებით საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ „საქმეში წარმოდგენილი სესხის ხელშეკრულებებისა და სხვა მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე უნდა დაადგინოს, სადავო მშენებლობის მიმდინარეობის პერიოდში (მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება), რა ოდენობის სესხი აიღო უშუალოდ მოსარჩელემ და რა პირობებით. სწორედ აღნიშნული გარემოებების უტყუარად დადგენის შედეგადაა შესაძლებელი იმის შეფასება, გამოიწვია თუ არა მოსარჩელისათვის მატერიალური ზიანის (და რა ოდენობით) წარმოშობა მოპასუხის მიერ 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში ვადის გადაცილებით ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობამ. არასაკმარისადაა დასაბუთებული სააპელაციო პალატის მსჯელობა გონივრულ საპროცენტო სარგებლად წლიური 20%-ის მიჩნევის შესახებაც, თუმცა გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხის (კასატორის) მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებამ შეადგინა 42 თვე“ (იხ. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების 93- ე პუნქტი). საკასაციო სასამართლოს განჩინებითვე სამართლებრივად უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოპასუხის (კასატორის) მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ მას 50 000 აშშ დოლარი მოსარჩელისათვის თითქოსდა უნდა გადაეხადა არა ერთიანი გადახდის სახით, არამედ პერიოდულად, ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის 2011 წლის 7 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობის შეფასება მოცემული დავის საგანს სცდება და საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 17 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება №2ბ/1748-12 საქმეზე, რომლის სარეზოლუციო ნაწილით დადგინდა სადავო 50 000 აშშ დოლარის ერთიანად გადახდის ვალდებულება (იხ. საკასაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინების 95-96-ე პუნქტები).

12.3. საკასაციო სასამართლოს სამართლებრივი მითითებების ფარგლებში, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვის შედეგად დაადგინა, რომ სადავო მშენებლობა 2011 წლის აგვისტოდან 2012 წლის იანვრის პერიოდში მიმდინარეობდა, სადავო პერიოდში კი უშუალოდ გამყიდველმა სესხად აიღო 2011 წლის 29 აგვისტოს 25 000 ლარი (36%-იანი სესხი), იმავე წლის 26 ოქტომბერს - 4 400 ლარი (36%-იანი სესხი), 15 ნოემბერს - 3 000 აშშ დოლარი (ყოველთვიურად 6%), შესაბამისად, გამყიდველის მიერ აღებული სესხის ოდენობამ ჯამში შეადგინა 29 400 ლარი+ 3 000 აშშ დოლარი. 2011 წლის ნოემბრისთვის დოლარი ლართან გაცვლითი კურსი 1,67 იყო. გამყიდველის (მოსარჩელის) მიერ მშენებლობის პროცესში აღებულმა ვალდებულებამ 34 410 ლარი შეადგინა.

12.4. სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ უძრავი ქონების გამყიდველი საკრედიტო დაწესებულებებში სესხის აღებას სახლის მშენებლობის დასრულების შემდეგაც განაგრძობდა, შესაბამისად, სახლის მშენებლობის მიზნებისათვის, მხარის მიერ აღებული სესხების გადაფარვა სხვა საკრედიტო დაწესებულებებიდან აღებული სესხებით ხდებოდა. ამიტომ სასამართლომ დაასკვნა, რომ გამყიდველისათვის მიყენებული ზიანი წარმოადგენს უშუალოდ მის მიერ სესხად აღებული თანხის 34 410 ლარის წლიურ 36%-ს (თვიურ 3%) 42 თვის განმავლობაში. აღნიშნული თანხის ყოველთვიური სარგებელი 1 032, 3 ლარია, რაც 42 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, შესაბამისად, საბოლოო თანხამ, რაც მოპასუხეს მიყენებული ზიანის სახით უნდა შეერაცხოს 43 356,6 ლარი შეადგინა. სწორედ ამ მოცულობით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი, ხოლო მისი მოთხოვნა მოპასუხისათვის საანაბრე პროცენტის სახით 4000 აშშ დოლარის დაკისრებაზე უარყოფილი იქნა; ასევე, არ დაკმაყოფილდა სარჩელის ის ნაწილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებაზე გადასახდელი მომსახურების - 2 875, 06 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის. მოსარჩელეს უარი ეთვა მოპასუხისათვის საპროცესო ხარჯის - 4 120, 24 ლარის დაკისრებაზე.

13. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის 11 712,68 ლარის დაკისრება, ხოლო დანარჩენ ნაწილში - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13.2. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უხეშად დაარღვია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინების მითითება და გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება; კერძოდ, დასახელებული განჩინებით სააპელაციო სასამართლოს დაევალა, დაედგინა მშენებლობის პერიოდში, რა ოდენობის სესხი აიღო უშუალოდ მოსარჩელემ და რა ოდენობის ზიანი გამოიწვია მოსარჩელისათვის აღნიშნული სესხის აღებამ;

13.2.1.სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა საკასაციო სასამართლოს მითითება და, მართალია, დაადგინა მშენებლობის პერიოდში უძრავი ქონების გამყიდველის მიერ აღებული სესხის ოდენობა, თუმცა, არასწორად დათვალა სესხზე გადახდილი პროცენტი;

13.2.2. გაუგებარია აღნიშნულ სესხებზე გადახდილი პროცენტის გადაანგარიშება 42 თვეზე, რასაც სააპელაციო სასამართლო უზენაესი სასამართლოს განჩინებაში მითითებული სიტყვებით ამართლებს (იხ. ამ განჩინების 12.2.1 ქვეპუნქტი). კასატორის მოსაზრებით, უზენაესმა სასამართლომ 50 000 აშშ დოლარი გადახდის გადაცილებაზე გასული 42 თვე იგულისხმა და არა ის, რომ კონკრეტულ სესხზე მომხდარიყო პროცენტის 42 თვეზე დაანგარიშება;

13.2.3. სააპელაციო სასამართლომ ჩვეულებრივი კალკულატორით დაითვალა, თუ რას შეადგენდა 34 410 ლარზე თვიური პროცენტი, სინამდვილეში კი მას იმის გამო, რომ სესხი არის ყოველთვიურად გადასახდელი, იგი უნდა დაეთვალა ე.წ. სესხის კალკულატორით (ანუიტეტური კალკულატორი), იგივე საკრედიტო კალკულატორით, რომელიც არის სპეციალური პროგრამა და გააჩნია ყველა ბანკს, თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას. აღნიშნული პროგრამის გამოყენებით, 42 თვეზე გადასახდელი პროცენტი ჯამში შეადგენს 26 566 ლარს (მაქსიმალურ თანხას, რაც შესაძლოა სააპელაციო სასამართლოს მოპასუხისათვის დაეკისრებინა) და არა 43 356 ლარს;

13.2.4. კასატორი თვითონ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - შპს „ი-ის“ საფინანსო ანგარიშის დასკვნის მიხედვით ხელმძღვანელობს და აღნიშნავს, რომ ამ განჩინების 12.3 ქვეპუნქტში მითითებულ სამ სესხზე, საერთო ჯამში, მხარისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 7 141,88 აშშ დოლარს, რაც მაშინდელი კურსის (1.67) გათვალისწინებით არის 11 712.68 ლარი.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი არსებითად განხილვის მიზნით დასახელებული მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ საქმის არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართებოდა, 2018 წლის 23 მარტს, 12:00 საათზე.

14.3. 2018 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ მხარეებს მორიგება შესთავაზა. სხდომაზე განხილულ იქნა მორიგების შესაძლო პირობები. მხარეებმა საქმის მორიგებით დასრულების სურვილი და მზაობა გამოთქვეს. სასამართლო სხდომა მორიგების მიზნით გადაიდო 2018 წლის 13 აპრილს, 12:00 საათზე. მხარეებს მორიგებისათვის 3-კვირიანი ვადა განესაზღვრათ.

14.4. 2018 წლის 3 აპრილს კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მორიგების აქტი წარმოადგინა. განმცხადებელმა სასამართლო სხდომის მოკლე ვადაში დანიშვნა იშუამდგომლა.

14.5. მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების აქტი შემდეგია:

ერთის მხრივ, თ. ჯ-ე (პ/ნ 0--) და მეორეს მხრივ თ. ბ-ი (პ/ნ 0-), თანხმდებიან შემდეგზე:

1. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერ პირებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა თ. ჯ-ის სარჩელისა გამო თ. ბ-ის მიმართ. საქმე ამჟამად განიხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში (საქმის # ას-1161-1081-2017).

2. მხარეებს გააჩნიათ სურვილი მათ შორის არსებული ყველა სადავო საკითხი მოაწესრიგონ წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმებით და საბოლოოდ დაასრულონ ყველა სახის დავა და გაუგებრობა.

3. წინამდებარე მორიგების აქტით თ. ბ-ი იღებს ვალდებულებას, თ. ჯ-ეს გადაუხადოს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი შემდეგი გრაფიკით: 6 000 (ექვსი ათასი) ლარი სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 მაისამდე; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 ივნისამდე; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 ივლისამდე. თანხის ჩარიცხვა მოხდება თ. ჯ-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მას აქვს სს „ს-ში“ G--.

4. თ. ბ-ი აცხადებს და ადასტურებს, რომ არც დღეს მიმდინარე სასამართლო დავაზე და არც ზოგადად, წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტამდე არსებულ რომელიმე ურთიერთობებზე მას არა აქვს და არც სამომავლოდ ექნება სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ჯ-ის მიმართ.

5. თ. ჯ-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ არც დღეს მიმდინარე სასამართლო დავაზე და არც ზოგადად, წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტამდე არსებულ რომელიმე ურთიერთობებზე მას არა აქვს და არც სამომავლოდ ექნება სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ბ-ის მიმართ.

6. თ. ბ-ი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტამდე არსებულ არც ერთ ურთიერთობაზე მისი პირდაპირი ან ირიბი კონტროლის ქვეშ არსებულ არც ერთ კომპანიას არა აქვს და არც სამომავლოდ ექნება სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ჯ-ის მიმართ.

7. თ. ჯ-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტამდე არსებულ არც ერთ ურთიერთობაზე მისი პირდაპირი ან ირიბი კონტროლის ქვეშ არსებულ არც ერთ კომპანიას არა აქვს და არც სამომავლოდ ექნება სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ბ-ის მიმართ.

8. მხარეები ადასტურებენ, რომ ისინი ვალდებული არიან შეწყვიტონ ერთმანეთის წინააღმდეგ დაწყებული ყველა სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლო დავა, რომელიც დაწყებული აქვთ ან უშუალოდ მათ, ან მათი პირდაპირი ან ირიბი კონტროლის ქვეშ არსებულ კომპანიებს, ასევე იღებენ ვალდებულებას, განცხადებით მიმართონ შესაბამის ორგანოებს (სასამართლო/საჯარო რეესტრი/აღსრულების ეროვნული ბიურო), ზემოაღნიშნული სასამართლო დავების საფუძველზე ერთმანეთის ქონებებზე, უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, უარი თქვან ნებისმიერ განცხადებაზე თუ ასეთი შეტანილი აქვთ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებში და აცნობონ შესაბამის ორგანოებს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები აღარ გააჩნიათ.

9. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

10. თ. ბ-ის მიერ 12 000 ლარის წინამდებარე მორიგებით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, თ. ბ-ი თ. ჯ-ეს გადაუხდის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.

11. წინამდებარე მორიგების მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტებში გათვალისწინებული რაიმე სახის პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, პრეტენზიის წარმდგენ პირს მეორე მხარის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

12. წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მხარეები იძლევიან გარანტიას და ადასტურებენ, რომ ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით ამ გარიგებისა და მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ხელმოსაწერად, ხოლო ამ შეთანხმების ხელმოწერით, მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მორიგების ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

13. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე და ძალაშია მასში მოცემული პირობების სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში შესრულებამდე.

