Facebook Twitter

საქმე №ას-144-144-2018 29 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – ლ. რ-ე (საარბიტრაჟო მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ლ. რ-ემ განცხადებით (საჩივრით) მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას თ. ს–ის მიმართ საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ბ-ის“ 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 27 დეკემბრის განჩინებით საჩივარი განსჯადობის წესების დაცვით გადაეცა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინებით ლ. რ-ის განცხადება (საჩივარი) დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. რ-ემ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. რ-ის საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, დაუშვებელია ამ კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებში სასამართლოს რაიმე სახით ჩარევა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს ამ კანონით პირდაპირ არის გათვალისწინებული. ანალოგიური შინაარსისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის მე-2 ნაწილიც, რომლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას ნებისმიერი სახით, თუნდაც საკასაციო წესით განიხილოს მითითებული კატეგორიის საქმეები, თუ ეს პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მითითებული ნორმატიული აქტებით.

დასახელებული კანონის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ არბიტრაჟში საქმის წარმოება მიმდინარეობს დამოუკიდებლად და სასამართლოს უფლება არ გააჩნია, ჩაერიოს ან ნებისმიერი გზით ზეგავლენა მოახდინოს მასზე. ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც სასამართლო არეგულირებს საარბიტრაჟო წარმოების კონკრეტულ ეტაპებს, ზემოხსენებულ კანონში ზუსტად და ამომწურავადაა მითითებული.

რაც შეეხება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 15 იანვრის განჩინების გასაჩივრებას, საკასაციო პალატა მიუთითებს შემდეგს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი. თავის მხრივ, მოქმედი კანონმდებლობა ამომწურავად ადგენს საერთო სასამართლოების კომპეტენციას საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებთან მიმართებით და ადგენს იმ ზუსტ და ამომწურავ ჩამონათვალს, როდესაც შესაძლებელია არბიტრაჟის გადაწყვეტილებაში სასამართლოს გზით ჩარევა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XLIV3, XLIV4, XLIV5 თავები შეიცავს სპეციალურ ნორმებს, რომლებიც არეგულირებს სასამართლოს მონაწილეობას საარბიტრაჟო განხილვასა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებაში. ამავე კოდექსის 35613 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეებს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, არბიტრაჟის მიერ გამოყენებული საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების ცნობის, აღსრულებისა და აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ, სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა და გაუქმების შესახებ, ხოლო ამავე მუხლის მეოთხე ნაწილი განსაზღვრავს არბიტრაჟთან დაკავშირებულ იმ საქმეთა კატეგორიას, რომლებსაც იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ასეთად კანონმდებელი მიიჩნევს ამავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმეებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების თაობაზე.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის აწესებს არბიტრაჟთან დაკავშირებული საქმეების განხილვის კონკრეტულ ფარგლებს და ცალსახად ადგენს, რომ დავები საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით განიხილება სააპელაციო სასამართლოებში, ხოლო საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, იმსჯელოს მხოლოდ სხვა ქვეყნების არბიტრაჟთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებულ დავებზე. ამასთან, ხსენებული ტიპის დავებზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და პირობებს კანონი არ ითვალისწინებს.

მოცემულ შემთხვევაში ლ. რ-ის საჩივარი ეხება საქართველოს მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ბ-ის“ 2007 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე განმცხადებლის მიერ წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერებას, რაც საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ვერ გახდება, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ყოველგვარი დავა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმებასთან დაკავშირებით შედის მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს კომპეტენციაში და ამ სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივრის (საჩივრის) შეტანა არ დაიშვება.

ზემოხსენებული განმარტებები სრულ შესაბამისობაშია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვან პრაქტიკასთან (იხ. სუსგ №1093-1013-2017; №ას-1258-1178-2017; №ას-1078-1029-2013, №ას-1009-1040-2011).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 35612 და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ. რ-ის საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე