№ ას-1459-1379-2017 9 თებერვალი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - გ. ს. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ი-ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ი-მ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. ს–-ს (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“) და მესამე პირის შპს „დ-ს“ მიმართ უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.
2. მოპასუხის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ 2017 წლის 6 მარტს მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საჩივარი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
4. საქალაქო სასამართლოს განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 მარტის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 7 სექტემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის, 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა საადვოკატო ბიუროს კანცელარიის თანამშრომელს 2017 წლის 23 ოქტომბერს. შესაბამისად, სასამართლომ ხარვეზის შესავსებად დაწესებული 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო მომდევნო დღეს, 2017 წლის 24 ოქტომბერს და ხარვეზის შევსების ბოლო დღედ მიიჩნია ამავე წლის 30 ოქტომბერი.
7. ვინაიდან აპელანტმა დანიშნული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა 2017 წლის 3 ნოემბერს, ანუ საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტის წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი არსებითად მსჯელობს სააპელაციო საჩივრის საფუძვლებზე და მის მიერ გასაჩივრებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე.
9. ამასთან, მიუთითებს, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს არ ჩაბარებია. გზავნილის ჩაბარებაზე ხელმომწერი პირი, ი. ზ-ე კი არ მუშაობს აპელანტის წარმომადგენლის საადვოკატო ბიუროში.
10. საჩივრის ავტორის აზრით, იმ შემთხვევაშიც კი თუ გზავნილს ჩაიბარებდა მხარის ადვოკატი, ვინაიდან მასზე არ იყო გაცემული სპეციალური მინდობილობა გზავნილის მიღებისა, არ ჰქონდა უფლებამოსილება მიეღო იგი. მარწმუნებელმა მინდობილობა გასცა არა ფიზიკურ პირზე, არამედ იურიდიულ პირზე, საადვოკატო ბიუროზე. მსგავს შემთხვევებში კი სასამართლოს გზავნილი უნდა ჩაებარებინა არა ადვოკატისთვის, არამედ უშუალოდ მხარისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
13. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ გ. ს–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის, 4000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის სასამართლოსთვის წარდგენა (იხ. ს.ფ. 131-133).
14. დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის დაწესების შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინება გაეგზავნა აპელანტის წარმომადგენელს რ. ფ-ეს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, თბილისი, --- (იხ. ს.ფ. 134). საფოსტო უკუგზავნილზე მითითებულია, რომ განჩინება 2017 წლის 23 ოქტომბერს ჩაიბარა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ი. ზ-ემ. ამასთან, კომენტარის ველში კურიერი უთითებს, რომ აღნიშნულ მისამართზე მდებარეობს ადვოკატურა და გზავნილს იბარებს კანცელარია (იხ. ს.ფ. 135).
15. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიები ემყარება იმას, რომ: 1) გზავნილის მიმღები პირი - ი. ზ-ე არ იყო საადვოკატო ბიუროს თანამშრომელი; 2) ვინაიდან აპელანტს მინდობილობა გაცემული ჰქონდა იურიდიულ პირზე - საადვოკატო ბიუროზე, სასამართლოს ევალებოდა ხარვეზის განჩინება გაეგზავნა არა ბიუროსთვის (როგორც აპელანტის წარმომადგენლისთვის), არამედ თავად მხარისათვის (აპელანტისთვის).
16. ზემოაღნიშნული პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის იმ ნორმებს, რომლებითაც განსაზღვრულია მხარისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების წესი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად კი, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
17. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და არც კერძო საჩივრის ავტორი უარყოფს, რომ მისი წარმომადგენელი რ. ფ-ე საადვოკატო ბიურო შპს „---“ დირექტორი და ამავე ბიუროს იურისტია. მისი ორგანიზაცია განთავსებულია მისამართზე - თბილისი, ---, რომელსაც აპელანტი უთითებს თავის სააპელაციო საჩივარში. აღნიშნული მისამართია მითითებული ასევე აპელანტის წარმომადგენლის, რ. ფ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარსა და საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ კერძო საჩივარშიც (იხ. ს.ფ. 64-75; 143-154).
18. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ზემოაღნიშნულ მისამართზე მყოფი ი. ზ-ე, რომელმაც ჩაიბარა რ. ფ-ის სახელზე გაგზავნილი სასამართლო უწყება, არ არის საადვოკატო ბიუროს თანამშრომელი და შესაბამისად, არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ საჩივარში მითითებულ ფაქტს გზავნილის მიმღები პირის არაუფლებამოსილების შესახებ, ასევე იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე არ არის განთავსებული საადვოკატო ბიურო - შპს „---“. უფრო მეტიც, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ამავე მისამართზე (თბილისი, ---) რ. ფ-ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არაერთი უწყება იქნა გაგზავნილი, რომელიც ასევე ბარდებოდა ორგანიზაციის თანამშრომლებს (იხ. ს.ფ. 88; 114) და მხარეს აღნიშნული სადავოდ არასდროს გაუხდია.
19. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით და ჩაბარდა საფოსტო გზავნილში მითითებულ დღეს, 2017 წლის 23 ოქტომბერს.
20. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის დროისათვის (2017 წლის 10 ოქტომბრისათვის) რ. ფ-ე იყო გ. ს-ს წარმომადგენელი (რაც დასტურდება 2017 წლის 16 მარტს შპს „---“ გ. ს-ს მიერ გაცემული მინდობილობით და ამავე დღეს შპს „---“ მიერ რ. ფ-ისთვის გადანდობის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით (მინდობილობით)) (იხ. ს.ფ. 76; 78), მისთვის ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარება ითვლება გ. ს-სთვის ჩაბარებად.
21. საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან აპელანტს მინდობილობა გაცემული ჰქონდა არა ფიზიკურ პირზე - რ. ფ-ზე, არამედ მის საადვოკატო ბიუროზე (იურიდიულ პირზე), სასამართლო ვალდებული იყო გზავნილი პირადად ჩაებარებინა მხარისათვის და არა მისი წარმომადგენლისათვის.
22. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 16 მარტს გ. ს–მა გადანდობის უფლებით 3 წლის ვადით გასცა მინდობილობა შპს „---ზე“ (იხ. ს.ფ. 76), ხოლო, ამავე დღეს, შპს „---მა“ ზემოაღნიშნული მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილებები გადაანდო ადვოკატ რ. ფ-ეს 2020 წლის 16 მარტამდე (იხ. ს.ფ. 78). ამდენად, რ. ფ-ე სააპელაციო საჩივრის წარდგენის დროისათვის (2017 წლის 27 სექტემბერი) იყო აპელანტ გ. ს-ს უფლებების დამცველი ადვოკატი. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა ზემოაღნიშნული მოტივით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
23. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც საპროცესო მხარის უფლებებს სასამართლოში იცავს მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი (ადვოკატი), რომლის წარმომადგენლობა დადასტურებულია კანონის შესაბამისად გაცემული მინდობილობით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სასამართლო უწყების გაგზავნას (და მის ჩაბარებას) ერთ-ერთი მათგანისათვის. სასამართლო თავად ირჩევს რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება და არ არის ვალდებული, დაიცვას თანმიმდევრობა - იგი უწყებას აგზავნის მხარის მიერ საქმეში მითითებულ ერთ-ერთ მისამართზე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა - სასამართლომ ხარვეზის განჩინება აპელანტის წარმომადგენელს გაუგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და კანონით დადგენილი წესით ჩააბარა კიდეც მას.
24. ამასთან, საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს აღნიშნოს, რომ თავად კერძო საჩივრის ავტორის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოში საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენილ შუამდგომლობაში (ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ) მიუთითებს, რომ მისთვის ცნობილია სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინების თაობაზე (რომლითაც აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი), თუმცა განჩინების სათანადო წესით მიღებას იგი სადავოდ არ ხდის. შუამდგომლობის ავტორი საპროცესო ვადის გაგრძელებას იმ საფუძვლით ითხოვს, რომ მისმა მარწმუნებელმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა საჭირო თანხის მოძიება (იხ. ს.ფ. 136).
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება, ხოლო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საჩივარი და საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
26. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დადგენილია, რომ აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის ვადის დაწესების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 10 ოქტომბრის განჩინება ჩაბარდა ამავე წლის 23 ოქტომბერს, ხარვეზის შესავსებად დაწესებული 7-დღიანი საპროცესო ვადის დენა ამოიწურა 2017 წლის 30 ოქტომბერს, ხოლო შუამდგომლობით საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლოს მიმართა საპროცესო ვადის ამოწურვის შემდეგ, 2017 წლის წლის 3 ნოემბერს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა წარდგენილი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. ამდენად, კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
27. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მითითებას მის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრებული პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობებზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული საკითხი დავის არსებითად განხილვის ეტაპზე უნდა შეფასდეს, განსახილველ შემთხვევაში კი კერძო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერება, შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მათზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. ს-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე