№ ას-23-21-2017 31 ივლისი, 2017 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ავტომანქანის კეთილსინდისიერ შემძენად და მესაკუთრედ აღიარება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ. ბ-მა (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ა-ის, გ. ე-ის, გ. ბ-ის, სს „პ-სა“ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „სამინისტრო“) მიმართ და მოითხოვა ავტომანქანის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარება და მესაკუთრედ ცნობა.
2. სარჩელის თანახმად, 2008 წლის 7 მარტს ვ. ა-მა მართვისა და განკარგვის უფლებით გადასცა გ. ბ-ეს ავტომანქანა ---“. გ. ბ-ემ 2008 წელს ა/მანქანა მიჰყიდა გ. ე-ს ზეპირად დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. 2013 წლის ოქტომბრის თვეში კი მოსარჩელემ გ. ე-საგან შეიძინა ზემოაღნიშნული ა/მანქანა ასევე ზეპირი ფორმით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 1000 აშშ დოლარად.
3. მყიდველის მესაკუთრედ რეგისტრაციის მიზნით, მოსარჩელე და გ. ე-ი ერთად გამოცხადდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, თუმცა ა/მანქანის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ძარაზე არსებულ ნომერზე ერთი ციფრი იყო გადაკეთებული, რის გამოც ვერ მოხერხდა ა/მანქანის მოსარჩელეზე გადაფორმება. იმავდროულად, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით. შესაბამისად, ა/მანქანა გადაყვანილ იქნა საჯარიმო ავტოსადგომზე, სადაც ყოველდღიურად ერიცხება გადასახადი. ამასთან, სს „პ-ის“ მოთხოვნის შესაბამისად, ა/მანქანას აღმასრულებლის მიერ დაედო ყადაღა, რადგან ვ. ა-ი, რომელიც ა/მანქანის მესაკუთრედ იყო დაფიქსირებული სარეგისტრაციო მოწმობაში, იმავდროულად ირიცხებოდა მოვალეთა რეესტრში.
4. მოსარჩელის განმარტებით, ის წარმოადგენს მოძრავი ნივთის კეთილსინდისიერ შემძენს, რაც აღნიშნულ ავტომანქანაზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველია.
5. მოპასუხე ვ. ა-ს შესაგებელი არ წარუდგენია.
6. მოპასუხე გ. ე-მა ასევე არ წარადგინა შესაგებელი, თუმცა სასამართლო სხდომების მიმდინარეობისას გამოხატა საკუთარი პოზიცია და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს. დაადასტურა ისიც, რომ მოსარჩელემ ნამდვილად შეიძინა მისგან სადავო ავტომანქანა 1000 აშშ დოლარად, მაგრამ ვერ გადაიფორმა იმ მიზეზით, რომ ძარაზე ერთი ციფრი გადაკეთებული იყო. გ. ე-მა აღნიშნა, რომ ა/მანქანა შეიძინა 2008 წელს გ. ბ-სგან, რომელიც მანამდე დაახლოებით 8 წელი სარგებლობდა ამ მანქანით. ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელე და გ. ბ-ე მისი ნაცნობები და მეზობლები იყვნენ და მათ იცოდნენ, რომ ა/მანქანის მესაკუთრე ჯერ გ. ბ-ე იყო, შემდეგ - გ. ე-ი, ავტომანქანის შეძენის შემდეგ კი მისი მესაკუთრე მოსარჩელე გახდა.
7. მოპასუხე გ. ბ-ეს შესაგებელი არ წარუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მან 2000-2001 წლებში, სადავო ა/მანქანა 800 აშშ დოლარად შეიძინა მისთვის უცნობი პირისაგან. მისი ნაცნობის, ვ. ა-ის თანხმობით კი, ამ უკანასკნელზე იქნა საკუთრების უფლებით აღრიცხული. აღნიშნული ქმედება განპირობებული იყო დროებითი აქციით, რომელიც თბილისში ჩაწერილ პირებზე შეღავათებს ითვალისიწინებდა. გ. ბ-ემ ასევე აღნიშნა, რომ არც იმ დროს და არც შემდგომ პერიოდში ვ. ა-ს არ უსარგებლია სადავო ა/მანქანით, რადგან ორივესთვის ცნობილი იყო, რომ ა/მანქანის რეალურ მესაკუთრე გ. ბ-ე იყო და არა ვ. ა-ი.
8. ა/მანქანით რამდენიმე წლიანი სარგებლობის შემდეგ გ. ბ-ემ სომხეთის რესპუბლიკაში დააპირა გადასვლა, როდესაც შეიტყო, რომ პრობლემები შეექმნებოდა, თუ კანონით დადგენილი წესით არ აღრიცხავდა თავის სახელზე ა/მანქანას. აღნიშნულის გამო მიმართა ვ. ა-ს, რომელმაც გასცა გენერალური მინდობილობა ა/მანქანის მართვისა და განკარგვის უფლებით. ამ მინდობილობის საფუძველზე გ. ბ-ემ გაყიდა ავტომანქანა 2008 წელს გ. ე-ზე, რომელმაც თავის მხრივ, 2013 წელს მიჰყიდა იგი მოსარჩელეს.
9. სს „პ-ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სადავო ა/მანქანის მესაკუთრე იყო ვ. ა-ი, რომელსაც ბანკის წინაშე ჰქონდა შესასრულებელი ვალდებულება. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი არ დგინდებოდა მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა.
10. მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გორის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომრის გაყალბების ფაქტზე და საგამოძიებო მოქმედებები ჯერ დასრულებული არ არის. სამინისტროს მოსაზრებით, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი გადაწყვეტილება ვერ გახდება მოსარჩელისათვის სარგებლის მომტანი, რადგან მოცემულ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის სამართლის საქმეზე იმ გარემოებების დადგენა, რაც მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს. ამასთან, მოსარჩელეს უფლება ჰქონდა სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით გაესაჩივრებინა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, სისხლის სამართლის საქმეზე არასასურველი შედეგის დადგომის შემთხვევაში. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
11. გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელე ცნობილი იქნა კეთილსინდისიერ შემძენად ა/მანქანაზე „---“, თეთრი ფერის, გამოშვების წელი - 2000, სანომრე ნიშანი - ---, ძარის ნომერი - ---, ძრავის ნომერი - --- და დადგინდა მისი მითითებული მონაცემების მქონე ავტომანქანაზე მესაკუთრედ აღრიცხვა.
12. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14.1. 2008 წლის 7 მარტის სანოტარო წესით გაცემული მინდობილობის საფუძველზე ვ. ა-მა როგორც „საკუთრების მიმნდობმა“ გ. ბ-ეს როგორც „მინდობილ მესაკუთრეს“ მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა სადავო ა/მანქანა. ამ მინდობილობით მინდობილ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა ემართა და განეკარგა ა/მანქანა (გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე, გაეყიდა, გაეცვალა, გაეჩუქებინა, დაეგირავებინა, აეღო ა/მანქანის სარეგისტრაციო მოწმობა შესაბამისი ორგანოებიდან), შეეკრიბა ამისათვის ყველა საჭირო დოკუმენტი და ხელი მოეწერა მათთვის. მინდობილ მესაკუთრეს უფლება ჰქონდა თავისი შეხედულებისამებრ ა/მანქანა გადაეცა სხვა პირებისათვის შემდგომი გადანდობის უფლებით (მათ შორის განკარგვის უფლებით). მინდობილობა გაიცა განუსაზღვრელი ვადით და ძალაში იყო მის გაუქმებამდე;
14.2. 2008 წლის 7 მარტის მინდობილობა არ გაუქმებულა;
14.3. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 13 მარტის ცნობის თანახმად, სადავო ა/მანქანა რეგისტრირებული იყო ვ. ა-ის სახელზე, ხოლო 2014 წლის 3 თებერვლიდან ა/მანქანზე დარეგისტრირდა უფლებრივი შეზღუდვა შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2014 წლის 17 მარტის წერილით და ა/მანქანა მოთავსდა საჯარიმო ავტოსადგომაზე;
14.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 17 ნოემბრის წერილის თანახმად, შსს ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემებით 2013 წელს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ა/მანქანაზე რეგისტრირებულია ელექტრონული საჯარიმო ქვითრები მოსარჩელის სახელზე;
14.5. ავტომანქანით, რომლის კეთილსინდისიერ შემძენად აღიარებასაც ითხოვდა მოსარჩელე, 2001 წლიდან 2008 წლამდე სარგებლობდა გ. ბ-ე. 2008 წელს ზეპირი გარიგების საფუძველზე ა/მანქანა შეიძინა გ. ე-მა და 2013 წლამდე სარგებლობდა აღნიშნული ა/მანქანით. 2013 წლის ოქტომბრის თვეში კი ასევე ზეპირი გარიგების საფუძველზე ა/მანქანა 1000 აშშ დოლარად შეიძინა მოსარჩელემ;
14.6. მოსარჩელეს ნაცნობობა აკავშირებდა გ. ბ-ესთან და გ. ე-ლთან, რადგან ისინი მეზობლები იყვნენ;
14.7. შსს გორის რაიონულ სამმართველოში დაწყებული იყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დ. ბ-ის კუთვნილი ა/მანქანის საიდენტიფიკაციო ნომრის გაყალბების ფაქტზე (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით).
15. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 159-ე, 186-ე, 187-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ქონების კეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი მნიშვნელოვანია შემძენის ამ ნივთზე მესაკუთრედ ცნობისათვის. მოძრავ ნივთებთან მიმართებაში განსხვავებით უძრავი ქონებისა, მოქმედებს პრეზუმფცია, რომ ნივთის მფლობელი ივარაუდება მის მესაკუთრედ. ამ პრეზუმფციის დაშვება შემძენს არ აკისრებს ვალდებულებას არკვიოს მოძრავი ნივთის გამსხვისებლის აბსოლუტური, სრულყოფილი უფლება ასეთ ნივთზე (ნამდვილი მესაკუთრეობა). მით უფრო, იმ პირობებში, როცა ასეთი შემოწმების პრაქტიკული შესაძლებლობაც კი შეიძლება არ არსებობდეს ნივთის სახეობიდან, თუ მისი მდებარეობიდან გამომდინარე. კეთილსინდისიერი შემძენი ნივთზე საკუთრების უფლებას იძენს ნდობის საფუძველზე და ფლობს, როგორც საკუთარს, ნამდვილი მესაკუთრის მსგავსად. მოძრავი ნივთის შეძენა კეთილსინდისიერი შემძენის მიერ არაუფლებამოსილი გამსხვისებელი პირისაგან ქმნის ისეთ ვითარებას, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება კეთილსინდისიერი შემძენისა და თავდაპირველი მესაკუთრის კანონიერი ინტერესი. პირველი მათგანის ინტერესია საკუთრების უფლების შეძენა ნივთზე და მეორისა კი უკვე არსებული უფლების შენარჩუნება და ნივთის მფლობელობაში დაბრუნება. შემძენის ინტერესი დაცვის ღირსია იმ გაგებით, რომ მან სუბიექტური და ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა გამსხვისებლის არაუფლებამოსილების შესახებ.
16. სააპელაციო პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსში კეთილსინდისიერი შემძენის ინტერესი შეიძლება პრიორიტეტული გახდეს, ვიდრე თავდაპირველი მესაკუთრის. ეს ის შემთხვევაა, როცა მოძრავი ნივთის გასხვისება ხდება არაუფლებამოსილი მესაკუთრისგან და მის მიერ დადებული გარიგება ზოგადი წესით ბათილია. თუმცა, ნივთის შემძენის კეთილსინდისიერება განსაზღვრავს ნივთზე უპირატესი უფლების მინიჭებას.
15. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 31 იანვრის №150 ბრძანებით დამტკიცებული „მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სავალდებულო რეგისტრაციის წესის შესახებ“ ინსტრუქციით და აღნიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს წარმოადგენს ის ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია მესაკუთრედ, თუმცა აღნიშნული წესის შესაბამისად განხორციელებული რეგისტრაცია არ არის აუცილებელი და ერთადერთი პირობა მოძრავ ქონებაზე (ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე) საკუთრების გადაცემისათვის. აღნიშნული რეგისტრაცია შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ავტომანქანა იმ პირის საკუთრებად ჩაითვალოს, ვინც რეგისტრირებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე.
16. ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებებიდან და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ავტომანქანის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტს სადავოდ არ ხდიდნენ ავტომანქანის ყოფილი მესაკუთრეები, სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ბ-ი წარმოადგენდა სადავო ავტომანქანის მართზომიერ მფლობელს, რომლის ინტერესი ავტომანაქანაზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე საფუძვლიანი იყო.
17. სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ მართალია სადავო ა/მანაქანის საიდენტიფიკაციო ნომრის სავარაუდო გაყალბების ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება, იგი სასამართლოს ხელს არ უშლის დაადგინოს სადავო ა/მანქანის შემძენი და მესაკუთრე. იმ პირობებში კი, როდესაც არ არსებობს საფუძველი, რომელიც გააქარწყლებს დ. ბ-ის მიერ ა/მანქანის კეთილსინდისიერ შეძენას, არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დ. ბ-ის მიმართ გაცხადებული შესაძლო რეალური მესაკუთრის პრეტენზია. აღიარებითი სარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობას ადასტურებს ისიც, რომ ვ. ა-ის შეუსრულებელი ვალდებულებების გამო რეალურად დ. ბ-ის ქონებით უნდა მოხდეს აღსრულება.
18. სააპელაციო სასამართლომ სამინისტროს პრეტენზიაზე საქმეში მესამე პირად სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ჩაბმასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 89-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებული პირის საქმეში მესამე პირად ჩაბმის საკითხს წყვეტს სასამართლო მხარის ან თვით დაინტერესებული პირის შუამდგომლობის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი პირველი ინსტანციის სასამართლოში ასეთი შუამდგომლობა გაცხადებული არ ყოფილა, შესაბამისად, არც სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აღნიშნულზე.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სამინისტრომ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18.კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლთან. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა სამინისტროს მითითება, რომ სადავო ავტომანქანის სარეგისტრაციო ნომრის გაყალბების ფაქტზე ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებები დასრულებული არ არის, რაც აუცილებელია იმ გარემოების დასადგენად, რაც მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს.
19. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანი ვერ იქნება მიღწეული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რაც აღიარებთი სარჩელის დასაშვებად ცნობისთვის აუცილებელია. აღიარებითი სარჩელის აღძვრის დროს სახეზე უნდა იყო პირის უფლების დარღვევის რეალური საშიშროება ან მოპასუხე უნდა ეცილებოდეს მოსარჩელეს უფლების ან სამართლებრივი ურთიერთობის არსებობასა ან არარსებობაში. ამასთან, აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილება შედეგიანი უნდა იყოს მოსარჩელისათვის. მოსარჩელემ თავად უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლის დადგომის კანონით დაცული ინტერესი გააჩნია. აღიარებითი სარჩელით მიღწეული შედეგი შეიძლება საფუძვლად დაედოს დავის გადაწყვეტას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მისაზრებით, მოსარჩელის არგუმენტი აღიარებითი სარჩელის აღძვრის კანონიერი ინტერესის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსარჩელე აღიარებული იქნება ავტომანქანის მესაკუთრედ და წარმოეშობა კანონიერი მესაკუთრის უფლებები, მოკლებულია როგორც ლოგიკურ, ისე სამართლებრივ დასაბუთებას. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე აღიარებული იქნება კანონიერ მესაკუთრედ და ამასთან, გამოძიებით დადგინდება, რომ ა/მანქანის პირვანდელი მესაკუთრის მფლობელობიდან ქონება უკანონოდ იყო გასული, მოსარჩელე ვერ იქნება კეთილსინდისიერი.
20. კასატორმა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სასამართლოს უარი საქმეში მესამე პირად შსს მომსახურების სააგენტოს ჩაბმის შესახებ და აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიება სააგენტოსთვის დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ა/მანქანაზე საკუთრების რეგისტრაციისას. ამიტომ იგი უნდა ყოფილიყო საქმეში ჩაბმული მესამე პირად.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 იანვრის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
23. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
25. კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება იმას, რომ მოსარჩელეს მოცემული დავის მიმართ არ გააჩნია იურიდიული ინტერესი და მის მიერ წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებით ვერ იქნება მიღწეული მოსარჩელის მიზანი, რაც აღიარებთი სარჩელის დაუშვებლად ცნობის საფუძველი უნდა გამხდარიყო.
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიურია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა.
27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით, მოსარჩელემ უნდა განახორციელოს კონკრეტული უფლება და ამ უფლების განხორციელება დაკავშირებული უნდა იყოს უშუალოდ აღიარებითი სარჩელით მოთხოვნილი უფლების აღიარებასთან. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016; 2016 წლის 17 მარტი).
28. ზემოაღნიშნული განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი სარჩელით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი სახეზეა. დადგენილია და არც საკასაციო საჩივრის ავტორს წარუდგენია პრეტენზია იმის თაობაზე, რომ სადავო ავტომანქანის ამჟამინდელი მფლობელია მოსარჩელე, რომელმაც ზეპირი გარიგების საფუძველზე შეიძინა აღნიშნული ავტომანქანა, თუმცა ასევე სადავოდ არ არის გამხდარი ის ფაქტიც, რომ ა/მანქანის მესაკუთრედ კვლავ რეგისტრირებულია მისი ადრინდელი მფლობელი, რომლის ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების გამოც დაყადაღებულია აღნიშნული ა/მანქანა და მოსარჩელე მოკლებულია შესაძლებლობას ისარგებლოს თავისი მოძრავი ნივთით. შესაბამისად, ირღვევა შემძენის უფლებები, რაც მის მიერ ა/მანქანაზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის საფუძვლებს ქმნიდა.
29. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რომელიც ადგენს მოძრავ ნივთებზე საკუთრების შეძენის წესს, სატრანსპორტო საშუალებებზე საკუთრების შეძენისათვის სავალდებულოდ არ მიიჩნევს ამ მოძრავი ნივთების შემძენთა რეგისტრაციას სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (იხ. სუსგ საქმე №ას-406-389-2016, 8 ივლისი, 2016 წელი; №ას-824-775-2015, 29 იანვარი, 2016 წელი; №ას-914-954-2011, 27 ოქტომბერი, 2011 წელი).
30. განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოსარჩელეს არ გაუვლია სავალდებულო რეგისტრაცია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონის შესაბამისად (და მის მიერ შეძენილი ავტომანაქანის მესაკუთრედ კვლავ ძველი მფობელია აღრიცხული), მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მას სადავო ავტომანქანაზე საკუთრება არ შეუძენია. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი (სსკ-ის 186.1 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცა ნივთი მოსარჩელეს (შემძენს), რაც მოძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის და, შესაბამისად, ამ ნივთზე მისი მესაკუთრედ ცნობის საფუძველია.
31. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია კასატორის მეორე პრეტენზია, რომლის მიხედვითაც სასამართლოს საკითხის გადაწყვეტისას უნდა გაეთვალისწინებინა სადავო ავტომანქანის სანომრე ნიშნის გაყალბების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიმდინარეობის ფაქტი, რომლის დასრულებითაც დადგინდებოდა მოძრავი ნივთის შეძენისას მოსარჩელის კეთილსინდისიერება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით არ გაქარწყლებულა მოსარჩელის მიერ სადავო ა/მანქანის კეთილსინდისიერად შეძენის ფაქტი, ზემოაღნიშნულ საქმეზე დაწყებული გამოძიება ხელს არ უშლიდა სასამართლოს დაწყებული სამოქალაქო დავის ფარგლებში დაედგინა მოძრავ ნივთზე საკუთრების შემძენის უფლება.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე