Facebook Twitter

საქმე №ა-720-შ-16-2018 15 მაისი, 2018 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი,

პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.შ.

მოწინააღმდეგე მხარე – რ.შ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ალტენას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენი

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ალტენას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით მეუღლეთა - მ.შ–სა და რ.შ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. მ.შ.მ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ალტენას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 2 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტით დასტურდება, რომ მ.შ. საქართველოს მოქალაქეა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 23 თებერვლის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საკასაციო სასამართლოს დასახელებული განჩინების, ისევე როგორც, ზემოთმითითებული შუამდგომლობისა და მასზე თანდართული მასალების ასლები, მოწინააღმდეგე მხარეს, რ.შ–ს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე – გერმანია გერიხტშტრასე 1, 58762, ალტენა. გზავნილი ადრესატს ჩაჰბარდა 2018 წლის 20 მარტს. მოწინააღმდეგე მხარე - რ.შ–ს კანონით დადგენილ ვადაში თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსთვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ალტენას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენით მეუღლეთა - მ.შ–სა და რ.შ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდაკანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 2 ივლისს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტით დასტურდება, რომ მ.შ. საქართველოს მოქალაქეა. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ალტენას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენი ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.შ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ალტენას პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 20 მაისის განაჩენი, რომლითაც მეუღლეთა - მ.შ–სა და რ.შ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი