საქმე №ას-28-25-2017 6 მარტი, 2017 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ღ-ა #1“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს-ა“ (მოსარჩელე)
მესამე პირი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე _ სს „ს-ი“
შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა; უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლა
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღდგენა, უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა
საკასაციო პალატამ გამოარკვია:
1. სს „ს-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ღ-ა #1-ისა“ და მესამე პირის _ სს „ს-ის“ მიმართ ქ.თბილისში, პ-ის ქ#1-ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების გაუქმების, ამ ქონების მოსარჩელის ერთპიროვნულ საკუთრებად აღიარებისა და მისი (მათი) მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ დასაბუთებით, რომ წარმოადგენს ქონების კეთილსინდისიერ მესაკუთრეს, ამავე საფუძველზე მითითებით, არც მესამე პირი დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად გაუქმდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის თანახმადაც შპს „ღ-ა #1-ს“ აკრძალული ჰქონდა საკუთრებაში არსებული, ქ.თბილისში, პ-ის ქუჩა #1-ში მდებარე, #..., #..., #... და #... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი სრულად გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
7. კასატორის მოწინააღმდეგე მხარემ (მოპასუხე) შუამდგომლობით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელისათვის 15 675 000 ლარისა და 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება, ასევე, გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა უფრო ნაკლებად მზღუდავი საშუალებით.
8. საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მხარის შუამდგომლობის (რომელიც, როგორც კერძო საჩივარში, ისე _ საკასაციო შესაგებელშია გადმოცემული) საფუძვლიანობას და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, პალატა მიიჩნევს, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის მოთხოვნის ნაწილში იგი საფუძვლიანია, რაც შეეხება მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფას _ მასზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგი გარემოებების გამო:
9. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი შუამდგომლობები მოწინააღმდეგე მხარეს დაყენებული აქვს, როგორც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 ოქტომბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარში, ისე _ საკასაციო შესაგებელში. მოპასუხის კერძო საჩივარი მიღებულია განსახილველად საკასაციო პალატის 2017 წლის 26 იანვრის განჩინებით. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმის მასალებით დადასტურებულ იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე ისარგებლა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლით განსაზღვრული უფლებით და სასამართლოს მოსთხოვა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფა და გარანტიის სახით მოსარჩელის დავალდებულება თანხის _ 15 675 000 ლარისა და 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების თაობაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2016 წლის 2 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა მოპასუხის (აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის) შუამდგომლობა ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელის დავალდებულების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისი იყო. უდავოა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლი ხსენებულ საკითხზე მიღებული განჩინების გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, იგი შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობა არსებითად იმავე საფუძვლებსა და სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იმ მტკიცებულებებს ემყარება, რაც არ არის გაზიარებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით (თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამ კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები)), 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით) და მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მხარის მოთხოვნაზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
10. რაც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლას, საკასაციო პალატა, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას დასაშვებად მიიჩნევს და ამ კუთხით განმარტავს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლი ადგენს რა მოსარჩელის სადავოდ ქცეული უფლების წინასწარი დაცვის გარანტიას, იგი დასაშვებად მიიჩნევს საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე დავის საგნის დაცვას. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებად რეგისტრირებულ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღდგენა, მისი მოსარჩელისათვის დაბრუნება, ანუ დავის საგანი ინდივიდუალურად განსაზღვრული უძრავი ნივთია. სწორედ დავის საბოლოო გადაწყვეტამდე მისი საგნის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად იქნა გამოყენებული თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხეს აეკრძალა ქ.თბილისში, პ-ის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავი ქონებების (ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა. მართალია, შემაჯამებელი გადაწყვეტილებით ეს ღონისძიება გაუქმდა (სსსკ-ის 1991 მუხლი), თუმცა, გადაწყვეტილება სრულად იქნა გასაჩივრებული და არც ერთ ნაწილში კანონიერ ძალაში არ არის შესული (სსსკ-ის 264-ე მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შესამოწმებელია მოსარჩელის პრეტენზიების საფუძვლიანობა დავის საგნის მიმართ. პალატა მოიხმობს ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალს, რომელიც წინასწარ სამართალწარმოებას [სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება] შეეხება. საქმეზე „მიქალეფი მალტის წინააღმდეგ“ (საჩივარი N 17056/06) ევროსასამართლოს დიდმა პალატამ განმარტა შემდეგი: იმისათვის, რომ გამოყენებადი იყოს მე-6 მუხლი, მისი „სამოქალაქო“ ნაწილის მხრივ, უნდა არსებობდეს დავა სამოქალაქო უფლების ირგვლივ, რომელიც, თუნდაც სადავო საფუძვლებზე, აღიარებული უნდა იყოს ეროვნული კანონმდებლობით, მიუხედავად იმისა, დაცულია თუ არა იგი კონვენციის მიერ. დავა უნდა იყოს ნამდვილი და სერიოზული; იგი შესაძლებელია, ეხებოდეს უფლების არა მარტო რეალურ არსებობას, არამედ მის მასშტაბსა და განხორციელების საშუალებასაც; და ბოლოს, სამართალწარმოების შედეგი უნდა იყოს უშუალოდ გადამწყვეტი განსახილველი უფლებისათვის, უფრო უმნიშვნელო კავშირი ან ზოგადი შედეგები არ არის საკმარისი მე-6 მუხლის 1 ნაწილის გამოსაყენებლად inter alia, Mennitto v. Italy [GC], no. 33804/96, § 23, ECHR 2000 X; და Gülmez v. Turkey, no. 16330/02, § 28, 20 მაისი 2008). იმ კანონმდებლობის ბუნება, რომელიც არეგულირებს, თუ როგორ უნდა მოხდეს საკითხის განხილვა (სამოქალაქო, სავაჭრო, ადმინისტრაციული თუ სხვა კანონით), ისევე, როგორც ორგანო, რომელსაც აკისრია განხილვის უფლებამოსილება (საერთო სასამართლო, ადმინისტრაციული ორგანო თუ სხვა) ნაკლები მნიშვნელობის მატარებელია (იხ. J.S. and A.S. v. Poland, no. 40732/98, § 46, 24 maisi 2005). წინასწარი სამართალწარმოება, მსგავსად დროებითი ღონისძიებებისა, მაგალითად, შემაკავებელი ორდერი, ჩვეულებრივ არ ითვლება სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განმსაზღვრელად და, შესაბამისად, არ ხვდება ხოლმე მე-6 მუხლის დაცვის ქვეშ (იხ. inter alia, Wiot v. France, (dec.), no. 43722/98, 15 მარტი 2001; APIS a.s. v. Slovakia, (dec.), no. 39794/98, 13 იანვარი 2002; Verlagsgruppe News GMBH v Austria, (dec.), no. 62763/00, 16 იანვარი 2003; და Libert v Belgium, (dec.), no. 44734/98, 8 ივლისი 2004). აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო მე-6 მუხლს იყენებს მხოლოდ საქმის არსებითი მხარის განხილვის შემდეგ და არა ამგვარი ღონისძიებების პირველადი მოთხოვნის მომენტიდან (იხ. Jaffredou v. France (dec.), no. 39843/98,15 დეკემბერი 1998, და Kress v. France [GC], no. 39594/98, § 90, ECHR, 2001-VI). მიუხედავად აღნიშნულისა, რიგ საქმეებში, სასამართლოს გამოუყენებია მე-6 მუხლი წინასწარი სამართალწარმოების დროსაც, კერძოდ კი მათი გადამწყვეტი მნიშვნელობის გამო მომჩივნის სამოქალაქო უფლებების განსაზღვრაზე (იხ. Aerts v. Belgium, 30 ივლისი 1998, Reports 1998-V, და Boca v. Belgium, no. 50615/99, ECHR 2002-IX), მეტიც, მან დაადგინა, რომ პრინციპიდან, რომლის მიხედვითაც მე-6 მუხლი არ გამოიყენება წინასწარი სამართალწარმოებისას, გამონაკლისი უნდა გაკეთდეს, როდესაც დროებითი განჩინება გამონაკლისის სახით საჭიროებს განსხვავებულ მიდგომას, რადგანაც მოთხოვნილი ზომა არის რადიკალური, სათანადო ხარიხის არმქონე და თუ აპელაციისას, მისი გაუქმების გარეშე იგი გავლენას იქონიებს მხარეებზე მნიშვნელოვანი დროის განმავლობაში (იხ. Markass Car Hire Ltd v. Cyprus, (dec.), no. 51591/99, 23 ოქტომბერი 2001). მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის ინტერესების დაცვის მიზნით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ შეიძლება მოპასუხის უფლებათა დისპროპორციულად იქნას მიჩნეული. ამ მიზნით სასამართლო ხელძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლით (მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა (1). სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას(2)) და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ანალიზით იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ დავის საგანი მისი ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროებს შეკეთებას, ამასთანავე, მოპასუხე ნივთით ვერ სარგებლობს სრულყოფილად და ვინაიდან მოსარჩელის ინტერესს თეორიულად წარმოადგენს დავის საგნის დაცვა, სარჩელის წარმატების შემთხვევაში ამ ინტერესის მიღწევა შესაძლებელია გამოყენებული უზრუნველყოფის ნაკლებად მზღუდავ ფარგლებშიც.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ამ ნორმის ფარგლებში დადგენილი „უფლებრივი დატვირთვა“ ფართო ცნებაა და უსაფუძვლოდ ხელყოფს მოპასუხის ინტერესებს, შესაბამისად, გამოყენებული ღონისძიება უნდა შეიცვალოს ნაწილობრივ და მხარეთა ინტერესების პროპორციიდან გამომდინარე შპს „ღ-ა #1-ს“ (ს/კ #...) უნდა აეკრძალოს ქ.თბილისში, პ-ის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავი ქონებების (ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე, 196-ე, 199-ე, 272-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ღ-ა #1-ის“ შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს წარმოება შპს „ღ-ა #1-ის“ განცხადებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელისათვის 15 675 000 ლარისა და 2 000 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების თაობაზე.
3. შპს „ღ-ა #1-ის“ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებული ღონისძიების შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდეს.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე - შპს „ღ-ა #1-ს“ (ს/კ #...) აეკრძალა ქ.თბილისში, პ-ის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავი ქონებების (ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა შეიცვალოს ნაწილობრივ და შპს „ღ-ა #1-ს“ (ს/კ #...) აეკრძალოს ქ.თბილისში, პ-ის ქუჩა #1-ში მდებარე უძრავი ქონებების (ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...; ს/კ #...) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური