საქმე №ა-437-ა-2-2018 3 მაისი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ზ. ი-ის განცხადების დასაშვებობის საკითხი ვ. ბ-ოს მიმართ, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზ. ი-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ განცხადება არ დააკმაყოფილებს ამავე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ მოთხოვნებს, სასამართლო ავალებს განმცხადებელს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ვლადიმირ (ვ.) ბ-ოს შუამდგომლობა უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილების (დაუსწრებელი) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდა, ცნობილ იქნა საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცა აღსასრულებლად უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება (დაუსწრებელი), რომლითაც ზ. ი-ს ვლადიმირ ბ-ოს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის _ 30 000 აშშ დოლარის (რომელიც გადაწყვეტილების გამოტანის დროს არსებული კურსის შესაბამისად, წარმოადგენდა 630 156 გრივნის ეკვივალენტს), 2015 წლის იანვრიდან მაისამდე სესხის წლიური 3%-ის _ 6 847,03 გრივნისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯის _ 3 062,26 გრივნის გადახდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ი-მა და იმ საფუძვლით, რომ უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საკითხების სასამართლოს პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა უკრაინის პოლტავის ოლქის ქ.კრემენჩუგის ავტოზავოდსკის რაიონის სასამართლოს 2015 წლის პირველი ივლისის გადაწყვეტილება (დაუსწრებელი), ახალი გადაწყვეტილებით კი, ვ.ბ-ოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის ზემოხსენებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 9 თებერვლის განჩინებით ზ. ი-ის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სარწმუნო მტკიცებულება (დედნის ან სათანადოდ დამოწმებული ასლის სახით), თუ როდის შევიდა უკრაინის პოლტავის ოლქის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საკითხების სასამართლოს პალატის 2017 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში. ამავე პალატის 2018 წლის 5 მარტის განჩინებით ზ. ი-ის წარმომადგენელ ს. ბ-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და განმცხადებლს 20 (ოცი) დღით გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის განსაზღვრული ვადა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 აპრილის განჩინებით ზ.ი-ის წარმომადგენელ ს.ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და გაუგრძელდა საპროცესო ვადა კიდევ 10 (ათი) დღით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ს. ბ-ს (იხ.მინდობილობა) გაეგზავნა საქმეში მითითებულ მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით და 2018 წლის 13 აპრილს ჩაბარდა დედას - ი. ბ-ს (პირადი #...).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ათდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2018 წლის 14 აპრილს და ამოიწურა 2018 წლის 23 აპრილს. ამ დროის განმავლობაში მხარეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 285-ე, 427-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ზ. ი-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 ოქტომბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე