Facebook Twitter

№ ას-1304-1224-2017 7 მარტი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ი. გ-ე, თ. გ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჰ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. რ. ჰ-მა (შემდეგში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. და თ. გ-ების (შემდგომში „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“) მიმართ და მოითხოვა ქ. ქობულეთში, თ-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ---) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა.

2. სარჩელის თანახმად, 2011 წლის 14 დეკემბერს მოსარჩელემ საჯარო აუქციონზე შეიძინა ქ. ქობულეთში, თ-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდი: ---) და იმავე წლის 21 დეკემბერს საკუთრების უფლებით აღრიცხა საჯარო რეესტრში. მიუხედავად ამისა, მოპასუხეები დღემდე სარგებლობენ ქონებით და არ აძლევენ მოსარჩელეს საკუთრების გამოყენების საშუალებას, რაც სასამართლოში მათ წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ბინა მათი წინაპრების დანატოვარია, სადაც მრავალი წელია ცხოვრობენ და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; დადგინდა ქ. ქობულეთში, თ-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ---) მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 აგვისტოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. ქობულეთში, თ-ში მდებარე სადავო უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი: ---) მესაკუთრეა მოსარჩელე, ხოლო მოპასუხეებს ამ ქონების ფლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ. მითითება, რომ მათ სხვა საცხოვრებელი სახლი არ აქვთ, სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოპასუხეებს ანიჭებდეთ ქონების ფლობის უფლებას.

8. სააპელაციო პალატამ ასევე არ გაიზიარა მოპასუხეთა პრეტენზიები პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებების გაუქმების თაობაზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს გარდა ი. და თ. გ-ებისა, სადავო სახლში მცხოვრები სხვა პირები სარჩელში მოპასუხეებად არ დაუსახელებია, შესაბამისად, მათი საქმეში მესამე პირებად ჩართვის საფუძველი არ არსებობდა. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილი იყო არ გამოეთხოვა ის მტკიცებულებები, რომელთაც საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ საფუძვლიანად მიიჩნია გასაჩივრებული განჩინება სადავო ქონებაში მცხოვრებ სხვა პირთა შესახებ ინფორმაციის სარეგისტრაციო ორგანოდან გამოთხოვაზე უარის თქმის შესახებ.

9. მოპასუხეთა მოსაზრება, რომ საქალაქო სასამართლო გასცდა მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებს, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თანმდევი შედეგი ქონების კრედიტორისათვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემაა, შესაბამისად, გადაწყვეტილებაში ამ შედეგის მითითება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების გაცდენა არ არის.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

11. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოპასუხეები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ სადავო ქონებას მაშინ, როცა აღნიშნული საცხოვრებელი სახლი მშობლიური ბინაა და სხვა საცხოვრებელი მათ არ გააჩნიათ.

12. ამასთან, სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია, კერძოდ, მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, ხოლო საქალაქო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელეს აღნიშნული ქონება გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში უნდა გადასცემოდა. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეებთან ერთად სადავო ბინაში ცხოვრობდნენ სხვა პირებიც, რომელთა საქმეში მესამე პირებად ჩართვასაც მოითხოვდნენ მოპასუხეები, შესაბამისად, მათ უსაფუძლოდ ეთქვათ ამ მოთხოვნაზე უარი, ასევე უსაფუძვლოდ არ დაკმაყოფილდა მათი შუამდგომლობა ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურიდან სადავო ქონებაში რეგისტრირებულ პირთა ოდენობის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვისა და საქმეში მესამე პირად სოციალური მომსახურების სააგენტოს ჩართვის თაობაზე.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

21. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

22. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეები წარმოადგენენ სადავო უძრავი ქონების მფლობელებს. მოპასუხეებმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.

23. საკასაციო საჩივრის ავტორთა მითითება, რომ სადავო ქონება მათი მშობლიური სახლია და სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას - მოსარჩელის სადავო ქონების საკუთრების უფლებით ფლობის ფაქტს გააქარწყლებდა.

24. ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ვინდიკაციური სარჩელის საფუძველზე გამოთხოვილი ქონების მესაკუთრისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა ქონების გამოთხოვის კანონისმიერი, თანმდევი შედეგია, შესაბამისად, უსაფუძლოა კასატორების პრეტენზია, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან ერთად ქონების მოსარჩელისათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემით სასამართლომ მოსარჩელეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია.

25. რაც შეეხება კასატორების მითითებას საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული საოქმო განჩინებების უკანონობასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ პრეტენზიებზე სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა თავის განჩინებაში და სამართლებრივად შეაფასა მათი საფუძვლიანობა, კასატორებს კი არ წარმოუდგენიათ იმგვარი საკასაციო შედავება, რაც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

27. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას- 3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. გ-ისა და თ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორებს ი. გ-ესა (პ/ნ: ---) და თ. გ-ეს (პ/ნ: ---) დაუბრუნდეთ ვ. ლ-ს (პ/ნ: ---) მიერ 2017 წლის 3 ნოემბერს №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე