Facebook Twitter

№ ას-117-117-2018 2 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ქ. კ-ე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხეები – გ. პ-ე, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიურო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. პ-ის, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.

2. მოპასუხეებმა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიურომ სარჩელი არ ცნეს, გ. პ-ეს შესაგებელი არ წარუდგენია.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: 2015 წლის 19 ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა როგორც ქ. კ-ის საკუთრება მოძრავი ქონება: ტელევიზორი KONKA შავი ფერის 1ც; კომოდი 5 უჯრიანი ძველი, 1ც; მაგიდა ლაქის ზედაპირით, პატარა ზომის, 1ც; დივანი, დაზიანებული, ნაჭრის ზედაპირით 1ც; სავარძელი, ნაჭრის ზედაპირით, დაზიანებული 1ც; სერვანდი ძველი, სარკიანი, დაზიანებული 1ც; კარადა სარკიანი, ძველი, დაზიანებული, ხის, ყავისფერი, 1ც; სარეცხი მანქანა ,,FREH“ თეთრი, 1ც; მაცივარი თეთრი ფერის, რუსული წარმოების; გაზქურა VESNA-1ც; ტელევიზორი, VOGEL არამუშა მდგომარეობაში, 1ც; ზალის მაგიდა გასაშლელი, ძველი - 1ც; სკამი ნაჭრის ზედაპირით - 5 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი ტყავის ორნამენტებით-1ც; ზალის კედელი 5 ნაწილიანი, ყავისფერი, 1ც; ხის ლოგინი, 2 ცალი, ჩუქურთმებით; ნოხი ზალის, ყავისფერი 1ც; ტანსაცმლის კარადა, დაზიანებული, ძველი, 1ც; კომოდი პატარა, 2 უჯრიანი, ხის 1ც; მაგიდა მრგვალი, ყვითელი, დაზიანებული 1ც.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინებით სააპელაცო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2015 წლის 19 ოქტომბრის აქტით დადგენილად მიიჩნია, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების ღირებულებაა 625 ლარი, შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება უნდა განსაზღვრულიყო აღნიშნული თანხით.

7. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

8. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა და ყადაღისაგან გათავისუფლდა ქონება, რომლის ღირებულებაა 625 ლარი (ანუ სააპელაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულება 1000 ლარზე ნაკლებია), სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ შემოსავლების სამსახურმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.

10. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის ღირებულება არის არა დაყადაღებული ქონების ღირებულება, არამედ ი/მ „გ. პ-ის“ საგადასახადო დავალიანების თანხა 115 519.44 ლარი, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც იქნა დაყადაღებული სადავო მოძრავი ქონება. ამასთან, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 7 სექტემბრის განჩინებებით ყადაღა დაედო ი/მ „გ. პ-ის„ და ი/მ „გ. პ-ის“ სახელზე რიცხულ მოძრავ და უძრავ ქონებას, რაზეც გაიცა შესაბამისი სააღსრულებო ფურცლები. აღნიშნული განჩინებები არ გასაჩივრებულა და მათი აღსრულების მიზნით სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი აქტები, მათ შორის, 2015 წლის 19 ოქტომბრის აქტი მოძრავი ქონების დაყადაღების თაობაზე. ამრიგად, საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ უთხრა უარი აპელანტს სააპელაციო საჩივრის მიღებაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

14. გასაჩივრებული განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ მოტივით, რომ სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება არ შეესაბამებოდა კანონით დადგენილ ოდენობას.

15. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას და მიაჩნია, რომ მისი გაუქმების სამართლებრივი წინაპირობა არ არსებობს.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებული პრინციპი - სასამართლო ხელმისაწვდომობა, როგორც უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება მხოლოდ კანონისმიერ, ლეგიტიმურ შეზღუდვას ექვემდებარებოდეს (სსსკ 2.2 მუხლი). ამგვარ შეზღუდვებს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შეუძლებლობა, თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 1000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილი შეზღუდვა იმპერატიულია და კრძალავს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებას, თუ მისი ღირებულება 1000 ლარს არ აღემატება.

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. კ-ის სარჩელი გ. პ-ის, აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა და 2015 წლის 19 ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან ამოირიცხა და ყადაღისაგან გათავისუფლდა, როგორც ქ. კ-ის საკუთრება, მოძრავი ქონება (ტელევიზორი KONKA შავი ფერის 1ც; კომოდი 5 უჯრიანი ძველი, 1ც; მაგიდა ლაქის ზედაპირით, პატარა ზომის, 1ც; დივანი, დაზიანებული, ნაჭრის ზედაპირით 1ც; სავარძელი, ნაჭრის ზედაპირით, დაზიანებული 1ც; სერვანდი ძველი, სარკიანი, დაზიანებული 1ც; კარადა სარკიანი, ძველი, დაზიანებული, ხის, ყავისფერი, 1ც; სარეცხი მანქანა ,,FREH“ თეთრი, 1ც; მაცივარი თეთრი ფერის, რუსული წარმოების; გაზქურა VESNA-1ც; ტელევიზორი, VOGEL არამუშა მდგომარეობაში, 1ც; ზალის მაგიდა გასაშლელი, ძველი - 1ც; სკამი ნაჭრის ზედაპირით - 5 ცალი; სამეული ნაჭრის, ყავისფერი ტყავის ორნამენტებით-1ც; ზალის კედელი 5 ნაწილიანი, ყავისფერი, 1ც; ხის ლოგინი, 2 ცალი, ჩუქურთმებით; ნოხი ზალის, ყავისფერი 1ც; ტანსაცმლის კარადა, დაზიანებული, ძველი, 1ც; კომოდი პატარა, 2 უჯრიანი, ხის 1ც; მაგიდა მრგვალი, ყვითელი, დაზიანებული 1ც.). აღნიშნული ქონება 2015 წლის 13 ნოემბრის აუდიტორული დასკვნის შესაბამისად შეფასებული იყო სულ 625 ლარად (იხ. ს.ფ. 12-13). სწორედ აღნიშნული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება გახადა სადავოდ სააპელაციო საჩივრით მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა.

20. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ დავის საგნის ღირებულება სასამართლოს უნდა გამოეანგარიშებინა არა დაყადაღებული ქონების ღირებულებიდან, არამედ მოპასუხე ი/მ „გ. პ-ის“ მიმართ არსებული საგადასახადო დავალიანების თანხიდან - 115 519.44 ლარიდან, რომლის გადახდევინების უზრუნველსაყოფადაც იქნა დაყადაღებული სადავო მოძრავი ქონება.

21. საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია ყადაღისაგან ქონების გათავისუფლება, რომლის ღირებულება განსაზღვრულია 625 ლარით. ამრიგად, განსახილველი დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და შეაფასა მოსარჩელის ქონებაზე ყადაღის დადების მართებულობა, შესაბამისად, ის გარემოება, რომ სადავო მოძრავი ქონება დაყადაღებული იყო ერთ-ერთი მოპასუხის, ი/მ „გ. პ-ის“ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად, გავლენას ვერ მოახდენს მოცემული დავის ფასის განსაზღვრაზე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავა ეხება ყადაღისაგან მოსარჩელის ქონების გათავისუფლებას და არა ერთ-ერთი მოპასუხის მიმართ საგადასახადო დავალიანების დაკისრების მართებულობას.

22. შესაბამისად, სასამართლო არ არის უფლებამოსილი გასცდეს კერძო საჩივრის დავის საგანს, მან უნდა შეამოწმოს მართებულად იხელმძღვანელა თუ არა სააპელაციო პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ყადაღისაგან გათავისუფლდა 625 ლარის ღირებულების მოძრავი ქონება, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 365-ე მუხლით განსაზღვრულ დასაშვებობის პირობას (რადგან დავის საგნის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს), რაც ამ საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 6 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე