Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3გ-ად-69-კს-02 26 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სარჩელის წარმოებაში მიღება.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 8 ივლისს მოსარჩელე შპს «.. ..-მ" სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხეების: ბათუმისა და ქობულეთის სააღსრულებო ბიუროს, აჭარის ა/რ საგადასახადო ინსპექციის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მიუთითა, რომ, მართალია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით შპს «.. ..-ს" ბიუჯეტის სასარგებლოდ 4,4 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრა, მაგრამ ამ დროისათვის შპს «.. ..-ს" სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად ჰქონდა გადახდილი დაახლოებით 3,7 მილიონი ლარი და საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლის შესაბამისად ზედმეტად გადახდილი თანხა მას დაკისრებული გადასახადების გადახდის ანგარიშში უნდა ჩათვლოდა. მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სასამართლო აღმასრულებელს არ ჰქონდა უფლება აღსრულება სანაოსნოს უძრავ ქონებაზე მანამ მიექცია, სანამ დარიცხულ თანხებს არ გადაიანგარიშებდა.

აქედან გამომდინარე, მოსარჩელემ მასზე დარიცხული თანხების გადაანგარიშება და ამის თაობაზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოითხოვა; შესაბამისად, მოსარჩელემ აღმასრულებლის მიერ დანიშნული აუქციონის გაუქმება და სარჩელის უზრუნველყოფის სახით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსისა და სსკ-ს 198-ე მუხლის საფუძველზე, საბოლოოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საზღავო სანაოსნოს ქონების აუქციონზე გატანის შესახებ გამოტანილი განკარგულების მოქმედების შეჩერებაც მოითხოვა, ხოლო 2002წ. 10 ივლისის დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელემ, სანაოსნოს სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტისათვის 25357836 ლარის დაკისრება მოითხოვა.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2002წ. 24 ივლისის განჩინებით სარჩელი სახელმწიფო ბიუჯეტისათვის საზღვაო სანაოსნოს სასარგებლოდ 25357836 ლარის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელის წარმოებაში მიღებაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა. უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ იმ გარემოებაზე მიუთითა, რომ აღმასრულებლის მიერ 2002წ. 12 ივლისს დანიშნული აუქციონი უკვე შედგა, მაგრამ მყიდველთა გამოუცხადებლობის გამო ქონების რეალიზაცია არ მოხდა.

შპს «.. ..-მ" 2002წ. 24 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო, ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობა და შელახა მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები. კერძოდ, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა სასამართლომ საერთოდ არ განიხილა, რითაც დაარღვია სსკ-ს 193-ე და 198-ე მუხლები; ამასთან, უსაფუძვლოდ უთხრა უარი სარჩელის მიღებაზე უკანონო აუქციონის გაუქმების ნაწილში.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 9 სექტემბრის განჩინებით შპს «.. ..-ს" კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში შპს «.. ..-ს" კერძო საჩივრის განხილვისას, მისმა წარმომადგენელმა განმარტა, რომ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში აღძრულ 2002წ. 7 ივლისის ¹06/162, 10 ივლისის ¹06/167, 8 აგვისტოს ¹06/191, 9 სექტემბრის ¹06/233 სარჩელსა და დამატებით და დაზუსტებულ სარჩელებში დაყენებული მოთხოვნები, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ თანხების გადახდევინების, ისე სააღსრულებო მოქმედებების გაუქმების ნაწილში ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული და მათი განცალკავებული განხილვა საქმის ფორმალური და ფაქტობრივი თვალსაზირით შეუძლებელია. კერძო საჩივრის ავტორმა მის მიერ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში წარდგენილი სარჩელებისა და დამატებითი და დაზუსტებული სარჩელების უშუალოდ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის მიერ მთლიანად წარმოებაში მიღება და სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე შპს «.. ..-ს" მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო შპს «.. ..-ს" კერძო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება და დასაბუთებულობა და თვლის, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 24 ივლისისა და 9 სექტემბრის განჩინებები გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე შპს «.. ..-ს" სარჩელისა და დამატებითი და დაზუსტებული სარჩელების წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ შპს «.. ..-ს" სარჩელის წარმოებაში მიღებისას არ გამოიყენა სსკ-ს 186-ე მუხლი და არ დაიცვა მისი მოთხოვნები. კერძოდ, აღნიშნული საპროცესო ნორმის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს წარმოებაში სარჩელს, თუ: სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას; არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ; ამ ან სხვა სასამართლოს წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით; მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, რომ მათ შორის დავა გადასაწყვეტად გადაეცეს კერძო არბიტრაჟს; საქმე ამ სასამართლოს განსჯადი არ არის; სარჩელი შეიტანა ქმედუუნარო პირმა; დაინტერესებული პირის სახელით განცხადება შეიტანა პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე. სააღსრულებო მოქმედებების გაუქმების ნაწილში შპს «.. ..-ს" სასარჩელო მოთხოვნა არ არის ის გარემოება, რომელსაც სსკ-ს 186-ე მუხლი სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნევს. ამასთან, საყურადღებოა, რომ სააღსრულებო მოქმედებების გაუქმების შესახებ (მაგალითად, აღმასრულებლის განკარგულების გაუქმების შესახებ) სარჩელის სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღება ავტომატურად არ იწვევს სააღსრულებო მოქმედებათა შეჩერებას (აღმასრულებლის განკარგულების შეჩერებას), რადგან ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 მუხლის მე-4 ნაწილის «გ" ქვეპუნქტის თანახმად «ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება სასამართლოს მიერ გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღსრულებაზე". ამდენად, მასზე არ ვრცელდება არც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 29-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. სააღსრულებო მოქმედებათა შეჩერების საკითხი სასამართლოს მიერ შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული საკითხი მოსარჩელის მიერ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს როგორც ცალკე განცხადებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, ისე ერთვოდეს სარჩელს. ორივე შემთხვევაში იგი განხილულ უნდა იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის სახით სსკ-ს 191-199-ე მუხლების შესაბამისად.

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი თავად მიიღოს წარმოებაში შპს «.. ..-ს" სარჩელი და დამატებითი და დაზუსტებული სარჩელები, რადგან ყველა ამ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას თავად არ უმსჯელია. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერც სარჩელის უზრუნველყოფის საკითხს განიხილავს, რადგან ამ საკითხის განხილვა სარჩელის განმხილველი სასამართლოს კომპეტენციაა (სსკ-ს 192-ე მუხლი).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს «.. ..-ს" კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 419-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს «.. ..-ს" კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 24 ივლისისა და 9 სექტემბრის განჩინებები გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე შპს «.. ..-ს" სარჩელისა და დამატებით და დაზუსტებული სარჩელების წარმოებაში მიღების საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.