საქმე №ა-1465-შ-30-2018 15 მაისი, 2018 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი,
პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება „ხ.თ.ქ.“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს – ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „კ-ს“ (გსნ...) ღია სააქციო საზოგადოება „ხაბეზსკის თაბაშირის ქარხნის“ (გსნ ..., ძსრნ ....) სასარგებლოდ დაესკირა დავალიანების 89 863 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის 49 209 მანათის გადახდა. ღია სააქციო საზოგადოება „ხ.თ.ქ–ამ“ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 25 იანვარს და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. ხოლო მისი აღსრულება ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ განხორციელებულა. 2018 წლის 27 მარტს დასახელებული შუამდგომლობა მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 მარტის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობებისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, შპს „კ-ს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – ქ. თბილისი, ....., კორპუსი 20. გზავნილი ადრესატს 30 მარტს ჩაჰბარდა. მოწინააღმდეგე მხარე შპს „კ-ს„ კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება „ხ.თ.ქ–ის“ შუამდგომლობა ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ-ს“ (გსნ.....) ღია სააქციო საზოგადოება „ხაბეზსკის თაბაშირის ქარხნის“ (გსნ ...., ძსრნ ...) სასარგებლოდ დაესკირა დავალიანების 89 863 აშშ დოლარისა და სასამართლო ხარჯების სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის 49 209 მანათის გადახდა. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შინაშე იშუამდგომლა ღია სააქციო საზოგადოება „ხ.თ.ქ–ამ“ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მხარე მოითხოვს შესულია კანონიერ ძალაში 2018 წლის 25 იანვრიდან და ექვემდებარება აღსრულებას, იგი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ასევე დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით თუმცა, იგი არც საქმის განხილვაზე გამოცხადებულა და არც რაიმე გამაბათილებელი მტკიცებულება წარუდგენია სასამართლოსთვის. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსრულებას, პალატა ასევე მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი, ვინაიდან, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 70-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო და შრომის სამართლის საქმეებზე უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულება ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ ისინი ექვემდებარება აღსრულებას, ამავე კანონის 71-ე მუხლით კი დადგენილია წინაპირობები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევა. საკასაციო პალატა საქმის მასალების ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში კანონის ზემოხსენებული დანაწესები დაცულია. ამდენად, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ღია სააქციო საზოგადოება „ხ.თ.ქ–ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საარბიტრაჟო სასამართლოს რუსეთის ფედერაციის 2017 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება; საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი