Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1187-1107-2017 22 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. მ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სს ,,თ- ის’’ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი, ე. მ-ის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინდა მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის არსებითად განხილვის მოთხოვნით.

3. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ამავე სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. აღნიშნულ განჩინებასა და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა დასახელებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 59-ე, მე-60, 61-ე, 63-ე, 64-ე, 65-ე, 70-78-ე, 215-ე, 368-ე, 374-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 მაისის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზი დაუდგინდა და დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 (ათი) დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 242.29 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (შემოსავლის ორდერი). აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს 2017 წლის 12 ივნისს ჩაჰბარდა. სსსკ-ის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი უნდა გამოესწორებინა 2017 წლის 22 ივნისის ჩათვლით. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც სასამართლოსათვის მიუმართავს რაიმე შუამდგომლობით. შესაბამისად, აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველი დარჩა.

7. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განხილვის მოთხოვნით.

8. აპელანტის წარმომადგენელმა კერძო საჩივარში მიუთითა, რომ მას 2017 წლის 29 მაისის განჩინება არ ჩაჰბარებია. ასევე, აპელანტი ფაქტობრივად არ ცხოვრობს იმ მისამართზე, რომელზეც რეგისტრირებულია. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს მისი ავადმყოფი დედა, რომელმაც შესაძლოა მიიღო სასამართლოს კორესპონდენცია, თუმცა, ვერ გააცნობიერა მისი მნიშვნელობა. სასამართლოს კორესპონდენცია აღნიშნულ მისამართზე ვერც წარმომადგენელმა მოიძია. აპელანტი კი 2016 წლის 22 თებერვლიდან იმყოფება საზღვარგარეთ და სასამართლოს კორესპონდენცია არ მიუღია, წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად შეიტანდა შესაგებელს. შესაბამისად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ ინფორმირებული არ იყვნენ.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2017 წლის 24 ნოემბერს მოპასუხის კერძო საჩივარი მიიღო წარმოებაში განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

13. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 9 ივნისს სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ასლი გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს - გ. ტ-ს. საფოსტო უკუგზავნილით დასტურდება, რომ 2017 წლის 12 ივნისს გზავნილი ჩაიბარეს ადვოკატთა ბიუროს რეგისტრატურაში, კერძოდ, გზავნილი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ლ. ც-ამ ჩაიბარა (ტ. 2, ს/ფ 8) სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი არ ჩაჰბარებია, დაუსაბუთებელია.

14. კერძო საჩივრის ავტორის იმ პრეტენზიას, რომ მან საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის გამო ხარვეზი ვერ გამოასწორა, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგან სსსკ-ის 93-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლის მეშვეობით. საქმეში წარდგენილი მასალებით არ დასტურდება, სსსკ-ის 215.3-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზი, რის გამოც აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელი, რომელსაც ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაჰბარდა აცხადებს, რომ გზავნილი პირადად აპელანტს არ ჩაჰბარებია, თუმცა, ვერაფრით აბათილებს იმას, რომ აპელანტის წარმომადგენელთან გაგზავნილი გზავნილი ორგანიზაციის წარმომადგენს ჩაჰბარდა, რაც გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებას გულისხმობს (იხ. განუსაზღვრელი ვადით გაცემული მინდობილობა, ტ. 1, ს/ფ 82-83).

15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს მოვალეობებსაც აკისრებს, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 ივლისის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე. მ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 ივლისის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე