Facebook Twitter

№ ას-12-11-2017 5 ივლისი, 2017 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ა“(მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „კ-მ“ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა-ს“ (შემდგომში „მოპასუხე“, „კასატორი“, „საკასაციო საჩივრის ავტორი“ ან „შუამდგომლობის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების - 75 600 აშშ დოლარის, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს სახით - 2015 წლის 30 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი თანხის, 20 831,93 აშშ დოლარისა და 2015 წლის 14 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე გადასახდელი თანხის, 54 768.07 აშშ დოლარის 0.1%-ის, ასევე მოსარჩელის მიერ გადახდილი სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურება.

2. სარჩელის თანახმად, 2015 წლის 30 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხისთვის უნდა მიეწოდებინა სპეციფიკაციით განსაზღვრული ლითონის მასალა, ხოლო მოპასუხეს, თავის მხრივ, უნდა გადაეხადა შეთანხმებული თანხა.

3. მოსარჩელემ დაკისრებული ვალდებულება პირნათლად შეასრულა - მოპასუხემ ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი სრულად მიიღო, გაიცა შესაბამისი ანგარიშფაქტურები, თუმცა, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეს არ გადაუხდია საქონლის სრული ღირებულება.

4. მოსარჩელემ მიმართა სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროს“ და გამარტივებული წარმოების წესით მოითხოვა მოპასუხის მხრიდან დავალიანების გადახდა, თუმცა მოპასუხემ ვალი არ აღიარა, რის გამოც სსიპ „აღსრულების ეროვნულმა ბიურომ“ 2015 წლის 26 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის შესახებ. ყოველივე აღნიშნული კი მოსარჩელის მხრიდან სარჩელის სასამართლოში აღძვრის საფუძველი გახდა.

5. მოპასუხემ სარჩელიცნო ძირითადი დავალიანების - 75 600 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიიჩნია და მოითხოვა მისი 0.01%-მდე შემცირება.

6. საქალაქო სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მოპასუხემ წარადგინა დაზუსტებული შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო და კვლავაც მხარი დაუჭირა პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნას.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა: 75 600 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 2015 წლის 30 აგვისტოდან გადასახდელი თანხის 20 831.93 აშშ დოლარის, ხოლო 2015 წლის 14 სექტემბრიდან გადასახდელი თანხის 54 768.07 აშშ დოლარის - 0,05%-ის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლოსგარეშე ხარჯის 300 ლარისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის 708 ლარის გადახდა.

8. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინება მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ.

10. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

10.1 2015 წლის 30 ივლისს მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ ხელშეკრულების სპეციფიკაციაში განსაზღვრული საქონლის შეთანხმებული ასორტიმენტით მიწოდება იკისრა, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა საქონლის ღირებულება 75 600 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით;

10.2. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი ვალდებული იყო საქონლის ღირებულება გადაეხადა ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების გზით, თოთოეული მიწოდების დღიდან არაუგვიანეს ოცდაათი კალენდარული დღისა. საქონლის ფასის გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

10.3. 2015 წლის 30 ივლისსა და 14 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულების სპეციფიკაციით შეთანხმებული 75 600 აშშ დოლარის ღირებულების საქონელი;

10.4. მოპასუხეს ხელშეკრულებით შეთანხმებული საზღაური არ გადაუხდია.

11. მოპასუხის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც იგი გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ და სამართლებრივ უსწორობად მიწოდებული საქონლის ხარისხის მოქმედ სტანდარტთან შეუსაბამობას მიიჩნევდა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს, როგორც მყიდველს, მოცემულ დავაში სადავოდ არ გაუხდია მისთვის 2015 წლის 30 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული და მის მიერ მიღებული საქონლის ხარისხიანობა და ნივთის ნაკლის შესახებ გარემოებაზე არც შესაგებელში მიუთითებია. იგი სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მოთხოვნას მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში. ამასთან, სააპელაციო ინსტანციაში საქმის ზეპირი განხილვის დროსაც მოპასუხეს არ მიუთითებია, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა მიწოდებული საქონლის უხარისხობა.

12. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.1-5.2 პუნქტებზე, რომელთა შესაბამისად განსაზღვრული იყო ნაკლის მქონე ნივთის მიწოდების შემთხვევაში პრეტენზიის წარდგენის ვადა და წესი. კერძოდ, ხელშეკრულების პირობებთან საქონლის რაოდენობისა და ხარისხის შეუსაბამობის შემთხვევაში მყიდველს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა აღნიშნულის თაობაზე მიმწოდებლისათვის, არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა მყიდველზე საკუთრების უფლების გადასვლის დღიდან, მიღება-ჩაბარების აქტისა და ფოტოანგარიშის წარდგენით. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მყიდველს ამ უფლებით არ უსარგებლია საქონლის მიღების შესაბამის ეტაპზე და არც შემდგომში ყოფილა მისი მხრიდან წარდგენილი პრეტენზია საქონლის ნაკლთან დაკავშირებით, შესაბამისად, საქონლის ხარისხის შესახებ გარემოება არ წარმოადგენდა სასამართლოს მიერ საკვლევ საკითხს.

13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მართებულად დაკმაყოფილდა სარჩელი მოპასუხისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების თაობაზე.

14. რაც შეეხება მოპასუხის მოთხოვნას მტიცებულების გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც მოცემული დავის ფარგლებში სასამართლოს მიერ საკვლევ ფაქტობრივ გარემოებას არ წარმოადგენდა 2015 წლის 30 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულებით მიწოდებული საქონლის ხარისხი (მოპასუხეს აღნიშნულზე შედავება შესაგებლით არ წარუდგენია), საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოპასუხის შუამდგომლობა მოსარჩელისათვის მიწოდებული საქონლის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად მოსარჩელისაგან დოკუმენტების (პროდუქციის სერტიფიკატების შესახებ დოკუმენტების) გამოთხოვის თაობაზე. მითუმეტეს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება მოსარჩელისათვის მოპასუხის მხრიდან ამ დოკუმენტაციის გადაცემის შესახებ მოთხოვნის წარდგენისა და ამ მოთხოვნაზე მოსარჩელის მხრიდან უარის თქმის თაობაზე. ამ მოცემულობის გათვალისწინებით კი, არ არსებობდა ზემოაღნიშნული საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

16. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა პირველი ინსტანციის მიერ ჰქონდა თუ არა ადგილი საპროცესო ნორმების დარღვევას და რა გავლენა იქონია ამ დარღვევამ საქმის შედეგზე. კერძოდ, უნდა შეეფასებინა საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინების კანონიერება, რომლითაც სასამართლომ უარი უთხრა მოპასუხეს იმ მტკიცებულებების გამოთხოვაზე, რომელთა მიღებისა და წარდგენის შემთხვევაში იგი დაასაბუთებდა სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას. შესაბამისად, სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რის გამოც არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

17. 2017 წლის 20 იანვარს კასატორმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილის, ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საერთო სასამართლოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ’’, ,,ბ.ბ’’ და ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტების საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და მოცემულ საქმეზე წარმოების შეჩერება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციურ წარდგინებაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

18. შუამდგომლობის ავტორის მითითებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება #2/6/623, საქმეზე ,,შპს სადაზღვეო კომპანია უნისონი’’ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. აღნიშნულ საქმეში სადავოდ იყო გამხდარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის სიტყვების: ,,ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს’’, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე1’’ ქვეპუნქტის სიტყვების: ,,ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს’’, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ’’ ქვეპუნქტის სიტყვების: ,,ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს’’ კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმები და განმარტა, რომ ფიზიკური და იურიდიული პირები არიან არსებითად თანასწორი პირები. საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში გამოიყენა ,,რაციონალური დიფერენცირების ტესტი’’ და სადავოდ გამხდარმა ნორმებმა ეს ტესტიც კი ვერ დააკმაყოფილა - არ არსებობდა რაიმე რაციონალური ახსნა ამ დიფერენცირებული მიდგომისა. მოპასუხე მხარე სადავო ნორმების რაციონალურ საფუძვლად ასახელებდა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ასანაზღაურებლად და უსაფუძვლო სარჩელებით სასამართლოს გადატვირთვის პრევენციისათვის არის დადგენილი. ამასთან დაკავშირებით კი, მოცემულ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლომ მკაცრად აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება განსახილველი საქმის ტიპიდან გამომდინარე და იგი არ არის დამოკიდებული საქმის სირთულეზე ან/და სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების მოცულობაზე. აშკარაა, რომ კანონმდებლის მიერ დაწესებული სახელმწიფო ბაჟი არ არის სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ეკვივალენტური და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ საქმეზე გაწეული შრომის მოცულობა საერთოდ არ აისახება გადასახდელი ბაჟის ოდენობაზე. ზოგადად, სასამართლოსთვის მიმართვის, სასამართლოს მომსახურებით სარგებლობის უფლება თითოეული ადამიანის კონსტიტუციური გარანტიაა და კანონით დაწესებული ბაჟი არ არის დაკავშირებული ამ სერვისის ღირებულების ანაზღაურებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს პარლამენტის პოზიცია, რომლის თანახმადაც, სამართალწარმოების სახელმწიფო ბაჟის დაწესება სასამართლოს მიერ გაწეული მომსახურების ანაზღაურების მიზნით ხდება.

19. აღნიშნულ დავაში მოსარჩელე მხარემ - „შპს სადაზღვეო კომპანია უნისონმა“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცედურული საკითხების გამო ვერ გახადა სადავოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ’’, ,,ბ.ბ’’ და ,,გ.ბ’’ ქვეპუნქტები. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლოს არ მიეცა საშუალება, ემსჯელა მათზე და არაკონსტიტუციურად ეცნო ეს ნორმებიც. დასახელებული ნორმები ახდენენ ზუსტად იმავე არაკონსტიტუციურ დიფერენცირებას, რის გამოც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ,,შპს სადაზღვეო კომპანია უნისონის’’ საქმეზე სადავოდ გამხდარი ნორმები.

20. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, უზენაესი სასამართლოს მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა არის ერთადერთი ქმედითი საშუალება მოპასუხის ინტერესების დასაცავად. იმ შემთხვევაში, თუ კასატორი კონსტიტუციური წარდგინებით თავად მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, აღნიშნული წარდგინების განხილვამდე მოცემულ დავაზე დასრულდება წარმოება საერთო სასამართლოებში. ეს კი ,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე დაყრდნობით გამორიცხავს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკუძალით გავრცელებას აღნიშნულ საქმეზე (ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას არ მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად). მხოლოდ უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინების შემთხვევაში არსებობს შპს ,,ა-ს’’ უფლების დაცვის რეალური შესაძლებლობა.

21. კასატორის მოსაზრებით, სადავო „არაკონსტიტუციური“ ნორმის საფუძველზე მას ზედმეტად გადახდილი აქვს დიდი რაოდენობით სასამართლო ბაჟი ყველა ინსტანციის სასამართლოში. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოპასუხეს დაეკისრა 5000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ამასთან, შპს ,,ა-მ’’ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 7000 და 8000 ლარი. საკასაციო პალატა საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად აუცილებლად იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე, რა დროსაც მას მოუწევს სადავო მუხლების (ნაწილებისა და ქვეპუნქტების) გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განხორციელდება კონსტიტუციური წარდგინება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლო მას დააკმაყოფილებს და გასაჩივრებულ ნორმებს არაკონსტიტუციურად ცნობს (რისი ალბათობაც ძალიან დიდია), კასატორს დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი 4000 ლარი, ხოლო 2000 ლარით ნაკლები დაეკისრება, თუ მისი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, გამომდინარე იქედან, რომ პირველ ინსტანციაში ბაჟი გადაიხადა მოსარჩელემ.

22. საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას აღნიშნული შუამდგომლობის დაყენების შესაძლებლობა არ ჰქონდა პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოებში საქმის განხილვისას, რადგანაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო 2016 წლის 29 დეკემბერს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 იანვრის განჩინებით შპს ,,ა-ს’’ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

24. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, რაც იმავე კოდექსის 409-ე მუხლის შესაბამისად, გულისხმობს საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილებას შეცვალოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.

28. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გასაჩივრებულ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა საქალაქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების გამოყენების მართებულობა, რამაც არსებითი გავლენა მოახდინა საქმის შედეგზე. კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმების წინაპირობა.

29. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოხსენებულ არგუმენტებს, რადგან სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევის ფაქტი არ დასტურდება. საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპს ემყარება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. სამართალწარმოების ეს ზოგადი და, ამავდროულად, ფუნდამენტური პრინციპი სხვადასხვა საპროცესო ნორმაში სხვადასხვა სახით ვლინდება, მათ შორისაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლი, რომლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს; მოპასუხე ვალდებულია პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები. მოპასუხე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

30. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო გაცხადებული.

31. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს მის მიერ წარდგენილ შესაგებელში (ასევე დაზუსტებულ შესაგებელში) არ მიუთითებია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2015 წლის 30 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ მიწოდებული და მის მიერ მიღებული საქონელი ნაკლიანი და უხარისხო იყო . მოპასუხე შესაგებლით სადავოდ ხდიდა მოსარჩელის მოთხოვნას მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის ნაწილში და ითხოვდა მის შემცირებას (იხ. შესაგებელი - ტ. 1, ს.ფ. 84; დაზუსტებული შესაგებელი - ტ. 1, ს.ფ. 349-357). ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც ნასყიდობის ფასის გადახდევინების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხემ არ დაუპირისპირა მიწოდებული საქონლის ნაკლის შესახებ გარემოება, ხოლო საქმის არსებითად განხილვისას სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონლის მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ნაკლიანი ნივთის მიწოდების ფაქტი არ წარმოადგენდა მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას, ხოლო ამ გარემოების დადასტურების მიზნით მტკიცებულებების გამოთხოვა მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძვლიანობას შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, რაც გამორიცხავს აღნიშნულის თაობაზე საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინების გაუქმებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მართებული განმარტების გზით გაანაწილეს მტკიცების ტვირთი და მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებლის ფარგლებში კანონიერად არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა მიწოდებული საქონლის ნაკლის დადგენის მიზნით მტკიცებულებების გამოთხოვის თაობაზე.

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს სხვა საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

33. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-158-154-2016, 10 თებერვალი, 2017 წელი; №ას-639-606-2014, 4 მარტი, 2015 წელი, სადაც განმარტებულია ნასყიდობის ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების წესი და სამართლებრივი საფუძვლები), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

34. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ ხელშეკრულების სპეციფიკაციაში განსაზღვრული საქონლის შეთანხმებული ასორტიმენტით მიწოდება იკისრა, ხოლო მოპასუხეს უნდა გადაეხადა საქონლის ღირებულება 75 600 აშშ დოლარი (დღგ-ს ჩათვლით) გადახდის დროისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსით; მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონელი, თუმცა მოპასუხეს არ გადაუხდია საქონლის ღირებულება. შესაბამისად, არსებობდა ვალდებულების შესრულების მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

35. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ასევე დამკვიდრებულია ერთგვაროვანი პრაქტიკა სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის (შემცირების) თაობაზე და სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში ამავე კოდექსის 420-ე მუხლი სწორედ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისადა არის განმარტებული (იხ. სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ა-ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.

38. საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლებიც უფლებას ანიჭებს საქმის განმხილველ სასამართლოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი, რათა ის კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი, რომელიც უნდა გამოიყენოს სასამართლომ ამ საქმის გადაწყვეტისას, მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნეს კონსტიტუციის შეუსაბამოდ, შეაჩეროს საქმის განხილვა და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს. იმავე შინაარსის ნორმა არის მოცემული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით.

39. ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზის შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კონსტიტუციური წარდგინების უფლებამოსილებას საქმის განმხილველი სასამართლო მიმართავს ორი საფუძვლის ერთობლივად არსებობის შემთხვევაში, კერძოდ: ა) თუ სასამართლო დაასკვნის, რომ არსებობს საკმარისი საფუძველი იმისათვის, რომ კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი მთლიანად ან ნაწილობრივ მიჩნეულ იქნას კონსტიტუციის შეუსაბამოდ; ბ) თუ ზემოაღნიშნული კანონი ან სხვა ნორმატიული აქტი უნდა გამოიყენოს სასამართლომ საქმის გადაწყვეტისას.

40. საკასაციო სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე კასატორის შუამდგომლობასთან დაკავშირებით, მიუთითებს, რომ „სწორედ საერთო სასამართლო უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში დაისვას ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობის საკითხი... კონსტიტუციური წარდგინების აუცილებლობამდე სასამართლო დამოუკიდებლად მიდის და არა პროცესის მონაწილეთა შუამდგომლობების დაკმაყოფილების გზით. იმ კანონის თუ სხვა ნორმატიული აქტის განსაზღვრა, რომელიც კონკრეტული საქმის გადაწყვეტისას უნდა იქნეს გამოყენებული, სწორედ სასამართლოს მიერაა შესაფასებელი“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2002 წლის 10 ივლისის №9/189 განჩინება).

41. მოცემულ შემთხვევაში კასატორს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტები, რომლებიც სასამართლო ინსტანციების მიხედვით განსაზღვრავს სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობებს, შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან, რადგან ფიზიკურ პირებთან შედარებით იურიდიული პირებისთვის აწესებს სახელმწიფო ბაჟის უფრო მაღალ ოდენობებს, კერძოდ, ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იურიდიული პირისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 5000 ლარს, როდესაც ამავე ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისთვის დაწესებულია 3000 ლარი; სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში - 7000 ლარს, როდესაც ფიზიკური პირისთვის ამავე ინსტანციის სასამართლოში დაწესებულია 5000 ლარი; საკასაციო სასამართლოს ინსტანციაში - 8000 ლარს, როდესაც ამავე ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირისთვის დაწესებულია 6000 ლარი.

42. კასატორი საკუთარ შუამდგომლობას ასაბუთებს იმით, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2016 წლის 29 დეკემბერს მიიღო გადაწყვეტილება №2/6/623 საქმეზე შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“, 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე1“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 150 ლარს“ და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის სიტყვები: „ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია - 300 ლარს“.

43. საკონსტიტუციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების კონსტიტუციურობის შემოწმებისას იმ დასკვნამდე მივიდა, რომ „არ არსებობს ლოგიკური, რაციონალური ახსნა სადავო ნორმებით დადგენილ სახელმწიფო სერვისებზე ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის განსხვავებული სახელმწიფო ბაჟის დაწესების საჭიროებასთან დაკავშირებით“.

44. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანული კანონის 19.2-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ საერთო სასამართლოს, არა უბრალო ვარაუდი, არამედ გამოსაყენებელი ნორმის არაკონსტიტუციურობის მტკიცების საკმარისი საფუძველი უნდა გააჩნდეს, რათა საქმის განხილვა შეაჩეროს და კონსტიტუციური წარდგინებით მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს“ (იხ. სუსგ. №ას-855-805-2015, 2016 წლის 4 აპრილი).

45. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველ ნაწილის შესაბამისი ქვეპუნქტებით ფიზიკურ პირებთან შედარებით იურიდიული პირებისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის მაღალი ოდენობის არაკონსტიტუციურად ცნობა იძლევა საკმარის საფუძველს იმისათვის, რომ ამავე მუხლის მე-2 ნაწილში იურიდიული პირების მიმართ დიფერენცირებული მიდგომა, რაც გამოიხატება მათთვის ფიზიკური პირებთან შედარებით სახელმწიფო ბაჟის უფრო მაღალი მაქსიმალური ოდენობების დადგენაში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ასევე იქნეს მიჩნეული არაკონსტიტუციურად საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით.

46. კასატორი ასევე უთითებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ სადავო ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაში, კასატორს დაუბრუნდება სახელმწიფო ბიუჯეტში ზედმეტად გადახდილი თანხა, რადგან, საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკასაციო პალატა საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად აუცილებლად იმსჯელებს სახელმწიფო ბაჟის დაკისრების თაობაზე, რა დროსაც მოუწევს სადავო მუხლების (ნაწილებისა და ქვეპუნქტების) გამოყენება.

47. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა.ბ“, „ბ.ბ“ და „გ.ბ“ ქვეპუნქტების არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი, კასატორის შუამდგომლობის წარმოდგენის მიზანი - სახელმწიფო ბაჟი გადაიხადოს ფიზიკური პირებისთვის დადგენილი ოდენობის თანაბრად - ვერ იქნება მიღწეული.

48. ზემოაღნიშნულთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვისას უნდა იდგეს სადავო ნორმის გამოყენების აუცილებლობის წინაშე.

49. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

50. მოცემულ შემთხვევაში კასატორს ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი საკასაციო ინსტანციაში იურიდიული პირისთვის დადგენილი მაქსიმალური ოდენობით სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. ამასთან, მოცემულ საქმეზე წინამდებარე განჩინებით საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, რომლის დროსაც საკასაციო პალატა ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მხარეს უბრუნდება გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

51. საკასაციო სასამართლო შენიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში უკვე შესრულებულია საპროცესო მოქმედება, კასატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარმოდგენილი აქვს საკასაციო საჩივარი და გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი, რაც გახდა საკასაციო პალატის მიერ აღნიშნული საჩივრის წარმოებაში მიღებისა და მისი დასაშვებობის განხილვის საფუძველი.

52. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლზე, რომლის თანახმად, კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის არაკონსტიტუციურად ცნობა არ ნიშნავს ამ აქტის საფუძველზე ადრე გამოტანილი სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების გაუქმებას, იწვევს მხოლოდ მათი აღსრულების შეჩერებას საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით.

53. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობის შემთხვევაშიც კი კასატორს ვერ დაუბრუნდება ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის დაწესებული სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალურ ოდენობებს შორის სხვაობა და მისთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიღწეული შედეგი ვერ იქნება ხელშესახები და მის მიმართ განხორციელებადი/აღსრულებადი.

54. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ სამართალწარმოების პროცესში სასამართლო ვალდებულია, გაითვალისწინოს საპროცესო ეკონომიის პრინციპი და მხედველობაში მიიღოს მეორე მხარის ინტერესი, ისარგებლოს ეფექტიანი, სწრაფი მართლმსაჯულებით, მით უფრო, რომ, როგორც ზემოთ აღინიშნა, კასატორი ვერ ისარგებლებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციური წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული შედეგით.

55. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამოიწვევს საქმის წარმოების შეჩერებას, უსაფუძვლოდ შეილახება მოწინააღმდეგე მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება და გაჭიანურდება საქმის განხილვა.

56. შესაბამისად, საკასაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე კასატორის შუამდგომლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ა-ს“ შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერებისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთვის კონსტიტუციური წარდგინებით მიმართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

3. კასატორს შპს „ა-ს“ (ს/კ: ---) დაუბრუნდეს თ. ა-ის (პ/ნ: ---) მიერ 2017 წლის 20 იანვარს #0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 8000 ლარის 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე