7 მაისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
საქმე №ა-713–შ–14-2018
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მზია თოდუა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ს.ვ.მ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ქ.ტ.ჯ.“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის №A53-27931/15 გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის №A53-27931/15 გადაწყვეტილებით შპს “ქ.ტ.ჯ–ს“ (საქართველო) (საგადასახადო ნომერი 404 442 448) შპს „ს.ვ.მ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა (ინნ 2320049658, ოგრნ 1022302918263) 81 300 რუბლი დავალიანების, 79 248 რუბლი ჯარიმების და 5 816 რუბლი სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
2. შპს „ს.ვ.მ–ამ“ 2017 წლის ნოემბერში შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის №A53-27931/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით შპს „ს.ვ.მ–ას“ ხარვეზი დაუდგინდა შუამდგომლობაზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 29 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე აგრეთვე ცნობა იმის თაობაზე, რომ როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება არის აღუსრულებელი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ს.ვ.მ–ის“ შუამდგომლობა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის №A53-27931/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
5. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
6. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შპს „ს.ვ.მ–ამ“ და მოითხოვა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის №A53-27931/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა წარმოედგინა ცნობა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 29 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე აგრეთვე ცნობა იმის თაობაზე, რომ როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება არის აღუსრულებელი.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 თებერვლის განჩინება შპს „ს.ვ.მ–ას“ 2018 წლის 12 მარტს ჩაჰბარდა.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, შუამდგომლობის ავტორისათვის ხარვეზის შევსების 10-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2018 წლის 13 მარტს და ამოიწურა ამავე წლის 22 მარტს.
10. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს ხარვეზი არ შეუვსია და საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს.
11. საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
13. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს „ს.ვ.მ–ის“ შუამდგომლობა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის №A53-27931/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს.ვ.მ–ის“ შუამდგომლობა როსტოვის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2016 წლის 29 მარტის №A53-27931/15 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მზია თოდუა