ას-517-84-05 24 ოქტომბერი 2005 წ., ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
მ. ახალაძე (მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი
დავის საგანი: ქონების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ჭ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს შპს სავაჭრო სახლ „მ.“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან მის სახელზე უკანონოდ რიცხული მოსარჩელის ქონების _ თბილისში, ... მდებარე რესტორნის 50% და მისი კუთვნილი სხვა ქონების 50%-ის დაბრუნება. მოსარჩელის განმარტებით, 1992წ. 15 მაისს იუსტიციის სამინისტროს ¹17\23 დადგენილებით დამტკიცდა შპს „მ.“ წესდება, რომლის საფუძველზეც იგი იყო საზოგადოების დამფუძნებელი 50%-იანი წილით. 1995წ. 20 ივლისს ¹4-08\682 გადაწყვეტილებით მთაწმინდის რ-ნის გამგეობამ რეგისტრაციაში გაატარა შპს სავაჭრო სახლი „მ.“, რომლის პარტნიორებს შორის იყო შპს „მ.“ – 65%-იანი წილით საწესდებო კაპიტალში და მოსარჩელე _ 2%-იანი წილით. შემდგომი საქმიანობის პერიოდში შპს სავაჭრო სახლმა „მ.“ შეიძინა გარკვეული ქონება, რომელიც წარმოადგენდა მისი პარტნიორების საკუთრებას. აღნიშნულ ქონებას შორის არის წიგნების მაღაზია „მ.“, მდებარე ... ¹37-ში, ... ¹5-ში შენობის სარდაფში მდებარე რესტორანი და ... ¹3-ში მდებარე საპარიკმახერო „თ.”. რესტორანი გაუგებარი გზებით აღმოჩნდა შპს სავაჭრო სახლ „მ.“ ბალანსზე. თავდაპირველად რესტორანი იჯარით ჰქონდა აღებული ყოფილ კომპიუტერულ კლუბ „მ.“ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის ინსტიტუტისგან 2012 წლამდე. 1993 წელს კ.კ. „მ.“ გარდაიქმნა შპს „მ. ჰ.“, რომლის პარტნიორები იყვნენ კ. წ. და მ. ჭ-ძე, რესტორანი შეტანილი იყო აღნიშნული საზოგადოების საწესდებო კაპიტალში.
1996წ. 20 აგვისტოს შედგა შპს სავაჭრო სახლ „მ.ს“ პარტნიორთა კრება, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ თ. ს-ე, ი. გ-ი და შპს სავაჭრო სახლ „მ.“ პარტნიორი კ. წ-ი, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება საზოგადოების ხელახალი რეგისტრაციის შესახებ. საზოგადოება რეგისტრაციაში გატარდა 1996წ. 30 აგვისტოს ისე, რომ მოსარჩელე, სხვა პირები და მათ შორის შპს “მ.” არ იყვნენ დამფუძნებელ პარტნიორთა შემადგენლობაში.
მოსარჩელის განმარტებით, ის ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფობდა, არ შეეძლო გადაადგილება, რის გამოც ენდობოდა კ. წ-ს შპს სავაჭრო სახლი „მ.“ საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელზე აძლევდა დივიდენდებს. კ. წ. გარდაიცვალა 2002წ. აგვისტოში, ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, რომ ის მოატყუეს, რის გამოც, დამფუძნებელთა შორის არაა. მოსარჩელის განმარტებით, შპს სავაჭრო სახლი „მ.“ ქონებაში მისი წილი შეადგენს რესტორნის 50%-ს, დანარჩენ ქონებაში კი, წესდების თანახმად, მას ეკუთვნის 11,75%, პირდაპირი კუთვნილი 2%, შპს „მ.“ მეშვეობით კუთვნილი 9,75%. ვინაიდან შპს „მ.“ დაფუძნებული იყო ფაქტობრივად მოსარჩელისა და აწ გარდაცვლილი კ. წ-ის მიერ, ხოლო სხვა პირებს საწესდებო კაპიტალში არავითარი წილი არ შეუტანიათ, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ სხვა ქონებიდანაც ეკუთვნის 50%-იანი წილი, ამასთან, ითხოვს მხოლოდ ქონების დაბრუნებას და არ სურს საზოგადოების პარტნიორობა, ვინაიდან სხვა პარტნიორებმა ის მოატყუეს.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის განცხადება და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს სავაჭრო სახლი „მ.“ კუთვნილ შემდეგ ქონებას: ... ¹37-ში მდებარე მაღაზია ,,მ.”, ... 5/7-ში მდებარე რესტორანს და მასში არსებულ მოძრავ ქონებას, ... ¹3-ში ყოფილ საპარიკმახერო „თ.“ და მასში არსებულ ქონებას, ღვინო მასალებს სს „ხ.“, სს „ხ.“ საწესდებო კაპიტალში „ბ. ლიმიტედის“ აქციათა პაკეტის 39,9%-ს, სს „მ.“ საწესდებო კაპიტალში „ბ. ლ.“ აქციათა პაკეტის 30%-ს, სს „კ.“ 5,8%-ს, თბილისის ¹1 სტამბას, კ. წ-ის სახელზე რიცხულ ბინას, მდებარე თბილისში, ... ¹56\6-ში.
მ. ჭ-ემ დამატებითი სასარჩელო განცხადებით მოპასუხედ დაასახელა კ. წ-ის მეუღლე ნ. წ.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 28 თებერვლის განჩინებით ნ.წ-ს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, ყადაღა მოეხსნა კ. წ-ის საცხოვრებელ ბინას, მდებარე თბილისში, ... @¹56\6-ში.
2003წ. 24 თებერვლის კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობების საფუძველზე 2002წ. 10 აგვისტოს გარდაცვლილი კ. წ-ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე, ბინა ¹6-ზე მდებარე ... ¹47-ში, და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება სავაჭრო სახლი „მ.“ 75%-იან წილზე თანაბარ წილში ცნობილ იქნენ ნ. წ. და მისი მცირეწლოვანი შვილი მ. წ-ი.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 მარტის განჩინებით ნ. წ. ჩაბმულ იქნა საქმეში მოპასუხედ.
მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 2003წ. 6 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა სს „ს. ბ.“ განცხადება და ის მოპასუხის მხარეზე ჩაერთო მესამე პირად იმ საფუძვლით, რომ ბანკსა და შპს „ბ. ლ.“ შორის 2002წ. 28 ივნისს, ხოლო შპს სავაჭრო სახლ „მ.“ 2002წ. 31 ივლისს დადებული იყო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც დატვირთული იყო შპს სავაჭრო სახლი „მ.“ კუთვნილი ქონება, მდებარე .... ¹37-ში.
მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, შპს „ს. ს. მ.“ დაფუძნდა და რეგისტრაციაში გატარდა 1996წ. 30 აგვისტოს და მ. ჭ-ეს აღნიშნული პერიოდიდან სარჩელის აღძვრამდე 2003წ. 10 თებერვლამდე არავითარი პრეტენზიები არ გამოუთქვამს საზოგადოების მიმართ. თავდაპირველად შპს სავაჭრო სახლი „მ.“ რეგისტრაციაში გატარდა მთაწმინდის გამგეობის მიერ 1993წ. 1 სექტემბერს. აღნიშნულ საზოგადოებაში მ. ჭ-ეს ჰქონდა 2%-იანი წილი, ასევე, დამფუძნებელთა შორის იყო შპს „მ.“ 65%-იანი წილით. მ. -ის მიერ წარდგენილი შპს „მ. ჰ.“ წესდება, სადაც თითქოსდა დამფუძნებლები არიან მ. ჭ-ძე და კ. წ-ი, ყალბია. მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მის მიერ წარდგენილი შპს „მ.-ჰ.“ წესდების დედნისა და ასლის მიხედვით დასტურდება, რომ მ. ჭ-ე არ ირიცხება დამფუძნებელთა შორის. საზოგადოების მიერ შეძენილი ქონება ეკუთვნის არა პარტნიორებს, არამედ _ საზოგადოებას. ქონება, რომელსაც მ. ჭ-ე მის მიერ ან მისი მონაწილეობით შეძენილად თვლის, შპს სავაჭრო სახლი “მ.“ მიერ შეძენილია 1996წ. 30 აგვისტოს რეგისტრაციის შემდგომ, რა დროსაც მ. ჭ-ე პარტნიორთა რიგებში არ ირიცხებოდა. მ. ჭ-ის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები იმის შესახებ, თითქოს მას რამდენიმე პირმა დაუთმო შპს გამომცემლობა „მ.“ წილი, გაყალბებულია და შედგენილია კომპიუტერზე, ვინაიდან შპს „მ.