Facebook Twitter
¹ ას-1049-1283-05

¹ ას-1049-1283-05 23 მარტი, 2006 წ.‚ ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

რ. ნადირიანი,

თ. თოდრია

დავის საგანი: ანდერძისა და სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 6 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ქ-ძის წარმომადგენელმა ა. თ-ძემ მოპასუხეების _ ლანჩხუთის რაიონის ... თემის საკრებულოს საქმეთა მწარმოებელ მ. ხ-იასა და ლანჩხუთის რაიონის ნოტარიუს ლ. რ-შვილის მიმართ და მოითხოვა 2001წ. 16 დეკემბერს გაფორმებული ანდერძისა და სამკიდრო მოწმობის გაუქმება.

მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ რ. ქ-ძის დას – მ. ქ-ძეს 2001წ. 16 დეკემბერს მთელი თავისი ქონება უანდერძებია ი. ქ-ძისათვის. ეს ანდერძი დამოწმებულ იქნა ლანჩხუთის რაიონის ... თემის საკრებულოს საქმეთა მწარმოებლის _ მ. ხ-იას მიერ. მ. ქ-ძე გარდაიცვალა 2002წ. 1 იანვარს. ამ ანდერძის საფუძველზე 2002წ. 2 ივლისს, ლანჩხუთის რაიონის ნოტარიუსმა ლ. რ-შვილმა გასცა სამკვიდრო მოწმობა. მოსარჩელე განმარტავს, რომ ანდერძი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, კერძოდ, მ. ქ-ძე ანდერძის შედგენის დროს იყო მძიმე ავადმყოფი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა ჰქონდა დარღვეული, სადავო ანდერძი არ არის შედგენილი პირადად მის მიერ, მ. ხ-ია არ იყო უფლებამოსილი პირი შეედგინა ანდერძი, ხოლო მოწმეებად მითითებული პირები არიან ანდერძისმიერი მემკვიდრის ახლო ნათესავები.

ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.

საქმე არაერთხელ იქნა განხილული სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატის 2004წ. 5 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 6 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა სააპელაციო პალატას.

2005წ. 13 იანვრის განჩინებით სააპელაციო პალატამ დანიშნა კალიგრაფიული ექსპერტიზა იმის გასარკვევად 2001წ. 16 დეკემბრის ანდერძი ხელმოწერილი იყო თუ არა მ. ქ-ძის მიერ.

2005წ. 4 მაისის ექსპერტიზის დასკვნით საქმე დაუბრუნდა სააპელაციო სასამართლოს და განახლდა საქმის წარმოება.

სააპელაციო პალატის 2005წ. 14 ივნისის განჩინებით მოპასუხე ლანჩხუთის რაიონის ... თემის საკრებულოს საქმეთა მწარმოებელი მ. ხ-ია, როგორც არასათანადო მოპასუხე, შეიცვალა სათანადო მოპასუხით – ლანჩხუთის რაიონის ... თემის საკრებულოთი და ანდერძისმიერი მემკვიდრით – ი. ქ-ძით. მისი, როგორც არასრულწლოვნის, კანონიერ წარმომადგენლად დაშვებული იქნენ მშობლები ნ. უ-ძე-ქ-ძისა და რ. ქ-ძე.

სააპელაციო პალატამ 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილებით ძალაში დატოვა ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დადენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მ. ქ-ძე გარდაიცვალა 2002წ. 1 იანვარს და 2001წ. 16 დეკემბრის ანდერძი ხელმოწერილია მოანდერძის მიერ, ლანჩხუთის რაიონის გვიმბალაურის თემის საკრებულოს საქმეთა მწარმოებელი მ. ხ-ია უფლებამოსილი პირი იყო, რომ შეედგინა და დაემოწმებინა ანდერძი. ასევე დადგენილია, რომ ანდერძის ტექსტი მ. ქ-ძის კარნახით ჩაწერა მ. ხ-იამ.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს ანდერძისა და 2002წ. 2 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილობის საფუძველი და უცვლელად დატოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

რ. ქ-ძემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო პალატის 2005წ. 13 ივლისის გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო პალატის აღნიშნული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის უხეში დარღვევით, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე და 1358-ე მუხლები, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლი და მის შესასრულებლად იუსტიიციის მინისტრის 2000წ. 25 ივლისის ¹158-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მოთხოვნები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით და გასაჩივრებული განჩინება შეამოწმა საკასაციო საჩივრის ფარგლებში. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

როგორც გასაჩივრებული განჩინებიდან ირკვევა, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ. ქ-ძე გარდაიცვალა 2002წ. პირველ იანვარს;

სადავო ანდერძში გამოხატული ნება და მასზე შესრულებული ხელმოწერა ეკუთვნის მოანდერძე მ. ქურიძეს;

ლანჩხუთის რაიონის სოფელ ... თემის საკრებულოს საქმის მწარმოებელი მ. ხ-ია 2002წ. 16 დეკემბერს იმყოფებოდა მ. ქ-ძესთან ანდერძის დადასტურების მიზნით;

ანდერძის შედგენის დროისათვის მ. ქ-ძე იყო მწოლიარე ავადმყოფი;

გვიმბალაურის თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2000წ. 20 ნოემბრის ¹9 განკარგულებით, მ. ხ-იას, როგორც ამ საკრებულოს საქმეთა მწარმოებელს, დავალებული ჰქონდა სანოტარო მოქმედებათა შესრულება;

ანდერძის ტექსტი მოანდერძე მ. ქ-ძის კარნახით ჩაწერა მ. ხ-იამ, წაიკითხა მოანდერძემ და შემდეგ ორი მოწმის _ რ. ქ-ძისა და გ. ქ-ძის თანდასწრებით მოაწერა ხელი. ანდერძი ასევე ხელმოწერილ იქნა ამ პირთა მიერაც. ეს უკანასკნელნი კი, როგორც ანდერძის მოწმეები, იყვნენ სრულწლოვანი, ქმედუნარიანი პირები და არ არიან ანდერძის მემკვიდრის ნათესავები დამავალი და აღმავალი ხაზით, დები, ძმები, მეუღლეები;

მ. ქ-ძე გარდაიცვალა 2002წ. პირველ იანვარს, ხოლო სამკვიდრო მოწმობა გაიცა 2002წ. 2 ივლისს, ე.ი. ექვსი თვისა და ერთი დღის შემდეგ.

საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 1357-ე და 1358-ე მუხლი, საქმის მასალებით დადგენილია, რომ გვიმბალაურის თემის საკრებულოს თავმჯდომარის 2000წ. 20 ნოემბრის ¹9 განკარგულებით მ. ხ-იას, როგორც ამ საკრებულოს საქმეთა მწარმოებელს, დავალებული QHჰქონდა სანოტარო მოქმედებათა შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1357-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სანოტარო ფორმა მოითხოვს, რომ ანდერძი შედგენილი და ხელმოწერილი იქნეს მოანდერძის მიერ და დადასტურებული ნოტარიუსის მიერ, ხოლო იქ, სადაც ნოტარიუსი არ არის, თვითმმართველობის ადგილობრივი ორგანოს მიერ. ,,ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ" საქართველოს იუსტიიციის მინისტრის 2000წ. 25 ივლისის ¹158-ე ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით, ნოტარიატის შესახებ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის შესაბამისად, დასახელებულ პუნქტებში, სადაც სანოტარო ბიუროები არ არის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები ადასტურებენ ანდერძს, ხოლო ამავე ინსტრუქციის მე-2 პუნქტით სანოტარო მოქმედებას სოფელში, თემსა და დაბაში ასრულებს გამგებელი ან მის მიერ სათანადო აქტით უფლებამოსილი პირი.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მ. ხ. უფლებამოსილი იყო, დაედასტურებინა მ. ქ-ძის ანდერძი და შეესრულებინა სანოტარო მოქმედება.

პალატა ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მ. ხ-იას მიერ ჩაწერილი ანდერძი მოანდერძეს არ წაუკითხავს და გაურკვეველია, შეესაბამებოდა თუ არა იგი მოანდერძის ნებას. სააპელაციო პალატის მიერ საქმის მასალებით დადგენილია, რომ ანდერძის ტექსტი მოანდერძე მ. ქ-ძის კარნახით ჩაწერა მ. ხ-იამ, წაიკითხა მოანდერძემ და შემდეგ ორი მოწმის _ რ. ქ-ძისა და გ. ქ-ძის თანდასწრებით მოაწერა ხელი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს საოლქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა და მართებულად განმარტა სსკ-ის 1358-ე მუხლი, ხოლო ზემოაღნიშნულის სააწინააღმდეგო მტკიცებულებები კასატორ მხარეს არ წარმოუდგენია. სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ მოანდერძის მიერ ანდერძზე ხელის მოწერა ჯერ დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ, ხოლო შემდეგ არის მოხსენებული, რომ ანდერძის შედგენას ესწრებოდა ორი მოწმე და ამით დარღვეულია ანდერძის შედგენის კანონით გათვალისწინებული წესი, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მოცემულ საქმეზე არ არის დადგენილი ისეთი გარემოებები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებს მოანდერძის ნების ნამდვილობას. ყველა წესი, რომელიც კანონის მიხედვით ანდერძის შედგენისთვის არის დადგენილი, სავალდებულოა და მათი დარღვევა იწვევს ანდერძის ბათილობას. სსკ-ის 1403-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ანდერძი სასამართლოს მიერ შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი, თუ იგი შედგენილია კანონით დადგენილი წესების დარღვევით.

მუხლის ტექსტიდან ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული მოთხოვნა არ არის იმპერატიული ანუ კანონმდებელი ყოველთვის არ მიიჩნევს ანდერძის შედგენისათვის კანონით დაგენილი წესების დარღვევას ანდერძის ბათილობის საფუძვლად. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, თუ რა ზეგავლენას ახდენს ხსენებული დარღვევა მოანდერძის ნების გამოვლენაზე ან აღნიშნული კანონდარღვევა ხომ არ იწვევს ისეთი შედეგის დადგომას, რომელიც მოანდერძის ნებას ეწინააღმდეგება.

სსკ-ის 1403-ე მუხლის შესაბამისად, ზემოთ მითითებული ხარვეზი არ შეიძლება გახდეს ანდერძის ბათილობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის უხეში დარღვევა და, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 410–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

რ. ქ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამარლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2005წ. 13 ივლისის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.