Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ას-1274-1512-05 26 იანვარი, 2006

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი (მომხსენებელი),

თ. თოდრია

სარჩელის საგანი: მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 23 სექტემბერს გ. კ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ 1996წ. 25 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „...“ გააფორმა ხელშეკრულება, რომლითაც მენარდემ იკისრა ვალდებულება, 1998 წელს მისთვის გადაეცა მე-6 სართულზე მდებარე 196 კვ.მ 4 და 3-ოთახიანი ¹31-32 ბინები. მან სრულად დაფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბინის ღირებულება, მაგრამ „...“ არ შეასრულა ვალდებულება. როგორც გაირკვა, აღნიშნულ ფართზე მოპასუხეს სხვა პირებთანაც გაუფორმებია ხელშეკრულებები. მოსარჩელემ მოითხოვა სადავო ფართის მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ. კ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა.

2002წ. 1 ოქტომბერს გ. ჯ-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე „...“ მიმართ იმავე საფუძვლებით და მოითხოვა თბილისში, ... მდებარე 94,3 კვ.მ სამოთახიან ბინაზე მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 18 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გ.ჯ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა.

2003წ. 31 მარტს სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. გ-ძემაც და მოითხოვა სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 12 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ.გ-ძის სარჩელიც.

ზემოაღნიშნული სამივე გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, სამივე საქმეზე განახლდა საქმის წარმოება და გაერთიანდა ერთ წარმოებად.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ლ. გ-ძისა და გ. კ-იას სარჩელები, ხოლო გ. ჯ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა - სამშენებლო კომპანია „...“ და ამხანაგობა „... 96-ს“ დაევალა გ.ჯ-იასათვის ... ქ.¹4-ში ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსში, ¹3 კორპუსში, სამხრეთ-დასავლეთის მე-6 სართულზე მდებარე, 94,3 კვ.მ 3-1 ტიპის სამოთახიანი ბინის გადაცემა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ.კ-იამ და ლ. გ-ძემ.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 ივლისის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ლ.გ-ძისა და გ.კ-იას სააპელაციო საჩივრები. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1995 წელს სამშენებლო კომპანია „...“ და გ. ჯ-იას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ იკისრა ვალდებულება, 1997წ. ბოლომდე გადასცემდა გ. ჯ-იას ¹3 კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე 96 კვ.მ ოროთახიან ბინას, რომლის ღირებულება შეადგენდა 5000 აშშ დოლარს. 1999წ. 24 ივნისს გ.ჯ-იასა და კომპანიას შორის კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად‚ 2000წ. ბოლომდე გ.ჯ-იას გადაეცემოდა ¹3 კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე 3-1 ტიპის სამოთახიანი ბინა.

1997წ. 24 ნოემბერს სამშენებლო კომპანია „...“ და ლ.გ-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო კომპანია „...“ 1999წ. ბოლომდე გადასცემდა ლ.გ-ძეს საცხოვრებელი სახლის კომპლექსში ¹3 კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე 87,5 კვ. მ სამოთახიან ბინას 12 000 აშშ დოლარად. ლ.გ-ძემ ვალდებულება შეასრულა, მის მიერ გადახდილია 12000 აშშ დოლარი.

1996წ. 25 ნოემბერს გაფორმდა ხელშეკრულება გ.კ-იასა და „...“ შორის, რომლითაც კომპანიამ იკისრა ვალდებულება, მისთვის 1998წ. ბოლომდე ჩაებარებინა ¹3 კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე‚ 196 კვ.მ 4 და 3-ოთახიანი ¹31 და 32 ბინები. გ.კ-იამ კომპანიისაგან მიიღო ოთხოთახიანი ბინა.

სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად ცნო, რომ სადავო სამოთახიანი ბინა არავის მფლობელობაში გადასულა და, სკ-ის 485-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ სადავო ბინა ეკუთვნის გ. ჯ-იას, ვინაიდან ხელშეკრულება პირველად მასთან გაფორმდა.

გ.კ-იას მტკიცება იმის შესახებ, რომ მან სადავო ბინაზე უფლება შეიძინა ვინმე დ.ბ-გან, რომელმაც თავის დროზე შეიძინა დ.ჯ-გან, სასამართლომ არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო სამოთახიანი ბინა გ.კ-იას არ შეუძენია კანონით დადგენილი წესით, შესაბამისად, მან ვერ წარმოადგინა საკუთრების უფლების რაიმე დამადასტურებელი დოკუმენტაცია. სასამართლომ ასევე აღნიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ გ.კ-იასა და ლ.გ-ძეს უნდა მიეღოთ ზუსტად აღნიშნული სადავო ფართი, ვინაიდან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მათი ბინის ფართები სხვადასხვაა და არ ემთხვევა სადავო ფართს, კერძოდ, ლ.გ-ძის ხელშეკრულებაში მითითებულია ბინის ფართი _ 87,5 კვ.მ, ხოლო გ.კ-იას ხელშეკრულებაში - 4 და 3-ოთახიანი ბინა. რაც შეეხება გ.ჯ-იას, მართალია, მან ხელშეკრულება თავიდან გააფორმა ოროთახიან ბინაზე, მაგრამ ხელშეკრულებაში მითითებულ იქნა 96 კვ.მ. შემდგომში, 1999 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებულია 96 კვ.მ სამოთახიანი ბინა. სასამართლომ ასევე დადგენილად ცნო, რომ 1996წ. მეორე ნახევარში, მე-6 სართულზე ასეთი ფართობის ოროთახიანი ბინა მე-3 კორპუსში არ არსებობდა, რის გამოც შესაბამისი ფართით სამოთახიან ბინაზე გაფორმდა ხელშეკრულება გ.ჯ-იასთან. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ლ.გ-ძისა და გ.კ-იას სააპელაციო საჩივრები მიიჩნია უსაფუძვლოდ.

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. გ-ძემ. კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეების სარჩელებზე უარის თქმას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები; დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან; გ. ჯ-იას მასზე ადრე არ დაუმყარებია ურთიერთობა სამშენებლო კომპანია „...“.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სკ-ის 485- ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველმა ერთი და იგივე საქონელი რამდენიმე პირს მიჰყიდა, უპირატესობა ეძლევა იმ მყიდველს, რომლის მფლობელობაშიც პირველად გადავიდა იგი, ხოლო თუ საქონელი არც ერთს არ გადასცემია, მაშინ - მას, ვისთანაც ხელშეკრულება უფრო ადრე დაიდო.

მოცემულ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ სადავო ბინის თაობაზე ხელშეკრულება პირველად გაფორმდა გ.ჯ-იასთან. მითითებული ფაქტობრივი გარემოება სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სავალდებულოა სასამართლოსათვის. საკასაციო საჩივარი არ შეიცავს დამატებით და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას. კასატორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რაც გამორიცხავდა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებს.

კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გ. ჯ-იამ სხვებზე ადრე დაამყარა ურთიერთობა სამშენებლო კომპანია „...“, რასაც საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, ვინაიდან დადგენილია, რომ 1995წ. 14 ივნისს „...“ დირექტორ მ. მ-ავასა და გ. ჯ-იას შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლითაც „კ...“ აიღო ვალდებულება, 1997წ. 14 ივნისამდე სადავო ბინა გადაეცა გ. ჯ-იასათვის პირად საკუთრებაში. გ. ჯ-იამ 1995წ. ივნის-აგვისტოში გადაიხადა ბინის ღირებულების ნაწილი,აგრეთვე, იმავე ურთიერთობასთან დაკავშირებით 1996 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, სადაც მხარედ ჩაიწერა „...“. ამ ხელშეკრულების დანართი ¹1-ით დასტურდება, რომ გრ.ჯ-იამ 1996წ. 8 აგვისტოს გადაიხადა 5000 აშშ დოლარი, რაც დამოწმებულია „...“ პრეზიდენტ მ.მ-ავას ხელმოწერითა და ბეჭდით. ამ ხელშეკრულებით „...“ იკისრა ვალდებულება, გ. ჯ-იას სადავო ბინას გადასცემდა 1997წ. დამთავრებამდე. ვინაიდან „...“ ვალდებულება არ შეასრულა, 1999 წელს კვლავ გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად, „...“ გ. ჯ-იასათვის ბინა უნდა გადაეცა 2000წ. ბოლომდე.

ს...ის 203-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელთან დადებული ხელშეკრულებით ვალი შეიძლება, თავის თავზე აიღოს მესამე პირმაც (ვალის გადაკისრება). ასეთ შემთხვევაში მესამე პირი დაიკავებს თავდაპირველი მოვალის ადგილს.

განსახილველ შემთხვევაში „...“ თავის თავზე აიღო ვალდებულება, შეესრულებინა 1995წ. 14 ივნისის ხელშეკრულებით „...“ მიერ ნაკისრი ვალდებულება და დაიკავა თავდაპირველი მოვალის ადგილი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ. ჯ-იასთან ხელშეკრულება სადავო ბინის თაობაზე დაიდო უფრო ადრე, 1995 წელს. გ. ჯ-იამ ბინის მთლიანი ღირებულება დაფარა 1996 წელს. რაც შეეხება კასატორს, ხელშეკრულება მასთან გაფორმდა 1997წ. 24 ნოემბერს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. გ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 1 ივლისის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.