საქმე №ა-5105-შ-134-2017 26 მარტი, 2018 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ნ-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე-ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-ს“ (საქართველო, …) შპს „ნ-ის“ (…) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის - 43 401 აშშ დოლარისა და 56 ცენტის, საურავის - 3 969 აშშ დოლარისა და 17 ცენტის, წლიური 3%-ის - 477 აშშ დოლარისა და 95 ცენტის გადახდა, რაც, საერთო ჯამში, 759 332 გრივნის ეკვივალენტურია, ასევე - სასამართლო ბაჟის გადახდა 15186 გრივნისა და 58 კაპიკის ოდენობით.
2. შპს „ნ-ის“ დირექტორმა ვ. კ-მა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს ცნობებით დასტურდება, რომ მოპასუხე სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული; უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 3 იანვარს და ექვემდებარება აღსრულებას; გადაწყვეტილება არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინებით შპს „ნ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება და შპს „ნ-ის“ შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან ერთად, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ე-ს“ გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ქ….. მიუხედავად ამისა, ადრესატისათვის სასამართლო გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. საკასაციო სასამართლოში დაბრუნებულ აქტებზე ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნულ მისამართზე ადრესატი ვერ მოიძებნა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 8 თებერვლის განჩინებით შპს „ე-ს“ საკასაციო პალატის 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების – საჯაროდ გამოქვეყნების მეშვეობით. მასვე განემარტა უფლება, მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში წარმოედგინა წერილობითი პასუხი.
7. საქმის მასალებში მოთავსებული აქტიდან ირკვევა, რომ საჯარო შეტყობინება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსდა 2018 წლის 12 თებერვალს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო შეტყობინების გავრცელებიდან მე-7 დღეს სასამართლოს განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება.
8. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია საკასაციო სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შპს „ნ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
10. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.
11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს ზემოაღნიშნული კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და, ამასთან, არც კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები არსებობს.
13. საქართველოს უზენაესი სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე-ს“ (საქართველო, ქ. …) შპს „ნ-ის“ (…) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის - 43 401 აშშ დოლარისა და 56 ცენტის, საურავის - 3 969 აშშ დოლარისა და 17 ცენტის, წლიური 3%-ის - 477 აშშ დოლარისა და 95 ცენტის გადახდა, რაც, საერთო ჯამში, 759 332 გრივნის ეკვივალენტურია, ასევე - სასამართლო ბაჟის გადახდა 15186 გრივნისა და 58 კაპიკის ოდენობით; მოპასუხე სასამართლო განხილვის დროისა და ადგილის თაობაზე სათანადო წესით და დროულად იყო ინფორმირებული; უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 3 იანვარს და ექვემდებარება აღსრულებას; გადაწყვეტილება არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე; შპს „ე-ი“ წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს (საიდენტიფიკაციო კოდი: …) და მისი სარეგისტრაციო მისამართია - ქ. … .
14. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს შეუძლიათ განიხილონ საქმეები სხვა შემთხვევებშიც, თუ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება სასამართლოებისთვის დავის გადაცემის შესახებ. ამასთან, განსაკუთრებული კომპეტენცია, რომელიც გამომდინარეობს მე-20 მუხლის მე-3 პუნქტიდან და ამ კარის II-V ნაწილებით დადგენილი ნორმებიდან, აგრეთვე შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის შიდა კანონმდებლობიდან, არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ 2014 წლის 18 ივნისის ხელშეკრულებაზე, რომლის 5.2. პუნქტიდან ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმებული იყვნენ დავის წარმოშობის შემთხვევაში უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს განსჯადობასა და ასევე უკრაინის კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის წარმოშობილ დავაზე არ ვრცელდება საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოუდგენია მოსაზრება აღნიშნულ შუამდგომლობასთან დაკავშირებით.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობას განიხილავს რა კონვენციით გათვალისწინებული პირობების ფარგლებში, მიიჩნევს, რომ დაცულია საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ.
18. შესაბამისად, უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 21-ე, 53-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ-ის“ შუამდგომლობა უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის როვენსკის ოლქის ეკონომიკური სასამართლოს 2016 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც შპს „ე-ს“ (საქართველო, ქ. …) შპს „ნ-ის“ (…) სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი ვალის - 43 401 აშშ დოლარისა და 56 ცენტის, საურავის - 3 969 აშშ დოლარისა და 17 ცენტის, წლიური 3%-ის - 477 აშშ დოლარისა და 95 ცენტის გადახდა, რაც, საერთო ჯამში, 759 332 გრივნის ეკვივალენტურია, ასევე - სასამართლო ბაჟის გადახდა 15186 გრივნისა და 58 კაპიკის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე