Facebook Twitter

საქმე №ას-1277-1197-2017 1 დეკემბერი, 2017 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. თ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ჯ-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

ნ. თ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ჯ-ის (შემდგოში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, დელიქტით მიყენებული ზიანის _ 5 800 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თავდაპირველად მან განმარტა, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა 4 600 ლარი, ხოლო, აუდიტის დასკვნის თანახმად, დააზუსტა ზიანის ოდენობა და იგი 2 440 ლარით განსაზღვრა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 440 ლარის გადახდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა აპელანტმა და მოითხოვა მისი გაუქმება.

6.2. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სააპელაციო სასამართლოს განჩინება არაკანონიერია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. მართალია, აპელანტის (წარმომადგენლისათვის) ცნობილი იყო სააპელაციო განხილვის თაობაზე, თუმცა, მისი (წარმომადგენლის) გამოუცხადებლობა განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით, რადგანაც თავად აპელანტი არ ცხოვრობს საქართველოში, ხოლო, პროცესის დღეს მხარის წარმომადგენელს ჰქონდა ძლიერი კბილის ტკივილი. ვინაიდან სიღნაღში ოფიციალური კლინიკები მუშაობას 11:00 საათზე იწყებენ, მან წნორში მიმართა კერძო სტომატოლოგიურ კლინიკას 09:00 საათზე იმ იმედით, რომ 13:00 საათისათვის გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომაზე, თუმცა, ერთდროულად ამოუღეს სამი კბილი და ძლიერი ტკივილის გამო ვეღარ შეძლო მანქანის მართვა. ამასთანავე, ვინაიდან წარმომადგენელი ცხოვრობს პროვინციაში, მან კავშირი ვერ დაამყარა სააპელაციო სასამართლოსათან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. თ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება.

1.3. საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ივნისის განჩინებით ნ.თ-ის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად და საქმის ზეპირი განხილვა დაინიშნა 2017 წლის 12 სექტემბერს, 13:00 საათზე;

1.3.2. საქმის განხილვის დროისა და ადგილის, ასევე, არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის თაობაზე შესაბამისი მითითებებით აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 30) სასამართლო უწყება გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით პირადად ჩაბარდა 2017 წლის 11 ივლისს;

1.3.3. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი/მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო, გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, ამასთან, ვინაიდან სასამართლოს არ გააჩნდა ცნობები მხარის გამოუცხადებლობის საპატიოობის, ასევე, საქმის განხილვის გადადების წინაპირობების შესახებ, 2017 წლის 12 სექტემბრის საოქმო განჩინებით მან დააკმაყოფილა შუამდგომლობა და განუხილველად იქნა დატოვებული სააპელაციო საჩივარი;

1.3.4. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მიიჩნევს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობამ განაპირობა მისი გამოუცხადებლობა, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, რაც შეეხება მხარეს, იგი საქართველოში არ ცხოვრობს.

1.4. კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმებამდე პალატა ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე სამართლებრივ საკითხზე:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრულია აპელანტისა და მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, თუ ამას გამოცხადებული მხარე მოითხოვს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით კი დადგენილია, რომ ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოსარჩელის გამოუცხადებლობისას, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განუხილველად დატოვოს სარჩელი/სააპელაციო საჩივარი, ნორმის ფორმალური წინაპირობების გარდა უნდა შემოწმდეს ასევე სახეზე ხომ არ გვაქვს ზემოხსენებული საპროცესო ინსტიტუტების გამომრიცხავი წინაპირობები (სსსკ-ის 233.1 მუხლი). სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას მხარე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლებით არ ედავება, ამასთანავე, ამ გარემოებათა არსებობა არც საქმის მასალებით დგინდება. კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სხდომაზე მისი გამოუცხადებლობა განპირობებული იყო საპატიო მიზეზით, შესაბამისად, მხარის გამოუცხადებლობის გამო მიღებული განჩინების საფუძვლიანობასაც პალატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის კონტექტში შეაფასებს, რომელიც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე მიუთითებს.

1.4.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ... განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ პირის გამოუცხადებლობა საპატიოდ მიიჩნევა მაშინაც, როდესაც თავად ამ საპატიო მიზეზის გათვალისწინებით იგი წინსწრებით ვერ აცნობებს სასამართლოს გამოცხადების შეუძლებლობის თაობაზე. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია კერძო საჩივარზე დართული ცნობა, რომლის თანახმადაც სასამართლოს სხდომის დღეს მხარის წარმომადგენელმა ამოიღო სამი კბილი. პალატა მითითებულ მტკიცებულებას აფასებს რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით, იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ ამ ვითარებაში იგი ვერ შეძლებდა სიღნაღიდან (იხ, წარმომადგენლის მისამართი) თბილისში გადაადგილებასა და სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას. რაც შეეხება კერძო საჩივარში მოყვანილ გარემოებას, რომ უშუალოდ მხარე არ ცხოვრობს საქართველოში, პალატა არ იზიარებს მას, რამდენადაც, როგორც სარჩელში, ისე _ სააპელაციო საჩივარში მის მისამართად მითითებულია ქ.თბილისი. ამასთანავე, მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე (2) მუხლი არ უკრძალავს მხარეს სასამართლოში უშუალოდ გამოცხადებას, თუმცა, ეს გარემოება წინამდებარე კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდება, რამდენადაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დმკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილი არაა იმპერატიული ხასიათის და მხარეს მხოლოდ უფლებით აღჭურავს, თავადაც მიიღოს მონაწილეობა საქმის განხილვაში იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას ჰყავს წარმომადგენელი. მხარისა და წარმომადგენლის ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას კეთილსინდისიერად ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის დადგომის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნია და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მარწმუნებლის უფლების კვალიფიციურად დაცვაზე (იხ. სუსგ-ებები: №ას-1666-1654-2011, 8 დეკემბერი, 2011 წელი; №ას-227-214-2015, 16 მარტი, 2015 წელი).

1.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორმა გასაჩივრებული განჩინების წინააღმდეგ წარმოადგინა დასაბუთებული შედავება (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რის გამოც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე (1) მუხლის „ა“ ქვეპუნქტით საფუძველზე პალატა აუქმებს მას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს ქვემდგომ სასამართლოს.

2. პროცესის ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე (1) მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნ.თ-ე სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. თ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ზ. ძლიერიშვილი