საქმე №ას-28-25-2017 6 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ღ-ა #1“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ სს „ს-ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
სს „ს-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ღ-ა #1-ისა“ და მესამე პირის _ სს „ს-ის“ მიმართ ქ.თბილისში, პ-ის ქ#1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმების, ამ ქონების მოსარჩელის ერთპიროვნულ საკუთრებად აღიარებისა და მისი (მათი) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხის, მესამე პირის პოზიცია:
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ წარმოადგენს ქონების კეთილსინდისიერ მესაკუთრეს, ამავე საფუძველზე მითითებით არც მესამე პირი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად, გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც შპს „ღ-ა #1-ს“ აკრძალული ჰქონდა საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, პ-ის ქუჩა #1-ში მდებარე, #..., #..., #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1. სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღინისძიებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა, კერძოდ, მოსარჩელის (აპელანტის) დავალდებულება, 15 575 000 ლარი და 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი განათავსოს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე;
5.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 მარტის განჩინებით შპს „ღ-ა #1-ის“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზიანის უზრუნველყოფის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
5.3. სააპელაციო სასამართლოს განმეორებითი შუამდგომლობით მიმართა შპს „ღ-ა #1-მა“ და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით დამდგარი ან მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა;
5.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით შპს „ღ-ა #1-ის“ განცხადება დარჩა განუხილველად.
6. კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა და კერძო საჩივრის ფაქტობრივი საფუძვლები:
6.1. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს „ღ-ა #1-მა“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ღ-ა #1-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და განცხადებაზე საქმის წარმოების შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ განცხადების განიხილველად დატოვების კანონიერება. ამ საკითხის შეფასების მიზნით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და პროცესუალურ გარემოებაზე:
1.2.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით წინამდებარე საქმეზე გამოყენებულ იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოპასუხეს აეკრძალა დავის საგნის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა. მართალია, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის საფუძველზე გაუქმდა ხსენებული განჩინება, თუმცა, გადაწყვეტილება სრულად იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით და იგი არცერთ ნაწილში (მათ შორის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში) კანონიერ ძალაში არ შესულა;
1.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი წარმოადგენს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მარეგულირებელ საპროცესო დანაწესს და იგი მიმართულია პროცესის სუბიექტთა შორის თანასწორობის დაბალანსებისაკენ. კანონმდებელი, ამავე კოდექსის 191-ე მუხლის შესაბამისად, ადგენს რა მოსარჩელის უფლების დაცვის რეალურ გარანტიას და დასაშვებად მიიჩნევს დროებითი ღონისძიების სახით იმგვარი საპროცესო საშუალების გამოყენების შესაძლებლობას, რომელიც დარღვეული/სადავოდ ქცეული უფლების დაცვას ისახავს მიზნად, ამავდროულად, სავალდებულოდ მიიჩნევს მხარეთა თანასწორობის უზრუნველყოფას. თავად ნორმა განასხვავებს ორ შემთხვევას: როდესაც სასამართლოსათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით სავარაუდოა მოპასუხისათვის ზიანის მიყენება და როდესაც მოპასუხე დაასაბუთებს ზიანის დადგომის ალბათობას. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXIII თავი წარმოადგენს სამართალწარმოების საგამონაკლისო სახეს და კანონი ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს ამ თავით რეგულირებული წარმოების თითოეულ ეტაპს, მათ შორის, ისეთ საკითხებს, როგორიცაა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება, შეცვლა, გაუქმება, ერთი და იმავე მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა და სხვა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ სააპელაციო პალატას მიმართა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით გამოწვეული (შესაძლო) ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის თაობაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 2 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა. ანალოგიური მოთხოვნით მხარემ კვლავ მიმართა სასამართლოს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლზე მითითებით, გასაჩივრებული განჩინებით, განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული.
1.3. საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას გასაჩივრებული განჩინების საპროცესო დარღვევით მიღების თაობაზე და განმარტავს, რომ მოქმედი რედაქციის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შედეგად მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის საკითხზე მიღებული განჩინების გასაჩივრებას არ ითვალისწინებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მიიჩნევა კანონიერ ძალაში შესულად. ასეთ ვითარებაში კი, თუ მხარე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით განმეორებით მიმართავს სასამართლოს, საკითხი უნდა დარეგულირდეს არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით (სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ იმავე ან სხვა სასამართლოს წარმოებაში არის საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით), არამედ _ 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით).
1.4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე (3) მუხლით დადგენილი საფუძვლით და შპს „ღ-ა #1-ის“ განცხადებაზე უნდა შეწყდეს წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე, 272-ე, 372-ე, 399-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ღ-ა #1-ის“ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინება და შეწყდეს წარმოება შპს „ღ-ა #1-ის“ განცხადებაზე, რომლითაც იგი მოითხოვდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური