Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

საქმე №ას-1549-1469-2017 23 თებერვალი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

ეკატერინე გასიტაშვილი (მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები - მ. ა-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ. ჯ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან მესაკუთრე) 2007 წლის 2 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ქ. თბილისში, ო-ის დასახლებაში, თ-ის ქუჩა №40-ში მდებარე უძრავი ქონების (დაზუსტებული ფართობი 2 464.00 კვ.მ., ½ ნაწილი შენობა-ნაგებობა №1 (ლიტ ,,ა“) საერთო სარგებლობის ფართობით 135.24 კვ.მ., მათ შორის საცხოვრებელი ფართობი 70.84 კვ.მ., დამხმარე ფართობით 64.4 კვ.მ., სამეურნეო ფართობით 135.16 კვ.მ., ს/კ 0-) მესაკუთრედ. უძრავი ქონება სახლთმფლობელობის ნაწილია, რომლის დარჩენილი ნაწილის მესაკუთრე ა. პ-ია (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ტ. 1, ს/ფ 70-71).

2. 2001 წლის 4 დეკემბერს იძულებითი აუქციონი დაინიშნა ო. ა-ის (შემდეგში: მოპასუხის მამა) კუთვნილ უძრავ ქონებაზე, მდებარე: ქ. თბილისი, ო-ის დასახლება, თ-ის ქ. #40; აუქციონის ობიექტი იყო სამსართულიანი სახლის პირველი ორი სართული ეზოთი. ეზოს ფართი, სადაც სახლია აშენებული, 2 464 კვ.მ-ს შეადგენდა (კრწანისი-მთაწმინდისა და ისანი-სამგორის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, ტ. 1, ს.ფ 48).

3. სადავო მანსარდის ნაწილი, დამხმარე სათავსო და ავტოფარეხი (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება), თანამესაკუთრეთა საერთო საკუთრებაში მიწის ნაკვეთზე მდებარე, უკანონო ნაგებობებია, რომლებიც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების #1 შენობა-ნაგებობის ½ ნაწილის არსებითი შემადგენელი ნაწილია.

4. სადავო უძრავ ქონებას მ. ა-ი ფლობს (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი).

5. სარჩელის საფუძვლები

5.1. მესაკუთრემ 2016 წლის 6 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მესაკუთრისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა მოითხოვა.

5.2. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-4 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

6. მოპასუხის შესაგებელი

6.1. მოპასუხემ მის მიერ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ სადავო უძრავი ქონება მის მართლზომიერ მფლობელობაშია, ვინაიდან წინა მესაკუთრეს უკანონო ნაგებობა აუქციონზე არ შეუძენია.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხისგან გამოთხოვილი იქნა სადავო უძრავი ქონება და მესაკუთრეს თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა.

7.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 150-ე, 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპოცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-103-ე მუხლებით და დაადგინა, რომ სადავოდ გამხდარი მანსარდა, დამხმარე სათავსო და ავტოფარეხი წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილს.

7.3. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები, მოსარჩელე უძრავი ქონების მესაკუთრეა, მოპასუხე ფლობს ამ ქონებას და მას ამ ნივთის ფლობის უფლება არ გააჩნია.

8. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

8.2. მოპასუხემ თავის სააპელაციო საჩივარში აღნიშნა, რომ სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას არ გამოიყენა შესაბამისი კანონმდებლობა, ამასთან, მოპასუხემ დროულად ვერ მოახერხა თავის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული სადავო ფართის დაკანონება და ამის გამო სასამართლომ არასწორად მიიჩნია ზემოაღნიშნული სადავო ფართი უძრავი ქონების არსებით შემადგენელ ნაწილად.

8.3. აპელანტმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 1 ივნისს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოტანილ იქნა გადაწყვეტილება №198622, რომლის მიხედვითაც ტექნიკური აღრიცხვის არქივში, მოპასუხის მამის სახელზე რიცხულ ნაწილზე (მანსარდის ½ ნაწილზე, ლიტერ ,,გ“ და ,,ე“) უნდა დარეგისტრირდეს თანამესაკუთრის უფლება, ამის შემდეგ კი მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველი აღარ იარსებებს.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლი). დადგენილი იყო, რომ სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო მოსარჩელის სახელზე და მოპასუხე სამართლებრივი საფუძლის გარეშე ფლობდა მას.

9.3. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო უძრავი ქონება, რომელიც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ქონების არსებითი შემადგენელი ნაწილია, არ შეიძლება იყოს ცალკე უფლების ობიექტი და იგი მთავარ ნივთთან ერთად განიკარგება, რაც არ არის დამოკიდებული ურთიერთობის მონაწილეთა ნებაზე (სსკ-ის 150.2-ე მუხლი).

9.4. სააპელაციო სასამართლომ საჯარო რეესტრის ამონაწერზე მითითებით აღნიშნა, რომ მოპასუხის მამის საკუთრების უფლება ამონაწერში არ ფიგურირებს, შესაბამისად არც მოპასუხის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული სადავო უძრავ ქონებაზე, რაც მას ამ ქონების არამართლზომიერ მფლობელად აქცევს.

10. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

10.1. აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

10.2. კასატორის განმარტებით, აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება ცალკე უფლების ობიექტია და სადავო ფართები მოპასუხის მამის სახელზეა აღრიცხული. ასევე, მანსარდის ½ ნაწილი, რომელიც მოპასუხის მართლზომიერ მფლობელობაშია, აუქციონზე არ გაყიდულა.

10.3. კასატორის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ მოპასუხის მამა მართლზომიერად ფლობდა მესამე სართულს და ეზოში დამხმარე სათავსოებს, ხოლო მის შემდეგ მფლობელობას აგრძელებს მისი შვილი, პირველი რიგის მემკვიდრე, აპელანტი, რომელსაც აქვს მესაკუთრედ ყოფნის პრეზუმფცია (სსკ-ის 158-ე მუხლი).

10.4. საკასაციო საჩივარში მეორდება სააპელაციო საჩივარში გამოთქმული ამ განჩინების 8.2-8.3 ქვეპუნქტებში მითითებული პრეტენზიები.

10.5. კასატორი შუამდგომლობს ცნობა-დახასიათებისა და სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 5 დეკემბრის განკარგულების საქმეზე დართვას.

11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

11.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 თებერვლის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი მიღებულია დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

14. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

17.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას;

17.2. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება;

17.3 განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სსკ-ის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს. მან სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო კუთვნილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერება.

18. კასატორის პრეტენზიას, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას მამკვიდრებლის მართლზომიერი მფლობელობა წარმოადგენს და სადავო უძრავი ქონება ცალკე უფლების ობიექტია, საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება და ამ განჩინების 9.3-9.4 პუნქტებში ასახულ მსჯელობას იზიარებს. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული, რაც მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ გაქარწყლებულა. მოპასუხის არგუმენტი, სადავო უძრავი ქონების ცალკე უფლების ობიექტად მიჩნევის თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია (სსკ-ის 150 და 171-ე მუხლები; იხ. სუსგ ას-1081-1110-2011, 10.11.11 წ., ას-500-476-2013, 21.10.13 წ., ას-1163-1118-2016, 29.06.17 წ.).

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები #ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; # ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; # ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; #ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; #ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; #ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

20. კასატორის შუამდგომლობა, მტკიცებულებათა მიღებისა და საქმისათვის დართვის თაობაზე, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სსსკ-ის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა, სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება საკასაციო სასამართლოს მიერ საქმისათვის მტკიცებულებათა დართვაზე უარის თქმის საფუძველია (იხ. სუსგ ას- 476-450-2012, 18.05.12წ.).

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

22. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. ა-ის შუამდგომლობა, საქმეზე ცნობა-დახასიათებისა და სააღსრულებო ბიუროს განკარგულების დართვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. მ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. მ. ა-ს (პ/ნ 0-) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე თ. ფ-ის (პ/ნ 0-) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება 0, გადახდის თარიღი 2018 წლის 23 იანვარი), 70% – 210 (ორას ათი) ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე