Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1172-1092-2017 26 იანვარი, 2018 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - შპს „ა-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ს-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გაწეული მომსახურების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ა-ასა“ (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მოვალე) და შპს „ს-ს“ (შემდეგში: მოსარჩელე, ექსპედიტორი ან კრედიტორი) შორის, 2015 წლის 10 ნოემბერს, გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ტვირთის საერთაშორისო და ადგილობრივი სატრანსპორტო ექსპედიციის შესახებ (შემდეგში: ხელშეკრულება; იხ. ხელშეკრულება, ს/ფ 14-15).

2. 2015 წლის 10 ნოემბერს #A-210/11/2015 განცხადების საფუძველზე ექსპედიტორმა დატვირთა ზუგდიდში თხილი, მიმართულება საფრანგეთი, მარსელი, მანქანის ნომერი A6518KC/A0140EM, ტრანსპორტის ღირებულება 3 500 ევრო (იხ. გაფრთხილების წერილი, ს/ფ 19).

3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტვირთი ჩავიდა დანიშნულების ადგილას, თუმცა ტვირთის გადმოცლას მძღოლი არ დასწრებია. გადაზიდვის დროს ტვირთი არ დაკარგულა. შემკვეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ექსპედიტორისათვის სრულად არ გადაუხდია (იხ. გაფრთხილების წერილი, ს/ფ 19).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. კრედიტორმა (ექსპედიტორმა) 2016 წლის 10 მარტს სარჩელი აღძრა მოვალის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ, 832 (რვაას ოცდათორმეტი) ევროს დაკისრება მოითხოვა.

4.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-3 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და განმარტა, რომ შემკვეთმა ტვირთის მიღების შემდეგ წამოაყენა სიტყვიერი პრეტენზია, რომ ტვირთს აკლდა გარკვეული რაოდენობის (დაახლოებით 100 კგ) თხილი, რის გამოც ზარალის კომპენსაციის სახით ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხიდან 832 ევრო კრედიტორს არ აუნაზღაურა.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ ექსპედიტორმა არაჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულება.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 832 ევროს ანაზღაურება დაეკისრა.

6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 730-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ ექსპედიტორმა სრულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, შემკვეთმა კი მხარეთა მიერ შეთანხმებული პროვიზია არასრულად გადაიხადა.

7. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

7.2. მოპასუხემ თავის სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმება სასამართლო გადაწყვეტილებაში უდავოდ მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ მოსარჩელეს გადაზიდვის დროს ტვირთი არ დაუკარგავს, რომ ტვირთის დაკარგვის ფაქტს მოპასუხე ადასტურებს მხოლოდ ახსნა–განმარტებით. აპელანტის განმარტებით, აღნიშნულით სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მხარეთა თანაბარი უფლებითა და შესაძლებლობებით სარგებლობის პრინციპი.

7.3. აპელანტის განმარტებით, გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ დაასაბუთა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

8.3. სასამართლომ სსსკ-ის 102-ე და 103-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოსარჩელეს, თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცების მიზნით, წარდგენილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მოპასუხეს სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ არც ერთი მტკიცებულება არ წარუდგენია, რომლითაც უტყუარად და სარწმუნოდ დადასტურდებოდა, თუ რატომ არ არის პასუხისმგებელი მოპასუხე თანხის ანაზღაურებაზე.

8.4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, მხოლოდ მოპასუხის განმარტებას ვერ გაიზიარებდა სასამართლო, ვინაიდან იგი თავად წარმოადგენს პროცესის მონაწილეს (მხარეს) და უშუალოდ არის დაინტერესებული საქმის შედეგით.

8.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმა სსკ-ის 730-ე მუხლია (ნორმის დეფინიცია იხ. ქვემოთ, მე-16 პუნქტში) განსახილველ შემთხვევაში კი არსებობდა კონოსამენტში მითითებული ტვირთის მონაცემების სისწორის ვარაუდი საპირისპიროს დამტკიცებამდე, რაც აპელანტის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა, რომლის რეალიზებაც მან ვერ შეძლო.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 26 ივნისის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

9.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

9.3. კასატორმა სსკ-ის 730-ე, 731-ე, 740-ე, 742-ე, 739-ე, 668-ე, 669-ე, 686-ე, 687-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ტვირთის დაცლისას აღმოჩნდა, რომ ტვირთს აკლდა 100 კგ. თხილი, რის შესახებაც შემკვეთმა შესაბამისი აღნიშვნა გააკეთა „ჩ. ღ“-ზე და დაუყოვნებლივ აცნობა ექსპედიტორს. შემკვეთმა ექსპედიტორს 900 ევროს, ზიანის კომპენსაციის მიზნით, ანაზღაურება მოსთხოვა.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით კასატორის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11.სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12.განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.

13.სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი შედავება არ წარმოუდგენია.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

16. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და სსკ-ის 730-ე /1.ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. 2.შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია. 2.ექსპედიციის მიმართ შესაბამისად გამოიყენება დავალების წესები, თუ ამ თავიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს/, 738-ე /თუ შეუძლებელია ტვირთის მდგომარეობის შემოწმება მხარეების თანდასწრებით, მაშინ საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე, ტვირთის მიღება ჩაითვლება იმის დასტურად, რომ ტვირთი მიღებულ იქნა დანაკლისისა და დაზიანების გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმღები ტვირთის ჩამბარებელ პირს მიუთითებს ზიანის ზოგად ხასიათზე. თუ საქმე ეხება აშკარა დანაკლისს ან დაზიანებას, ამის შესახებ უნდა მიეთითოს ტვირთის მიღებისთანავე, ხოლო თუკი საქმე არ ეხება ასეთ დანაკლისს ან დაზიანებას, - ტვირთის მიღების დღიდან არაუგვიანეს სამი დღისა/ 740-ე /ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის ბრალი/ მუხლებზე დაყრდნობით, მიიჩნევს, რომ ექსპედიტორის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება, რომ ექსპედიტორის მიერ მიწოდებული საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობაზე ნაკლები იყო და არც ის ფაქტი დაუდასტურებია, რომ შემკვეთმა პროვიზია სრულად გადაიხადა.

16.1. ამასთან, საკასაციო სასამართლო მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც გაამახვილებს ყურადღებას, რომ ექსპედიტორის მიერ ადგილზე ჩატანილი ტვირთის გადმოცლას არ დაასწრეს მოსარჩელე საწარმოს მძღოლი, ხოლო მოპასუხის სიტყვიერი პრეტენზიის - ტვირთის ნაწილის, დაახლოებით 100 კგ-ის, დანაკლისის შესახებ, დამადასტურებელი სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულება მოვალეს არ წარუდგენია სასამართლოსათვის. სსკ-ის 730.1-ე მუხლში მითითებული ვალდებულება, მოვალემ გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია, ხელშეკრულების ერთ-ერთი არსებითი პირობაა სსკ-ის 327-ე მუხლის თანახმად. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ექსპედიტორის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა, ცხადია, ამ უკანასკნელს წარმოეშობა შეთანხმებული პროვიზიის გადაუხდელი ნაწილის სამართლებრივად დასაბუთებული მოთხოვნის უფლება, რაც მართებულად დააკმაყოფილეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიებს.

16.2. საკასაციო სასამართლო მოპასუხის (კასატორის) იმ დამატებით მოსაზრებასაც უპასუხებს, რომელიც მან საკასაციო სასამართლოს წარუდგინა 2018 წლის 17 იანვრის განცხადებით, სადაც მიუთითა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე # ას-227-212-2014, 01.12.2014წ. და აღნიშნა, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა საერთოდ არ შეაფასეს საქმეში თვითონ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ე.წ. „ცემეერი“ (ს.ფ.16), სადაც დაფიქსირებულია 4 ტომარა თხილის - 100 კგ დანაკლისი, ამასთან, კასატორის მტკიცებით, „არაერთ საქმეზე იქნა დადგენილი, რომ პლომბების დაუზიანებელ მდგომარეობაში ყოფნა არ გამორიცხავს გადამზიდავი კომპანიის პასუხისმგებლობას, რადგან როგორც თეორიულად, ისე - პრაქტიკულად არსებობს პლომბების მოხსნისა და მისი ხელახალი პლომბირების შესაძლებლობა“.

16.2.1. საკასაციო სასამართლო სარჩელში მითითებულ მე-3 ფაქტობრივ გარემოებაზე გაამახვილებს ყურადღებას: „აღნიშნული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ მხოლოდ ცემეერ-ზე ტვირთის მიმღები მხარის მიერ ჩაწერილი კომენტარის საფუძველზე, რომელიც მძღოლის ხელმოწერით არ დასტურდება, შესაბამისად, აღნიშნული მინაწერი არ წარმოადგენს ტვირთის არასრული რაოდენობის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს. გარდა აღნიშნულისა, დაცლის ადგილზე მანქანა მივიდა თურქული საბაჟოს მიერ დადებული პლომბით, რომელიც მითითებულია ცემეერზე, აქედან გამომდინარე, პლომბის გარეშე არც მძღოლს და არც სხვა გარე პიროვნებას არ ჰქონდა წვდომა ტვირთთან. შეუძლებელი იყო დატვირთვის ადგილიდან დაცლის ადგილამდე ტვირთი გამქრალიყო“. საკასაციო სასამართლო მოპასუხის შესაგებელზე (იხ. ს.ფ.51-59) მიუთითებს, რომელიც მარტივი შესაგებლის სახითაა წარდგენილი და მასში მხოლოდ ისაა აღნიშნული, რომ ექსპედიტორმა არაჯეროვნად შეასრულა საკუთარი ვალდებულება, ამასთან, მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებულ მე-3 ფაქტობრივ გარემოებას, რაც სსსკ-ის 201-ე მუხლით დადგენილი წესით მოპასუხის, მოსარჩელის მიერ წარდგენილი თითოეული პრეტენზიის საპასუხო სრულყოფილ და თანმიმდევრულ, შედავებად ვერ იქნება მიჩნეული. საკასაციო სასამართლომ მოუსმინა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 14 ნოემბრის სხდომის ოქმს, რათა დარწმუნებულიყო საკასაციო პრეტენზიების საფუძვლიანობაში საკასაციო საჩივრის დასაშვებობის განხილვის ეტაპზე, თუ რა ფარგლებში შეედავა მოპასუხე მოსარჩელეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხის ყურადღება გაამახვილა სწორედ მტკიცების ტვირთსა და მოპასუხის მიერ წარდგენილ შესაგებელზე, რომელიც ხელნაწერის სახით რამდენიმე წინადადებისაგან შედგება, ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის შუამდგომლობა გადადებულიყო სასამართლო სხდომა, რადგან იგი გამთენიისას, ფაქტიურად სხდომის დღეს დაბრუნდა ქვეყანაში და არ იყო მომზადებული საქმის განხილვისათვის, აქედან გამომდინარე, მოპასუხე მოსარჩელისა და სასამართლოს კითხვების პასუხად მხოლოდ იმას უთითებს, რომ იგი არ არის მომზადებული, ამიტომაც უნდა გადადებულიყო სხდომა და სასამართლოს უნდა ჩაეთვალა, რომ ფაქტიურად მოპასუხე არ ესწრება სხდომას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სხდომის გადადების შუამდგომლობის უარყოფას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოპასუხეს, რომელიც იურიდიული პირია, შესაგებელი წარდგენილი ჰქონდა, სხდომის თაობაზე მხარე სათანადო წესით იყო ინფორმირებული ჯერ კიდევ 2016 წლის 25 ოქტომბერს და სავსებით გონივრული ვადა ჰქონდა სხდომისათვის მოსამზადებლად და წარსადგენად;

16.2.2. საკასაციო სასამართლო მხარეთა მტკიცების ტვირთზე გაამახვილებს ყურადღებას და წინამდებარე განჩინების 16.2.1 ქვეპუნქტში ასახული გარემოებების საფუძველზე, განმარტავს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველჰყო მოსარჩელის მოთოვნის გამაბათილებელი მსჯელობისა და მტკიცებულებების შეთავაზება სასამართლოსათვის, რაც მის პროცესუალურ ვალდებულებას წარმოადგენდა კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, სარჩელის აღძვრისა და საქმის განხილვისას დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების გათვალისწინებით;

16.2.3. კასატორის მიერ მითითებული სუსგ # ას-227-212-2014, 01.12.2014წ. განსახილველი საქმისაგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და საფუძვლებს მოიცავს, საკასაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია ექსპედიტორის წინააღმდეგ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე დაკმაყოფილებული სარჩელი იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, რომ „ მხარეებს შორის გაფორმებული 2012 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წლის 6 დეკემბერს მოსარჩელე შპს „ა. ჯ-ას“ ქარხანაში, ქ. ზუგდიდში დაიტვირთა მოპასუხე შპს „ვ. ჯ-ას“ სატვირთო კონტეინერი. ტვირთს წარმოადგენდა 24 000 კგ თხილის გული დაფასოებული 40 კგ-იან ტომრებში (ტომრების წონის ჩათვლით 24 048 კგ), რომლის საერთო ღირებულება შეადგენდა 132 000 აშშ დოლარს. ამასთან, კონტეინერის დალუქვა განხორციელდა გადამზიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლის (მძღოლის) მიერ მოსარჩელის თანდასწრებით“; აღნიშნულის გარდა, მითითებულ საქმეში მოპასუხემ ჯეროვნად შეასრულა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტების გამაქარწყლებელი შედავებისა და მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულება.

17. სსკ-ის 731-ე მუხლის განმარტებისას მნიშვნელოვანია, რომ „გულისხმიერებისა და კეთილსინდისიერების მტკიცების ტვირთი ექსპედიტორს უნდა დაეკისროს. სწორედ მან უნდა წარადგინოს იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ზემოაღნიშნულ ქმედებათა შესრულებისას კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების კანონისმიერი სტანდარტი დაცული იყო. ცხადია, ეს არ ზღუდავს შემკვეთის უფლებას ამტკიცოს საწინააღმდეგო და სასამართლოს ვალდებულების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარუდგინოს. მტკიცების ტვირთის ასეთი განაწილება სამეწარმეო ურთიერთობების ამ კონკრეტული სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარეობს“ (იხ. www.gccc.ge, სსკ-ის 731-ე მუხლის კომენტარი, ბოლო დამუშავება 07.04.2016 წ. ველი 14). განსახილველ შემთხვევაში შემკვეთმა (მოპასუხემ) განსახილველი საქმისათვის მნიშვნელოვანი დასაშვები და განკუთვნადი მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა საკუთარი შესაგებლის დასაბუთებულობა, რამაც ვერ გააქარწყლა მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა.

18. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები #ას-227-212-2014, 01.12.2014 წ; # 3კ/246-01, 13.06.01 წ.).

19.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

20.სსსკ-ის 401.4-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ''ა-ას'' საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს ''ა-ას'' (ს/კ 4-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ბ-ას (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N0, გადახდის თარიღი 2017 წლის 24 ოქტომბერი), 70% – 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე