საქმე №ას-408-408-2018 27 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ- ჯ-–ი (მოსარჩელე, აპელანტი)
მოწინააღმდეგე მხარე - ლ- მ-–ვილი (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 იანვარის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ნ- ჯ–მა (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი) სარჩელი აღძრა ლ---- მ----ვილის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4520 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი მოპასუხისათვის 4520 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
3. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული იყო სესხის მარტივი წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც გამოხატული იყო მსესხებლის მიერ შედგენილი ხელწერილის ფორმით. სესხის დაფარვის კონკრეტული ვადა მხარეთა მიერ შეთანხმებული არ იყო. მხარეთა შეთანხმებით მსესხებელს ყოველდღიურად უნდა გადაეხადა ძირი თანხის ერთი პროცენტი, რაც აისახებოდა ხელწერილებში.
4. იმავდროულად, რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელისაგან 2012 წლის 26 ნოემბერს ისესხა 1000 ლარი დღეში 1%-ს სარგებლის დარიცხვის პირობით ხანმოკლე ვადით, რომლის დასტურად თავისი ხელით დაწერა ხელწერილი. ამავე წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ მოსარჩელეს დაუბრუნა 200 ლარი, 18 დეკემბერს - 400 ლარი, 2013 წლის 25 იანვარს - 200 ლარი. სულ დააბრუნა 800 ლარი და დარჩა გადასახდელი 200 ლარი. დარჩენილი 200 ლარის ნაცვლად 2013 წლის თებერვალში მან მოსარჩელეს ფქვილი მიუტანა.
5. ამასთან, რაიონულმა სასამართლომ სესხის ხელშეკრულება ნაწილობრივ ბათილად მიიჩნია სესხის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვის ნაწილში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 54-ე მუხლის დანაწესით და აღნიშნა, რომ გარიგების ეს პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, რადგან ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. სასამართლოს მოსაზრებით, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო პროცენტის განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.
6. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით წარდგენილი მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა 300 ლარის ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელის უარყოფის შესახებ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2012 წლის 26 ნოემბერს მოპასუხემ მოსარჩელისაგან ისესხა 1000 ლარი. მოპასუხემ ასევე დაადასტურა ის გარემოება, რომ სესხი იყო სარგებლიანი და რომ სარგებელი შეთანხმებული იყო ყოველდღიურად 1%-ის ოდენობით. უდავოა და სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას (იხ. 2018 წლის 26 იანვრის სხდომის საოქმო ჩანაწერი) მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მოპასუხემ ფულადი ვალდებულება შეასრულა ნაწილობრივ - 800 ლარის დაბრუნების ნაწილში, სახელდობრ, 2012 წლის 26 ნოემბერს მოსარჩელეს დაუბრუნა - 200 ლარი, 2012 წლის 18 დეკემბერს - 400 ლარი და 2013 წლის 25 იანვარს - 200 ლარი.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მითითებით მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობა შეადგენდა 4540 ლარს (აქედან 200 ლარი არის ძირი თანხა, დანარჩენი თანხა მოიცავს სარგებელს და ზიანს ლარსა და დოლარს შორის კურსთა სხვაობის გამო) და მოითხოვს ამ თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას.
9. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 4540 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ხანდაზმულობის შედავებულ საკითხზე და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გასაბათილებალდ მოსარჩელე მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სასესხო ურთიერთობა არ იყო ვადიანი და რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია სარჩელი ხანდაზმულად.
10. სააპელაციო პალატამ უარყო აპელანტის ზემოაღნიშნული პრეტენზია, იმ დასაბუთებით, რომ მართალია, განსახილველ შემთხვევაში არ დგინდებოდა, რომ მხარეთა შორის სასესხო ხელშეკრულების მოქმედების ვადა იყო შეთანხმებული, და შესაბამისად ეს ურთიერთობა უნდა მივიჩნიოთ უვადო სასესხო ურთიერთობად, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში, იმ ფაქტობრივი გარმოებების გათვალისწინებით (იხ. 2018 წლის 26 იანვრის სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:34:38-12:35:16; 12:37:25-12:37:32-12:37:42), რომ მოსარჩელე 2013 წლის იანვრის თვის მომენტიდანვე სისტემატურად ითხოვდა მოპასუხისაგან სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან მოპასუხეს წარმოეშვა დარჩენილი დავალიანების დაუყოვნებლივ შესრულების ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლების დარღვევა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რამდენადაც მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ასრულებდა ვალდებულებას, მოსარჩელეს 2013 წლის მარტიდან მოპასუხის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნა, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ამოიწურა 2016 წლის მარტის თვეში, მაშინ როდესაც, მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2017 წლის 4 მაისს, ესე იგი ხანდაზმულობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
11. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო 4540 ლარის დაკისრების შესახებ სარჩელი უსაფუძვლო იყო, თუმცა მიუხედავად აღნიშნულსა, სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვისას 2018 წლის 26 იავნრის სასამართლო სხდომაზე (იხ. 2018 წლის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:50:46-12:50:54) მოპასუხემ ნაწილობრივ, 300 ლარის ნაწილში ცნო სასარჩელო მოთხოვნა. აღნიშნული კი, სსსკ-ის მე-3 მუხლის და 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, წარმოადგენს სარჩელის ნაწილობრივ (300 ლარის ნაწილში) დაკმაყოფილების პროცესუალურ საფუძველს.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით აპელანტმა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
13. კასატორის მოსაზრებით, უმართებულოა სასამართლოს მითითება იმ ნაწილში, სადაც აღნიშნულია, რომ 300 ლარის ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი, რისთვისაც რელევანტური იყო სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კასატორის განმარტებით სსსკ-ის 208-ე მუხლი ითვალისწინებს მხარეთა მორიგების საფუძვლით საქმის წარმოების შეწყვეტას, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის მორიგება არ შემდგარა.
14. კასატორის შემდეგი პრეტენზია ეფუძნება მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სასამართლოს მითითებას. კასატორი აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ვადა განსაზღვრული არ ყოფილა და უმართებულოა სასამართლოს მითითება მასზედ, რომ სახეზე იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულება და ნაწილ-ნაწილ გადახდისას მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა თითოეული გადახდის დროის დადგომიდან აითვლება.
15. ამასთან, კასატორის მითითებით რომც ყოფილიყო ხელშეკრულება ვადიანი, მოთხოვნის წარმოშობა შეჩერებულად უნდა მიეჩნია მოსამართლეს, რადგან კრედიტორი შეზღუდულქმედუნარიანი პირია და ვიდრე მას არ დაენიშნებოდა მხარდამჭერი, უფლებას ვერ განახორციელებდა.
16. კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხანდაზმულობა ათვლილია 2013 წლის მარტის თვიდან და შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ 2016 წლის მარტში მოთხოვნას გაუვიდა ხანდაზმულობა. კასატორის მითითებით მან გადაამოწმა 2013 წლის მარტის თვეში ხანდაზმულობის ათვლის შესახებ მოსამართლის მითითება თუ, რას ეფუძნებოდა და შეამჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მოპასუხე მიუთითებდა, რომ მოსარჩელეს 200 ლარის ფქვილი მიუტანა თებერვლის თვეში. კასატორი აღნიშნავს, რომ სარჩელი წარდგენილი იყო 2016 წლის 04 აპრილს, რომელიც ვითომდა ხარვეზის გამო არ იქნა წარმოებაში მიღებული. შესაბამისად, ეს იყო გათვლილი ხანდაზმულობაზე.
17. საკასაციო პრეტენზია ემყარება ასევე სსკ-ის 429-ე მუხლს, რომლის საფუძველზე კასატორი მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია, ხოლო მოვალეს არ წარმოუდგენია შესაბამისი ხელწერილები, რაც დაადასტურებდა მის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტს
18. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას საპროცესო ხარჯების, სახელდობრ, სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სსსკ-ის 53-ე მუხლის გამოყენებას და მიაჩნია, რომ ვინაიდან მოსარჩელე გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხის დაკისრებისათვის რელევანტური იყო სსსკ-ის 55-ე მუხლი (ვრცლად იხ. საკასაციო საჩივარი ტ. 2).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
21. განსახილველ შემთხვევაში, სადავოა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობა, სახელდობრ, კასატორი სადავოდ ხდის მოვალის მიერ 200 ლარის ნაწილში ვალდებულების შესრულებას. იმავდროულად, კასატორს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ხოლო 300 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მიზნებისათვის არარელევანტური იყო სსსკ-ის 208-ე მუხლის გამოყენება, რადგანაც აღნიშნული ნორმით მოწესრიგებულია მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების საკითხი, რასაც განსახილველ საქმეზე ადგილი არ ჰქონია.
22. ზემოთმითითებული კასაციის ძირითადი საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს სარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე და აღნიშნავს, რომ კასატორი სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის გასაბათილებალდ იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სასესხო ურთიერთობა არ იყო ვადიანი და მოთხოვნის სასამართლო წესით დაცვის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენა ვერ დაიწყებოდა (სსკ-ის 129-ე მუხლი].
23. კასატორის მითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ეს საქმის მასალებითაა დადგენილი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო სესხის მარტივი წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც სესხის დაფარვის კონკრეტული ვადა მხარეთა მიერ შეთანხმებული არ იყო (იხ., ამ განჩინების პ: 5). თუმცა, განსახილველ საქმეზე ხანდაზმულობის დენის დასაწყისი, როგორც ეს სსკ-ის 130-ე მუხლის დანაწესშია მითითებული [დისპოზიცია: ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ] დაწყებულად იმ დღიდან იქნა მიჩნეული, როდესაც მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა ვალის დაბრუნება, კერძოდ, 2013 წლის მარტიდან.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ინსტიტუტი კრედიტორის უფლების იძულებით განხორციელებაზე ან დაცვაზე ზემოქმედების ძლიერი მატერიალურ-სამართლებრივი საშუალებაა, რამდენადაც, ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნა მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით კვლავ განაგრძობს არსებობას, თუმცა შეუძლებელია სასამართლო წესით ამ მოთხოვნის იძულებით განხორციელება (შდრ: სუსგ №ას-369-350-2015, 30 ივლისი, 2015 წელი).
25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე. ხანდაზმულობის ვადების დაწესებით, კანონმდებლის მიზანია გამორიცხოს კრედიტორის უფლების განხორციელების არათანაზომიერად ან ბოროტად გამოყენების საფრთხე. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007, გვ.63; შდრ. სუსგ 11.06.2012 საქმე №ას-547-515-2012).
26. ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არა სასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება. ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
27. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მოძნაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოპსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის ძშესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20903 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – ოლღა სუმბათაშვილი და იგოგ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
28. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასეე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილი იყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობის შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
29. ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე სტაბინგი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „... ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
30. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს.( იხ. სუსგ №ას-988-1021-2011, 15.11.2011).
31. განსახილვე შემთხვევაში, მოპასუხემ მოთხოვნა (გარდა 300 ლარისა) სადავოდ გახადა ხანდაზმულობაზე მითითებითაც, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს, მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა მხოლოდ იმ გარემოებაზე მიუთიტა, რომ ვინაიდან სესხის დაბრუნების ვადა შთანხმებული არ ყოფილა, მოთხოვნის წარმოშობის ვადა ვერ დადგინდებოდა.
32. კასატორის ზემოაღნიშნული პოზიცია სესხის ხელშეკრულების ვადასთან დაკავშირებით ვერ იქნება გაზიარებული საქმეზე დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით (იხ. 2018 წლის 26 იანვრის სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:34:38-12:35:16; 12:37:25-12:37:32-12:37:42), რომ მოსარჩელე 2013 წლის იანვრის თვის მომენტიდანვე სისტემატურად ითხოვდა მოპასუხისაგან სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე დარჩენილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სსკ-ის 365-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მოთხოვნის წარდგენის მომენტიდან მოპასუხეს წარმოეშვა დარჩენილი დავალიანების დაუყოვნებლივ შესრულების ვალდებულება, რომლის შეუსრულებლობამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლების დარღვევა. რამდენადაც მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის მიუხედავად არ ასრულებდა ვალდებულებას, მოსარჩელეს 2013 წლის მარტიდან მოპასუხის მიმართ წარმოეშვა მოთხოვნა.
33. სსკ-ის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. ამდენად, მოთხოვნა ხანდაზმულობის გამო სწორად იქნა მიჩნეული უსაფუძვლოდ.
34. საკასაციო პალატა მიუთითებს სასამართლო პრაქტიკაზე, რომელშიც სადავო იყო მოთხოვნის განხორციელებადობა ხანდაზმულობის გამო იხ., სუსგ №ას-1219-1160-2014, 19 თებერვალი, 2015 წელი. დასახელებულ საქმეში სასამართლომ განმარტა შემდეგი: „სსკ-ის 626-ე მუხლით, რომლის დანაწესით, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას და განმარტა, რომ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განუსაზღვრელი ვადით დადებული სესხის ხელშეკრულების შეწყვეტა და ვალის დაბრუნება მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. სასამართლო პრაქტიკის თავლსაზრისით მოხმობილი სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი იქნა, რომ კრედიტორმა მოვალის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს 07.11.2013წ.-ს, ხოლო 2011 წლის იანვრის თვეში მან მოვალეს მოსთხოვა როგორც ძირითადი თანხის ისე, გადაუხდელი სარგებლის უკან დაბრუნება, რაც მოვალის მხრიდან არ შესრულდა. შესაბამისად, მხარეთა შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეწყვეტის თარიღად სასამართლომ მიიჩნია 2011 წლის იანვარი ანუ, ის დრო, როდესაც კრედიტორმა მოსთხოვა მოვალეს ვალის უკან დაბრუნება და ამ დროიდან წარმოეშვა მას სესხის ძირითადი თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. რაც შეეხება სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულებას, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, სასამართლომ განმარტა, რომ ვინაიდან აღნიშნული ვალდებულების არსებობა დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ამიტომ 2011 წლის იანვრიდან მოვალე უკვე არ იყო ვალდებული ყოველთვიურად ეხადა სარგებელი.“
35. ხანდაზმულობის შეჩერების საფუძვლად ვერც კასატორის მითითება იქნება გაზიარებული კრედიტორის შეზღუდულქმედუნარიანობის საფუძვლით, გამომდინარე იქიან, რომ სსკ-ის 134-ე მუხლის მიზნებისათვის [დისპოზიცია: „თუ მოთხოვნა მომდინარეობს შეზღუდულქმედუნარიანისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არ ჰყავს, ან მხარდაჭერის მიმღებისაგან, რომელსაც მხარდაჭერა სათანადო წესით არ გაეწია, ანდა მოთხოვნა მიმართულია აღნიშნული პირისადმი, ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულად ითვლება, სანამ ეს პირი სრული ქმედუნარიანი არ გახდება ან მას კანონიერი წარმომადგენელი ან მხარდამჭერი არ დაენიშნება“], რომ მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა კანონით დადგენილი წესით არ განხორციელებულა.
36. ამდენად, სესხის ძირითადი თანხის მოთხოვნის ნაწილში მოთხოვნა სწორად იქნა მიჩნეული ხანდაზმულად, იმავდროულად, ხანდაზმულია მოთხოვნა სესხის პროცენტზე (სარგებელი), გამომდინარე იქიდან, რომ სსკ-ის 145-ე მუხლის მიხედვით, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
37. კასატორი სადავოდ ხდის სსსკ-ის 208-ე მუხლის გამოყენებას იმ თვალსაზრისით, რომ მხარეთა შორის არ ჰქონია ადგილი მორიგებას.
38. დადგენილია, რომ სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის 4540 ლარის დაკისრება. მოპასუხემ/მოწინააღმდეგე მხარემ სადავო თანხიდან მოთხოვნა 300 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვისას 2018 წლის 26 იანვრის სასამართლო სხდომაზე (იხ. 2018 წლის სასამართლო სხდომის საოქმო ჩანაწერი 12:50:46-12:50:54).
39. მოპასუხის/მოწინააღმდეგე მხარის მიერ აღნიშნული საპროცესო მოქმედება - სარჩელის 300 ლარის დაკისრების ნაწილში ცნობა, მართლზომიერად დაედო საფუძვლად, ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებას, გამომდინარე იქიდან, რომ სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი სააპელაციო სასამართლოებისათვის ისევეა გამოსაყენებელი, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოებისათვის (სსსკ-ის 372-ე მუხლი). ნორმის დანაწესით კი, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
40. საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მართალია მორიგება არ შემდგარა მხარეთა შორის, თუმცა, სსსკ-ის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენება განაპირობა არა მხარეთა შორის მორიგებამ, არამედ მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივმა ცნობამ, რაც მორიგებისაგან განსხვავებული საპროცესო მოქმედებაა და მოპასუხის მიერ ცალმხრივად გამოვლენილ საპროცესო ნების პროცესუალური შედეგია (იხ., 26.01.2018 წლის სხდომის საოქმო ჩანაწერი - ტ.2, ს.ფ. 131). მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დისპოზიციურობის ფუძემდებლური პრინციპის კონკრეტულ გამოხატულებას. სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
41. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერებას საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟი) [სსსკ-ის 37-ე მუხლი] მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, რაც კასატორს საპროცესო ნორმების დარღვევად მიაჩნია, იმ საფუძვლით, რომ გამოყენებულია არალევანტური ნორმა - სსკ-ის 53-ე მუხლი, იმ ვითარებაში, რადგან მხარე - აპელანტი გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
42. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ნაწილში, კასატორს სწორად აქვს მითითებული საპროცესო ხარჯების განაწილებისათვის რელევანტური საპროცესო ნორმა, გამომდინარე იქიდან, რომ სსსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენება ნაკარნახევი იყო მოცემულ საქმეზე, რადგან საქმის მასალებითაა დადგენილი, რომ აპელანტი გათავისუფლებული იყო სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟი) გადახდისაგან სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე და ამდენად, სსსკ-ის 55-ე მუხლის დანაწესი სწორედ იმ შემთხვევებზე ვრცელდება, რა დროსაც ერთ-ერთი ან ორივე მხარეა გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თუმცა ეს გავლენას მაინც ვერ მოახდენს დავის მატერიალურსამართლებრივ შედეგზე (გადაწყვეტაზე).
43. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
44. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. ფულადი ვალდებულების შესრულებისა და ხანდაზმულობის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილი ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
45. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ–- ჯ-–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე