საქართველოს უზენაესი სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №ას-1409-1329-2017 17 იანვარი, 2018 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "დ-ი"
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გ. გ-ის (შემდეგში: მოსარჩელე, განმცხადებელი ან საჩივრის ავტორი) განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
1.1. შპს „დ-ს“ (შემდეგში: პირველი მოპასუხე, შპს ან საწარმო) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების, ქ. თბილისი, ყ-ის გამზირი #34-ში მდებარე (ს/კ 0-) 3103 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული #1, #2, #3 შენობა-ნაგებობის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
1.2. გ. კ-ეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა:
1.2.1. ქ. თბილისი, დ-ი, ქ. წ-ის ქ. #2-ში (ს/კ 0-) მდებარე 454 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა #1;
1.2.2. ქ. თბილისი, ყ-ის გამზირი #36-39-ში (ს/კ 0-), სართული 3-ზე მდებარე 81.55 კვ.მ ფართი;
1.2.3. ქ. თბილისი, ყ-ის გამზირი #36-39-ში (ს/კ 0-) მდებარე ავტოსადგომი #10, 18 კვ.მ;
1.2.4. ქ. თბილისი, ყ-ის გამზირი #36-39-ში (ს/კ 0-) მდებარე ავტოფარეხი #12, 18 კვ.მ;
1.2.5. ქ. თბილისი, ყ-ის გამზირი #36-39-ში (ს/კ 0-) მდებარე ავტოფარეხი #11, 18 კვ.მ;
1.2.6. ქ. თბილისი, ყ-ის გამზირი #36-39-ში (ს/კ 0-) მდებარე ავტოფარეხი #13, 18 კვ.მ;
1.3. დ. კ-ს (შემდეგში: მესამე მოპასუხე) აეკრძალა ქ. თბილისში, გ-ის მასივი „ა“ მ/რ-ში, კორპ. #69-ში, ბინა #70-ში (ს/კ 0-) მდებარე 66 კვ.მ. ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ნოემბრის განჩინებით მოპასუხეთა საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 31 მარტის განჩინებით დადგინდა შემდეგი:
3.1. მესამე მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეოთხე პუნქტი გაუქმდა და მოსარჩელის განცხადება, მესამე მოპასუხის კუთვნილი ქონების დაყადაღების თაობაზე, დარჩა განუხილველად;
3.2. მეორე მოპასუხის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ამ განჩინების 1.2.1-1.2.2 პუნქტებში დასახელებულ მეორე მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ამ ნაწილში მოსარჩელის განცხადება არ დაკმაყოფილდა;
3.3. პირველი მოპასუხის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებით პირველი მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შპს-ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (იხ. ამ განჩინების 1.1 ქვეპუნქტი).
5. თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს მითითებებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 372-ე, 191.1-ე, 194.2-ე მუხლებით და განმარტა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინსტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მოპასუხის უფლებები) შორის. გარდა ამისა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესოსამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური, ამასთან, დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საწარმოს არგუმენტი, რომ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ობიექტის ღირებულება 1 000 000 ლარია, ხოლო განმცხადებლის სარჩელი 55 000 აშშ დოლარის ნაწილშია დაკმაყოფილებული. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნულით გაუმართლებლად ილახებოდა მოპასუხის უფლებები. ამასთან, პირველი მოპასუხის მიმართ გამოკვეთილი არ იყო სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების ვარაუდი. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი პირველი მოპასუხის ნაწილში არ დაკმაყოფილებულა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. საჩივრის ავტორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიტანა დასკვნა მისი სასარჩელო მოთხოვნის სხვა ქონებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით, მისი სარჩელი უზრუნველყოფილია მხოლოდ მეორე მოპასუხის უძრავი ქონების ნაწილით, რომლის საერთო ღირებულება 20 000 აშშ დოლარია, სასარჩელო მოთხოვნა კი - 85 000 აშშ დოლარია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად და უსაფუძვლოდ გააუქმა იმავე სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინება. გამცხადებელმა დამატებით ისიც განმარტა, რომ შპს ამხანაგობის დამფუძნებელი პარტნიორი და გამგეობის წევრი გახდა, ამდენად ის არის საჩივრის ავტორის სარჩელზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის მატარებელი. საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმ ნაწილშიც, სადაც მხარეთა ინტერესების თანაზომიერებისა და პროპორციულობის პრინციპზეა საუბარი. მისი მოსაზრებით, დასახელებული პრინციპი არ ირღვევა, თუ უზრუნველყოფილი ქონების ღირებულება სასარჩელო მოთხოვნის ღირებულებას აღემატება, რადგან იძულებითი აუქციონის შემდეგ ამონაგები თანხის ნაწილი, რომელიც დარჩება მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ, დაუბრუნდება მოვალეს.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და, საქმის მასალებთან ერთად, გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
8. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 191-ე, 194-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ საჩივრის ავტორმა სათანადოდ ვერ დაასაბუთა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლები. სასამართლომ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 31 მარტის განჩინებაში ასახული მსჯელობა და დაასკვნა, რომ შპს-სათვის სარჩელის ფარგლებში 85 000 აშშ დოლარის დაკისრება საეჭვო იყო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირველ მოპასუხესა და ამხანაგობას შორის დადებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შეუძლებელია საწარმოს ამხანაგობის წევრად მიჩნევა, ვინაიდან ხელშეკრულება არ ანიჭებს პირს ამხანაგობის წევრობას. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საწარმომ საქმეში წარდგენილი მემორანდუმით დაასაბუთა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო პროექტის დაწყება. აქედან გამომდინარე, დადგინდა, რომ ქონებაზე აკრძალვის დაწესება ხელს შეუშლის მშენებლობის განხორციელებას, ეს კი საწარმოსათვის მატერიალური ზიანის მიყენებას გამოიწვევს. სასამართლომ ასევე არ გაიზიარა, საჩივრის ავტორის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელისთვის უზრუნველყოფილი ქონება საკმარისი არ იქნება და აღნიშნა, რომ მხოლოდ ეს განმარტება არ იყო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოსარჩელის საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას მოითხოვს ამ განჩინების მე-6 პუნქტში მითითებულ არგუმენტებზე დაყრდნობით.
11. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში, შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარეთა ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი, ასევე, უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა, აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.
12. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
13. სასამართლოს მოსაზრებით, საწარმოს მიმართ გამოკვეთილი არაა სარჩელის შესაძლო დაკმაყოფილების ვარაუდი, კერძოდ, პირველი მოპასუხის მიმართ მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი მოპასუხე ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) დამფუძნებელი წევრია და, შესაბამისად, მან პასუხი უნდა აგოს მოსარჩელის წინაშე სსკ-ის 937-ე მუხლის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირველ მოპასუხესა და ამხანაგობას შორის 2006 წლის 3 მაისს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით (ტ. 3, ს/ფ 421-429) ასეთი დასკვნის გამოტანა შეუძლებელია, ვინაიდან, ამ ხელშეკრულების მიხედვით, მესამე მოპასუხემ ამხანაგობას მიჰყიდა კუთვნილი მიწის ნაკვეთი. ცხადია, ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოშობს ამხანაგობის წევრობას და მასთან დაკავშირებულ უფლება-მოვალეობებს, რაც გამორიცხავს პირველი მოპასუხის პასუხისმგებლობას სსკ-ის 937-ე მუხლის საფუძველზე (იხ. ამავე საქმეზე მიღებული განჩინება #ას-1109-1066-2016, 31.03.17 წ.).
14. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნებისა და ამ ინსტიტუტის დანიშნულებაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნებს, რაც ასახულია წინამდებარე განჩინების მე-5 და მე-8 პუნქტებში, სავსებით იზიარებს საკასაციო სასამართლო და დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი მსჯელობა უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას შეესაბამება (იხ. სუსგ-ები: # ას-829-775-2017, 26.06.17 წ; # ას-323-306-2017, 28.04.17 წ.).
15. საჩივრის ავტორის არგუმენტების დაუსაბუთებლობის გამო უარყოფილია საჩივრის დაკმაყოფილება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე მუხლებით, 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.გ. გ-ის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 სექტემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე