Facebook Twitter

.საქმე №ას-855-819-2014 24 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

მზია თოდუა (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

კასატორი (მოპასუხე) – შპს „ბ.“

წარმომადგენელი (ადვოკატი) - მ.ყ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს „ვ.“

წარმომადგენლები (ადვოკატები) - ლ.გ–ძე, ლ.მ., დ.ჭ–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საქპატენტის სასაქონლო ნიშნების რეესტრში შპს „ვ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან შემკვეთი) სახელზე რეგისტრირებულია სასაქონლო ნიშნები ფარმაცევტულ პროდუქციაზე „ანოდინ-დუალი“ და „მექსიბათი“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, შესაბამისად პირველი და მეორე მედიკამენტი, ასევე, ერთობლივად სადავო ფარმაცევტული პროდუქცია ან მედიკამენტები). სასაქონლო ნიშნები რეგისტრირებულია შემდეგი გამოსახულებით: „ანოდინ-დუალი“, „Anodeyne-Dual“, „Анодин-Дуал“ ფერი: შავ-თეთრი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი სადავო სასაქონლო ნიშანი), „მექსიბათი“, „Mexibat“, „Мексибат“, ფერი: შავ-თეთრი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე სადავო სასაქონლო ნიშანი).

2. 2010 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელესა და შპს „ბ–სს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მენარდე, მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ მოსარჩელის შეკვეთით შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, ფარმაცევტულ პროდუქციის დამზადებისა და მოსარჩელისათვის მიწოდების ვალდებულება იკისრა.

3. მოსარჩელე მოპასუხეს ერთი ამპულა პირველ მედიკამენტში – 9.9 ლარს, №10, 2 მლ, 5%-იან მეორე მედიკამენტში – 7.5 ლარს, მეორე 125 გრამიან მედიკამენტში - 5. 02 ლარს უხდიდა.

4. მოპასუხემ დაამზადა და მოსარჩელეს მიაწოდა გარკვეული რაოდენობის სადავო ფარმაცევტული პროდუქტი. მოპასუხის მიერ გამოშვებულ ფარმაცევტულ პროდუქციაზე მითითებული იყო მოსარჩელის სასაქონლო ნიშანი, საფირმო სახელწოდება და ლოგოტიპი.

5. შემკვეთმა 2013 წლის 30 იანვარს წერილი გაუგზავნა მენარდეს, რომელშიც ის ამ უკანასკნელს საყვედურობდა, რომ მან 2013 წლის 25 იანვრის შეკვეთა უპასუხოდ დატოვა და იმავდროულად მიუთითებდა, რომ მისთვის ცნობილი იყო მოპასუხის განზრახვის შესახებ, 2010 წლის 1 დეკემბრის შეთანხმების გაუთვალისწინებლად, მოსარჩელის გვერდის ავლით ფარმაცევტული პროდუქციის პირდაპირ ქსელებისთვის მიწოდებასთან დაკავშირებით. ის მოპასუხისაგან მოითხოვდა სადავო სასაქონლო ნიშნებით დამზადებული ფარმაცევტული პროდუქციის იმჟამად არსებული ნაშთის შესახებ ინფორმაციის მისთვის მიწოდებასა და პროდუქციის პირდაპირი რეალიზაციისაგან თავის შეკავებას.

6. იმავე დღეს, 2013 წლის 30 იანვარს, მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ, მის მიერ ვალდებულების დარღვევის, კერძოდ, შესრულებული სამუშაოს საფასურის - 50 533 ლარის გადაუხდელობის გამო 1.12.2010 წლის ხელშეკრულებას წყვეტდა.

7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის 4 ნოემბრის წერილის მიხედვით, მოპასუხემ 2012 წლის დეკემბრიდან 2013 წლის 4 ნოემბრამდე პერიოდში, უნებართვოდ გაიტანა ექსპორტზე სადავო ფარმაცევტული პროდუქტი, კერძოდ, 14 097 კოლოფი პირველი მედიკამენტი, №3. 18 012 კოლოფი №10, 5%-იანი, 2 მლ-იანი მეორე მედიკამენტი. 4 300 კოლოფი მეორე №30, 0.125 გრამიანი მედიკამენტი (იხ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის 4 ნოემბრის წერილი, ს.ფ. 40). ექსპორტირებულ პროდუქციაზე მითითებული იყო, რომ ის მოპასუხემ მოსარჩელისათვის დაამზადა. გარდა ამისა, სადავო პრეპარატები 2013 წლის ნოემბერში თბილისში, .... ქუჩაზე მდებარე აფთიაქ „ჯი-პი-სი-შიც“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც აფთიაქი) იყიდებოდა.

8. 2013 წლის 19 დეკემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა 479 343.90 ლარის ანაზღაურება, ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნების მქონე ფარმაცევტული პროდუქციის მისი თანხმობის გარეშე გამოყენების აკრძალვა. ის ამტკიცებდა, რომ სადავო ფარმაცევტულ ნაწარმზე სასაქონლო ნიშანი მოსარჩელის სახელზე იყო რეგისტრირებული. 2010 წლის 1 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელის შეკვეთით გამოეშვა სადავო მედიკამენტები. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შეთანხმების საფუძველზე პროდუქტზე მოსარჩელის საფირმო სახელწოდება და ლოგოტიპი უნდა მითითებულიყო. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება და სადავო წამლები მოსარჩელის ნებართვის გარეშე მიაწოდა მესამე პირებს. ამასთან, მან მოსარჩელის სახელწოდებითა და ლოგოტიპით საზღვარგარეთ ექსპორტზე გაიტანა 14 097 კოლოფი პირველი სადავო მედიკამენტი და 22 332 კოლოფი მეორე სადავო წამალი. მოსარჩელის მტკიცებით, დასახელებული პროდუქცია მოპასუხემ გაყიდა უნებართვოდ, შესაბამისად, მოსარჩელის ნაცვლად მოგება მან მიიღო, რის გამოც მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა სხვაობა სარეალიზაციო ფასსა და მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადასახდელ თანხებს შორის, რაც 479 343.90 ლარს შეადგენდა.

9. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მან მიუთითა, რომ 2012 წლის 26 ნოემბერს ფარმაცევტული პროდუქტის სასაქონლო ნიშანი მოსარჩელის სახელზე უკანონოდ დარეგისტრირდა. 2010 წლის 1 დეკემბერს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს მოსარჩელისათვის სადავო ფარმაცევტული პროდუქტი უნდა დაემზადებინა, რაშიც ეს უკანასკნელი შეკვეთის საფასურს გადაიხდიდა პროდუქტის მიწოდებიდან 30 დღის განმავლობაში. საერთო ჯამში, 2010 წლის 1 დეკემბრიდან მან მოსარჩელეს მიაწოდა 1 367 946.49 ლარის პროდუქცია. ამ უკანასკნელმა გადაიხადა 1 317 413 ლარი, ხოლო გადასახდელი დარჩა 50 532.75 ლარი. 2012 წლის 16 დეკემბრისათვის მოსარჩელის დავალიანება მოპასუხის მიმართ 207 264.17 ლარი იყო. 2012 წლის დეკემბერში მოპასუხემ შემკვეთს ექვსჯერ მიაწოდა 61 043.98 ლარის სხვადასხვა ოდენობის პროდუქცია. მოსარჩელემ დაფარა ღირებულების ნაწილი, თუმცა გადასახდელი დარჩა 50 532 ლარი, რის გამოც მოპასუხემ მასთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება. მისი მტკიცებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მას უფლება ჰქონდა, დამზადებული ფარმაცევტული პროდუქცია გაეყიდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. დასახელებული პროდუქცია საზღვარგარეთ მან მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ გაიტანა, რისი უფლებაც ჰქონდა.

10. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს ზიანის, 479 343.90 ლარის, გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ; მოპასუხეს მოსარჩელის წინასწარი თანხმობის გარეშე, მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით არსებული სადავო ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება აეკრძალა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42.1, 23.1 მუხლები, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმოს) დამფუძნებელი კონვენციის მე-2 (VIII) მუხლი, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6, მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილები, 24.1, 45-ე მუხლები და სსკ-ის 992-ე მუხლი.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

11.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ მოპასუხემ ფარმაცევტული პროდუქტი მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით გაიტანა ექსპორტზე. აპელანტის მტიცებით, ის გარემოება, რომ თბილისში, სააფთიაქო ქსელში სადავო მედიკამენტები იყიდებოდა, არ ადასტურებდა, იმ ფაქტს, რომ საზღვარგარეთ გატანილი პროდუქცია იმავენაირად იყო შეფუთული. ამასთან, არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სააფთიაქო ქსელში წამლები მოპასუხემ შეიტანა.

11.2. სასამართლომ არასწორად განმარტა "სასაქონლო ნიშნების" შესახებ საქართველოს კანონის 24-ე და მე-6 მუხლები. მას უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დასახელებული კანონის 24-ე მუხლი აწესებს სასაქონლო ნიშნის გამოყენების ფარგლებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიით შემოიფარგლება. ამასთან, იმავე კანონის მე-6 მუხლის არსებითი პირობაა, რომ საქონელი სამოქალაქო ბრუნვაში არ უნდა გაეშვას. ამდენად, მითითებული მუხლით წესრიგდება ისეთი შემთხვევები, როდესაც იკვეთება პროდუქტის სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება. დასახელებული მუხლების მიხედვით, იმისათვის, რომ დაირღვეს სასაქონლო ნიშნის უფლების მქონე პირის განსაკუთრებული უფლება, საჭიროა ორი გარემოების ერთდროულად არსებობა: მის სახელზე რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნით პროდუქტის (საქონლის) გაშვება სამოქალაქო ბრუნვაში; 2. ამ საქონლის სამოქალაქო ბრუნვაში, საქართველოს ტერიტორიაზე გაშვება. ამრიგად, სასამართლომ უსაფუძვლოდ დაასკვნა, რომ სასაქონლო ნიშნით დაცულ საქონელზე, მფლობელის განსაკუთრებული უფლება მოქმედებს, როგორც მის დამზადებაზე, ექსპორტსა და იმპორტზე, ასევე, საწყობში შენახვასა და სხვა ქმედებებზე.

11.3. აპელანტის მტკიცებით, ერთსა და იმავე სასაქონლო ნიშანზე სხვადასხვა ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესაბამის ორგანოში მფლობელად შესაძლებელია რეგისტრირებული იყოს სხვადასხვა პირი. ერთ ქვეყანაში, მაგალითად, საქართველოში, პირის რეგისტრაცია სასაქონლო ნიშნის მფლობელად არ აძლევს ამ პირს უფლებას, სხვა ქვეყნებში შესაბამისი რეგისტრაციის გარეშე დაიცვას მის სახელზე, პირობითად, საქართველოში რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნით მისთვის მინიჭებული უფლებები. ამდენად, თუ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაცული საქონელი იწარმოება არა საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვაში გაშვების მიზნით ან/და პროდუქცია სამოქალაქო ბრუნვაში არ მიექცევა საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ სასაქონლო ნიშნის მფლობელის კანონით დაცული უფლება არ ირღვევა, რადგანაც, სწორედ სამოქალაქო ბრუნვაში გაშვება არის ის არსებითი პირობა, რომლის გამოც კანონმდებელი შეზღუდვებს აწესებს.

11.4. სასამართლომ სათანადო არგუმენტაციის გარეშე დაადგინა განსახილველ შემთხვევაში დელიქტური სამართალდარღვევის ფაქტის არსებობა. დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის არსებითი ხასიათის ოთხი ელემენტი უნდა არსებობდეს: 1. უნდა იკვეთებოდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება; 2. მიყენებული ზიანი; 3. ზიანი უნდა იყოს უშუალოდ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი და 4. ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს; ყველა კომპონენტი თუ არ არსებობს ერთობლივად, მაშინ დელიქტური ვალდებულება, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, არ წარმოიშობა. ამ შემთხვევაში, სასამართლომ არ იმსჯელა მოჰყვა თუ არა მოპასუხის მოქმედებას (სადავო პრეპარატების დამზადებასა და ექსპორტირებას) რაიმე სახის ზიანი. სასამართლოს არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია, მიიღებდა თუ არა მოსარჩელე შემოსავალს იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებდა (არ მოხდებოდა საქონლის რეალიზაცია საზღვარგარეთ) ან, თუ მოპასუხემ საქონელი მართლაც მართლსაწინააღმდეგოდ გაყიდა საზღვარგარეთ, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ მოსარჩელისათვის კონკრეტული ქონებრივი ზიანის (დანაკლისი) მიყენება.

11.5. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მოპასუხის მიერ ფარმაცევტული პროდუქციის ექაპორტზე გატანის დროისათვის მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა აღარ არსებობდა. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე პროდუქციას ექსპორტზე არ გაიტანდა, მოსარჩელე დასახელებულ მედიკამენტებს მოპასუხისგან მაინც ვერ მიიღებდა. ამდენად, სადავო სამართალურთიერთობაში არც მოსარჩელის ქონებრივი დანაკლისი იკვეთება და არც ის გარემოება, რომ მას რეალური შესაძლებლობა ჰქონდა მოპასუხისგან რაიმე სახის პროდუქტი ან ამ პროდუქტის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი მიეღო.

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

12.1. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა „სასაქონლო ნიშნების შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტისა და სსკ-ის 992-ე მუხლიდან გამომდინარეობდა.

12.2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე მოსარჩელის კუთვნილ სასაქონლო ნიშანს მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე იყენებდა, თუმცა ამ შემთხვევაში პროდუქცია მოსარჩელისთვის მზადდებოდა. პალატის დასკვნით, მოსარჩელის ნებართვის გარეშე, საქართველოს ტერიტორიაზე მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით პროდუქციის დამზადება და მესამე პირისათვის მათი მიწოდება ან ექსპორტზე გატანა, სხვისი სასაქონლო ნიშნის უკანონო გამოყენებას წარმოადგენდა.

12.3. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, კანონი კრძალავს სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე საქონლის წარმოებას, შენახვას, ექსპორტსა და სხვა მოქმედების შესრულებას. ამდენად, მოპასუხემ მოსარჩელის სასაქონლო ნიშნით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებითა და მათი ექსპორტზე გატანით, მოსარჩელის ინტელექტუალური საკუთრების უფლება დაარღვია.

12.4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და მიუთითა, რომ მოპასუხე მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ სასაქონლო ნიშანს უკანონოდ იყენებდა, შესაბამისად, მოსარჩელის კანონით გათვალისწინებული უფლების აღდგენის მიზნით, მას მართებულად აეკრძალა, მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლო ნიშნით სადავო ფარმაცევტული პროდუქციის დამზადება და მოსარჩელის ნებართვის გარეშე მისი ექსპორტი.

12.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო ფარმაცევტული პროდუქცია მოპასუხემ უნებართვოდ გაყიდა, მოგება კი, მოსარჩელის ნაცვლად მიიღო. პალატის დასკვნით, რადგანაც სხვაობა მედიკამენტების სარეალიზაციო ფასსა და მოპასუხისათვის გადასახდელ თანხებს შორის 479 343 ლარი იყო, სარჩელი ამ ნაწილშიც მართებულად დაკმაყოფილდა.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით, შემდეგ საფუძვლებზე მითითებით:

13.1 სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტობრივი გარემოება ზიანის სახეობისა და ოდენობის შესახებ (მათ შორის დაკისრებული თანხიდან გადასახადების, ხელფასისა და სხვა ხარჯების გამოქვითვის თაობაზე);

13.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოგება, მოსარჩელის ნაცვლად, მოპასუხემ მიიღო. აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა, რომელმაც შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ მას იმავე ქვეყანაში გაჰქონდა პროდუქცია სარეალიზაციოდ, ან/და რომ მან კასატორის ქმედების შედეგად ვერ მიიღო მოთხოვნილი თანხა, ასევე, რომ მას ამ მიმართულებით ჰქონდა დაგეგმილი ფარმაცევტული პროდუქციის რეალიზაცია და ეს კასატორის ბრალით ვერ შეძლო. უფრო მეტიც, მოსარჩელე პროდუქციას მხოლოდ მოპასუხის მეშვეობით ამზადებდა, შესაბამისად, სსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, კასატორი შესაძლო მოგების ან ზიანის შესახებ ვერ ივარაუდებდა, რადგან, მოსარჩელეს დამატებითი წამლების დამზადება მოპასუხისათვის არ შეუკვეთია.

13.3. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 992-ე მუხლი და უსაფუძვლოდ არ გამოიყენა სსკ-ის 408-ე-415-ე მუხლები. მართალია, სსკ-ის 992-ე მუხლი დელიქტური ვალდებულების დარღვევისას ზიანის ანაზღაურების საფუძველია, თუმცა ზიანის ოდენობის დასადგენად, მხოლოდ აღნიშნულ მუხლზე მითითება საკმარისი არ არის, რადგან მხოლოდ ვალდებულების დარღვევა არ შეიძლება, გახდეს ზიანის წარმოშობის საფუძველი ან/და მისი ოდენობის განმსაზღვრელი გარემოება.

13.4. მოსარჩელე მოითხოვს არა ფაქტობრივად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, არამედ მიუღებელ შემოსავალს, რასაც იზიარებს სადავო გადაწყვეტილებაც, შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 411-ე მუხლი ქმნის. მოსარჩელის მტკიცებით, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, იგი მიიღებდა იმ შემოსავალს, რაც, თითქოსდა, კასატორმა მიიღო, თუმცა ვერ ასაბუთებს მოგების მიღების ფაქტს, გამომდინარე იქიდან, რომ მოსარჩელე მედიკამენტებს შიდა ბაზარზე (და არა საზღვარგარეთ) ყიდდა.

13.5. კასატორი არ ეთანხმება იმ შეფასებას, რომ მიუღებელ შემოსავალში იგულისხმება ერთობლივი შემოსავალი, ყოველგვარი გამოქვითვის გარეშე, რადგან მოსარჩელეს მიღებული შემოსავლიდან ხარჯი უნდა გაეღო და სხვა გადასახადებიც გადაეხადა.

14. საქართველოს უზენასი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 28 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. განსახილველ შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელის წინასწარი თანხმობის გარეშე მისი გამოყენების აკრძალვისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის (25.11.2015 წ. რედაქციის) 45-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (სასაქონლო ნიშანზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის შემთხვევაში, სასაქონლო ნიშნის მფლობელს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს თავისი უფლების დამრღვევი ქმედების შეწყვეტა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება), სსკ-ის 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) მუხლები.

18. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი), შესაბამისად, უნდა შევამოწმოთ, შესრულებულია თუ არა ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა.

19. დელიქტის ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება სამართლებრივი მნიშვნელობის აღარაა. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა მოთხოვნა მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება, ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს).

20. განსახილველ შემთხვევაში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება იმით გამოიხატა, რომ მან იცოდა რა სასაქონლო ნიშანზე მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების შესახებ, სასაქონლო ნიშნის მფლობელის თანხმობის გარეშე, დაამზადა, სამოქალაქო ბრუნვაში გაუშვა, ექსპორტზე გაიტანა და საზღვარგარეთ გაყიდა მოსარჩელის კუთვნილი სასაქონლონიშნებიანი ფარმაცევტული პროდუქცია.

21. „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, რეგისტრაციით დაცულ სასაქონლო ნიშანზე მფლობელის განსაკუთრებული უფლება წარმოიშობა ამ ნიშნის რეგისტრაციის დღიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, განსაკუთრებული უფლების მქონე პირს შეუძლია, აუკრძალოს მესამე პირს, მისი თანხმობის გარეშე, სამოქალაქო ბრუნვაში გამოიყენოს ისეთი ნიშანი, რომელიც განსაკუთრებული უფლების მქონე პირის დაცული სასაქონლო ნიშნის იდენტურია და საქონელიც იდენტურია. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირს ეკრძალება: ა) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნის დატანა შესაფუთ საშუალებაზე, ეტიკეტზე და ა.შ; ბ) ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალის ან შეფუთვის შეთავაზება, მიმოქცევაში შეტანა, გასაღება ან გასაღებისათვის მომზადება, მათი იმპორტი ან ექსპორტი.

22. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლის ნორმების ანალიზის საფუძველზე საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, მოპასუხის მიერ მოსარჩელის განსაკუთრებული უფლების დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაც მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებაა.

23. დელიქტური ვალდებულების შემდეგი წინაპირობა ზიანის არსებობაა. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია სწორედ ისაა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის არსებობის ფაქტი. კასატორის ამ მოსაზრებას საკასაციო პალატა არ იზიარებს შემდეგ მოსაზრებათა გამო:

23.1. მოსარჩელე, რომელიც მეწარმე სუბიექტია და ვაჭრობს ფარმაცევტული პროდუქციით, მიიჩნევს, რომ მოპასუხის უკანონო მოქმედებით მან დაკარგა შემოსავალი, რომელსაც სადავო პროდუქციის მართლზომიერად რეალიზაციის შემთხვევაში მიიღებდა, კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ საზღვარგარეთ ექსპორტზე უნებართვოდ გაიტანა და გაყიდა 14 097 კოლოფი პირველი სადავო და 22 332 კოლოფი მეორე სადავო წამალი. მოსარჩელის მოსაზრებით, ექსპორტზე გატანილი მედიკამენტები მინიმუმ იმ ფასად გაიყიდებოდა, რაც საქართველოში ღირდა, ამასთან, მას უნდა გამოჰკლებოდა სადავო საქონლის დამზადების საფასურიც, რაც, სავარაუდოდ, 01.12.2010 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მედიკამენტების დამზადების ფასის ტოლი იქნებოდა. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის გაანგარიშებით, მიუღებელი შემოსავალი 479 343.90 ლარს შეადგენდა. ამ გარემოებათა დასადასტურებლად მოსარჩელემ შესაბამისი მტკიცებულებებიც წარადგინა (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 1-7).

23.2. მიუღებელი შემოსავლის შინაარსი მოცემულია სსკ-ის 411-ე მუხლში, რომლის მიხედვით, კანონმდებელი დაზარალებულს (კრედიტორს) უფლებას აძლევს, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს არა მხოლოდ ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. „მიუღებელი შემოსავალი“ არის ანაცდური მოგება, რომლის ანაზღაურებაც მოსარჩელის განსაკუთრებული კომერციული ინტერესია, ვინაიდან კომერციულ ბრუნვაში მისი ინტერესი შემოსავლის მიღებისკენაა მიმართული (შდრ. სუსგ, ას-509-893-06, 30 მარტი, 2007 წ. №ას-218-210-2013, 10 მარტი, 2014 წ.).

23.3. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას, რომ თავად მოგება არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯის გამოქვითვის გარეშე, რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად, თუმცა ასეთი ხარჯის გამოქვითვის შესაგებელი მოპასუხემ უნდა წარადგინოს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ერთობლივ შემოსავალს თავად გამოაკლო სადავო პროდუქციის დამზადების ხარჯი და ამის გათვალისწინებით მოითხოვა ზიანის ანაზღაურება. თუკი მოპასუხე არ ეთანხმებოდა მიუღებელი შემოსავლის გამოანგარიშების ამ წესს, მას დასაბუთებული შესაგებელი უნდა წარედგინა და მიეთითებინა, კიდევ რომელი ხარჯი უნდა გამოქვითულიყო ერთობლივი შემოსავლიდან. მოპასუხეს ასეთი შესაგებელი არ წარუდგენია, იგი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ მოსარჩელისგან თავად ჰქონდა მისაღები ნარდობის საზღაური და, ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოსარჩელის თანხმობის გარეშეც შეეძლო, სადავო პროდუქცია საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეყიდა. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების თაობაზე მოპასუხეს არც სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია და ეს პრეტენზია მხოლოდ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა.

23.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელის მიერ გაანგარიშებულ მიუღებელი შემოსავლის ოდენობას კასატორი არც შესაგებლით და არც სააპელაციო საჩივრით არ შესდავებია, მას ვერც საკასაციო საჩივრით ვერ შეედავება (სსსკ-ის 201.4-ე, 219-ე და 407-ე მუხლები). შესაბამისად, პალატა ასკვნის, რომ, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელემ დაამტკიცა ზიანის არსებობის ფაქტი, რაც მოპასუხემ ვერ გააქარწყლა, კერძოდ, ვერ წარმოადგინა სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება, რის გამოც საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ სადავო თანხა წარმოადგენს მოსარჩელის მიერ განცდილ ზიანს - მიუღებელ შემოსავალს, რომელიც ამ უკანასკნელმა დაკარგა მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედების გამო.

24. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირიც მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, კერძოდ, მიღებული ზიანი მოპასუხის მოქმედების (სადავო პროდუქციის უნებართვოდ დამზადების, ექსპორტზე გატანისა და გაყიდვის) უშუალო შედეგია. მოპასუხის ბრალეულობაც უდავოა, ვინაიდან, მოსარჩელის გაფრთხილების მიუხედავად, მან მაინც დაამზადა, ექსპორტზე გაიტანა და გაყიდა მოსარჩელის სასაქონლო ნიშნების შემცველი ფარმაცევტული პროდუქცია. მითითებული გარემოებების საწინააღმდეგოდ მოპასუხეს არათუ დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, არამედ პრეტენზიაც კი არ წარმოუდგენია.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დელიქტური ვალდებულების ოთხივე წინაპირობა შესრულებულია, შესაბამისად, მოპასუხეს სწორად აეკრძალა სადავო პროდუქციის წარმოება და, ასევე, მართებულად დაეკისრა ზიანის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.

26. სსსკ-ის 410-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

27. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ–ს“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. თოდუა

მოსამართლეები : პ. ქათამაძე

ე. გასიტაშვილი