Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1208-1128-2017 9 მარტი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ი-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განხილვა

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით ნ. კ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ნ. ი-ას წინააღმდეგ, ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 368.5-ე, 374-ე მუხლებით და დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 11 მაისის განჩინებით მოსარჩელეს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში წარედგინა 144 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ადვოკატის მოწმობა ან აპელანტის მიერ ხელმოწერილი დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი. აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა და სააპელაციო სასამართლოს მის მიერ ხელმოწერილი დაუზუსტებელი სააპელაციო საჩივარი წარუდგინა, აპელანტმა ხარვეზის ვადის 10 დღით გაგრძელება იშუამდგომლა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღის ვადა განესაზღვრა. აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხარვეზი ნაწილობრივ გამოასწორა და სასამართლოს მხოლოდ დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი წარუდგინა, აპელანტმა ხარვეზის ვადის 10 დღით გაგრძელება იშუამდგომლა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მას ხარვეზის გამოსასწორებლად 10 დღის ვადა განესაზღვრა. აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება იშუამდგომლა. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 27 ივლისის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას 5 - დღიანი ვადა განესაზღვრა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარსადგენად. აპელანტმა, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, კვლავ ითხოვა ხარვეზის ვადის 7 დღით გაგრძელება.

5. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის 2017 წლის 8 აგვისტოს შუამდგომლობა შეაფასა, როგორც სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლა და მეორე მხარის უფლებების დარღვევა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის თაობაზე აპელანტის პირველად ინფორმირების შემდეგ საკმარისი და გონივრული ვადა გავიდა ხარვეზის შესავსებად. სააპელაციო სასამართლომ დასაბუთებლ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ აპელანტი სასამართლო პროცესს აჭიანურებს, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა მისი გაუქმებისა და, ახალი განჩინების მიღებით, საჩივრის განსახილველად მიღების მოთხოვნით.

7. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის მე-2 და მე-5 მუხლებით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვისა და მხარეთა თანასწორობის პრინციპები.

8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, მას სურდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის საბოლოო დასრულებამდე და სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული, როგორც სასამართლო პროცესის გაჭიანურება და დაუსაბუთებლად უთხრა უარი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი მიიღო განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების, კერძო საჩივრის საფუძვლების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

10. სსსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს, შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი ან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

11. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს.

13. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2017 წლის 25 აპრილს სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან აპელანტის მიერ, 2017 წლის 8 აგვისტოს, შუამდგომლობის წარდგენამდე გასული იყო 3 თვეზე მეტი, რაც ყოველგვარ გონივრულ ვადას აღემატება, რაც შეიძლება სასამართლომ მხარეს ხარვეზის გამოსასწორებლად განუსაზღვროს.

14. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას სასამართლო განხილვის უფლება წაერთვა, დაუსაბუთებელია, რადგან საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს მიეცა საკმარისი ვადა სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად ან იმის დასადასტურებლად, რომ მას ბაჟის გადახდა არ შეეძლო. აპელანტს არც ერთი არ განუხორციელებია, რამაც საფუძვლიანად განაპირობა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. საკასაციო სასამართლოს შინაგან რწმენას მხარის მცდელობასთან დაკავშირებით, გააჭიანუროს სასამართლო პროცესი, ისიც ამყარებს, რომ მოსარჩელემ კერძო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელება სამჯერ იშუამდგომლა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოასწორა კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.

15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული. საპროცესო კანონმდებლობა უფლებებთან ერთად მხარეებს აკისრებს მოვალეობებსაც, მათი შეუსრულებლობა კი, იწვევს მხარისათვის არასასურველ სამართლებრივ შედეგს. საპროცესო ვალდებულებების არსებობა შეჯიბრებით პროცესში სწორედ მხარეთა უფლებების დაცვის, საპროცესო ეკონომიის პრინციპისა და, საბოლოოდ, სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გარანტიაა. შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილული იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2016წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც მისი მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინება კანონიერია, ხოლო კერძო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რის გამოც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. კ-ის კერძო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინებაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 სექტემბრის განჩინება;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე