ას-1091-1342-05 10 თებერვალი, 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია (მომხსენებელი),
მ. ცისკაძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ სს “ე.” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24120 კგ. შავი ლითონის ან მისი შესაბამისი ღირებულების _ 18090 ლარის გადახდა. მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი. სს “ე.” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 იანვრის განჩინებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით ე.ლ-ას სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა.
საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილად ცნო ის გარემოება, რომ მხარეებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ე. ლ-ას სს „ე.“ უსასყიდლოდ უნდა გადაეცა თავისი ელსატვირთული შემგომი რეალიზაციისათვის. რეალიზაციის შემდეგ კი მიღებულ თანხას უნდა გამოკლებოდა ელსატვირთულის სარეალიზაციოდ მომზადებისათვის საჭირო ხარჯები, დარჩენილი თანხის 80%-ს მიიღებდა ე. ლ-ა, ხოლო საზოგადოებას დარჩებოდა 20% საშუამავლო მომსახურებისათვის. სასამართლომ ჩათვალა, რომ ე. ლ-ას სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მიიჩნია, რომ ე.ლ-ას კუთვნილი ელსატვირთული რეალიზებული არ ყოფილა და რუსეთში რეალიზებული ორივე ელსატვირთული წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. ლ-ამ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 აგვისტოს განჩინებით ე. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად იქნა დატოვებული ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილება, 2003წ. 6 და 8 იანვრის განჩინებები.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 აგვისტოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. ლ-ამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ კანონის დარღვევით გააუქმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება არასწორად განაახლა, რადგან გარემოებები, რომლებზედაც სს “ე.” საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიუთითებდა თავის განცხადებაში ჯერ კიდევ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 31 დეკემბრის, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 22 აგვისტოს, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2002წ. 24 მაისის განჩინებებით არ ჩაითვალა ახლად აღმოჩენილ გარემოებად, რადგან ისინი ცნობილი იყო მხარისათვის საქმის განხილვის დროს; აღნიშნულ გარემოებებზე მიუთითებდა იგი საქმის წარმოების დროსაც 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილების გამოტანამდე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისთვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო: დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ე.“ მოსარჩელე ე. ლ-ს სასარგებლოდ დაეკისრა 18090 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში. მოპასუხე სს „ე.“ წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. ახლად აღმოჩენილ გარემოებებად განმცხადებელმა მიუთითა 2002წ. 11 ივლისის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა და 2002წ. 5 ივლისის გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, სასამართლოში საქმის განხილვის დროს მტკიცებულების სახით წარდგენილი გადახდის ქვითარზე ხელმოწერები გაყალბებულია და ლ-ას მიერ „ბურჯის“ სალაროში 42860 მანეთის შეტანა არ დასტურდება. ასევე არ დასტურდება ე.ლანჩავას ელსატვირთულის რეალიზაცია.
აღნიშნული გარემოებები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 8 იანვრის განჩინებით მიჩნეულ იქნა ახლად აღმოჩენილ გარემოებებად, რის საფუძველზეც გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება განახლდა. საქმის ხელახალი განხილვის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ლ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ე. ლ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც განჩინება საქმის განახლების შესახებ, ისე _ საბოლოო გადაწყვეტილება. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 აგვისტოს განჩინებით ე. ლ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნები არის დამოუკიდებელი დოკუმენტები; არ მომხდარა მათი გასაჩივრება და უარყოფა სათანადო წესით და ისინი ითვლება იმ კატეგორიის მტკიცებულებად, როგორზეცმითითებულია სსკ-ის 423-ე მუხლის „ვ“ პუნქტში.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ამგვარ მოსაზრებას. სსკ-ის 423-ე მუხლის I ნაწილის „ვ“ პუნქტით, “კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
აღნიშნულ მუხლში საუბარია იმ გარემოებასა და მტკიცებულებებზე, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვის მომენტში, მაგრამ მხარეს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ შეეძლო მისი სასამართლოში წარდგენა. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს აღნიშნული მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის განხილვის დროს ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნები არ არსებობდა. საქმე იხილებოდა 1999 წელს, ხოლო დასკვნები გაცემულია 2002 წელს. აქედან გამომდინარე, ის მტკიცებულებები, რაც არ არსებობდა საქმის განხილვის და გადაწყვეტილების მიღებისას, არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განჩინების გაუქმების შესახებ.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, რადგან კანონის დარღვევით გაუქმდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 10 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმის წარმოება არასწორად განახლდა, უკანონოა საოლქო სასამართლოს განჩინება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 იანვრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ლ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 18 აგვისტოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოაქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.