14. წინამდებარე შეთანხმება დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

14.6. მორიგების დამტკიცების თაობაზე სასამართლო სხდომა დაინიშნა 2018 წლის 5 აპრილს, 10:00 საათზე, რაც ეცნობათ მხარეებს, კანონით დადგენილი წესით.

14.7. 2018 წლის 5 აპრილის სხდომაზე მომხსენებელმა მოსამართლემ წაიკითხა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი. საკასაციო პალატის შეკითხვის შემდეგ კასატორის წარმომადგენელმა დააზუსტა მორიგების აქტის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები და განმარტა, რომ მორიგების აქტის ეს პუნქტები შეეხება მხოლოდ ამ დავიდან გამომდინარე ურთიერთობებს და არ ვრცელდება სხვა სამომავლო ურთიერთობებზე. მორიგების აქტის მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებში ამოღებულ იქნა სიტყვები „არც სამომავლოდ ექნება“. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებზე, ამასთან დაკავშირებით კასატორის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თანახმაა ამ პუნქტებში დასახელებული „პირდაპირი ან ირიბი კონტროლის ქვეს არსებულ არც ერთ კომპანიას“ ამოღებულ იქნას სიტყვა „ან ირიბი“. დაკორექტირდა მორიგების აქტის მე-10 პუნქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა მხარეთა მიერ წარმოდგენილ მორიგების აქტს, მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, ხოლო მოცემული საქმის წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. მხარეთა შორის მიღწეული მორიგების დამტკიცების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის სასამართლო სხდომაზე მხარეებს მორიგებისთვის მიეცათ 3-კვირიანი ვადა. 2018 წლის 3 აპრილ კასატორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, მორიგების აქტი წარმოადგინა და მოითხოვა მორიგების დამტკიცების შესახებ სხდომის მოკლე ვადაში დანიშვნა.

17. 2018 წლის 5 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე საკასაციო პალატამ განიხილა მორიგების აქტის პირობები, დააკორექტირა რამდენიმე პუნქტი (იხ. ამ განჩინების 14.7 ქვეპუნქტი) და იმსჯელა მორიგების აქტის დამტკიცებაზე შემდეგი პირობებით:

წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერ პირებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა თ. ჯ-ის სარჩელისა გამო თ. ბ-ის მიმართ. საქმე ამჟამად განიხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში (საქმის # ას-1161-1081-2017);

2. მხარეებს გააჩნიათ სურვილი მათ შორის არსებული ყველა სადავო საკითხი მოაწესრიგონ წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმებით და საბოლოოდ დაასრულონ ყველა სახის დავა და გაუგებრობა;

3. წინამდებარე მორიგების აქტით თ. ბ-ი იღებს ვალდებულებას, თ. ჯ-ეს გადაუხადოს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი შემდეგი გრაფიკით: 6 000 (ექვსი ათასი) ლარი სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 მაისამდე; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 ივნისამდე; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 ივლისამდე. თანხის ჩარიცხვა მოხდება თ. ჯ-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მას აქვს სს „ს-ში“ G-.

4. თ. ბ-ი აცხადებს და ადასტურებს, რომ არც დღეს მიმდინარე სასამართლო დავაზე და არც ზოგადად, წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტამდე არსებულ რომელიმე ურთიერთობებზე მას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ჯ-ის მიმართ.

5. თ. ჯ-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ არც დღეს მიმდინარე სასამართლო დავაზე და არც ზოგადად, წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტამდე არსებულ რომელიმე ურთიერთობებზე მას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ბ-ის მიმართ.

6. თ. ბ-ი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტამდე არსებულ არც ერთ ურთიერთობაზე მისი პირდაპირი კონტროლის ქვეშ არსებულ არც ერთ კომპანიას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ჯ-ის მიმართ.

7. თ. ჯ-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტამდე არსებულ არც ერთ ურთიერთობაზე მისი პირდაპირი კონტროლის ქვეშ არსებულ არც ერთ კომპანიას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ბ-ის მიმართ.

8. მხარეები ადასტურებენ, რომ ისინი ვალდებული არიან შეწყვიტონ ერთმანეთის წინააღმდეგ დაწყებული ყველა სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლო დავა, რომელიც დაწყებული აქვთ ან უშუალოდ მათ, ან მათი პირდაპირი კონტროლის ქვეშ არსებულ კომპანიებს, ასევე იღებენ ვალდებულებას, განცხადებით მიმართონ შესაბამის ორგანოებს (სასამართლო/საჯარო რეესტრი/აღსრულების ეროვნული ბიურო), ზემოაღნიშნული სასამართლო დავების საფუძველზე ერთმანეთის ქონებებზე, უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, უარი თქვან ნებისმიერ განცხადებაზე თუ ასეთი შეტანილი აქვთ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებში და აცნობონ შესაბამის ორგანოებს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები აღარ გააჩნიათ.

9. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

10. თ. ბ-ის მიერ 12 000 ლარის წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით დადგენილი გადახდის გრაფიკის დარღვევის ანუ თანხის (მისი ნაწილის) განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, თ. ბ-ი თ. ჯ-ეს გადაუხდის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.

11. წინამდებარე მორიგების მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტებში გათვალისწინებული რაიმე სახის პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, პრეტენზიის წარმდგენ პირს მეორე მხარის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

12. წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მხარეები იძლევიან გარანტიას და ადასტურებენ, რომ ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით ამ გარიგებისა და მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ხელმოსაწერად, ხოლო ამ შეთანხმების ხელმოწერით, მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მორიგების ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

13. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე და ძალაშია მასში მოცემული პირობების სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში შესრულებამდე.

18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ ყოველნაირად უნდა შეუწყოს ხელი და უნდა მიიღოს კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, რათა მხარეებმა საქმე მორიგებით დაამთავრონ. საქმის მორიგებით დამთავრების მიზნით, მოსამართლე უფლებამოსილია, თავისი ინიცაიტივით ან მხარის შუამდგომლობით გამოაცხადოს შესვენება სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას და სხვა პირთა დასწრების გარეშე მოუსმინოს მხოლოდ მხარეებს ან მხოლოდ მათ წარმომადგენლებს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილითა და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებულია მხარეების უფლება საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი.

19. მხარეებს განემარტათ, რომ სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა მორიგების შედეგად მოცემულ დავაზე სამოქალაქო საქმის წარმოება უნდა შეწყდეს, ხოლო, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

20. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

21. სსსკ-ის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

22. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებით განხილვამდე, შესაბამისად კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო სასამართლოში, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მხარეთა შუამდგომლობა დავის მორიგებით დასრულების შესახებ დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს მორიგების აქტი თ. ჯ-ესა (პირადი #0-) და თ. ბ-ს (პირადი #0-) შორის შემდეგი პირობებით:

1. წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმომწერ პირებს შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა თ. ჯ-ის სარჩელისა გამო თ. ბ-ის მიმართ. საქმე ამჟამად განიხილება საქართველოს უზენაეს სასამართლოში (საქმის # ას-1161-1081-2017);

2. მხარეებს გააჩნიათ სურვილი მათ შორის არსებული ყველა სადავო საკითხი მოაწესრიგონ წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმებით და საბოლოოდ დაასრულონ ყველა სახის დავა და გაუგებრობა;

3. წინამდებარე მორიგების აქტით თ. ბ-ი იღებს ვალდებულებას, თ. ჯ-ეს გადაუხადოს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარი შემდეგი გრაფიკით: 6 000 (ექვსი ათასი) ლარი სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 მაისამდე; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 ივნისამდე; 2 000 ლარი - 2018 წლის 27 ივლისამდე. თანხის ჩარიცხვა მოხდება თ. ჯ-ის შემდეგ საბანკო ანგარიშზე, რომელიც მას აქვს სს „ს-ში“ G-.

4. თ. ბ-ი აცხადებს და ადასტურებს, რომ არც დღეს მიმდინარე სასამართლო დავაზე და არც ზოგადად, წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტამდე არსებულ რომელიმე ურთიერთობებზე მას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ჯ-ის მიმართ.

5. თ.ჯ-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ არც დღეს მიმდინარე სასამართლო დავაზე და არც ზოგადად, წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების ხელმოწერის მომენტამდე არსებულ რომელიმე ურთიერთობებზე მას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ბ–ის მიმართ.

6. თ. ბ-ი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტამდე არსებულ არც ერთ ურთიერთობაზე მისი პირდაპირი კონტროლის ქვეშ არსებულ არც ერთ კომპანიას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ჯ-ის მიმართ.

7. თ. ჯ-ე აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ხელმოწერის მომენტამდე არსებულ არც ერთ ურთიერთობაზე მისი პირდაპირი კონტროლის ქვეშ არსებულ არც ერთ კომპანიას არა აქვს სამართლებრივი, ფინანსური, ქონებრივი თუ სხვა სახის პრეტენზიები თ. ბ-ის მიმართ.

8. მხარეები ადასტურებენ, რომ ისინი ვალდებული არიან შეწყვიტონ ერთმანეთის წინააღმდეგ დაწყებული ყველა სახის სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლო დავა, რომელიც დაწყებული აქვთ ან უშუალოდ მათ, ან მათი პირდაპირი კონტროლის ქვეშ არსებულ კომპანიებს, ასევე იღებენ ვალდებულებას, განცხადებით მიმართონ შესაბამის ორგანოებს (სასამართლო/საჯარო რეესტრი/აღსრულების ეროვნული ბიურო), ზემოაღნიშნული სასამართლო დავების საფუძველზე ერთმანეთის ქონებებზე, უზრუნველყოფის სახით გამოყენებული ღონისძიებების გაუქმების შესახებ. მხარეები ასევე იღებენ ვალდებულებას, უარი თქვან ნებისმიერ განცხადებაზე თუ ასეთი შეტანილი აქვთ სისხლის სამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებში და აცნობონ შესაბამის ორგანოებს, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები აღარ გააჩნიათ.

9. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული ყველა პირობის ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

10. თ. ბ-ის მიერ 12 000 ლარის წინამდებარე მორიგების აქტის მე-3 პუნქტით დადგენილი გადახდის გრაფიკის დარღვევის ანუ თანხის (მისი ნაწილის) განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, თ. ბ–ი თ. ჯ-ეს გადაუხდის 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარს.

11. წინამდებარე მორიგების მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტებში გათვალისწინებული რაიმე სახის პრეტენზიის წარდგენის შემთხვევაში, პრეტენზიის წარმდგენ პირს მეორე მხარის სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო 100 000 (ასი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

12. წინამდებარე სამომრიგებლო შეთანხმების თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მხარეები იძლევიან გარანტიას და ადასტურებენ, რომ ისინი აღჭურვილნი არიან სათანადო უფლებამოსილებით ამ გარიგებისა და მასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი დოკუმენტის ხელმოსაწერად, ხოლო ამ შეთანხმების ხელმოწერით, მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, სრულად ეთანხმებიან მორიგების ყველა პირობას და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

13. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე და ძალაშია მასში მოცემული პირობების სრულად, ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დათქმულ ვადებში შესრულებამდე.

14.შეწყდეს მოცემული საქმის წარმოება და გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების ყველა გადაწყვეტილება;

15.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლებით;

16. კასატორს თ. ბ-ს (პირადი #0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2017 წლის 1 აგვისტოს გ. კ-ის (პ/ნ 2-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი და 2017 წლის 12 ივლისს გ. კ-ის (პ/ნ 2-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1283 (ათას ორას ოთხმოცდასამი) ლარი /სულ 1583 -ათას ხუთას ოთხმოცდასამი ლარი/.

17. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი