№ას-389-366-2014 20 მაისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/ მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი (მოპასუხე) – გ.ბ.
წარმომადგენელი - შ.ქ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შპს „რ.ჰ.„ფ.“
წარმომადგენელი - ი.ჩ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გ.ბ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც დამრღვევი, მოპასუხე, მეორე აპელანტი, კასატორი) მსუბუქი ავტომანქანის, „სუბარუ“ ტრანზიტული ნომრით TG-...-ის მფლობელია. 2012 წლის 6 ოქტომბერს ის აღნიშნული ავტომანქანით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობდა, რა დროსაც დაარღვია საგზაო მოძრაობის წესი - მის წინ შუქნიშანზე მდგომ სატრანსპორტო საშუალებამდე არ დაიცვა დისტანცია და შეეჯახა მას (იმ დროისათვის მოქმედი „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-10 პუნქტი). დამრღვევის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.
2. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა შპს „რ.ს–ს“ (საფირმო სახელწოდების შეცვლის შემდეგ „რ.ჰ.„ფ–ას“- შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, პირველი აპელანტი) კუთვნილი 2008 წელს წარმოებული ავტომობილი „სუბარუ იმპრეზა“, სახელმწიფო ნომრით TOT-.. (შემდეგში ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტომობილი).
3. ავარიის შედეგად მოსარჩელეს მიადგა 11186.18 ლარის ქონებრივი ზიანი (იხ.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 1 ნოემბრის (N.....) ექსპერტიზის დასკვნა (შემდეგში პირველი ექსპერტიზის დასკვნა).
4. მოპასუხემ დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება უხარისხოდ შეაკეთა (იხ. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 22 მარტის (N.....) ექსპერტიზის დასკვნა (შემდეგში მეორე ექსპერტიზის დასკვნა).
5. 2013 წლის 12 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 10 630 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელის მტკიცებით, ავარიის შემდეგ მოპასუხემ იკისრა დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისა და თავდაპირველი სახით მესაკუთრისათვის გადაცემის ვალდებულება. ავტომანქანის საჯარიმო სადგომიდან გაყვანამდე ჩატარდა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლის თანახმად, ავტომანქანის აღდგენის ღირებულება 11 186.18 ლარით განისაზღვრა. ავტომანქანის შესაკეთებლად ექვსი თვის განმავლობაში სხვადასხვა ხელოსანი მუშაობდა. აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა უხარისხოდ, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე. ამასთან, არ გამოცვლილა აუცილებლად გამოსაცვლელი არცერთი დეტალი.
6. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ზიანის მიყენების შემდეგ, მხარეებს შორის წარმოიშვა სახელშეკრულებო ურთიერთობა, კერძოდ, მხარეები შეთანხმდნენ ზიანის ანაზღაურების წესსა და პირობებზე, თუმცა ავტომანქანის აღდგენის ხარისხზე დეტალურად არ შეთანხმებულან. აღდგენითი სამუშაოები შესრულდა საშუალო ხარისხით, რაც მოსარჩელემ ნივთის ჩაბარების გზით მოიწონა. ამასთან, ექსპერტი არ უთითებდა, რაში გამოიხატა ტექნიკური ნორმების დარღვევა ან უხარისხობა. არც ის არის დადგენილი, რას შეადგენდა ნივთის ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 4707 ლარის გადახდა დაეკისრა.
7.1. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 317-ე, 992-ე, 999.1, 412-ე, 408-ე, 409-ე, 414-ე, 316.1 მუხლები და ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით მიუთითა, რომ ავტომანქანის გარკვეული ნაწილები, რომლებიც პირველი დასკვნის მიხედვით საჭიროებდა შეცვლას, შეკეთებული იყო და მათი შეცვლის ნაცვლად, შეკეთებით ავტომანქანა შეუფერხებლად იმუშავებდა. ამასთან, სასამართლო პროცესზე ექსპერტმა დააზუსტა, რომ მხოლოდ რადიატორის შეცვლა შეიძლებოდა გამხდარიყო აუცილებელი, იმ შემთხვევაში, თუ ექსპლუატაციისას მისი ნაკლი გამოვლინდებოდა. ამ ნაწილის ვარგისიანობა ექსპერტს არ გამოუკვლევია, ხოლო მოსარჩელის ის განმარტება, რომ რადიატორის გამოცვლის ნაცვლად, აღდგენის გამო, ავტომანქანა ვერ იმუშავებდა, არ იყო საკმარისი ამგვარი დასკვნისათვის.
7.2. სასამართლომ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობად 4 707 ლარი განსაზღვრა. მითითებული თანხა შემდეგნაირად არის დაანგარიშებული: საგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული წინა ბამპერის განივი ძელის (რომელიც არც აღდგენილი არ იყო და არც შეცვლილი) შეცვლის ხარჯი 380 ლარი; საჭის, მგზავრის უსაფრთხოების ბალიშებისა და მათი მართვის ბლოკის (რაც ასევე არ იყო აღდგენილი ან შეცვლილი) შეცვლის ღირებულება, რაც პირველი დასკვნის მიხედვით, შეადგენდა 6400 ლარს. ამ თანხას (380+6400=6780) გამოაკლდა ცვეთის კოეფიციენტის პროცენტული მაჩვენებელი 35% (2373 ლარი) და დაემატა დაშლა-აწყობის სამუშაოების ღირებულება - 300 ლარი.
7.3. სასამართლომ მიაჩნია, რომ იმ სამუშაოების თავიდან ჩატარების ხარჯი, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნით უხარისხოდ იყო მიჩნეული, ზიანის ოდენობაში არ უნდა გათვალისწინებულიყო, რადგან ავტომანქანის ექსპლუატაციას ხელს არ უშლიდა. სასამართლომ ზიანის ოდენობაში ასევე არ გაითვალისწინა იმ ნაწილების შეცვლის ღირებულება, რომლებიც შეკეთებული იყო, რადგან მათი ამ გზით აღდგენის შედეგად ავტომანქანა შეუფერხებლად იმოძრავებდა.
7.4. სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების საფუძველზე, რომლის ანაზღაურება მიმართულია დაზარალებულის ქონებრივი სფეროს აღდგენისაკენ ზიანის მიმყენებლის ქონების ხარჯზე. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების შესრულება გულისხმობს დაზარალებულის მიერ დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღდგენას და, შესაბამისად, ზიანის ოდენობაც სსკ-ის 414-ე მუხლის საფუძველზე განისაზღვრება კონკრეტულ შემთხვევაში დაზიანებული ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო ღირებულების გათვალისწინებით. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიაჩნია მოპასუხის განმარტება ზიანის ანაზღაურების პირობებთან დაკავშირებით მხარეებს შორის რაიმე ახალი შეთანხმების არსებობისა და მის მიერ ამ პირობების შესრულების თაობაზე.
8. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა.
8.1. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
8.1.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოპასუხემ დაზიანებული ავტომანქანა აღადგინა, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან: სასამართლომ არ იმსჯელა მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ღვედებზე, რომელიც 01.11.2012 წლის ექსპერტიზის დასკვნაში, შესაცვლელი დეტალების ნუსხაშია შეტანილი და მის ღირებულებად 1800 ლარია მითითებული. არც 22.03.2013 წლის ექსპერტიზის დასკვნაში და არც ექსპერტის განმარტებაში არაფერია ნათქვამი ამ დეტალის შეცვლაზე ან აღდგენაზე. ამასთან, არც მოწმეთა განმარტებებით არ დგინდება მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ღვედების შეკეთება/აღდგენის ფაქტი.
8.1.2. სასამართლომ გაიზიარა ექსპერტიზის დასკვნა შესაცვლელი დეტალებისა და მათი ღირებულების შესახებ, რაც არც მოპასუხეს არ გაუხდია სადავოდ. ამასთან, სასამართლომ მოპასუხის მიერ ჩატარებული აღდგენითი სამუშაოები ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის დამაკმაყოფილებლად მიიჩნია. პირველი აპელანტის შეფასებით, სასამართლოს ამგვარი დასკვნა ეწინააღმდეგება სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლითაც დადგენილია ბრალეული პირის ვალდებულება - აღადგინოს ზიანის მიყენებამდე არსებული მდგომარეობა. მისი მტკიცებით, მოპასუხის მიერ შესაცვლელი დეტალების აღდგენა, ვერ მიიჩნევა ზიანის ანაზღაურებად და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენად, რადგან მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება არ არსებობდა.
8.1.3. სააპელაციო სასამართლომ ავტომობილის ექსპლოატაციისათვის ვარგისიანობა ზიანის ანაზღაურებად და თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენად მიიჩნია. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ექსპერტიზის მეორე დასკვნა, რომელის თანახმად, მართალია, ავტომობილს ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები, მაგრამ სრულიად უხარისხოდ, წესების დარღვევით და, ნაცვლად ავტომობილის დაზიანებული დეტალების შეცვლისა, მხოლოდ მათი ნაწილია აღდგენილი. ამდენად, პირველი აპელანტის მტკიცებით, ავარიამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად საჭირო დეტალების გამოცვლის მაგივრად, ავტომანქანა უხარისხოდ, ტექნიკური ნორმებისა და წესების დარღვევით შეკეთდა.
8.2. მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:
8.2.1. სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია მოწმეთა ჩვენებები, რომელთა შეფასების შემთხვევაში, მოსარჩელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოვიდოდა. მეორე აპელანტის მტკიცებით, მოწმეთა ჩვენებებით დადასტურებულია გარემოება, რომ მოსარჩელემ მოიწონა შესრულებულ სამუშაოთა ხარისხი. ამასთან, უარი განაცხადა აირბალიშების აღდგენაზე, რაც ვალის პატიებას წარმოადგენს.
8.2.2. მხარეები, ნების ავტონომიის პრინციპიდან გამომდინარე, შეთანხმდნენ ზიანის ნატურით ანაზღაურებაზე, რის შესაძლებლობასაც ექსპერტიზის დასკვნაც ადასტურებდა. ამასთან, ზიანის ანაზღაურების პრინციპი, პირველ რიგში, მოითხოვს იმის დადგენას, ექვემდებარება თუ არა ზიანი ნატურით ანაზღაურებას. მხოლოდ ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაშია გამართლებული ზიანის ფულადი კომპენსაცია. შესაბამისად, თუკი სასამართლო არ გაიზიარებდა მოწმეთა ჩვენებებს, ვალის პატიების გზით ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, უპირველესად, ზიანის ნატურით ანაზღაურების შესაძლებლობა უნდა გამოერკვია. ამდენად, მეორე აპელანტის მტკიცებით, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ფულადი კომპენსაციის თაობაზე, უსაფუძვლოა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით:
9.1. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
9.2. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
9.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
9.4. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
9.5. მოპასუხეს დაეკისრა 10 430 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
10.1. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრის ფაქტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ გაიზიარა 2013 წლის 22 მარტის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სათუნუქე, საპლასტმასე და სამღებრო სამუშაოები ტექნიკური ნორმების დარღვევითა და უხარისხოდაა ჩატარებული. ამავე დასკვნის მიხედვით, ავტომობილზე არ არის შეცვლილი, არამედ აღდგენილია, ყველა ის დაზიანებული დეტალი, რომელიც 2012 წლის 1 ნოემბერს ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტექნიკური თვალსაზრისით, შეცვლას საჭიროებდა. სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხეს აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გამაბათილებელი საპირისპირო მტკიცებულებები არ წარუდგენია.
10.2. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება უსაფრთხოების სისტემის (საჭის აირბალიში, მგზავრის აირბალიში, მძღოლისა და მგზავრის უსაფრთხოების ღვედები, აირ-ბალიშების მართვის ბლოკი) გაუქმების თაობაზე. ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრებოდა, რომელიც შემოიფარგლა მხოლოდ სიტყვიერი განმარტებებით, რაც სასამართლომ სადავო გარემოების დადგენისათვის სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნია.
10.3. ექსპერტმა განმარტა, რომ დასკვნაში დასახელებული შესაცვლელი დეტალებიდან შეცვლილია მხოლოდ დინამოს ღვედი, რომელიც 200 ლარი ღირს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ იმის გათვალისწინებით, რომ არ დგინდებოდა მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრის ფაქტი, სარჩელი ზიანის ანაზღაურების თაობაზე დასაბუთებულად მიიჩნია და მოპასუხეს, შეცვლილი დეტალის ღირებულების გამოკლებით (10 630-200), 10430 ლარის გადახდა დააკისრა.
11. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარადგინა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად უარყოფა მოითხოვა შემდეგ პრეტენზიებზე მითითებით:
11.1. სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის მსგავსად, არ გამოიკვლია მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მოსარჩელის მხრიდან ვალის პატიებას ადასტურებდა. უსაფრთხოების სისტემის გაუქმების თაობაზე შეთანხმების არარსებობა სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა, რომ არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება, რომელიც ამ საკითხს სადავოდ არ ხდიდა.
11.2. მოპასუხე წარდგენილი შესაგებლით მოსარჩელის მოთხოვნას სადავოდ ხდიდა იმ საფუძვლით, რომ მას ზიანი უკვე ანაზღაურებული ჰქონდა საშუალო ხარისხის ნივთის მესაკუთრისათვის ჩაბარებით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავდა.
11.3. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული წინადადება, რომ „სამუშაოები ნაწარმოებია უხარისხოდ“ არ შეიძლება, გახდეს იურიდიული კვალიფიკაციის საფუძველი, რადგან სსკ-ის 380-ე მუხლში მითითებულ საშუალო ხარისხში იგულისხმება ნივთის ვარგისიანობა ექსპლუატაციისთვის. ექსპერტმა კი, სასამართლო სხდომაზეც დაადასტურა, რომ ნივთი ექსპლოატაციისთვის ვარგისია.
13.4. დადგენილია (მათ შორის ექსპერტის დასკვნითაც), რომ მოპასუხემ ზიანი აღმოფხვრა, თუნდაც დაზიანებული ნაწილების შეკეთების და არა - გამოცვლის გზით. მოპასუხემ მანქანა ვარგისი გახადა, რაც გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. მოსარჩელემ ნივთი მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მიმყენებელმა მნიშვნელოვანი ხარჯი გაიღო ავტომანქანის შესაკეთებლად, სააპელაციო სასამართლომ მას სრულად დააკისრა ზიანის ანაზღაურება. კასატორი მიიჩნევს, რომ დაზარალებულს უნდა ემტკიცებინა, რას შეადგენდა განსხვავება უხარისხო შესრულებასა და ზიანის სრულად აღმოსაფხვრელად საჭირო თანხას შორის. ამდენად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ზიანი სრულად ვერ აღმოფხვრა, მოპასუხისათვის მხოლოდ აღნიშნული სხვაობა უნდა დაეკისრებინა, ხოლო, თუ მოსარჩელე ამ ზიანის ოდენობას ვერ დაამტკიცებდა, სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა. კასატორი მიიჩნევს, რომ მიყენებული ზიანისათვის მის მიერ ავტომანქანის შესაკეთებლად გაწეული ხარჯების გამოუკლებლობა მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას გამოიწვევს.
14. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს სსსკ-ის 412-ე მუხლის წინაპირობები, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და, ხელახალი განხილვის მიზნით, საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
16. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაუშვა სააპელაციო სასამართლომ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასება-დადგენის თვალსაზრისით კასატორმა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) წარმოადგინა.
17. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის 10 630 ლარის დაკისრების თაობაზე ეფუძნება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხემ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანა. მხარეები დაზიანებული ავტომანქანის, თავდაპირველ მდგომარეობაში არსებული სახით, აღდგენაზე შეთანხმდნენ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნივთის აღდგენის ღირებულება შესაბამისი თანხით განისაზღვრა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ, დადგინდა, რომ აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა უხარისხოდ, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე, რის გამოც მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მას მიყენებული ზიანი სრულად უნდა აუნაზღაურდეს.
18. მოსარჩელის მიერ მითითებული ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მისი მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლები.
19. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობების (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი) არსებობა მხარეებს შორის სადავო არ არის. სადავო მხოლოდ ზიანის ოდენობაა, კერძოდ, ის ოდენობა, რომლითაც ავტომობილი დაზიანდა და, ნივთის არასათანადო შეკეთებით გამო, ვერ აღდგა.
20. სსკ-ის 408.1 მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409 მუხლი). ამდენად, კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად, ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს (შდრ. სუსგ ას-98-93-2010, 8 ივნისი, 2010 წელი).
21. რესტიტუციის შეუძლებლობა შესაძლოა, დადგინდეს როგორც ფაქტობრივი-სამართლებრივი გარემოებების გამო. მოცემულ შემთხვევაში, რესტიტუციის შესაძლებლობა ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, კერძოდ, ექსპერტმა დაადგინა, რომ დაზიანებული ავტომობილის პირვანდელი სახით აღდგენა შესაძლებელი იყო მისი დეტალების ნაწილის შეცვლითა და გარკვეული სამუშაოების შესრულების გზით (ტ.I, ს.ფ. 35-36). ამასთან, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით დგინდება, მხარეები ავტომანქანის შეკეთებაზე შეთანხმდნენ.
22. ამასთან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა გულისხმობს ზიანის სრულად გამოსწორებას ნატურით რესტიტუციის გზით, თუმცა პალატა განმარტავს, რომ თუ ნატურით რესტიტუცია ზიანის კომპენსაციისათვის არასაკმარისია (მაგ. დაზიანებული ნივთი სათანადოდ ვერ შეკეთდა ან ნივთის შეკეთების დრო შეუსაბამოდ დიდ ხანს გრძელდება), დაზარალებულს აქვს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 409-ე მუხლის მიხედვით. ამასთან, კომპენსაციის ფუნქციიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს.
23. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის მოცულობა, რაც უხარისხო შესრულებასა და ზიანის სრულად აღმოსაფხვრელად საჭირო თანხას შორის განსხვავება უნდა ყოფილიყო და არა - ავტოსაგზაო შემთხვევით წარმოშობილი, ავტომანქანის შეკეთებამდე არსებული, ზიანის ოდენობა სრულად. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებულ არგუმენტს და განმარტავს, რომ ზიანის ოდენობის დადგენას არ უნდა მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციოდ.
24. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ავტომანქანის შეკეთების შედეგად, ზიანი სრულად არ არის აღმოფხვრილი, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ რადგან ავტომანქანა პირვანდელ მდგომარეობაში ვერ აღდგა და ექსპერტიზის პირველი დასკვნის შესაბამისად ვერ შეკეთდა, მიყენებული ზიანი სრულად თანხით უნდა ანაზღაურდეს. რადგან ზიანი ნატურით ნაწილობრივ უკვე ანაზღაურებულია, მას სრული კომპენსაცია ვეღარ ჩაანაცვლებს, არამედ, კომპენსაცია, ნატურით ანაზღაურების არასაკმარისობის გამო, ამ უკანასკნელთან ერთად უნდა დაეკისროს მოპასუხეს, რაც იმას გულისხმობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება სწორედ ის სხვაობა, რომელიც ზიანის სრულად აღმოსაფხვრელად საჭირო თანხასა და შეკეთებით აღმოფხვრილი ზიანის თანხას შორის არსებობს. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შემცირდა იმ სამუშაოთა ღირებულებით, რომელიც სათანადოდაა ჩატარებული და ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. ზიანის ანაზღაურების მიზანი კი, როგორც აღინიშნა, არა დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ მისთვის ქონებრივი დანაკლისის შესაბამისი ეკვივალენტის გადახდაა.
25. სააპელაციო სასამართლომ მოპასუხისათვის დაკისრებული ზიანის ოდენობა დაადგინა ექსპერტიზის დასკვნების საფუძველზე, კერძოდ, სასამართლომ მიუთითა, რომ ექსპერტიზის მეორე დასკვნით არ დგინდებოდა მიყენებული ზიანის სრულად აღმოფხვრის შესახებ გარემოება, რის გამოც ექსპერტიზის პირველი დასკვნით ავტომობილის აღდგენისათვის დაანგარიშებულ თანხას (10 630 ლარი) მხოლოდ შეცვლილი დეტალის (ღვედი) ღირებულება (200 ლარი) გამოაკლო და მიღებული თანხა სრულად დააკისრა მოპასუხეს. სააპელაციო პალატამ მითითებული ზიანის ოდენობა ისე დაადგინა, რომ ექსპერტიზის მეორე დასკვნა სათანადოდ არ შეაფასა, კერძოდ, დასკვნის მხოლოდ კონკრეტულ ჩანაწერზე მითითებით („ავტომობილზე აღდგენილია ყველა ის დეტალი, რომელიც ექსპერტიზის პირველი დასკვნის თანახმად, ტექნიკური თვალსაზრისით, საჭირო იყო შეცვლა“), ყველა აღდგენილი დეტალის ღირებულება მოპასუხეს დააკისრა. მნიშვნელოვანია, რომ ექსპერტი არ უთითებს, რომ ეს დეტალები არასათანადოდაა აღდგენილი ან უხარისხოდაა შეკეთებული. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული დასკვნა, ექსპერტის განმარტების (17.06.2013 წლის სასამართლო სხდომის ოქმი) საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს დეტალურად უნდა გამოეკვლია. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის გამოკვლეულ უნდა იქნეს ფაქტობრივი გარემოება, რა სარემონტო სამუშაო შესრულდა ხარისხიანად და რა - უხარისხოდ, ავტომანქანის რომელი ნაწილი შეკეთდა სათანადოდ და რომელი - არა და ამის მიხედვით უნდა დადგინდეს, თუ რა თანხის საკომპენსაციო ზიანი არსებობს, რომელიც ნატურით ვერ გამოსწორდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის შეკეთების შემდეგ დარჩენილი ზიანის ოდენობის დადგენისათვის მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა აუცილებელია, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელი იქნება გადაწყვეტილების მიღება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის თაობაზე.
26. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს მსჯელობას მოპასუხის მიერ წარდგენილი მტკიცებულების შესახებ. ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების სისტემის გაუქმების თაობაზე მხარეთა შეთანხმების არარსებობაზე დასკვნისას, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე, დაკითხული მოწმეთა ჩვენებები. აღსანიშნავია, რომ მოცემული მტკიცებულებები საერთოდ არ გამხდარა სასამართლოს კვლევის საგანი, არ უმსჯელია, თუ რატომ არ გაიზიარა მათი ჩვენებები (17.06.2013 წლის სასამართლო სხდომის ოქმი). შესაბამისად, მითითებული მტკიცებულებებიც საჭიროებს შეფასებას.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ზიანის ფაქტთან დაკავშირებით წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), გასაჩივრებული გადაწყვეტილება მითითებულ ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც უნდა გაუქმდეს და ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს (სსსკ-ის 412-ე მუხლი). სააპელაციო სასამართლომ, საქმის ხელახალი განხილვისას, უნდა დაადგინოს და შეაფასოს ის ფაქტები, რომელიც მიყენებული ზიანის ოდენობასა და მისი ანაზღაურების ფარგლებს (სსკ-ის 408-ე, 409-ე მუხლები) განსაზღვრავს და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.
28. სსსკ-ის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს გასაჩივრებული განჩინების კანონიერება, ვიდრე საქმეზე არ დადგინდება დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, მე-8, მე-7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ბ–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ.თოდუა
მოსამართლეები: პ.ქათამაძე
ე.გასიტაშვილი