“ ბლანკი აშკარად განსხვავდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ბლანკებისაგან. მ. ჭ-ე არ აყენებს საზოგადოებაში მისი წილის აღდგენის საკითხს, ხოლო ვისი ქონებიდან და რა იურიდიული საფუძვლით ითხოვს ქონების დაბრუნებას, გაურკვეველია. მოპასუხეთა მოსაზრებით, მ. ჭ-ე არასათანადო მოსარჩელედ უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან გარეშე პირს წარმოადგენს და პარტნიორიც რომ იყოს, მას არა აქვს საზოგადოებიდან ქონების გამოთხოვის უფლება.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ჭ-ე შპს „ს. ს. მ.“ 1996წ. 30 აგვისტოს განხორციელებული ხელახალი რეგისტრაციისას მითითებული არ არის არც ფიზიკური და არც იურიდიული პირის სტატუსით საზოგადოების დამფუძნებლად და, შესაბამისად, იგი არ წარმოადგენს მოპასუხე მხარესთან კანონით გათვალისწინებული უფლებებისა და მოვალეობების მატარებელ სუბიექტს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება, რომ შესაბამისი მინდობილობების საფუძველზე საზოგადოებაში მის უფლებამოსილებას ახორციელებდა კ. წ-ი, ვინაიდან წარმოდგენილი მინდობილობებიდან შეუძლებელია ამ უფლების მიმღებ, აწ გარდაცვლილ კ. წ-ის ნების გამოხატვაზე მსჯელობა. მინდობილობები წარმოდგენილი არ არის დედნის სახით. პრეტენზიების (მოთხოვნის) უფლება მოსარჩელე მხარეს წარმოეშვა შპს „ს. ს. მ.“ ხელახალი რეგისტრაციის მომენტიდან, ანუ 1996წ. 30 აგვისტოდან. ამდენად, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 15.1 მუხლის თანახმად მოთხოვნა ხანდაზმულია.
მ. ჭ-ემ სააპელაციო საჩივრით გასაჩივრა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით :
1994 წლიდან დაავადდა მძიმედ, ე.წ. „ბეხტერევის“ დაავადებით, რის გამოც წაერთვა მოძრაობისა და გადაადგილების უნარი. ამიტომ ნდობა გამოუცხადა პარტნიორ – კ. წ-ს, 1994წ. 12 ოქტომბერს და 1996წ. 15 ივნისს გასცა მასზე მინდობილობები, რომლითაც მიანდო თავისი წილების მართვა როგორც შპს გამომცემლობა „მ.“, ასევე _ შპს „ს. ს. მ.“. კ. წ-მა დოკუმენტაციის გაყალბების გზით, ხელახალ რეგისტრაციაში გაატარა შპს „ს. ს. მ.“ და ყოვლად უკანონოდ, ნაცვლად ცხრა დამფუძნებლისა, დატოვა მხოლოდ სამი დამფუძნებელი.
სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს ცალსახად ქონებრივ მოთხოვნას და ზიანის ანაზღაურების სახით მოითხოვს მხოლოდ იმ ქონების დაბრუნებას, რომელიც შეძენილ იქნა თავის დროზე მისი სახსრებით და რომელი ქონებითაც სარგებლობის გზით სარგებლის მიღების უფლებაც, მოპასუხის უკანონო მოქმედებების გამო, წართმეული ჰქონდა.
სარჩელის საფუძველს წარმოადგენს დელიქტი, მოითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რომელიც პირთა ჯგუფის განზრახი, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიადგა, ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სკ-ის 1008-ე მუხლით, ნაცვლად „მეწარმეთა შესახებ“ მე-15 მუხლისა.
1994წ. 25 ივნისს და 12 ოქტომბერს და 1996წ. 15 ივნისს მინდობილობების გაცემისას მოქმედებდა საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი. ამ კანონის თანახმად, მინდობილობა განიხილებოდა როგორც ცალმხრივი გარიგება, რომელიც არ საჭიროებდა მინდობილი პირის ნების გამოვლენას.
სასამართლომ არასწორად გამოიყენა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის 9.4 მუხლი.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრის განჩინებით შპს „ს. ს. მ.“ განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც ყადაღა დაედო შპს „ს. ს. მ.“ კუთვნილ ქონებას, მდებარე თბილისში, ... ¹37, ... ¹3, ¹5\7-ში, მოიხსნა მითითებულ ნაწილში და შეიცვალა სხვა სახით, კერძოდ, მ. ჭ-ის მიერ შპს „ს. ს. მ.“ მიმართ წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღა დაედო სააქციო საზოგადოება „თ. ბ.“ მთაწმინდის ფილიალში ა. ხ-ას (ა\მ 01024020426) შემნახველ სადეპოზიტო ანგარიშზე ¹711398 რიცხულ 100000 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება მიიღო სსკ-ის 196-ე, 198-ე, 57-ე, 191 და სკ-ის 892-ე მუხლებზე დაყრდნობით, შემდეგი მოტივებით: მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლა, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორე სახით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის განხილვის ყველა სტადიაზე, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს ამ საკითხის გადაწყვეტას. ფულად სახსრებზე ყადაღის დადება ასევე მიჩნეულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთ-ერთ სახედ, ხოლო უზრუნველყოფის გარანტად, სასამართლოს შეუძლია, გამოიყენოს თავდებობა. თავდებობის ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. შპს სავაჭრო სახლ „მ.“ და ა. ხ-ს მიერ გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებითა და თვით ა. ხ-ას განცხადებით შპს „ს. ს. მ.“ მიმართ მ. ჭ-ის მიერ წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ის კისრულობს ვალდებულებას, მის სახელზე სს „თ. ბ.“ მთაწმინდის ფილიალში გახსნილ სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებულ 100 000 ლარს დაედოს ყადაღა და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თანახმაა აღსრულება მოხდეს მითითებული თანხიდან.
სარჩელის უზრუნველსაყოფად სასამართლოს 2003წ. 14 თებერვლის განჩინებით დაყადაღებულია შპს „ს. ს. მ.“ მთელი ქონება, სარჩელის მიხედვით კი სადავოა ქონების მხოლოდ ნაწილი. მ. ჭ-ის მიერ სარჩელის აღძვრამდე და სადავო ქონების დაყადაღებამდე უფრო ადრე, სს „ს. ბანკსა“ და შპს „ს. ს. მ.“ შორის 2002წ. 31 ივლისს დადებული საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოშობილია ურთიერთვალდებულებები, რომელთა შეუსრულებლობაც დაკავშირებულია პირგასამტეხლოს გადახდასა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის წარმოშობასთან. განმცხადებელი მხარე ითხოვს დაყადაღებული ქონებიდან მხოლოდ ნაწილზე, კერძოდ, ... გამზირსა და ... ქუჩაზე მდებარე ქონებაზე ყადაღის შეცვლას სხვა სახით. სხვა ქონებაზე ყადაღა არ იცვლება. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილება არ რჩება უზრუნველყოფის გარეშე. მით უფრო, რომ სარჩელში არ არის მითითებული მოთხოვნის ზუსტი მოცულობა, მოთხოვნილი ქონების ზუსტი ჩამონათვალი, მოსარჩელე მოპასუხის ქონების დაყადაღებით გამოწვეული მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების გარანტიას არ იძლევა.
აღნიშნულ განჩინებაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
მ. ჭ-ემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის განჩინებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
სსკ-ის 196-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლომ არ აცნობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე. მითითებული მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, მხოლოდ მოპასუხეს შეუძლია, მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა თანხის დეპონირებით დასაშვებია მხოლოდ ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა შეეხება უკანონოდ მითვისებული ქონების უკან დაბრუნებას. სასამართლოს არ უცდია, დაედგინა დაყადაღებული ქონების საშუალო საბაზრო ღირებულება მაშინ, როცა დაყადაღებული ქონება გამოყენებული იყო კომერციული ბანკის მიერ 300000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტის უზრუნველსაყოფად.
მ. ჭ-ის აღნიშნული კერძო საჩივრის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის განჩინებით შეჩერდა ამავე სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის განჩინების აღსრულება და აღდგენილ იქნა ყადაღა სს „ს. ს. მ.“ ქონებაზე, მდებარე თბილისში, ... ¹37-ში, ... ¹3, ¹5\7-ში, მ. ჭ-ის კერძო საჩივარზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინებით, არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებით მ. ჭ-ის კერძო საჩივარი ამავე სასამართლოს 2004წ. 26 ნოემბრის განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო და ის საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
ამავე სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის განჩინება მოტივირებულია შემდეგი საფუძვლებით:
საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონება, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, არის არა პარტნიორთა, არამედ საზოგადოების საკუთრება და მისი გამოთხოვის უფლება პარტნიორს არ გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში ქონება, რომელსაც მ. ჭ-ე ითხოვს, მისი შეძენილი არ არის. სადავო ქონება, კერძოდ, ... ¹5\7-ში, ... 37-ში და სხვა ქონება, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობების მიხედვით, შეძენილია 1996წ. 30 აგვისტოს რეგისტრაციის შემდგომ პერიოდში შპს „ს. ს. მ.“ მიერ, რომლის პარტნიორიც მ. ჭ-ე არ იყო.
მ. ჭ-ე სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად არ უთითებს სამოქალაქო მატერიალური კანონმდებლობის არც ერთ ნორმას.
„მეწარმეთა შესახებ“ კანონის თანახმად, უფლებები და მოვალეობები საზოგადოების მიმართ საწესდებო კაპიტალში შეტანილი ქონებისა თუ საზოგადოების ქონების წილების განსაზღვრის საფუძვლიანობისა და მოგების განაწილებასთან დაკავშირებით, შეიძლება გააჩნდეს მხოლოდ პარტნიორს. მ. ჭ-ე კი ითხოვს შპს „ს. ს. მ.“ მისი კუთვნილი 50% წილის შესაბამისი ქონების დაბრუნებას, პრეტენზია არ გააჩნია და უარს აცხადებს პარტნიორობაზე.
არ არის გასაზიარებელი მოსარჩელის მოსაზრება, რომ შპს „ს. ს. მ.“ შპს გამომცემლობა „მ.“ წილი შეადგენდა 65%-ს.
მ. ჭ-ის განმარტებით, ის საზოგადოების საქმიანობაში ვერ მონაწილეობდა ავადმყოფობის გამო, ხოლო მის უფლებამოსილებას საზოგადოებაში მინდობილობის საფუძველზე ახორციელებდა კ. წ-ი, მაგრამ კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობა მის მიერ სასამართლოში წარდგენილი არ არის. მინდობილობა, როგორც ორმხრივი გარიგება, არ არის ხელმოწერილი ორივე მხარის მიერ, მინდობილობა გაფორმებულია შპს „მ.“ ბლანკზე და ხელს აწერს მ. ჭ-ე, მაშინ როცა მინდობილობის გამცემი შპს „მ.” არ არის. მინდობილობის დედანი საქმეს არ ერთვის.
დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება დავაზე სკ-ის 1008-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შესახებ, ვინაიდან მ. ჭ-ის მიერ წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნას საფუძვლად არ ედო ზიანის ანაზღაურება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე. ის თვითონ მიუთითებს, რომ შპს ს. ს. მ.“ და კ. წ-ის მიმართ ურთიერთობები წარმოშობილია სამეწარმეო საქმიანობის საფუძველზე. ამდენად, სასამართლოს მიერ „მეწარმეთა შესახებ“ კანონის ნორმები გამოყენებულია სწორად.
სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ აპელანტი კ. წ-გან იღებდა დივიდენდებს და ამის თაობაზე ხელს აწერდა უწყისებში.
დაუსაბუთებელია აპელანტის მითითება ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, კერძოდ, ის გარემოება, რომ ის არ იყო 1996წ. 30 აგვისტოს რეგისტრირებული შპს „ს. ს. მ.“ პარტნიორი და ამის თაობაზე 2002 წელს კ. წ-ს გარდაცვალების შემდეგ გაიგო. საზოგადოების რეგისტრაციის დროიდან მ. ჭ-ვის ცნობილი უნდა ყოფილიყო პარტნიორთა რიგებში მისი არყოფნის შესახებ, ვინაიდან მისი განმარტებით, საზოგადოების მართვაში მონაწილეობდა 1993-1996 წლებში. ის გარემოება, რომ 1994 წლიდან დაავადდა, რის გამოც წაერთვა მოძრაობისა და გადაადგილების უნარი, რაც 1996წ. 30 აგვისტომდე გრძელდებოდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.
მ. ჭ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინება, რომლითაც მას უარი ეთქვა საქმის წარმოების შეჩერებაზე და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ დეპარტამენტში 2004წ. 3 დეკემბერს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თაღლითური გზით დაუფლების თაობაზე.
ძიების სტადიაში არსებული საქმიდან უშუალოდ გამომდინარეობს სამოქალაქო პალატის მიერ განსახილველი საქმის შედეგი. თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგინდება, რომ თაღლითობის ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, ეს გარემოება უშუალოდ იქონიებს გავლენას სამოქალაქო სარჩელის ობიექტურად გადაწყვეტაზე. არასწორია პალატის მსჯელობა, რომ სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების შეჩერება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმე იხილება სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 30 დეკემბრის განჩინებით მ. ჭ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ ცნობილ იქნა დაუშვებლად იმ საფუძვლით, რომ საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმისას განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას და საქმე კერძო საჩივართან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
მ. ჭ-ემ საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო პალატაში შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო საჩივრის განხილვისას მოპასუხე მხარე არ ეთანხმებოდა სასარჩელო მოთხოვნას და თავს იმართლებდა დოკუმენტებით, რომელიც მისთვის უცნობია. მას არ მიეცა საშუალება, წინასწარ გაცნობოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რათა მომზადებული შეხვედროდა პროცესს, რის გამოც სასამართლოს ბევრ კითხვაზე არ გააჩნდა ადეკვატური პასუხი.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ შპს „მ. ჰ.“ წესდება ყალბია. ამ საწარმოს წესდების არც დედანი და არც ასლი სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი მას არ უნახავს.
არასწორია სასამართლოს მოსაზრება, რომ შპს „ს. ს. მ.“ დამფუძნებელთა შორის არაა შპს გამომცემლობა „მ.“ და დამფუძნებელია შპს „მ.“. ეს უკანასკნელი ორი შპს ერთი და იგივეა. შეცდომა წესდების დაბეჭდვისას მბეჭდავმა დაუშვა, მის მიერ წარდგენილი იყო 1993წ. 20 ივლისს თბილისის მთაწმინდის რ-ნის გამგეობის მიერ რეგისტრირებული შპს „ს. ს. მ.“ ნამდვილი წესდება, რომელიც სასამართლომ არ გაითვალისწინა.
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ის 390-ე მუხლი, არ მიუთითა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებები ჩათვალა დადგენილად.
სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო საქმის ზეპირი განხილვის საფუძველზე, რომლის დროსაც დაირღვა პროცესის საჯაროობის წესები.
მ. ჭ-ემ 2005წ. 4 აპრილს განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა, დაევალოს საჯარო რეესტრის სამსახურს სადავო ქონებაზე უკანონოდ მოხსნილი ყადაღის აღდგენა და საქმის წარმოების შეჩერება სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით შემდეგი მოტივებით:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში სრულიად უკანონოდ მოეხსნა ყადაღა შპს „ს. ს. მ.“ ქონებას, მდებარე თბილისში, .... 37-ში, .... 3-ში და ... 5\7-ში მაშინ, როცა აღსრულება შეჩერებული იყო კერძო საჩივრის განხილვამდე.
ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველოს უფროს მ. გ-ის 2005წ. 21 მარტის წერილით დადასტურებულია მის წინააღმდეგ თაღლითობის ფაქტი და მიმდინარეობს დამნაშავე პირთა წრის გამოვლენა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი, კერძო საჩივრები, განცხადება, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინებების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, როგორც საკასაციო საჩივარი, ასევე კერძო საჩივრები და განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში; ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში; მხედველობაში შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას დაარღვია პროცესის საჯაროობის წესები და მას არ მიეცა საშუალება, წინასწარ გაცნობოდა მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, რათა მომზადებული შეხვედროდა პროცესს.
კასატორი ვერ უთითებს საფუძველს, რატომ მიიჩნია დარღვეულად პროცესის საჯაროობის წესები. საქმის მასალების მიხედვით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაიწყო 2004წ. 24 დეკემბერს. მ. ჭ-ესა და მის წარმომადგენელს წარდგენილი დოკუმენტების გადაცემის ან ამ მიზნით სხდომის გადადების თაობაზე, შუამდგომლობა არ დაუყენებიათ. სხდომის ოქმი მათ მიერ სსკ-ის 291-ე მუხლით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა. კასატორს არ მიუთითებია დასაბუთებულ პრეტენზიაზე, კონკრეტულად რა დოკუმენტები წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ და რომელი დოკუმენტების გაცნობის გარეშე ვერ მოახერხა მან შეკითხვებზე ადეკვატური პასუხების გაცემა.
საკასაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნული, მის მიერ წარდგენილი შპს „მ. ჰ.“ წესდება ყალბია და მოპასუხე მხარე ამას ამტკიცებს შპს „მ.-ჰ.“ წესდების დედნისა და ასლის მიხედვით, რომელიც მოპასუხეთა მიერ სასამართლოზე წარდგენილია და მას არ უნახავს. ზემოაღნიშნული სხდომის ოქმის მიხედვით, მოპასუხეს რაიმე მტკიცებულება სააპელაციო საჩივრის განხილვისას არ წარუდგენია, გარდა ამისა, გასაჩივრებულ განჩინებაში არაა მითითებული, რომ შპს „მ.-ჰ.“ წესდება ყალბია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ. ჭ-ის განმარტება იმის შესახებ, რომ შპს „ს. ს. მ.“ შპს გამომცემლობა „მ.“ წილი შეადგენდა 65%-ს და დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ 1993წ. 5 თებერვალს დაფუძნებულ იქნა შპს „მ.“ ორი პირის მიერ, რომელთა შორის მ. ჭ-ე არ ფიგურირებს. 1993წ. 1 ივნისს შპს „მ.“ შეყვანილ იქნენ ახალი წევრები, მათ შორის შპს „მ.“ და მ. ჭ-ე. 1993წ. 20 ივლისს კი თბილისის მთაწმინდის რ-ნის გამგეობის ¹4-08\682 გადაწყვეტილებით რეგისტრაციაში გატარებულ იქნა შპს „მ.“ დამფუძნებელთა საბჭოს 1993წ. 17 ივნისის კრების ოქმით დამტკიცებული შპს „ს. ს. მ.“ წესდება და მის დამფუძნებელთა შორის არის არა შპს გამომცემლობა „მ.“, არამედ შპს „მ.“. შპს „მ.“ კი მ. ჭ-ის წილის არსებობის მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
სსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ ასეთ პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის განცხადება, რომ შპს „მ.“ და შპს „მ.-ჰ.“ ერთი და იგივე ორგანიზაციაა და შპს „ს. ს. მ.“ წესდების ბეჭდვის დროს, მბეჭდავმა დაუშვა შეცდომა და რომ პალატამ გაიზიარა მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შპს „ს. ს. მ.“ ყალბი წესდება, რომლითაც შპს „მ.“ 65%-იანი წილი გაზრდილია 70%-მდე მ. ჭ-ის, ბ. ქ-ისა და ე. ს-ას წილების ხარჯზე და არ გაითვალისწინა მის მიერ წარდგენილი ნამდვილი წესდება.
დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება ს.ფ. 46-ზე მოთავსებული შპს „ს. ს. მ.“ წესდების სიყალბის თაობაზე, ვინაიდან არ მიუთითებს რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიაჩნია წესდება ყალბად.
აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ის გარემოებები, რომ 1993წ. 20 ივლისს რეგისტრირებული შპს „ს. ს. მ.“ დამფუძნებელი შპს „მ.“, და არა შპს „გ. მ.“ დადასტურებულად მიიჩნია, საქმეში არსებული შპს „ს. ს. მ.“ წესდების საფუძველზე, რომელსაც მ. ჭ-ე ნამდვილად მიიჩნევს. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის მიერ როგორც ყალბად, ასევე ნამდვილად მიჩნეულ შპს „ს. ს. მ.“ წესდების ასლებში საზოგადოების ერთ-ერთ დამფუძნებლად მითითებულია შპს „მ.“, რაც ვერ ასაბუთებს კასატორის მოსაზრების მართებულობას.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები, რითაც დაარღვია სსკ-ის 390-ე მუხლის მოთხოვნები. პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება აღნიშნული მუხლის მოთხოვნათა დაცვითაა გამოტანილი.
საკასაციო პალატა ამოწმებს რა გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნებსა და მოსაზრებებს და არ მსჯელობს მასზე, ვინაიდან კასატორს სხვა საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, საკასაციო საჩივარს საფუძვლად არ უდევს სსკ-ის 410-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევა, გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი სამართლებრივად დაუსაბუთებელი.
პალატა დაუშვებლად მიიჩნევს მ. ჭ-ის კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე და კანონიერად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 30 დეკემბრის განჩინებას. სსკ-ის 282-ე მუხლის მიხედვით, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ სასამართლო განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა. განსახილველ შემთხვევაში კი კერძო საჩივრით გასაჩივრებული საოქმო განჩინებით საქმის განხილვის შეჩერებას კი არ ჰქონია ადგილი, არამედ შეჩერებაზე მხარეს უარი ეთქვა. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ ასეთ განჩინებაზე საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
სსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა.
მ.ჭ-ეს სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინება საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია:
საკასაციო პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს მ. ჭ-ის განცხადებას, რომლითაც ის საქმის წარმოების შეჩერებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ოპერატიულ დეპარტამენტში 2004წ. 3 დეკემბერს აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითური გზით დაუფლების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
სსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია, შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის ან ადმინისტრაციული წესით;
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 22 ივლისის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ჭ-ის სარჩელი სხვა საფუძვლებთან ერთად, არ დაკმაყოფილდა მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული განჩინება საკასაციო პალატის მიერ კანონიერად იქნა მიჩნეული. ასეთ პირობებში პალატა თვლის, რომ არ არსებობს სსკ-ის 297-ე მუხლის „დ“ პუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების სავალდებულო შეჩერების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან საქმის განხილვა შეუძლებელი არ არის კასატორის მიერ მითითებული სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე.
საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს მ. ჭ-ის კერძო საჩივარს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრისა და 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებებზე შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მას, კანონის შესაბამისად, არ ეცნობა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის შესახებ საკითხის განხილვის თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება, გადაეწყვიტა უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის საკითხი, ვინაიდან, აღნიშნული, უზრუნველყოფის ღონისძიების დამდგენი სასამართლოს, განსახილველ შემთხვევაში რაიონული სასამართლოს პრეროგატივაა.
საქმის მასალებით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლაზე 2004წ. 26 ნოემბერს განცხადების განხილვის თაობაზე მ.ჭ-ეს შეტყობინებები ჩაბარდა 2004წ. 18 და 24 ნოემბერს, მაგრამ ის არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე, სსკ-ის 196-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი მხარის გამოუცხადებლობა ასეთ შემთხვევაში არ არის საკითხის გადაწყვეტის დამაბრკოლებელი გარემოება. სსკ-ის 196-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორეთი შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე. მითითებული ნორმა გულისხმობს უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას არა უზრუნველყოფის დამდგენი სასამართლოს მიერ კონკრეტულ სასამართლო ინსტანციაში, არამედ საქმის წარმოების ყველა ეტაპზე (სტადიაზე) სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში. არ არის გასაზიარებელი მ. ჭ-ის მოსაზრება, რომ მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის უფლება აქვს მხოლოდ მოპასუხეს და სასამართლოს არ უცდია დაედგინა დაყადაღებული ქონების საშუალო საბაზრო ღირებულება. კანონმდებლობა არ ადგენს ფულადი უზრუნველყოფის მხოლოდ მოპასუხის მიერ განხორციელების სავალდებულობას. იგი შეიძლება განახორციელოს სხვა პირმაც, თავდებმა მახრის ინტერესებში. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სსკ-ის 198-ე, 157-ე და სკ-ის 892-ე მუხლების შესაბამისად, შესაძლებელია მოპასუხესთან გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფის გარანტად თავდების ფულადი სახსრების გამოყენება.
კანონი ასევე არ მიუთითებს უზრუნველყოფის საშუალებად ფულადი თანხის გამოყენების ნებისმიერ შემთხვევაში ფულადი თანხის სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანის აუცილებლობაზე. 196-ე მუხლის მესამე ნაწილი მიუთითებს, რომ მოპასუხეს შეუძლია თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას. მოსარჩელე კი არაერთგზის აცხადებს, რომ იგი ითხოვს უკანონოდ მითვისებული ქონების უკან დაბრუნებას და არა ფულადი თანხების გადახდევინებას.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მ. ჭ-ის სასარჩელო მოთხოვნა ზოგადი ხასიათისაა, იგი არ მიუთითებს, რა ღირებულებისაა მის მიერ მოთხოვნილი ქონება, არ არის განსაზღვრული სარჩელის ფასი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა, რომ დაყადაღებული ქონება მიღებული იყო კომერციული ბანკის მიერ 300000 აშშ დოლარის ოდენობით კრედიტის უზრუნველსაყოფად, არ ადასტურებს იმ გარემოებას რომ სასამართლოს მიერ მ. ჭ-ის სარჩელის უზრუნველსაყოფად დაყადაღებული 100000 ლარი არ არის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის გარანტია.
საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მოპასუხე მხარისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების გარანტია უზრუნველყოფაზე, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 199-ე, 57-ე მუხლებით მ. ჭელიძემ უარი განაცხადა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 410-ე, 419-420-ე, 279-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ჭ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
მ. ჭ-ის განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
მ. ჭ-ის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრის საოქმო განჩინებაზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 დეკემბრისა და 2004წ. 30 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
მ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 26 ნოემბრისა და 2004წ. 24 დეკემბრის განჩინებები დარჩეს უცვლელად.
მ. ჭ-ე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.